ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის კამპანია უკვე ძალას იკრებს გადამწყვეტ ფაზაში შესასვლელად. წელს ის, უკვე, მეექვსედ გაიმართება ახალ ლოკაციებში, 8-10 მაისს და მისი წლევანდელი წანამძღვარი იქნება - იშვიათი ქართული ვაზის ჯიშები.
წლევანდელი ღონისძიება თავს დაგვამახსოვრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი ფესტივალი სამდღიანია და სამივე დღე განსხვავებული ფორმატისა და შინაარსის აქტივობებს ითვალისწინებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის. გარდა ამისა, წლევანდელ ფესტივალზე მოწვეული იქნება მსოფლიოს ღვინის ექსპერტების, ჟურნალისტებისა და ბლოგერების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა.
პირველ დღეს, 8 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. 8 მაისის დახურული ღონისძიებები განკუთვნილია პროფესიული საზოაგადოებისა და ფესტივალის სპეციალური სტუმრებისთვის. მოეწყობა იშვიათი ქართული ჯიშების დეგუსტაცია.
9 მაისს ჩატარდება ფართო მასშტაბის, საჯარო ღონისძიება, ყველასათვის ნაცნობი ფორმატით, რომელიც ღია სივრცეში, დედაენის ბაღში გაიმართება. ღონისძიებაზე, როგორც ყოველთვის, სპეციალურ ზონებში წარმოდგენილნი იქნებიან ღვინის დიდი კომპანიები, ნატურალისტი მეღვინეები და საოჯახო მარნები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები და ჯაზბენდები, ცოცხალი შესრულებით. ამავე დღეს მოეწყობა ქვევრის გახსნის უკვე ტრადიციადქცეული საზეიმო ცერემონიალი. ჩატარდება სხვადასხვა ტიპის კონკურსები.
ფესტივალის მესამე დღე (10 მაისი) ითვალისწინებს განსაკუთრებით საინტერესო გასვლით აქტივობებს - ღვინის ტურებს ქართლისა და კახეთის რეგიონების მნიშვნელოვან ენოტურისტულ ცენტრებში (როგორც დიდ საწარმოებში, აგრეთვე, მცირე საოჯახო მარნებში). ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა, წინასწარ დარეგისტრირდეს ფესტივალის ფარგლებში ღვინის ტურებზე და მონაწილეობა მიიღოს საინტერესო მოგზაურობაში.
ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კომპანია „ბორჯომი“, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია GDS, რადიო უცნობი, რადიო ჯაკო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი და „მარანი“ (vinoge.com). ღონისძიების პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და GT Travel Group.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო
თქვენი კომენტარი