Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Pet Nat - ცქრიალა ღვინის ყველაზე საინტერესო კატეგორია

ელენე ცინცაძე

მკვეთრი ვარდისფერი, მუქი ნარინჯისფერი, ანანანის, მარჯნის ან მკვეთრი ლალის შეფერილობა, ჩალისფერი და სხვ.: შესაძლებლობები, ფაქტობრივად, უსასრულოა, თუმცა საერთო ყველას ერთი აქვს - ცქრიალა Pet nat (Petillant naturel) ცქრიალა ღვინის სტილია, რომელსაც საკმაოდ ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.

როგორც “დეკანტერის” 2022 წლის აგვისტოს გამოცემაში ვკითხულობთ, პეტნატი ცქრიალა ღვინის ყველაზე ძველ ვერსიადაა მიჩნეული. შამპანურისგან განსხვავებით, რომელიც ორჯერ გადის ფერმენტაციას (მეორეს ბოთლში), პეტნატი პირველ ფერმენტაციას სწორედ ბოთლში განიცდის. შედეგად მიღებული CO2 ღვინოში პატარა ბუშტუკებს წარმოქმნის. იმის გამო, რომ პეტ ნატი პირველად დუღილს ბოთლში გადის, ალკოჰოლის შემცველობა შედარებით დაბალია, დაახლოებით 11-12%,  სიტკბო კი სწორედ იმ ნარჩენი შაქრისგან აქვს, რომელიც ბოლომდე არ დადუღებულა. მეორე დუღილამდელი ჩამოსხმა კი იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის ღვინოები შამპანურზე უფრო ნაკლებად გაზიანია.

უნდა ითქვას, რომ არ არსებობს ოფიციალური განმარტება ან ლეგალური სტატუსი პეტნატებზე, მას უფრო არაფორმალური სტატუსი აქვს. ის შეიძლება ნებისმიერი ვაზის ჯიშისგან დაიწუროს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში. საფრანგეთში რამდენიმე პოპულარული დასახელება არსებობს: Limoux’s Blanquette Methode ancestrale, ასევე Gaillac’s Methode Gaillacoise, წერენ Alps’ Bugey-Cerdon-სა და Rhone’s Clairette de die Tradition-ზეც, რომელთაგან თითოეულს თავისი უნიკალური მოსავალი, გემოები, შეფერილობა და არომატები აქვს.

არომატული თეთრი ჯიშები, როგორიცაა რისლინგი და მუსკატი, პეტ ნატებს ძალიან უხდება. ისევე, როგორც წითელი ვაზის ჯიში - გამე (Gamay). როგორც ვკითხულობთ, არომატულობა და ღვინის სიხალისე, მოსალოდნელი შედეგია. ამას ხელს უწყობს უფრო ნაზი ბუშტულები და ალკოჰოლის ზომიერი დონე. 

არ გაგიკვირდეთ ცოტა ნალექიანი ან შებურული პეტნატები, რადგან ისინი, როგორც წესი, გაუფილტრავია. ზოგ ღვინოში ცოტა ნარჩენ სიტკბოსაც კი წააწყდებით, რადგან დუღილი ყოველთვის ბოლომდე არ სრულდება ბოთლში. მაგალითად, სამხრეთ აფრიკული “ტესტალონია” 8,5% ალკოჰოლს შეიცავს. იგი ხალისიანი, არომატული და საკმაოდ შესამჩნევი სიტკბოებით გამორჩეული საოცრად გემრიელი სასმელია.

ვინ აწარმოებს პეტნატს?

Pet-Nat, როგორც სტილი და კატეგორია თავისი ამჟამინდელი ფორმით უკავშირდება ლუარის მეღვინე კრისტიან შუსარს. ის, როგორც გამოცემა იუწყება, „უნებლიედ“ აწარმოებდა ამ ღვინოს 1990-იანი წლების დასაწყისში (გაუცნობიერებლად 1500-იან წლებში მოღვაწე ლიმუელ ბერებს დაუბრუნდა, რომლებმაც შემთხვევით აღმოაჩინეს ეს მეთოდი). ლუარის სხვა მეღვინეები მიყვნენ მის “წამოწყებას” და თანდათან ამ სტილის ღვინო კიდევ უფრო გავრცელდა. 

აღსანიშნავია, რომ პეტ-ნატები ერთი და იმავე ფილოსოფიის მატარებელი ღვინოებია: ორგანული და ბიოდინამიკური მეღვინეობა, გოგირდის ძალიან მინიმალური ან ნულოვანი გამოყენება, ბუნებრივ საფუვრებთან დუღილი და ფილტრაციის თავიდან აცილება. ეს ერთადერთი გზაა, დააყენოთ ცქრიალა ღვინო აბსოლუტურად ბუნებრივად, ყოველგვარი დანამატების გარეშე - აღნიშნავს დაგ ვრეგი, დიდი ბრიტანეთის Les Caves de Pyrene-ს იმპორტიორი.

პეტნატების მომავალი 

უნდა ითქვას, რომ მრავალი ღვინის მაღაზია და ბარი თანდათან უფრო და უფრო მეტად ყურადღებას და ადგილს უთმობს ბუნებრივ ღვინოებს. პეტნატებიც სულ უფრო ხშირად გვხვდება “მიშლენის” ვარსკვლავიან რესტორანთა ღვინის სიებში. ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებში, სადაც ნატურალურ ღვინოს საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს, პეტნატების წარმოებაც გაიზარდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პეტ ნატებს გარკვეული რისკი გააჩნია. ბუნებრივ ღვინოებში გვხვდება ხოლმე ჭარბი ბრეტანომიცები ან აქროლადი მჟავიანობა. გაერთიანებული სამეფოს ღვინის იმპორტიორი Dynamic Vines აღნიშნავს, რომ შამპანური ძვირდება, მისი ადგილი კი შეიძლება პეტნატებმა დაიკავოს: ეს ნამდვილად სახალისო, საინტერესო სტილის ცქრიალა ღვინოებია ხელმისაწვდომ ფასად - ამბობს ალექს თორპი, დიდი ბრიტანელი იმპორტიორი. “დეკანტერში” ვკითხულობთ, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ამ ღვინომ, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე შეიძინა. სილაღისა და მსუბუქი განწყობის მატარებელი პეტნატი ბუნებრიობასთან ერთად არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის. ამის გამო კი ღვინის მოყვარულთა ინტერესსაც უფრო და უფრო იძენს.

პეტ-ნატებისა და კერძის შეხამება

პეტნატები, როგორც აპერიტივის სტილის ღვინოდ, ასევე უფრო მრავალმხრივ და რთული შესატყვისის სასმელადაც არაჩვეულებრივია ტკბილ ან შეკმაზულ კერძებთან. 

ბრიტანელი სომელიე და ღვინის კონსულტანტი ემბერ გარდნენი “დეკანტერის” მკითხველს რამდენიმე რჩევას აძლევს:

"მშრალი, ვარდისფერი პეტ ნატი, “როგორიცაა Reynald Heuale-ს Silice en Bulles Rose 2019 ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებს. Domaine Le Roc-ის roc’Ambulle კრევეტების ტაკოს უხდება ცოცხალ მწვანილებთან ერთად ან ცხარე წიწაკის რგოლებს. პორტუგალიური მშრალი თეთრი Uivo PT Nat Branco 2020 Duoro კი მწიფე ლიმნისა და მსხლის არომატებით ხასიათდება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგად ერწყმის საზაფხულო კერძებს” - აღნიშნავს სომელიე.

ზოგადად, პეტ ნატებს არ აძველებენ, პირიქით, მას ახალგაზრდას სვამენ. ჩამოსხმის შემდეგ მალევე უნდა გაიხსნას, როცა არომატები და გემოები ძალიან მკაფიო და კაშკაშაა. როგორც “დეკანტერში” ვკითხულობთ, პეტნატების გემოვნური თვისებები და ასევე სურნელებაც მნიშვნელოვნად განსხვავდება კლიმატისა და ვაზის ჯიშების მიხედვით. პრინციპი კი ყოველთვის ერთია - ის უნდა იყოს მხიარული, გამაგრილებელი და მარტივად დასალევი. მასში ის ენერგია და ველურობა უნდა იგრძნობოდეს, რომელიც სულს ამაღლებს და დღის ბოლოს დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა. 

P.S. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ საქართველოში არაერთი მცირე მარანი აწარმოებს პეტნატს, პირველ რიგში კი ნოკოლაძეების მარანი, იაგოს ღვინო, Muzzé, დაქიშვილი, ოქრო ღვინო, გოცას ღვინო, ხოხბის ცრემლები, მშვენიერაძეების მარანი, შატო ატენი, მწვანე ისთეითი, გვანცას ღვინო, სადმელის მარანი და სხვ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული