სოფიკო კვანტალიანი
საკვები, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებათაგანია, რომელსაც ადამიანი იღებს და თუ ამ განცდას სანახაობაც ახლავს, მაშინ უბრალო სიამოვნება უმაღლეს ნეტარებაში გადადის. ეპიკურეს პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ცხოველისგან განსხვავებით ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება და "გამოვთვალოთ ჩვენივე სიამოვნებანი". ჰოდა, საკვების ფესტივალების ჩვენი მცირე მიმოხილვაც სწორდ ამაში დაგეხმარებათ.
იანვარი
ტუნარამა
პორტ-ლინკოლნი, ავსტრალია
"ო, საკვებო! შენ სპორტი ხარ!" - ცნობილი ციტატის ეს უცნაური პერიფრაზი ავსტრალიელებს ეკუთვნით, რომლებიც ყოველ წელიწადს ათკილოგრამიანი თინუსის შორი მანძილიდან სროლაში ეჯიბრებიან. ამ სახალისო სპორტულ-გასტრონომიულ დღესასწაულს ისინი "ტუნარამას" ეძახიან. პირველი ჩემპიონატი 1961 წელს გაიმართა. იმ დროიდან იგი ყოველ წელიწადს 25 ათასამდე ტურისტს იზიდავს და სულ უფრო იხვეწება და მრავალფეროვნდება. ამ თითქმის მინიოლიმპიურ შეჯიბრში ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება, თანაც დატკბება ცოცხალი მუსიკით, გემრიელი კერძებით და საუცხოო ღვინოებით.
თებერვალი
ფორთოხლის ბრძოლები
ივრეა, იტალია
ამ პატარა ქალაქის ცენტრში ფორთოხლის ნამდვილი მისტერიაა - კარნავალურ სამოსში გამოწყობილი ხალხი ერთმანეთს ფორთოხლებს ესვრის, აივნებიდან კი მათ კანფეტებს აყრიან. ეს ტრადიციული "ფორთოხლის კარნავალია", რომლიც ძალიან გავს ესპანურ "პომიდვრის ომებს". კარნავალი სამ დღეს გრძელდება და "მსუყე სამშაბათს" ე.წ. "სადღესასწაულო რეკვიემით" სრულდება.ქალაქის მცხოვრებლები თვლიან, რომ ეს კარნავალი საკმაოდ ძველია (1194წ.). "უთანასწორო ბრძოლაში", რომლის დროსაც დაბეჟილები და ჭრილობებიანი მონაწილეები მრავლად არიან, მხოლოდ სპეციალური წითელი ქუდი თუ გიშველით. სტატისტიკა ასეთია - აქ მხოლოდ ერთ დღეში იმდენი ფორთოხალი იხარჯება (დაახ. 360 ტონა) რამდენსაც იტალია მთელ წელიწადს საკვებად მოიხმარს. ქუჩებში, მასობრივი სეირნობისას, ხალხი მარცვლეულს შეექცევა, რომელსაც ქალაქის მოედნებზე გიგანტური თასებიდან იღებს. აქვეა უგემრიელესი ლობიო და ძეხვი. მათივე ინტერპრეტაციით, ლობიო ღარიბების საკვებია, ხორცი კი მდიდრების, რომლებსაც სიმბოლურად ერთმანეთში ურევენ და ასე მიირთმევენ.
მარტი
მეზირ-ჰალვას ფესტივალი
მანისა, თურქეთი
მეზირ-ჰალვა თურქული სამზარეულოსავით ძველია. იგი უნიკალურია თავისი სამკურნალო თვისებებით და თავბრუდამხვევი სურნელით. ამ ნუგბარის ისტორია XVI საუკუნიდან იწყება, როცა ერთი სულთნის ცოლი შემთხვევით თურქულ ჰარამხანაში მოხვდა და იქ გაურკვეველი სენით დაავადდა. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. მაშინ სულთანს უთხრეს ერთი ცნობილი ექიმის შესახებ, რომელიც საკუთარი რეცეპტით ბალახებისგან უცნაურ სურნელოვან წამალს ამზადებდა. ექიმმა 41 სხვადახხვა ბალახი და სანელებელი შეურია და შექმნა განუმეორებელი ჰალვა. როცა ავადმყოფმა ის გასინჯა, მაშინვე კარგად გახდა და როცა სრულიად გამომჯობინდა, იმ ჯადოსნური წამლის რეცეპტიც გაიგო. მას შემდეგ დააწესა წელიწადში ერთი დღე, როდესაც ამ ჰალვით მანისას მაცხოვრებლებს გაუმასპინძლდებოდა. ეს დღე 20 მარტია, იმედისა და ყვავილობის საყოველთაო დღე. ათასობით ადამიანი სულთნის მეჩეთთან იმისათვის იკრიბება, რომ ჯადოსნური ჰალვის ნატეხი მოიპოვოს, რომელიც დღესასწაულისთვის 3,5 ტონა მზადდება. ამ გიგანტური ჰალვის ნატეხებს მთელი დღის განმავლობაში მინარეთიდან ისვრიან. მოკლედ მთელი აღმოსავლური იდუმალება მეზირ-ჰალვაშია!
აპრილი, მაისი
პოსონი, კორეა
მწვანე ჩაის ფესტივალი
მაისში, კორეაში, ქალაქ პოსონის მთელ ტერიტორიაზე საოცარი სურნელი ტრიალებს - ეს მსოფლიოში ცნობილი სამეფო აზალიების ყვავილობის პერიოდია, რომელიც თავბრუდამხვევი სურნელით ბევრ ტურისტს იზიდავს. სწორედ აზალიების ყვავილობას ემთხვევა მწვანე ჩაის ფესტივალი, რომელიც 1-დან 5 მაისის ჩათვლით ეწყობა. პოსონი კორეული ჩაის სამშობლოდ ითვლება. აქაურ ჩაის განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით (რომელიც 9 სტადიისგან შედგება და სპეციალურ გასუფთავებასა და შრობის რთულ პოცედურას მოიცავს) საოცარი გემო და თვისებები უვითარდება. დღესასწაულის მთავარ ღონისძიებაზე, რომლის სახელწოდებაა "გასეირნება", შეგიძლიათ ფეხშიშველი გაიაროთ მდინარე სომჩჟინგანის სანპიროს თეთრ ქვიშაზე, იქ სადაც მწვანე ჩაის პლანტაციებია.
ივნისი
პაპანტლა, ვერაკრუსი, მექსიკა
ვანილის ფესტივალი
ვანილის ფესტივალი ყოველ წელიწადს გაზაფხულზე პაპანტლაში ტარდება. ფესტივალის ტრადიციას შორეულ წარსულში კათოლიკურ, ქრისტეს სხეულის (Body of Christ) დღესასწაულთან მივყავართ, რომელიც აღდგომიდან 60 დღის შემდეგ იმართებოდა. პაპანტლა მექსიკის ე.წ. ვანილის რეგიონია, ამიტომაც ეწოდება ამ ქალაქს Laciudad que perfuma al mundo -ქალაქი, რომელიც კეთილსურნელებას აფრქვევს. ამ ბუნებრივ არომატიზატორს ჯერ კიდევ 1000 წლის წინ იყენებდნენ ტოტონაკელი ტყვეები, რომლებიც პაპანტალში ცხოვრობდნენ. ვანილის ფესტივალი ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება, რომელთა შორის არის თეტრალიზებული შოუ Danza de los Voladores de Papantlaანუ "მფრინავი კაცების" ცეკვა.
ივლისი
საკვების ფესტივალი
სინგაპური
"გურმანების სამოთხე" - ასე ჰქვია საკვების ფესტივალს, რომელიც ყოველ წელიწადს 1-დან 31 ივლისის ჩათვლით ტარდება სინგაპურში. იგი ერთგვარი ნიმუშია"ფიუჟენის", რადგან აქ პროპორციულადაა შერწყმული მალაიზიური, ინდური და ჩინური კულტურები და ტრადიციები. სწორედ ამისი ილუსტრაციაა ფესტივალის მთავარი კომპონენტი, სამი კულტურის ნაერთი საქორწინო ცერემონიალი, რომელსაც თავისი საღესასწაულო სუფრაც ახლავს. სუფრის მთავარი "პერსონაჟი" კი კიბორჩხალაა, ამიტომაც ამ სუფრას კიბორჩხალას მინიფესტივალსაც უწოდებენ. გარდა ამისა, რას არ ნახავთ აქ, პატარა მწვადებს ბამბუკის ჩხირებზე, სინგაპურელების საყვარელ ჩინური წარმოშობის კერძს - ზვიგენის ფარფლების სუპსა და შემწვარ გოჭს. ინდურ კერძებს, რომლებსაც დამახასიათებელი ევკალიპტის სურნელი დაჰკრავთ. აქ არის გემრიელი, ზაფრანით შეზავებული ბრინჯი ქათამთან ან ცხვრის ხორცი ევკალიპტის სოუსში, ან სულაც აზიური პიცა, ფარშითა და ხახვით, რომელიც ხრაშუნა ცომშია ჩადებული.
ივლისი
მანგოს საერთაშორისო ფესტივალი
დელი, ინდოეთი
თუ თქვენ ინდოეთში ყველაზე გემრიელი ხილი გინდათ დააგემოვნოთ, ეს "ხილთა მეფედ" წოდებული მანგოა, რომელიც სხვა ხილისგან იმით განსხვავდება, რომ მისი ჭამა არა მხოლოდ მწიფედ, არამედ ნებისმიერი სახით შეგიძლიათ. ინდოეთი მანგოს უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. სწორედ ამიტომ დელიში 1987 წლიდან ყოველ წელიწადს ტარდება მანგოს საერთაშორისო ფესტივალი. 50-ზე მეტი მანგოს მწარმოებელი ქვეყიდან, წელიწადში ერთხელ, იკრიბებიან ამ დღესასწაულზე. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ეძლევათ ნახონ და დააგემოვნონ 550 (!) სახეობის მანგო.
აგვისტო
ბუნიოლი, ესპანეთი
ლა ტომატინა
აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ბუნიოლში, ესპანურ პატარა ქალაქში ვალენსიასთან ახლოს, უჩვეულო სანახაობა იწყება - ქალაქის მცხოვრებლები და ტურისტები მწიფე პომიდვრებით გასართობ ბრძოლას იწყებენ. დილის 10 საათზე ესტრემადურადან მოაქვთ უზღვავი პომიდორი, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე - პლაცა დელ პუებლოზე გროვდება. "სისხლიანი ბრძოლა" მას შემდეგ იწყება, როგორც კი ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე ცხიმით გაქონილ ბოძზე ავა და ჩამოიღებს ღორის შაშხს. შემდეგ იწყება მწიფე პომიდვრების სროლა ყველა მიმართულებით. (ტრავმების თავის ასარიდებლად წესები გვაფრთხილებენ, რომ სროლის წინ პომიდორი უნდა გაიჭყლიტოს). რამდენიმე საათში ირგვლივ ყველაფერი კეტჩუპითაა "მოპირკეთებული". როგორც ამბობენ, ამ ერთსაათიანი "ბრძოლის" დროს მინიმუმ 100 ტონა პომიდორი იხარჯება. დღესასწაულის ეს სახალისო ნაწილი წყლის შესხმაში გადადის, რაც ნიშანია იმისა, რომ "სისხლიანი ბრძოლა" დასრულებულია.
სექტემბერი
Pizzafest
ნეაპოლი, იტალია
სექტემბერში, ორი კვირის განმავლობაში, ახალგამომცხვარი პიცას სურნელით ივსება ნეაპოლი. კერძი, რომელიც მზადდება ნორმებისა და კანონების დაუცველად, არ შეიძლება ნეოპოლიტანურად ჩაითვალოს. ასე რომ, დააგემოვნო ნამდვილი იტალიური პიცა იტალიის გარეთ ძალიან პრობლემატურია, ან ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, ყოველწლიურად, ყველას შეუძლია საუკეთესო პიცა სრულიად უფასოდ მიირთვას, თანაც შეუზღუდავად. ეს კი მხოლოდ Pizzafest-ზეა შესაძლებელი.
ოქტომბერი
"ევროშოკოლადი"
პერუჯა, იტალია
ოქტომბრის მე-9 დღეს იტალიის ქალაქი პერუჯა გიგანტურ საკონდიტროდ იქცევა. ყოველ წელს, "შოკოფილები" მთელი მსოფლიოდან მოდიან ამ სტუმართმოყვარე უმბრიაში, რათა ბოლომდე დატკბნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პერუჯას დიდი ხანია შოკოლადის ქალაქს უწოდებენ. ორგანიზატორები კი ყოველ წელს სულ უფრო საინტერესო პროგრამას სთავაზობენ "შოკოლადის ტყვეებს": დეგუსტაციები, ახალი რეცეპტების კონკურსი, შოკოგასტრონომიული კურსები, ე.წ. შოკოლადის შოუ, სადაც მოქანდაკეები უზარმაზარ (დაახლ. 1 ტონა) შოკოლადის ფიგურებს ამზადებენ. 9 დღის განმავლობაში უწყვეტად დის შოკოლადის შადრევნებიც, სადაც შეგიძლიათ ცხელი შოკოლადიც დააგემოვნოთ პიკანტური დანამტებით. ამ შუასაუკუნოვან ქალაქში, ყველა ფერის შოკოლადს ნახავთ ნახშირივით შავით დაწყებული ფაიფურივით თეთრი შოკოლადით დასრულებული. ფესტივალის დროს ყველა რესტორანს განსაკუთრებული მენიუ აქვს, სადაც ყველა კერძს, დაწყებული სადილიდან დესერტით დასრულებული, შოკოლადი ურევია. და თუ შოკოლადის რიზოტო ან პასტა კაკაოს დამატებით უკვე არავის აკვირვებს, მაშინ კარპაჩო შოკოლადის გულით, ან კურდღლის ხორცი შოკოლადიან სოუსში ნამდვილად გულგრილს არ დაგტოვებთ.
ოქტომბერი
მთვარის ღვეზელის შემოდგომის ფესტივალი
პეკინი, ჩინეთი
მთვარის ღვეზელის ტრადიცია 1368 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩინელები მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყვნენ. როცა ჩინელებმა ამბოხება გადაწყვიტეს, საიდუმლო ბარათები მთვარის ღვეზელში დამალეს, რომელსაც როგორც წესი, უკვდავების ღვთაების დღესასწაულზე აცხობდნენ. დღესაც, ოქტომბრის შუა რიცხვებში სხვადასხვაფერ ფარნებს ანთებენ, აცხობენ "მთვარის ღვეზელებს" და მონღოლებზე გამარჯვებას ზეიმობენ. ტრადიციული, ათსანტიმეტრიანი დიამეტრის მთვარის ღვეზელი - მკვრივი ცომია, გულში ცხიმიანი ტკბილი შიგთავსით, რომელიც ლოტოსის თესლებისა და მარილიანი ბატის კვერცხის გულითაა შეზავებული, რაც ძალიან ჰგავს მთვარეს. ეს იდეალური შერწყმა-შეხამებაა მარიალიანისა და ტკბილის.
დეკემბერი
კარკასონი, საფრანგეთი
ფუა გრას ბაზრობა
რომანტიკული ქალაქი კარკასონი ფუა-გრას წარმოების ცენტრია. (ფრანგ.Foie gras"ცხიმიანი (სქელი) ღვიძლი" - ბატის ან იხვის ღვიძლი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით, ე.წ. ფრანგული წესით არის გასქელებული, გაცხიმოვნებული. ფუა-გრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დელიკატესია ფრანგულ კულინარიაში. მის გემოს აღწერენ, როგორც გაჯერებულს, მსუყეს და დელიკატურს). სწორედ დეკემბერში ფერმერები განსაკუთრებილი ინტენსივობით კვებავენ ბატებს და იხვებს, რომ მათი ღვიძლი ფუა-გრასთვის საჭირო მდგომარეობამდე მივიდეს. არ ვიცი, ამ დროს ფრინველი რას განიცდის, ის კი ცხადია, რომ მის ორგანიზმს წარმოუდგენელი რაოდენობის საკვების გადამუშავება უწევს ამ ერთ თვეში, რათა ღვიძლმა ქონი მოიდოს და კარაქივით რბილი გახდეს. ეს ის კერძია, რომელზედაც უარს ნამდვილად ვერ იტყვით.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი