ელენე ცინცაძე
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და პერსპექტიული მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა მრავალი პრობლემა ხელს უშლის მის მდგრად განვითარებას. ჩვენს FB გვერდზე მკითხველმა თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს, ამ სტატიაში კი შევაჯამებთ მათ დასახელებულ პრობლემებს, რათა უკეთ წარმოვაჩინოთ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.
საძირეებისა და ნერგების საკითხი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საძირეების და ნერგების ხარისხს უკავშირდება. როგორც შალვა ალელიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სანერგე მეურნეობებს აკლიათ მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი. ვირუსით დასნებოვნებული ნერგები და ჯიშობრივი სიწმინდის უგულებელყოფა ხელს უწყობს ვაზის დეგრადაციას. პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ საქართველოში გარკვეული საძირეების მოძიება შეუძლებელია, რის გამოც მევენახეები იძულებულნი არიან გამოიყენონ უნივერსალური, მაგრამ ზოგჯერ შეუსაბამო საძირეები. ვლადიმერ ნაჭყებიას თქმით, საფრანგეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ კლონური სელექცია არ არის იდეალური გამოსავალი და საჭიროა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება: „საძირეების პრობლემა, მენამყენეების კვალიფიკაცია, სანამყენეების მონიტორინგი, კვირტების ჯიშობრივი სიწმინდე, კვირტების პარტიზანული ტარება, ჯიშების გამოგონება, არა მეცნიერული მიდგომები, გავრცელებული ვაზის ვირუსები, შტამბის ვირუსები და ა.შ. დღეს რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ქვევრის ხარისხი გვგონია (და ეს მართლაც დიდი პრობლემა გვიდგას), ამაზე ათასჯერ მნიშვნელოვანი ვაზების, საძირეების, კვირტებისა და ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები გახლავთ. უკან მოგვრჩება მთელი სფეროცა და მეღვინეობაც. ჩვენმა წინაპარმა იმდენი იშრომა და ისე იშრომა, რომ 8 მილენიუმს გაუძლო ამ ყველაფერმა. ჩვენი თაობის ხელთაა მე-9 მილენიუმი, რას ვიზამთ და როგორ გავამრავლებთ ვაზს. საძირე უნდა იყოს შერჩეული ნიადაგის პარამეტრების მიხედვით და კვირტის ჯიშობრივ სიწმინდეს უნდა უმკაცრესი მონიტორინგი. სანერგეებს სჭირდებათ თანამედროვე მენეჯმენტის დანერგვა, თითოეული ნაბიჯი გაწერილი უნდა იყოს სოპ-ით, უნდა ხდებოდეს მარკირება, სელექცია, ვირუსების პრევენცია და ა.შ. ”
ვლადიმერ ნაჭყებიას თქმით, საფრანგეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ კლონური სელექცია ყოველთვის იდეალური გამოსავალი არ არის. ის აღნიშნავს, რომ ძველი "მასალ სელექციის" ვენახები, მიუხედავად დაავადებებისა, მეღვინეებისთვის ხშირად უფრო სასურველი იყო, ვიდრე თანამედროვე კლონური ვენახები. მისი აზრით, საჭიროა საძირეებისა და ნერგების შერჩევა ნიადაგის პარამეტრების მიხედვით და მკაცრი მონიტორინგი სანერგე მეურნეობებში, რაც უზრუნველყოფს ვენახების ხარისხსა და მდგრადობას: „კლონი არის, როცა ერთი შერჩეული ჯანსაღი ვაზისგან მრავლდება კვირტები. მასალ სელექციაა, როცა ერთი ვენახიდან სხვადასხვა ვაზს ეჭრება კვირტები და გენეტიკურ მრავალფეროვნებას ინარჩუნებ. რაც შეეხება ნიადაგის ანალიზს და ამაზე საძირის შერჩევას - ეს უფრო პატარა რეგიონების პრობლემაა, რადგან,მაგალითად, კახეთში, უმეტეს შემთხვევაში ნიადაგის ანალიზითაც კი 5ბბს გირჩევს ყველა და იმის გათვალისწინებით, რომ საწყისი რამდენიმე წლისთვის ეპიგენეტიკური მახსოვრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამე სხვა. სრულიად არალევენატურია ამაზე ფულის ხარჯვა. სამეზობლოში ირჩევ ვენახს, აჭრი კვირტებს, პროფესიონალ ადამიანს ამყნობინებ. თუ პატარა მასშტაბებზეა საუბარი, ამაზე ეფექტური მემგონი ვერ იქნება ვერაფერი, თუმცა მესმის, თუ იშვიათ ჯიშებსა და უნიკალურ ნიადაგის და კლიმატური პირობებზე ვსაუბრობთ.“
კლიმატური ცვლილებები და გარემოს ზეგავლენა
კლიმატის ცვლილება კიდევ ერთი ძირეულიპრობლემაა. როგორც მკითხველები აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში ამინდის მკვეთრი ცვლილებები სერიოზულ პრობლემას უქმნის როგორც მევენახეობას, ასევე მეღვინეობას.
თაკო ჟურულის თქმით, სპილენძისფერი მკვდარი მიწა ვენახებში საგანგაშო პრობლემას წარმოადგენს, რაც სავარაუდოდ უკავშირდება ხანგრძლივ პერიოდში არასწორად გამოყენებულ პრეპარატებსა და მინერალურ დანამატებს. ეს საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას და ახალი, მდგრადი მიწათმოქმედების მეთოდების დანერგვას.
ვირუსული და სოკოვანი დაავადებები
მკითხველები წერენ იმასაც, რომ მევენახეობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ვაზის ვირუსული და სოკოვანი დაავადებებია, მათ შორის ესკა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ვენახების სიცოცხლისუნარიანობას. პრობლემა გამოწვეულია დაბალი ხარისხის ნერგების გამოყენებით, რაც საბოლოოდ მთელ სექტორზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სანერგე მეურნეობების მკაცრი რეგულირების აუცილებლობაზე.
მევენახეობის ცოდნის ნაკლებობა და განათლების პრობლემები
მევენახეობის სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა განათლების დეფიციტია. ბევრი ფერმერი არ იცნობს იმ პრეპარატებს, რომლებსაც იყენებს, არ აქვს საკმარისი ცოდნა ვაზის მოვლის შესახებ და არ იცის, როგორ შეარჩიოს შესაბამისი საძირე ნიადაგის მიხედვით. ეს პრობლემა ხელს უშლის ვენახების სწორად გაშენებას და ვაზის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ყურძნის დაბალი ფასი და ბაზრის პრობლემები
ყურძნის დაბალი ფასიც ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს. ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და მოვლა დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო მისგან მიღებული შემოსავალი ხშირად მევენახეებისთვის წამგებიანია. შედეგად, მევენახეები ცდილობენ მაქსიმალური მოსავლის მიღებას ხარისხის ხარჯზე, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ღვინის ხარისხზე.
მცირე მარნების გამოწვევები
დისკუსიაში შემდეგი მოსაზრებაც ჩანს: მცირე მეღვინეობის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს თაღლითური ღვინის მაღაზიები, რომლებიც ხარისხიანი პროდუქციის გასაღებას ურთულებენ მეწარმეებს. წერენ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აკრედიტირებული ლაბორატორიების ნაკლებობა მცირე მარნებს დამატებით პრობლემებს უქმნის, ვინაიდან ლაბორატორიული ანალიზისთვის თბილისამდე მისვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ღვინის მარკეტინგი და გაყიდვების სტრატეგია
სერგო ბარამიძის მოსაზრებით, ქართული ღვინის ბაზარზე გასატანად აუცილებელია ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის არსებობა. ღვინო უნდა დაძველდეს მინიმუმ ორი წელი, გაყიდვამდე უნდა განხორციელდეს ცნობიერების ამაღლების კამპანია, დეგუსტაციები და ფესტივალებში მონაწილეობა, რაც მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს. სერიოზული ინვესტიციების გარეშე, მცირე მარნებს უჭირთ კონკურენცია და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი ქართული ღვინის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, მისი ხარისხი კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
მიუხედავად ამ მრავალფეროვანი გამოწვევებისა, სექტორში არსებობს მრავალი შესაძლებლობაც. განათლების გაუმჯობესება, სანერგე მეურნეობების მკაცრი კონტროლი, ვირუსების პრევენცია, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზრის რეგულირება შესაძლოა გახდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა, რათა საქართველოში მევენახეობა არა მხოლოდ ტრადიციის დაცვას, არამედ თანამედროვე და მდგრად განვითარებასაც ემსახუროს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი