Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიკოლოზ ბურჯანაძე, ბურჯანაძე-შანიძის მარანი "ქვიბარი", მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (50)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება გადავწყვიტეთ 2013 წელს. ამ დროისთვის უკვე 4 ჰექტრამდე ვენახი გვქონდა გაშენებული და ვაყენებდით ღვინოს 3 ჯიშის ყურძნისგან (რქაწითელი, ცოლიკოური და პინო ნუარი). თავიდან ღვინის დაყენება დავიწყეთ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. შემდეგ ვენახის გაშენებასა და მოვლას ძირითადი დრო დავუთმეთ და ოდნავ გაზრდილი მასშტაბების გამო გადავწყვიტეთ ჰობისთვის კომერციული სახე მიგვეცა. შევიძინეთ კიდევ 10 ჰექტარი მიწა, სადაც ახლო მომავალში ვაპირებთ ვენახის გაშენებას.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

თელავის რ-ნი სოფ. გულგულაში გაშენებული გვაქვს რქაწითელი, ბაღდათის რ-ნის სოფ. ობჩაში - ცოლიკოური, კასპის რ-ნის სოფ. ოკამში - პინო ნუარი. სოფ. ობჩაში გვაქვს უცხო ჯიშის წითელი ყურძენი, რომლის სახელიც დღემდე ვერ დავადგინეთ. ამ ყურძნის ისტორია ძალიან საინტერესოა. დაახლოებით 10 წლის წინ ძველ ვენახში აღმოვაჩინეთ წითელი ყურძნის ორი ძირი. ამ ყურძენს ყველასგან განსხვავებული გემო ჰქონდა. დავინტერესდით და საექსპერიმენტოდ გავამრავლეთ. ექსპერიმენტმა გაამართლა და დავაყენეთ განსაკუთრებული, განსხვავებული გემოსა და არომატის ღვინო. აღმოჩენის ადგილმდებარეობის საპატივცემულოდ ღვინოს დავარქვით „ობჩის წითელი“. 2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე ამ ღვინომ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ვაპირებთ კახეთში ხიხვის, ქისის და საფერავის გაშენებას. წელს უკვე მზად გვაქვს ობჩაში მიწა და ჩხავერის ნერგები დასარგავად.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენს მიერ მოწეული ყურძენი ძირითადად იწურება და ინახება ქვევრში. ყურძნის შეწამლვა ხდება მხოლოდ კონტაქტური წამლით. ბალახის მოცილება ვენახში არ ხდება ქიმიური პრეპარატებით. არ ხდება ღვინის ქიმიური დამუშავება და გაფილტვრა. შესაბამისად ჩვენი პროდუქცია წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს.

ქარვისფერი ღვინო რქაწითელი მზადდება კახური ტრადიციული მეთოდით. ქვევრში ღვინო იწურება და მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ინახება ჭაჭაზე, რაც ღვინოს განსაკუთრებულად სასიამოვნო გემოს აძლევს. ბუნებრივად გაფილტრული ღვინო ნაკლებად მძიმე და სასიამოვნო დასალევია, ზომიერი ტანინით.

თეთრი მშრალი ღვინო ცოლიკოური მზადდება იმერული წესით. ქვევრში იწურება მხოლოდ წვენი, რომელსაც ვუმატებთ საერთო მოცულობის 10%-მდე ჭაჭას. 1 თვის შემდეგ წვენს ვაცილებთ ჭაჭას და ვინახავთ ქვევრში 6 თვის მანძილზე.

ვარდისფერი ღვინო პინო ნუარი მზადდება ქვევრში ასევე იმერული წესით.

წითელი მშრალი ღვინო ობჩის წითელი იწურება და ინახება მუხის კასრებში. 10 დღის განმავლობაში ჭაჭაზე, ხოლო შემდეგ ჭაჭის გარეშე. ეს ღვინო გამოირჩევა უცხო არომატითა და გემოთი.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ჩვენი ღვინო პირველად 2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე გამოვიტანეთ. სწორედ აქ გამოჩდნენ პირველი მყიდველებიც და დაინტერესებული ადამიანებიც. იყო რამდენიმე შეთავაზებაც. ჩვენი პირველი კლიენტი იყო ბარ-რესტორანი „Chacha Time“, რომელთანაც დღემდე გრძელდება ჩვენი ურთიერთობა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ვინაიდან ბიზნესის ფორმით ეს საქმიანობა ახალი წამოწყებული გვაქვს, პროდუქციის სიმცირის გამო ნაკლებად აქტიურები ვიყავით უცხოეთთან ურთიერთობაში, თუმცა ნიმუშები გავაგზავნეთ საფრანგეთში, აშშ-ში, პორტუგალიაში, ყაზახეთსა და რუსეთში. ნიმუშებმა მოწონება დაიმსახურა და უკვე ვარკვევთ დეტალებს საექსპორტოდ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ხშირად იყო ხარისხიანი შესაწამლი პრეპარატების დეფიციტი, რაც წინა წლიდან საგრძნობლად გამოსწორდა. ძნელია ხარისხიანი ღვინის რეალიზაცია ქართულ ბაზარზე მისი ფასის გამო, რაც ვერ უწევს კონკურენციას უხარისხო დაბალფასიან ღვინოს. საჭიროა კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ხარისხიანი ღვინის გასატანად საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებსა და ფესტივალებზე.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

აუცილებელია ყურადღება მიექცეს ღვინის ხარისხს და არა რაოდენობას. აუცილებელია უფრო მეტი იშვიათი ქართული დაკარგული ვაზის ჯიშების გაშენება და საუცხოო და განსხვავებული გემოსა და არომატის ღვინის დაყენება

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება მიექცეს ვენახის მოვლას, მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება ღვინის დაყენებისა და შენახვის შესახებ ღვინის მაქსიმალური  ხარისხის მისაღწევად და მის  შესანარჩუნებლად.

ბურჯანაძე-შანიძის მარანი - ქვიბარი

მარნის მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 43

ტელეფონი: +995 599021133, +995 599021155

ელფოსტა: qvibariwine@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: FB Qvibari Wine

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.