ლევან სეფისკვერაძე
6-8 ივნისს თბილისში საგამოფენო ცენტრ “ექპო-ჯორჯიაში“ ღვინის საერთაშორისო გამოფენა, “ვინექსპო“ გაიმართა. ამ ღონისძიებას უკვე შვიდწლიანი ისტორია აქვს და მეღვინეობის კუთხით ქვეყანაში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად ჩამოყალიბდა.
წინა წლების მსგავსად, გამოფენაზე წელსაც ღვინის მწარმოებელი თითქმის ყველა ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელთა პროდუქციის გასინჯვა დამთვალიერებლებს უფასოდ შეეძლოთ. სტუმრებს ასევე შეეძლოთ სასურველი ღვინოების შეძენაც. ღონისძიებაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებდნენ მცირე მარნებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მეღვინეობაში ერთ–ერთ ძლიერ ფლანგად ყალიბდება. გამოფენის სტუმრებს ასევე შეეძლო ყველისა და თაფლის საინტერესო ნიმუშების დაგემოვნებაც. გამოფენაში მონაწილეობა ფასიანი იყო (10 ლარი ღირდა) თუმცა, ბევრი იყო ისეთი სტუმრის რაოდენობაც, რომლებიც ღონისძიების ორგანიზატორებმა თავად მიიწვიეს.
ლევან შკუბულიანი, გამოფენის სტუმარი: “უკვე მეორედ ვარ ამ გამოფენაზე და კარგი განწყობა მაქვს. მაისში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალზე გვაჩუქეს ბროშურები, სადაც ამ გამოფენის ბილეთების ფასდაკლების ბარათებიც იდო და მოუხედავად იმისა, რომ ისედაც ვაპირებდი მოსვლას, გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ასეთი ღონისძიებები ერთმანთანაა დაკავშირებული. წელს გასინჯული ღვინოებიდან განსაკუთრებით ბაბანეურის ქისი მომეწონა. ასევე ძალიან კარგი ღვინო იყო ერთ–ერთი დიდი კომპანის კრახუნა. ერთად-ერთი, რაზეც გული დამწყდა ისაა, რომ წინა გამოფენისგან განსხვავებით, წელს უსახელოური ვერ გავინჯეთ. ერთ–ერთ კომპანიას კი ჰქონდა უსახელოურის ბოთლები დახლზე, მაგრამ ღვინის დაგემოვნებაზე უარი გვითხრეს და მხოლოდ ყოდვა შემოგვთავაზეს“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის აშშ, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, უკრაინა... მონაწილეობდნენ როგორც ღვინის კომპანიები, ასევე ის მეწარმეები, რომელთა პროდუქციაც მეღვინეობასთან არის დაკავშირებული. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ამ გამოფენის მიზანი ტრადიციულად სფეროს წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის დამყარება და პროდუქციის რეალიზებისთვის ახალი კლიენტების მოძიებაა.
ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი: “წლევანდელ “ვინექსპოზე“ მრავალი სიახლეა და ღვინის მოყვარულებს ბევრი ახალი და გამორჩეული ღვინის გასინჯვის შესაძლებლობა აქვთ. ჩვენი უპირველესი სურვილი და მიზანია, რომ ქართული ღვინის ხარისხი ყოველწლიურად იზრდებოდეს და გამუდმებულად წინსვლა გვქონდეს როგორც ღვინის ხარისხის, ასევე პროდუქციის გაყიდვების კუთხით. ამ ყველაფერში ვფიქრობ, რომ “ვინექსპო“ და თუნდაც იგივე ახალი ღვინის ფესტივალი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენენ, რადგან სწორედ ამ ღვინის გამოფენების დროსაა შესაძლებელი უცხოელებისათვის ქართული ღვინის ასე მასშტაბურად წარმოდგენა და შეთავაზება“.
გამოფენა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გახსნა. “მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ვაზის 500-ზე მეტი უნიკალური ქართული ჯიში დღემდეა შემონახული. ღვინის დაყენებას კი, რვაათასწლიან უწყვეტი ისტორია აქვს. არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო იუნესკოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მოგეხსენებათ, ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობისა და პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა.
ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება დღეს, როდესაც უკვე ცნობილია, რომ საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დაბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო გამოფენის ყველა ორგანიზატორს, მონაწილეს და სტუმრებს განსაკუთრებული ინტერესისთვის და მობრძანებისთვის”, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
გამოფენაზე ასევე ჩატარდა ქართული ღვინის მასტერკლასი და გაიმართა დეგუსტაცია. ღვინის თემაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტებისა და ბაიერებისთვის კახეთის რეგიონში ღვინის ტურები მოეწყო. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სესია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ღვინის ჭიქების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია RIEDEL-ის მფლობელმა გეორგ რიდელმა ქართველ მეღვინეებთან, სომელიეებთან და ექსპერტებთან ერთად, საფერავის ექსკლუზიურ ღვინის ჭიქა შეარჩია. გეორგ რიდელის წარმოებაში საფერავის ღვინის ჭიქის გამოჩენა ქართული ღვინის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ხაზს უსვამს საფერავის გამორჩეულობას. რიდელის ვიზიტი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური მნიშვნელობისაა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, კერძოდ საფერავის ცნობადობის ამაღლებას.
“ვინექსპოში” მონაწილე კომპანიებს საშუალება მიეცათ შეხვედრები გაემართათ ბაიერებთან, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, ღვინის ექსპერტებთან, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებთან.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით, ღვინის მე-6 საერთაშორისო კონკურსი (6-th International Wine Award) გაიმართა. 7 ივნისს, კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, ღვინის დიდოსტატები და ღვინის სპეციალისტები - ლუბოს ბარტა (ჟიურის თავმჯდომარე - ჩეხეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი), იან ჟუბანი (ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) გენერალური მდივანი), ჯამალ რაისი (ღვინის კრიტიკოსი - აშშ), ლიზა გრანიკი (აშშ, MW), ნატალი ზალკოვსკი, გეორგ ბინდერი, გიორგი დაქიშვილი და ლევან მეხუზლა 100-მდე საკონკურსო ნიმუშიდან სხვადასხვა კატეგორიებში 28 გამარჯვებული ღვინო გამოავლინა.
კონკურსზე საკუთარი პროდუქცია წარადგინეს როგორც ღვინის მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა, ისე ფერმერულმა გაერთიანებებმა და გლეხურმა მეურნეობებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამარჯვებული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა და ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.
დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, გამოფენაში მონაწილე კომპანიების, სახელმწიფო ორგანიზაციების, ასოციაციების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ღვინის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
მიუხედავად სფეროში არსებული პრობლემებისა, ქართველი მეღვინეები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ტრადიციად ქცეული ღვინის ფესტივალები და გამოფენები წინგადადგმული ნაბიჯია და ეს ჩვენი ღვინის ბიზნესს ნამდვილად წაადგება. ფესტივალების მონაწილე თითქმის ყველა მეღვინე და ღვინის სპეციალისტი ამბობს, რომ დაახლოებით 8–9 წლის წინ, როდესაც მსგავსი ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ იმართებოდა, ღვინის ფესტივალების ჩატარებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ.
ღვინის მე-6 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
კატეგორიაში თეთრი მშრალი ღვინო
ოქროს მედალი - ილიას ტრამინსერვენი 2013 პოზდნი ზბერ (ვინარსტვი ილიას პავლოკ - სლოვენია);
ოქროს მედალი - სოვინიონ ბლანი (პაველ ბინდერის ოჯახური მეღვინეობა - ჩეხეთი);
ოქროს მედალი - დავინუს ვენტილისკე ზელენე კაბინეტ (დავინუსი -ჩეხეთი);
ვერცხლის მედალი - ცოლიკაური (ასკანელი ძმები);
ვერცხლის მედალი - კრახუნა (მეღვინეობა ხარება);
ვერცხლის მედალი - წინანდალი (ბესინი);
ვერცხლის მედალი - ჩინური (კახური ტრადიციული მეღვინეობა);
ვერცხლის მედალი - მწვანე (მეღვინეობა ხარება);
ვერცხლის მედალი - ცოლიკაური (კახური ტრადიციული მეღვინეობა);
ვერცხლის მედალი - ვარიეტო რუზლინგ 2013 ნესკორი ზბორ (კარპატსკა პერლა -სლოვაკეთი)
კატეგორიაში ქვევრის თეთრი ღვინო
ოქროს მედალი - მწვანე (ბექა გოცაძის ოჯახური მეღვინეობა);
ოქროს მედალი - ლაგვინარი - ციცქა (მეღვინეობა ლაგვინარი);
ოქროს მედალი - რქაწითელი (გაერთიანება თემი);
კატეგორიაში წითელი მშრალი ღვინო
ოქროს მედალი - შუმი საფერავი 2013 (შუმი);
ოქროს მედალი - იბერიული მუკუზანი (შუმი);
ოქროს მედალი - საფერავი მუხაში (ქინძმარაულის მარანი);
ოქროს მედალი - ჩელთი (ჩელთი);
ოქროს მედალი - ხარება (მეღვინეობა ხარება);
ვერცხლის მედალი - საფერავი (თბილღვინო);
ვერცხლის მედალი - კახური სამეფო (ქინძმარაულის მარანი)
კატეგორიაში ქვევრის წითელი ღვინო
ვერცხლის მედალი - ჩელთი ქვევრის (ჩელთი)
კატეგორიაში წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
ოქროს მედალი - შუმი ქინძმარაული (შუმი);
ოქროს მედალი - იბერიული ქინძმარაული (შუმი);
ოქროს მედალი - იბერიული ხვანჭკარა (შუმი);
ოქროს მედალი - ქინძმარაული (ასკანელი ძმები);
ოქროს მედალი - უსახელაური (მეღვინეობა ხარება);
ვერცხლის მედალი - ქინძმარაული (მეღვინეობა ხარება)
© ღვინის კლუბი /Weekend
მადლობა შენიშვნისთვის, ჩვენს ჟურნალისტს რაც მიაწოდეს ეგ ტექსტი იყო, ყველა სხვა საინფორმაციო საშუელებებშიც იგივეა სამწუხაროდ :( ეს პრობლემა ყოველთვისაა ქართულ კონკურსებზე :(
falsifikaciis winaagmdegii, გთხოვთ კონკრეტულად დაწეროთ რომელ კომპანიებს და ღვინოებს გულისხმობთ. მარნებს რომ ქარხნებს უწოდებთ ეს უკვე ბევრზე მეტყველებს :) და კიდევ, ინვენტარი არ აყენებს ღვინოს :) ასერომ, კონკრეტულად გვითხარით რას გულისხმობთ ამ პოსტში, თორემ ძალიან ბუნდოვანი შთაბეჭდილება დარჩება მკითხველს.
თქვენი კომენტარი