Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი

ელენე ცინცაძე

ტვიშში, რიონის პირას, ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი ქართული ნობათისა და მუსიკალური აკომპანიმენტის თანხლებით 18 ივნისს გაიმართება. მცირე მარნები და ღვინის მწარმოებლები ღვინის მოყვარულებს ადგილობრივ ჯიშებს გააცნობენ. საზოგადოებას ხვამლის ფერდობებზე, რიონისა და ცხენიწყლის ხეობაში მოყვანილი ისტორიული ჯიშებისგან დაყენებული ღვინის დაჭაშნიკების შესაძლებლობა ექნებათ. ფესტივალზე შეხვდებით წითელი ვაზის ჯიშისგან, უსახელოურიდან და ცოლიკოურიდან დაყენებულ ღვინოებს, ასევე იქნება ორბელური ოჯალეშის ღვინოები. თამაზ ომანაძე, “ხომლის მარნის“ დამფუძნებელი ფესტივალის შესახებ საუბრობს: ლეჩხუმური ღვინის ფესტივალზე თავმოყრილი იქნება უნიკალური ღვინოები, რომლებსაც სხვაგან ვერ დააგემოვნებთ. ესაა იშვიათი შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი ჯიშები ფართო საზოგადოებისთვის იყოს წარმოდგენილი: უნიკალური წითელი ღვინო უსახელაური, ტვიშის ცოლიკური, ორბელური ოჯალეში და სხვა მრავალი. ეს პრემიუმ კლასის ღვინოებია”.

ფესტივალი პირველად შარშანწინ ჩატარდა, შედარებით ვიწრო წრეში, რომელშიც, ძირითადად, ადგილობრივები იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ მზადება შარშანაც ძალიან აქტიურად მიდიოდა, ღონისძიება გადაიდო. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი აღნიშნავს, წელს ფესტივალზე მთელი ლეჩხუმის მეღვინეები, მცირე მარნები და ღვინის მწარმოებლები იღებენ მონაწილეობას თავიანთი ნატურალური ღვინოებით: „ფესტივალზე იქნება ღვინოების გაყიდვა-დეგუსტაცია, გემრიელ მენიუსთან ერთად (ლეჩხუმური ლობიანი, ხაჭაპური) იქნება ასევე ლეჩხუმური, ადგილობრივი პროდუქტებიც წარმოდგენილი. საღამოს, 6-7 საათზე კი კონცერტი დაიწყება, სადაც რამდენიმე ძალიან კარგი ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას. ამ კონცერტით დაიხურება ფესტივალი. გარდა ამ ყველაფრისა, გამოყოფილი გვაქვს საკარვე ადგილებიც იმათთვის, ვისაც რიონის პირას ღამე დარჩენა მოესურვება.“

ფესტივალი რიონის პირას, ცალკე გამოყოფილ სივრცეში გაიმართება, რომელსაც გარშემო ტყე და ტვიშის ვენახები აკრავს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კლდეების ძირში, ულამაზესი ვენახებით გარშემოტყმული საფესტივალო სივრცე აქ მოსული სტუმრებისთვის განსაკუთრებით კომფორტული ყოფილიყო და სივრცის ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობასაც მაქსიმალურად შევეცადეთ.“

ფესტივალის ორგანიზატორები „რიონის ხეობის მცველები“ არიან. როგორც თავად აღნიშნავენ, მათი სურვილია ფესტივალი ყოველწლიური გახდეს, რადგან მათი მიზანი რეგიონის განვითარებაა:

„ეს რეგიონი, ფაქტობრივად, ძალიან მივიწყებული და „დაჩაგრული“ კუთხეა. ზოგი ლეჩხუმს რაჭასთანაც კი აიგივებს. ამ დროს კი ლეჩხუმი, როგორც კუთხე, ძალიან ბევრი მიმართულებით უმნიშვნელოვანესი და საინტერესოა. სილამაზესთან ერთად სწორედ აქაა ტვიშის შესანიშნავი ვენახები გაშენებული, რომლითაც უნიკალური ღვინო იწურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხის პოპულარიზაცია და ვფიქრობთ, რომ ფესტივალზე უკეთესი გზა ამისთვის არ არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეღვინეებიც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან და ძალიან დიდი სამზადისი აქვთ. ჩვენი მიზანი კუთხის პოპულარიზაციასთან ერთად ისიცაა, რომ ლეჩხუმელი მეღვინეები და მათი ღვინოები საზოგადოებამ უფრო უკეთ გაიცნოს“.

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი სტუმრებს 18 ივნისს უმასპინძლებს ტვიშში, რიონის პირას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული