Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალამი „ნახვამდის“

თამარ კვინიკაძე

ფოტო-კაფე-სტუდია NAXVAMDIS

ერეკლე მეორის ქუჩა #7

აქვს wifi

პარკინგი: მანქანის გაჩერება შესაძლებელია ლესელიძეზე.

შეგრძნება, თითქოს, სარესტორნო ინდუსტრია, რომელსაც თავისი სუპერ-ვარსკვლავები ჰყავს, თავისი მსოფლიო პრემიერები და „ოსკარები“ აქვს, ისევ ჩვენი რეალობის მიღმა იყოს, დღემდე არ მტოვებს. მიკ ჯაგერივით სახელგანთქმული შეფ-მზარეულები სადღაც ჩვენსმიღმა რეალობაში ქმნიან ახალ გემოებს და ხსნიან ახალ რესტორნებს ნოვატორულობისა და შეშლილობის ზღვარზე მქონე კონცეფციებით; კვების მწერლები კი არ იღლებიან ერთმანეთზე უფრო დახვეწილი და ორიგინალური ეპითეტების ძიებით იმ ყველაფერზე, რასაც, საბოლოოდ, უბრალოდ ვჭამთ. ყველამ ვიცით, რა არის ამის უპირველესი მიზეზი და ამიტომ ეკონომიკური ზრდის ანალიზს, ცხადია, არ მოვყვები. აი, მეორე მიზეზს კი მსუბუქად მაინც შევეხოთ - ესაა გამოუკვლეველი გარემოებების გამო ჩვენში ძლიერ ფესვგადგმული კულტურულ-ფსიქოლოგიური კომპლექსები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სამზარეულო დახია უკან, არამედ კვების მწერლობის განვითარებასაც შეუშალა ხელი...

აი, სწორედ ეს კულტურა იცვლება ჩვენს თვალწინ, ნელ-ნელა. თბილისში უკვე სარესტორნო დონეები გაჩნდა. 90-იანურ სახინკლესა და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანს შორის უკვე არის შუალედური რგოლიც  - მაღალი და საშუალო კლასის დახვეწილი რესტორნები ევროპული და ქართული კერძებით; ზოგჯერ ყალბი კოპირებით, ზოგჯერ კი საკმაოდ დახვეწილი დიზაინით აღდგენილი თბილისური დუქნები. მინიმალისტური ინტერიერის მქონე, ევროპული სასაუზმეები ლეპტოპიან-აიპედიანი კლიენტებისთვის; და ბოლოს, სოკოებივით მომრავლებული პატარა, მყუდრო კაფე-რესტორნები, რომლებიც ერთმანეთს ეჯირებიან ყველაზე სახლური, ყველაზე მყუდრო, ყველაზე არტისტულად აბურდული, მოკლედ, ყველაზე დასამახსოვრებელი ინტერიერების და მენიუების შექმნაში.

კაფე-რესტორანი „ნახვამდის“ სწორედ ამ ნიშიდანაა. თუ ყველაზე მეტი სახლურობაა კრიტერიუმი, ამ რესტორანს ერთი უდავო უპირატესობა ზღურბლზევე აქვს - შიგნით მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებით, თუ ორსართულიანი, გარედან შეურემონტებელი სახლის კარზე დარეკავთ ზარს, მაგრამ თუ შებინდებულზე მიხვალთ, შეიძლება, ის ვერც შენიშნოთ - ისე, როგორც მეგობრის სახლის კარი, რომელთანაც პირველად მიდიხართ სტუმრად...

რესტორანს ექვსი სხვადასხვა ზომის მაგიდით, სულ ერთი, სასადილოს ხელა ოთახი უჭირავს. მზარეული პირდაპირ ბარის იქით საქმიანობს, ვიწრო, გრძელ მერხზე. ამ მერხის ქვეშ პლასტმასის კალათებში ჩაწყობილი ბოსტნეული აწყვია. დაუდევრადაა გამოდებული თითქმის პირთამდე სავსე პლასტმასის სანაგვე ყუთიც, სულ ზევით ხახვის ნაფცქვენები რომ აყრია.

მოკლედ, ეს ბუნებრივად გათამაშებული სახლურობა სასიამოვნო შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენს. ახდენს იქამდე, ვიდრე ტაფაზე აშიშხინებული ზეთის სუნთქვაწამრთმევი სუნი თმის ძირებში შეაღწევდეს - ამ დროს ფიქრობ, რესტორანს რომ მეზობლის სამზარეულოში კატლეტების შეწვის ეფექტი ახლავს თან, მაინც ნამეტანია. არადა, ვერაფერს გააწყობ: ბარის იქით მზარეული რაღაცას ბრაწავს, მე კი აქეთ ვფიქრობ, - ვიღაც ამ უსიამოვნო სუნის გამო შეიძლება, დაუყოვნებლივ ადგეს და წავიდეს...

ვწყნარდები მხოლოდ მას მერე, რაც ჩვენი მთავარი კერძი Astronaut Dream-ი („მეჩტა ასტრონავტა“) მოაქვთ და მას ზეთის გემო არ აქვს. დიდი გაფორმებით ვერ დაიკვეხნის - მოზრდილ, ფრიალა თეფშზე ღორის ხორცის პატარა ნაჭრები და სოკოებია მიმოფანტული, კარამელიზებულ ხახვთან და თითქმის სულ შემშრალ ღვინის სოუსთან ერთად. სამაგიეროდ, სახლურად გემრიელია - მარილიც კი ისე აქვს ოდნავ მეტი, როგორც შინ, სამსახურის მერე, სახელდახელოდ შებრაწულ „ოჯახურზე“ შეიძლება მოგივიდეს სიჩქარეში.

Astronaut Dream-ი („მეჩტა კასმანავტა“) ერთადერთი ორენოვანი კერძი არაა მენიუში. არა. ყველაფერი მხოლოდ რუსულ-ინგლისურად წერია. უცხო ენა ღიმილისმომგვრელი პასაჟების შექმნის საშუალებას კი იძლევა ტექსტში (მაგალითად, ერთ-ერთ ვეგეტარიანულ კერძს ასე ჰქვია: не рыба не мясо), მაგრამ როგორ ფიქრობთ, მენიუ ქართულად საჭირო არაა?

თუ შენიშნეთ, მენიუზე საუბარი მთავარი კერძით დავიწყე. არც აპეტაიზერი, არც სტარტერი, არც სუპი და სალათა - პირდაპირ მთავარი კერძი. რადგან ჩვენც ასე არეულ-დარეულად მოგვიტანეს შეკვეთა. ჩვენი მთავარი, Astronaut Dream-ი უკვე მონელების გზას გვყავდა გაყენებული, როცა მიმტანმა გოგონამ მაგიდის შუაგულში ჩადო სტარტერი „ტრადიციული უკრაინული სასუსნავი“ - შავი პურის ტოსტი დიდ თეფშზე, შუაში ხახვმოყრილი ქაშაყის ნაჭრები, კიტრის პიკული და თეფშის მთელ გვერდებზე ჩაწყობილი, თხლად დაჭრილი სალა (ათბალიანი სისტემიდან +10 - ამ სასუსნავს). არადა, უკვე მეორე მთავარის დრო იყო - China Chiken - ახლა შებრაწული ქათმის ფილეს ნაჭრები უნდა შემოეტანათ, ბოსტნეულით (აი, ამ კერძის გასინჯვისას კი გამახსენდა ზეთის სუნი - ზედმეტად ცხიმიანი იყო, თუმცა, ძალიან არომატული)...

„ნახვამდის“-ში ფასები ძალიან დაბალია. 7 ლარიც კი შეიძლება ღირდეს მთავარი კერძი. მენიუ არა მარტო იუმორისტული ნიუანსების გამოა საინტერესო, კულინარიული თვალსაზრისითაც. აი, ვფიქრობ, ვფქრობ და ზუსტ სახელი ვერაფრით დამირქმევია იმ საოცარი მიქსისთვის, რასაც მათ მენიუში ქმნის საზღვრების მოშლა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებს შორის - იაპონური ტემპურა სულგუნისა; ინდური ქათმის კარი ყველით, მექსიკური ტორტიით და ბოსტნეულით; ისევ იაპონურიდან აღებული დახვეული ბლინები ორაგულის, კიტრის და მდნარი ყველის სატენით (სხვათა შორის, ის ამ კაფეში ჩემი ფავორიტი გახდა), იქვე მექსიკური კარტოფილი და ნაჩო სოუსით და ამ ეკლექტიკის ფონზე - უკრანიული „დერუნიები“ .

მოკლედ, თუ აქაურობას მაღალი კლასის რესტორნის ხარისხს არ მოსთხოვ და მეგობრის სამზარეულოში წარმოიდგენ თავს, შეიძლება, ძალიანაც გაგიტაცოს ამ კულინარიულმა სიჭრელემ, წარმოსახული მეგობრის დედას კი ბევრი კომპლიმენტიც უთხრა საოცარი ფანტაზიის გამო. ასე რომ, ჩემი რჩევაა - იცოდეთ, სად მიდიხართ - ეს აზრსმოკლებულ პრეტენზიებს აგაცილებთ თავიდან. “ნახვამდის”-ში მოგიწევთ შიგადაშიგ აიტანოთ ოთახის კუთხიდან წამოსული ზეთის სუნი, ძალიან ხმამაღალი მუსიკა, ქართულის არმცოდნე და ოდნავ დაბნეული მიმტანები, სამაგიეროდ ისიამოვნოთ: იაფფასიანობის ფონზე საკმაოდ დახვეწილი და კრეატიული მენიუს გასინჯვით, კინოსეანსებით, რომელსაც კვირაში ერთხელ აწყობენ, საძინებელი ოთახისთვის დამახასიათებელი მყუდრო განათებით და მწვანე კარზე ზარის რეკვით.

პ.ს. არ ვიცი, როგორ დამემართა, არ მიკითხავს, რატომ ჰქვია კაფე-რესტორანს „ნახვამდის“. იქნებ, თქვენ იკითხოთ, თან მათი კერძები გასინჯოთ და თავად მიხვდეთ, არის ეს თქვენი განწყობის რესტორანი თუ არა.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"



გავეცანი რა თქვენს სტატიას, გადავწყვიტე "ნახვამდის"ის სტუმრობა. გაურკვეველია რატომ, მაგრამ ის კერძები რომლებიც ასახულია ამ სტატაიში კაფეს მენიუში არ იყო, მაგალითად მენიუში არ იყო "მეჩტა კასმანავტა" და არც "China Chiken"-იც. მართალი ფასები დაბალია, მაგრამ თუ გშიათ ამ დაწესებულებაში წასვლას აზრი არ აქვს. გემრიელი იყო ხორცის ბლინები და ასევე ორაგულის, კიტრის და მდნარი ყველის სატენით დახვეული ბლინები. უკრანიული „დერუნიები“ ძალიან ცხიმიანი იყო. ყველაზე უფრო ატმოსფერო მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ საჭმლისა და ბოლის სუნი ( ბუხარი ხრჩოლავდა) მაინც სასიამოვნოდ გამხსენდება ეს საღამო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული