ალბათ, მხოლოდ შორეულ მომავალში თუ წარმოვიდგენდით, რომ რობოტები ვენახებში იმუშავებდნენ და საქმეს მნიშვნელოვნად გაუადვილებდნენ მეღვინე-მევენახეებს. თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი დააჩქარა და ახლა თანამედროვე რობოტები (AI), LiDAR-ისა და სტერეოსკოპიული ხედვის ტექნოლოგიების დახმარებით, უმაღლესი სიზუსტით ასრულებენ რთულ ამოცანებს.
VineScout – ევროპული კოსორციუმის მიერ შექმნილი ეს ავტონომიური რობოტი საათში 3,000-ზე მეტ მონაცემს აგროვებს, აკონტროლებს ვენახის ტემპერატურას, ნიადაგის ტენიანობასა და კვების ელემენტების დონეს. ეს კი ფერმერებს ეხმარება მორწყვისა და მოსავლის აღების დროის ოპტიმიზაციაში.
Ted (Naïo Technologies) – ძირითადად ბორდოს რეგიონში იყენებენ. მისი დანიშნება ისაა, რომ სარეველებს ქიმიკატების გარეშე ანადგურებს და ერთდროულად ამოწმებს ნიადაგის მდგომარეობას, ხელს უწყობს წყლისა და აზოტის დაზოგვას.
VineScout არის ევროკავშირის კვლევითი კონსორციუმის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების მონიტორინგის გაუმჯობესებას. მისი მთავარი უპირატესობა რეალურ დროში მონაცემების შეგროვებაა, რაც მეღვინეებს საშუალებას აძლევს, ზუსტად აკონტროლონ ვენახის მდგომარეობა. რობოტი იყენებს 3D სტერეოსკოპიურ ხედვას, LiDAR-სა და ულტრაბგერით სენსორებს, რათა დააფიქსიროს მცენარეების მდგომარეობა. აგროვებს ნიტროგენის დონეს, ტენიანობასა და ტემპერატურას, რაც მეღვინეებს საშუალებას აძლევს, უკეთ განსაზღვრონ მოსავლის პოტენციალი. არ სჭირდება გარე კონტროლი, გადაადგილდება GPS-ით და LiDAR-ის დახმარებით. VineScout ელექტროენერგიაზე მუშაობს და არ აბინძურებს გარემოს.
თუ VineScout მონაცემების შეგროვებაზეა ორიენტირებული, Ted უშუალოდ ვენახში მუშაობს. ის შექმნა ფრანგულმა კომპანიამ Naïo Technologies, რათა მეღვინეებს ეკოლოგიურად სუფთა, ქიმიური სასუქებისა და ჰერბიციდების გარეშე ვენახის მართვაში დაეხმაროს. Ted-ის მახასიათებელი მინდვრის დამუშავებაა – მოძრაობს GPS და LiDAR-ის სისტემებით და თავად იღებს გადაწყვეტილებებს ბალახის გათიბვის, ვაზის გასხვლისა და ნიადაგის დამუშავების შესახებ. ტრადიციული ჰერბიციდების გამოყენების ნაცვლად, Ted ფიზიკურად ასუფთავებს სარეველებისგან ვენახს. ტექნიკისგან განსხვავებით, Ted მსუბუქია და არ აზიანებს ნიადაგს. კლიმატის ცვლილებისა და გლიფოსატის აკრძალვის ტენდენციების ფონზე, ბიომეღვინეობა სულ უფრო აქტუალური ხდება. Ted ვაზის მოვლის ეკოლოგიურად სუფთა გზას სთავაზობს მევენახეებს და ხელს უწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას.
მეღვინეობის ინდუსტრია მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის, რაზეც რობოტები ეფექტურად რეაგირებენ:
გლობალური დათბობა და წყლის რესურსების შემცირება მეღვინეობის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს, თუმცა რობოტები ამ პრობლემას უმკლავდებიან:
ვენახის რობოტების ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება: GPS-RTK სისტემით აღჭურვილი რობოტები, როგორიცაა YV01, დამოუკიდებლად გადაადგილდებიან ვენახებში და ამცირებენ ნიადაგის დაზიანებას. AIGRO UP ერთდროულად ასრულებს სარეველების გაწმენდას, ბალახის მოთიბვასა და ნიადაგის სკაუტინგს. დრონები და სენსორებით აღჭურვილი რობოტები ვენახს ზედმიწევნით აკვირდებიან და დაავადებების ნიშნებს დროულად აფიქსირებენ.
რობოტების დანერგვა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, Robotic Perception-ის გამსხვლელი სისტემა $150,000 ჯდება, რაც მცირე მევენახეებისთვის დიდი ინვესტიციაა. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიების გამოყენებას ცოდნა და ტრენინგები სჭირდება, რაც საშუალებას მისცემს მეღვინეებს უკეთ აითვისონ ახალი ტექნოლოგიები.
დღეს ჭკვიანი რობოტები ჯერ კიდევ ინოვაციად ითვლება, თუმცა მომავალში შესაძლოა მსგავსი ტექნოლოგიები გარდაუვალი გახდეს და ვენახების შეუცვლელ ნაწილად იქცეს. ეს სიახლეები გვპირდება, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის საშუალებით, მეღვინეები შეძლებენ უკეთ მართონ ვენახი რთულ კლიმატურ პირობებშიც კი და რაც მთავარია, აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის ღვინო.
© ღვინის კლუბი/vinoge.com