Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცქრიალების დღე

„ცქრიალა ღვინის ფესტივალი 2025“

გუშინ, 21 ივნისს, მთაწმინდაზე, „ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალი“ გაიმართა და კლუბ „ანდერვილის“ სივრცე ცქრიალა ღვინის ნამდვილ ოდისეად იქცა. ფესტივალის სპონსორები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფდა.

ფესტივალი 12 საათზე გაიხსნა და დღის ბოლომდე უამრავ ადამიანს უმასპინძლა – მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები, ენთუზიასტები, სომელიეები, ექსპორტიორები და  უცხოელი სტუმრები.

ცქრიალების დღე ღვინის კლუბის გუნდის მისალმებით დაიწყო, მათ შორის იყვნენ: ფესტივალის ორგანიზატორი ნათია გაჩეჩილაძე, იდეის ავტორი გიორგი ბარისაშვილი, ასევე იაგო ბიტარიშვილი, ალეკო ცქიტიშვილი, ლევან სეფისკვერაძე, გიორგი მშვენიერაძე, მამუკა ნოზაძე და ვანიჩკა სტეფანიშვილი. როგორც წესი, ცქრიალა ღვინის ფესტივალის გახსნაში ყოველთვის მალხაზ ხარბედია მონაწილეობდა და მთავარი ფიგურანტიც სწორედ ის იყო, სამწუხაროდ, 2 ივნისს მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა, რაც არა მხოლოდ კლუბის წევრებისთვის, არამედ ქართული ღვინის მთელი სივრცისთვის უდიდესი დანაკლისია.

წელს ცქრიალა ღვინის ფესტივალში 32 მცირე მარანი და კომპანია იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც ყველა სტილის ცქრიალა ღვინო წარუდგინეს სტუმრებს, მათ შორის: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო. 

ფესტივალის მსვლელობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ მეღვინეებთან, დაესვათ კითხვები ცქრიალა ღვინის წარმოების მეთოდებზე, ხოლო მეღვინეებს გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება  და ღვინოები როგორც კოლეგებისთვის, ასევე ღვინის მოყვარულებისთვისაც.

გუშინდელმა ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ღვინო გლობალური ღვინის დისკურსის სრულფასოვანი ნაწილია, ქართული ცქრიალა ღვინო, რომელიც წარსულში უმნიშვნელოდ ითვლებოდა, ახლა დიდ ყურადღებას იპყრობს, როგორც ეკონომიკური პოტენციალის მქონე პროდუქტი და, რაც მთავარია, როგორც კულტურული სუვერენულობის ელემენტი.

ცქრიალა ღვინის ფესტივალის მნიშვნელობასა და ფესტივალთან დაკავშირებულ მოლოდინებზე მონაწილე მეღვინეები გვესაუბრნენ:

გიორგი მოსულიშვილი, „Vivere Wine ღვინო მოსულა“ 

ჩვენ მცირე მარანს წარმოვადგენთ და ცქრიალა ღვინის ფესტივალში პირველად ვმონაწილეობთ, თუმცა ღვინის კლუბის ორგანიზებით ჩატარებულ „ახალი ღვინის ფესტივალში“ უკვე რამდენჯერმე მიგვიღია მონაწილეობა. ღვინის კლუბი ძალიან კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენი ცქრიალა ღვინოები მომხმარებლამდე მივიტანოთ, გავასინჯოთ  და მათგან შეფასებები მოვისმინოთ. ეს ფესტივალი ერთგვარი სივრცეა იმისთვის, რომ მომხმარებლები და მეღვინეები ერთმანეთს შეხვდნენ, ერთი მხრივ, ემოციები გაუზიარონ, კარგი დრო გაატარონ, მეორე მხრივ კი, საქმიანი ურთიერთობებიც დაამყარონ. ფესტივალზე წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე ცქრიალა ღვინო, წარაფის რქაწითელი, ჩინური, საფერავი და გორული მწვანე / ჩინური.

გურამ მაისურაძე, „ნადელები“

წლევანდელ ფესტივალზე ახალი, 2024 წლის მოსავლის ცქრიალა ღვინოებით ვართ წარმოდგენილი, ამ ეტაპზე სამი სახეობის ცქრიალა ღვინო გვაქვს: რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ჩვენ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი მარანი ვართ და ვცდილობთ, რომ ყველაფერი ბუნებრივად და გულწრფელად ვაკეთოთ, იქნება ეს ღვინის თუ პეტ-ნატის შემთხვევაში.  რაც შეეხება უშუალოდ ფესტივალის ნაწილს, ჩვენ პირველი ფესტივალიდან მოყოლებული ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენთვის ეს ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ ფესტივალს წარმოადგენს. ზოგადად, პეტ-ნატსა და ცქრიალებს ასეთი განწყობა მოაქვთ, მეტი სიხალისე, სიცილი, პოზიტივი და ხალხიც ამ განწყობით მოდის. პირველი დღიდან მოყოლებული ბევრი კარგი ადამიანი და მარანი აღმოვაჩინეთ, ამიტომ ფესტივალი ორმხრივად საინტერესოა მომხმარებლისთვისაც და მონაწილე მარნებისთვისაც, აქ შეიძლება მიიღო როგორც ემოციური სიამოვნება, ასევე  პოტენციური ბიზნეს პარტნიორებიც შეიძლება შეიძინო, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტო ნაწილზე. ასეთები მომხდარა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ, არ არის აქ მხოლოდ გართობა, საქმის ნაწილიც  საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.

ალექსანდრე მეტრეველი, „მარანი უნარი“

ცქრიალა ღვინის ფესტივალში პირველად ვმონაწილეობთ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ცქრიალა ღვინის კულტურა ახლა უფრო და უფრო მეტად ვითარდება საქართველოში, განსაკუთრებით ნატურალურ მეღვინეობაში. აქ არიან წარმოდგენილი როგორც ნატურალური, ისე კონვენციური მეღვინეობები. ჩვენთვის, როგორც მცირე მარნისთვის, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ხალხმა გაგვიცნოს და ჩვენი ღვინო და პეტ-ნატები დააგემოვნოს. დღეს მხოლოდ პეტ-ნატები გვაქვს წარმოდგენილი: რქაწითელის პეტ-ნატი და ვარდისფერი პეტ-ნატი, რომელიც რქაწითელის, კახური მწვანისა და საფერავისგანაა დამზადებული. დიდი მოლოდინები გვაქვს, იმედია, რომ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ პარტნიორებს, ექსპორტიორებს, ღვინის ბარებს გავიცნობთ და  ამის გარდა, ღვინის მოყვარულებსაც გავაცნობთ ჩვენს ღვინოს.

ილიკო ფოფხაძე, „ბაგრატიონი 1882“

ჩვენ პირველად ვართ  წარმოდგენილი ამ ფესტივალზე, როგორც კომპანიის სახელით, ასევე სტუმრის რანგში.  მნიშვნელოვანი და ძალიან სასიამოვნოა ასეთი დღეების მოწყობა, რადგან, ზოგადად, ქართული ღვინის კულტურაში ცქრიალა ღვინო ფართოდ გავრცელებული არ იყო, ჩვენ უფრო ქვევრის ტექნოლოგიის წარმომადგენლები ვართ მსოფლიო მასშტაბით, შესაბამისად, ცქრიალა ღვინის მაღალ საფეხურზე აყვანა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, ძალიან სასიამოვნოა ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებაც.  ჩვენ სხვადასხვა ტიპის ცქრიალა ღვინოებით ვართ წარმოდგენილი, როგორც რეზერვუარული, შარმატის მეთოდით, ასევე ტრადიციული მეთოდით, ანუ ბოთლური მეთოდით.

მიხეილ წიკლაური, „მარანი სატრფო“

ჩვენი მარანი ძირითადად ცქრიალა ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული, კერძოდ, პეტ-ნატებზე. ორგანული წესით მოყვანილი ყურძნით ვამზადებთ, ნატურალური მეთოდებით. დღეს ფესტივალზე ძირითადად  კახური ჯიშებით ვართ წარმოდგენილი, როგორიცაა ქისი, კახური მწვანე, რქაწითელი. გვსურს ვაჩვენოთ, თუ რა პოტენციალი გააჩნია კახურ ღვინოს პეტ-ნატებში. ამ ფესტივალში მეორედ ვმონაწილეობთ, ვთვლით, რომ ის დიდ როლს თამაშობს უშუალოდ პეტ-ნატის პოპულარიზაციასა და ზოგადად ცქრიალა ღვინის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

ცქრიალა ღვინის ფესტივალი ნათლად ასახავს ქართული ღვინის ინდუსტრიის მრავალფეროვნებასა და განვითარებას. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მეღვინეობა კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ასპარეზზე. ფესტივალმა გააერთიანა ტრადიცია, ინოვაცია და სტუმართმოყვარეობა — მეღვინეებსა და მომხმარებლებს შორის დიალოგის სივრცედ იქცა. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და კულტურული იმიჯის გასაძლიერებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული