ამერიკული გამოცემა Daily Herald ახალ სტატიაში საქართველოს კულინარიულ კულტურას ეხება და ყურადღებას ამახვილებს რესტორან Stumara-ზე, რომელიც ჩიკაგოს მახლობლად, უილინგში მდებარეობს. სტატიის ავტორი რიკ ვესტი აღწერს, როგორ მოახერხეს ქართველმა ემიგრანტებმა—ბიძინა ბრეგაძემ და თამთა სანოძემ—ქვეყნის ტრადიციული გემოების, ღვინისა და სტუმართმოყვარეობის ამერიკელებისთვის გაცნობა.
Stumara უილინგში ერთადერთი რესტორანია, რომელიც სრულად ქართულ სამზარეულოს და უნიკალურ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. რესტორანი თითქოს შეუმჩნევლად იმალება პატარა სავაჭრო ცენტრში, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ რესტორანი.
„ჩვენი რესტორანი მხოლოდ კერძები არ არის,“ – ამბობს ბიძინა ბრეგაძე. – „როდესაც სტუმრები "სტუმარაში" შემოდიან, მხოლოდ უგემრიელესი კერძებისა და ღვინის დაჭაშნიკებით არ კმაყოფილდებიან, ისინი ახალ კულტურულ გამოცდილებას იღებენ.“ რესტორნის ინტერიერი ქართული კულტურის ელემენტებითაა გაფორმებული: კედლები მორთულია დიზაინით, სადაც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტებია დატანილი: „ძალიან ცოტას აქვს ინფორმაცია საქართველოს შესახებ – არც ჩვენი კულტურა იციან კარგად და არც ჩვენი ღვინო და სამზარეულო,“ – აღნიშნავს თამთა სანოძე. „მე ქართველი ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სიყვარული სხვებსაც გავუზიარო და მინდა, მათაც შეიყვარონ ჩემი ქვეყანა.“
სტატიის ავტორი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ქართული კერძების მრავალფეროვნებითა და მათი უნიკალური გემოთი. წერს აჭარულ ხაჭაპურზე, ხინკალზე, ნიგვზიან ბადრიჯანზე, ფხალზე, ქართულ სალათზე, მეგრულ ხარჩოზე, შილაფლავსა და იმერულ ხაჭაპურზე. ავტორი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართული ღვინის უნიკალურობაზე. თამთა სანოძე სტატიაში განმარტავს, რომ ქართული ღვინის დამზადება ქვევრის ტრადიციულ მეთოდს ეფუძნება, რაც ღვინოს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. „ქვევრი მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს, რომელიც სხვა ქვეყნებში ვერ მოიძებნება,“ – ამბობს სანოძე. „მინდა, ეს ტრადიცია აქაც პოპულარული გავხადო.“
სტატიაში ასევე ახსენებენ, რომ ქართულ ქარვისფერ ღვინოს თავისი განსაკუთრებული თვისებები აქვს და იგი ქვევრის გამოა ასეთი პოპულარული, რაც მის დაძველებასა და არომატულ გამორჩეულობას განაპირობებს.
რესტორანმა გახსნიდან მალევე მიიპყრო როგორც ადგილობრივი საზოგადოების, ასევე კულინარიული სამყაროს ყურადღება. „სტუმარა“ 2025 წელს Jean Banchet პრემიის გამარჯვებული გახდა საუკეთესო მემკვიდრეობითი რესტორნის კატეგორიაში, რაც ჩიკაგოს გარეთ მდებარე რესტორნებისთვის იშვიათი მოვლენაა.
სტატიის ავტორი აღწერს, როგორ ემოციურად შეხვდა თამთა სანოძე ამ გამარჯვებას.
ქართული სამზარეულოს პოპულარობა და მის მიმართ მზარდი ინტერესი აჩვენებს, რომ ჩვენს კულტურას შეუძლია სხვების მოხიბვლა და შთაგონება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი