Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხელოვნური ინტელექტი და მეღვინეობა: როგორ ეხმარება რობოტი მეღვინეებს

ალბათ, მხოლოდ შორეულ მომავალში თუ წარმოვიდგენდით, რომ რობოტები ვენახებში იმუშავებდნენ და საქმეს მნიშვნელოვნად გაუადვილებდნენ მეღვინე-მევენახეებს. თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი დააჩქარა და ახლა თანამედროვე რობოტები (AI), LiDAR-ისა და სტერეოსკოპიული ხედვის ტექნოლოგიების დახმარებით, უმაღლესი სიზუსტით ასრულებენ რთულ ამოცანებს.

VineScout – ევროპული კოსორციუმის მიერ შექმნილი ეს ავტონომიური რობოტი საათში 3,000-ზე მეტ მონაცემს აგროვებს, აკონტროლებს ვენახის ტემპერატურას, ნიადაგის ტენიანობასა და კვების ელემენტების დონეს. ეს კი ფერმერებს ეხმარება მორწყვისა და მოსავლის აღების დროის ოპტიმიზაციაში.

Ted (Naïo Technologies) –  ძირითადად ბორდოს რეგიონში იყენებენ. მისი დანიშნება ისაა, რომ სარეველებს ქიმიკატების გარეშე ანადგურებს და ერთდროულად ამოწმებს ნიადაგის მდგომარეობას, ხელს უწყობს წყლისა და აზოტის დაზოგვას.

VineScout არის ევროკავშირის კვლევითი კონსორციუმის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების მონიტორინგის გაუმჯობესებას. მისი მთავარი უპირატესობა რეალურ დროში მონაცემების შეგროვებაა, რაც მეღვინეებს საშუალებას აძლევს, ზუსტად აკონტროლონ ვენახის მდგომარეობა. რობოტი იყენებს 3D სტერეოსკოპიურ ხედვას, LiDAR-სა და ულტრაბგერით სენსორებს, რათა დააფიქსიროს მცენარეების მდგომარეობა. აგროვებს ნიტროგენის დონეს, ტენიანობასა და ტემპერატურას, რაც მეღვინეებს საშუალებას აძლევს, უკეთ განსაზღვრონ მოსავლის პოტენციალი. არ სჭირდება გარე კონტროლი, გადაადგილდება GPS-ით და LiDAR-ის დახმარებით. VineScout ელექტროენერგიაზე მუშაობს და არ აბინძურებს გარემოს.

თუ VineScout მონაცემების შეგროვებაზეა ორიენტირებული, Ted უშუალოდ ვენახში მუშაობს. ის შექმნა ფრანგულმა კომპანიამ Naïo Technologies, რათა მეღვინეებს ეკოლოგიურად სუფთა, ქიმიური სასუქებისა და ჰერბიციდების გარეშე ვენახის მართვაში დაეხმაროს. Ted-ის მახასიათებელი მინდვრის დამუშავებაა – მოძრაობს GPS და LiDAR-ის სისტემებით და თავად იღებს გადაწყვეტილებებს ბალახის გათიბვის, ვაზის გასხვლისა და ნიადაგის დამუშავების შესახებ. ტრადიციული ჰერბიციდების გამოყენების ნაცვლად, Ted ფიზიკურად ასუფთავებს სარეველებისგან ვენახს. ტექნიკისგან განსხვავებით, Ted მსუბუქია და არ აზიანებს ნიადაგს. კლიმატის ცვლილებისა და გლიფოსატის აკრძალვის ტენდენციების ფონზე, ბიომეღვინეობა სულ უფრო აქტუალური ხდება. Ted ვაზის მოვლის ეკოლოგიურად სუფთა გზას სთავაზობს მევენახეებს და ხელს უწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას.

მეღვინეობის ინდუსტრია მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის, რაზეც რობოტები ეფექტურად რეაგირებენ:

  • ისრაელის სტარტაპი Robotic Perception ქმნის AI-ით აღჭურვილ სისტემას, რომელიც ვაზის ტოტებს ავტომატურად გასხლავს და ყოველ დღე 2 ჰექტარი ვენახის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.
  • UC Davis-ის მეცნიერები ქმნიან ნახევრადავტომატურ მკრეფავებს, რომლებიც შრომის დანახარჯებს ამცირებს და ხარისხიან ყურძენს არჩევს დასაკრეფად.

გლობალური დათბობა და წყლის რესურსების შემცირება მეღვინეობის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს, თუმცა რობოტები ამ პრობლემას უმკლავდებიან:

  • მიკროკლიმატის მონიტორინგი – VineScout-ის მსგავსი მოწყობილობები აკონტროლებენ ტემპერატურულ ცვლილებებს და ფერმერებს აძლევენ მონაცემებს, რათა დროულად მოერგონ კლიმატურ პირობებს.
  • მდგრადი მიდგომები – ავტონომიური, მზის ენერგიაზე მომუშავე რობოტი Vitirover ვენახებში ბალახსა და სარეველებს ბუნებრივი გზით ანადგურებს, ნიადაგის კომპაქტირებას კი თავიდან ირიდებს.

ვენახის რობოტების ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება: GPS-RTK სისტემით აღჭურვილი რობოტები, როგორიცაა YV01, დამოუკიდებლად გადაადგილდებიან ვენახებში და ამცირებენ ნიადაგის დაზიანებას. AIGRO UP ერთდროულად ასრულებს სარეველების გაწმენდას, ბალახის მოთიბვასა და ნიადაგის სკაუტინგს. დრონები და სენსორებით აღჭურვილი რობოტები ვენახს ზედმიწევნით აკვირდებიან და დაავადებების ნიშნებს დროულად აფიქსირებენ.

რობოტების დანერგვა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, Robotic Perception-ის გამსხვლელი სისტემა $150,000 ჯდება, რაც მცირე მევენახეებისთვის დიდი ინვესტიციაა. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიების გამოყენებას ცოდნა და ტრენინგები სჭირდება, რაც საშუალებას მისცემს მეღვინეებს უკეთ აითვისონ ახალი ტექნოლოგიები.

დღეს ჭკვიანი რობოტები ჯერ კიდევ ინოვაციად ითვლება, თუმცა მომავალში შესაძლოა მსგავსი ტექნოლოგიები გარდაუვალი გახდეს და ვენახების შეუცვლელ ნაწილად იქცეს. ეს სიახლეები გვპირდება, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის საშუალებით, მეღვინეები შეძლებენ უკეთ მართონ ვენახი რთულ კლიმატურ პირობებშიც კი და რაც მთავარია, აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის ღვინო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული