Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. გიორგი ნათენაძე, ოჯახური ღვინის მწარმოებელი მესხეთიდან, მესხეთის ტერასების პროექტის ავტორი

18 იანვარი, ორშაბათი

სიმართლე გითხრათ, არასოდეს დამიწერია დღიურები, მაგრამ ამის სურვილი ყოველთვის მქონდა. ყოველთვის მინდოდა, ჩემი აზრები და მნიშვნელოვანი მოვლენები ჩამეწერა, რომ გარკვეული დროის შემდეგ თვალი გადამევლო. ბავშვობაში ხშირად ვიწერდი იდეებს, რომლებსაც ცხოვრებაში განვახორციელებდი, ან, უბრალოდ, იდეებს სამყაროზე, სამყაროს მოწყობაზე, ადამიანთა არსებობაზე, ჩვენი ცხოვრების არსზე,  ჭეშმარიტებაზე და მომავლის იდეებზე თუ გამოგონებებზე. სხვათა შორის, ბევრი ისეთი ჩანაწერი ვიპოვე, რომლის ჩაფიქრებაც იმ დროისთვის სისულელე იყო, თუმცა დღეს რეალობად იქცა.

შეიძლება ითქვას, ჩემი ყოველი დღე ღვინის დღიურია, უკვე 10 წელია, რადგან ღვინის და ვაზის სიყვარულით ისე ვარ მოწამლული, რომ სხვას ვეღარაფერს ვხედავ, ან თუ ვხედავ, ყველაფერს ვაზს და ღვინოს ვუკავშირებ. ამბობენ ვაზი ადამიანს აკეთილშობილებსო და მართლაც ასეა, ბოროტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს ბოლო წლებია საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.

დაახლოებით, 15 წლის წინ, როცა მამაჩემი ბევრს ფიქრობდა მესხური ვაზის გადარჩენაზე, თავიდან, მაინცდამაინც, დიდი ინტერესი არ გამომიხატავს ამ საქმის მიმართ. მიუხედავად ამისა, მაინც თავისთავად მეფიქრებოდა მევენახეობის მომავალსა და პერსპექტივებზე. შევეცადეთ მესხური ჯიშების მოძიება დაგვეწყო. ერთად მოვიარეთ სოფლები, ვნახეთ საინტერესო ჯიშებიც, თუმცა მაშინ არც ლაბორატორიები არსებობდა და არც ცოდნა, თუ რომელ  ჯიშს რა შედეგი და თვისებები ექნებოდა. 

თავიდანვე მივხვდი, რომ ეს საქმე  შედეგს, მინიმუმ, 10 წელიწადში, ან უფრო გვიან გამოიღებდა, თუმცა მაინც „მოვიწამლე“. დავიწყე მესხური ჯიშების ძიება. დავდიოდი სოფლებში, თუ ნასოფლარებზე, ძველ ციხეებთან, ტყეში, ეკლესიებთან და ყველგან, სადაც ვაზი შეიძლებოდა ყოფილიყო, ან არ ყოფილიყო. ჩემი მეგობრების აყოლიება ძნელი აღმოჩნდა. ხან ერთს წავიყოლებდი, ხან მეორეს, მაგრამ დიდი ინტერესი ვერც ერთს ვერ შევნიშნე. ბევრი მეუბნებოდა, რა სისულელეებს აკეთებ, რამე საქმე წამოიწყე და ფული გააკეთეო.

ძალიან ვნერვიულობდი, რომ არც მთავრობიდან და არც კერძო სექტორიდან არავინ არასდროს არ გამოჩნდა. თუკი რაიმე დახმარებას შემომთავაზებდნენ, უამრავ პროექტებს ვწერდი არასამთავრობოებშიც, მაგრამ უშედეგოდ.

ერთ დღესაც მამაჩემი გაწევრიანდა ელკანაში და იქ ძალიან საინტერესო და ჩვენთვის მეტად  მნიშვნელოვანი პიროვნება, გიორგი ბარისაშვილი გავიცანით. ადამიანი, რომელმაც  პირველმა გვიბიძგა და მოგვეხმარა, რომ ჩამოგვესხა  მესხური ღვინო. ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი ხელსაწყოები და არც შესაბამისი ცოდნა. შეიძლება ითქვას, ჩვენი პირველი ღვინის ჩამოსხმა სწორედ გიორგი ბარისაშვილის დამსახურებაა. ამას არასდროს დავუვიწყებთ ამ უკეთილშლობილეს ადამიანს და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნებით. გიორგი დღესაც აქტიურად მიწევს კონსულტაციებს და მუდამ მზადაა, უანგაროდ დაეხმაროს ყველა ქართველს ასეთ კეთილ საქმეში.

პირველი ღვინო, რომელიც 2009 წელს ჩამოვასხით, ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო. ჩვენი ოჯახი მესხურ ღვინოს ყოველთვის აყენებდა, მაგრამ არ გვეგონა, ამჯერად ამხელა გამოხმაურება თუ ექნებოდა. ძალიან ბევრი დაინტერესდა მესხური ღვინით, ძალიან ბევრი უკვე შურის თვალითაც მიყურებდა. ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა გარდამტეხი,  რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა და ბოლომდე მებრძოლა მესხური მევენახეობის აღსადგენად და მესხური ღვინის პოპულარიზაციისთვის.

მოსვენება დავკარგე. დავდიოდი ყველგან, თითქმის, მთელ სეზონზე - სოფელ-სოფელ და ტყე-ტყე. ამ ყველაფერმა ბოლოს ფანატიზმის სახე მიიღო - ხანდახან ღამის 2 – 3 საათზე ვბრუნდებოდი სახლში. ვინიშნავდი ყველა საინტერესო წერტილს, მაგრამ ძალიან მიჭირდა ჯიშების იდენტიფიცირება. ბოლოს გავიცანი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, აღმოვაჩინე რომ მას ქართული ვაზის ჯიშების საკმაოდ დიდი კოლექცია ჰქონდა. ეს მართლაც და კეთილი ადამიანი ძალიან დაინტერესდა ჩემით. შემპირდა, რომ ჩემს მიერ გაგზავნილ ყველა ჯიშს გამოიკვლევდა და ვაზის მწარეზე ნამყენ ნერგებსაც უანგაროდ დამიბრუნებდა.

ასობით სხვადასხვა ჯიში მაქვს გაგზავნილი იდენტიფიცირებისთვის ჯიღაურაში. ბევრი მათგანი პირდაპირ მწარმოებელი ჰიბრიდი აღმოჩნდა, ბევრი კი - საინტერესო მესხური ჯიში. დღეს უკვე ჯიღაურას კოლექცია გაიზარდა და 24-მდე მესხურ ჯიშს ვითვლით.  მაქვს ჩემი პირადი კოლექციაც ახალციხეში, სადაც ყველა საინტერესო ჯიშს ვუყრი თავს და ვაკვირები მათ გამძლეობასა და შედეგებს.

2015 წელი ჩემთვის მეტისმეტად გადატვირთული აღმოჩნდა. რამდენიმე საქმეზე პარალელურად ვმუშაობდი. უპირველესი იყო ის, რომ პარტნიორებთან (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე) ერთად სოფ. ხიზაბავრაში დავიწყე მესხეთის ისტორიული ტერასების აღდგენა და აქ მესხური ვაზის ჯიშების გაცოცხლება. პარალელურად, განვაგრძობდი ვაზის ახალი ჯიშების ძიებას, ახალი ღვინოების დაყენებას და რამდენიმე ახალი პროექტის დაგეგმვას.

მესხური ტერასები  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და, შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევაა. ამ პროექტზე ზუსტად 4 წლის მანძილზე ვმუშაობდი და ძალიან ბევრი ვიწვალე. ფაქტობრივად, 4 წლის განმავლობაში დღე არ გავიდოდა, რომ ამ თემაზე არ მეფიქრა და ვინმე არ შემეწუხებინა. დიდი დაბრკოლებების მიუხედავად, დარწმუნებული ვიყავი რომ პროექტს მაინც დავიწყებდი.  

დღეს მართლა ვამაყობ ჩემი ჯავახური სიჯიუტით, რომ ეს საქმე ჩემს პარნიორებთან ერთად დავიწყე და მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ასეთ სარისკო და ძვირადღირებულ საქმეში დამიდგნენ გვერდში. ეს მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს საქმეა, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ეს მესხური მევენახეობის განვითარებისთვის ყველაზე დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო ზამბახიძეს (ფერმართა ასოციაციის თავმჯდომარე), ეს ქალბატონი რომ არა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი დამრჩებოდა. ყოველთვის გვერდით მიდგას და დიდ სტიმულს მაძლევს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ცხოვრობს ჩვეულებრივი რეჟიმით, რომელიც ყოველთვის შრომობს და მუდამ მზადაა დახმარებისთვის. მე, უბრალოდ, ვამაყობ, რომ მას ვიცნობ.

დღეს უკვე მახარებს ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს მესხური ვაზის ნერგებს. ეს პატარა საქმე არაა. მათ დაინახეს, რომ მესხური ვაზი ცოცხალია და კვლავ შეიძლება აქაური ღვინის დაყენება, ვაზის მოვლა და მისი მოფერება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ტყუილად არ მიწვალია და ვაზი აქ, 3 საუკუნის შემდეგ, თავიდან იბადება. 

ახლა, რაც შეეხება, დღევანდელ ამბებს.

დღე ჩვეულებრივად ბავშვების ჟრიამულით  იწყება,  ჩემი პირველი გოგო, კესარია 3 წლისაა და ბაღისკენ მიმყავს, მეორე კი - 1 წლის ნაია (ნაიკო), ჩემს მეუღლეს - სოფოს მიყავს  ძიძასთან.  ჩემი ცხოვრება ორადაა გაყოფილი - ოჯახი და ვაზი, ორივე კი, მთლიანობაში, ერთი დიდი ოჯახია. ვერ წარმოიდგენთ, რა გრძნობაა, როდესაც ახალ ვაზს აღმოაჩენ. ეს ისეთივე დიდი გრძნობაა, როგორიც შვილის დაბადება. ესეც ცხოვრების ნაწილია.  ჩემს ცხოვრებას ვაზთან და ოჯახთან ვატარებ. შეიძლება ითქვას, მეგობრები აღარც მახსოვს, იმდენად მცირე დრო მაქვს მათთან შეხვედრისთვის.

ყოველი დღე გაწერილი მაქვს 1 კვირით, ან  რამდენიმე დღით ადრე მაინც.  გეგმას მობილურის კალენდარზე ვინიშნავ ხოლმე და შეხსენებებს ვაყენებ. სხვანაირად შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩეს. დეტალურ გეგმას კი ვინიშნავ ნეთბუქში, ან უბის წიგნაკში, რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილია.

ყოველდღე ვფიქრობ დროზე, რომელიც ასე სწრაფად გარბის. ხანდახან მინდა, რომ ჩემი ასლი მყავდეს. იმას რაღაც საქმეზე დავტოვებდი და, ამასობაში, მე სხვა საქმეს გავაკეთებდი. მართლა ძალიან სწრაფად მიდის დრო. ახლა ღამის (უფრო სწორად, დილის) 4 საათი ხდება, მაგრამ მე ამ დროს ვარ გონებრივად ყველაზე ფხიზელ  მდგომარეობაში. რა გამოვა, თუ ჩვენი ცხოვრების ნახევარს ძილში გავატარებთ, ნახევარს კი უაზროდ დავკარგავთ? ისედაც ბევრს ვერაფერს ვასწრებთ ამ ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ თითოეული წუთი უძვირფასესია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და რაღაცას, ან ვიღაცას მაინც მივუძღვნათ.

გადავხედე გეგმას და გამახსენდა რომ ღვინოები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადავიღე, უკვე დაიწმინდებოდა და უნდა გამესინჯა. 2015 წელს 12-მდე ახალი  სახეობის მესხური ღვინო მაქვს დაყენებული. ზოგი 1 ლიტრია, ზოგი - 20, ზოგი კი - 150, ყველაზე დიდი მოცულობისა 1 ტონა იქნება (ქვევრის მესხური წითელი).  წელს ისეთი სახეობები დავაყენე, რომელიც არავინ არ იცის, როგორი გამოვა და როგორც ჩემთვის, ისე სხვებისთვის დიდი სიურპრიზი იქნება. რამდენიმე მათგანმა უკვე გამაოცა. გამაოცა რბილი ნათქვამია.

„მესხური მწვანე“, „ცხენის ძუძუ თეთრი“, „ცხენის ძუძუ შავი“,  „ცხენის ძუა შავი“, „ახალციხის თეთრი“, „მესხური თეთრი“, „უდის თეთრი“,  „შავი ჭაჭკრული (იგივე „ხიზაბავრულა“ და იგივე „შავი ასპინძურა“), „თამარის ვაზი“,  უცნობი მესხური 1, უცნობი მესხური 2, უცნობი მესხური 3, „სამარიობო თეთრი“,  „ფერსის თეთრი“, „ჩიტისთვალა თეთრი“, „ნათენაძის თეთრი“ (ეს ჯიშიც მე აღმოვაჩინე და იმდენად მომეწონა რომ ჩემი გვარი დავარქვი) და სხვა პატარ-პატარა ცდები. შედეგებით მართლაც გაოცებული ვარ, მარტო მე არა, ჩემმა მეგობარმა მეღვინეებმაც გასინჯეს, ცნობილმა სომელიეებმაც და ყველა აღნიშნავს, რომ მესხურს სხვანაირი ცოცხალი სხეული აქვს და სხვა პოტენციალის ღვინოებია. ყოველი ახალი ექსპერიმენტი ჩემთვის ახლიდან დაბადებას ნიშნავს. ყოველი ღვინის გასინჯვა ახალ სტიმულს  და ძალას მაძლევს.

დავუბრუნდეთ საქმეს, ტერასების პროექტზე ყოველდღე ვმუშაობ. საქართველოში ტერასული მევენახეობის  გამოცდილება ფაქტიურად არაა და მუდამ შრომა, კითხვა და კონსულტაციები მიწევს სხვადასხვა სპეციალისტებთან. ხშირად ვაწუხებ ბატონ ლევან უჯამჯურიძეს, რომელიც ჩვენი ტერასების პროექტის მთავარი კონსულტანტი და მხარდამჭერია.

2 დღეში ბატონი ლადო უზუნაშვილი მესტუმრება, ეს ადამიანი დიდი პატრიოტი და ძალიან მაგარი მეღვინეა. ისიც ჩვენი კონსულტანტი და თანმშრომელია ტერასების პროექტში.  სწორედ მისი რჩევებით მოხდება მესხური ჯიშების  გაშენების ორიენტაციის აღება.  2 დღეში ჩემთან მესხურ ჯიშებს გავსინჯავთ და მომავალში გასაშენებელი ჯიშების გარკვეულ ორიენტირებს მოვინიშნავთ.  

19 იანვარი, სამშაბათი

დღე ისევ ჩვეულებრივად იწყება.

ძილი მენატრება, მაგრამ ამის საშუალებას ბავშვები არ მაძლევენ. პირველი ჩემი პატარა გოგო - ნაიკო იღვიძებს, წამოჯდება, ყველას გადმოგვხედავს,  ყველას მოგვწვდება და ჩაგვეხუტება (ჯერ 1 წლისაა). გვკოცნის იმდენს სანამ არ გაგვაღვიძებს. კარგი განწყობით  ვიღვიძებ. დღეც შესაბამისად კარგად წარიმართება.

ახლა გული არ მითმენს, ქვევრის ღვინოების გასინჯვა მინდა. ქვევრს თავი მოვხადე და როგორც უცხო, ისე ვიწყებ ღვინოების დეგუსტაციას, თითქოს პირველად ვსინჯავდე. ყოველდღე ვამჩნევ, რომ ღვინო, რომელსაც მეტი შეხება აქვს ჭაჭასთან (ღვინის დედასთან), უფრო მგრძობიარე, ტანინიანი და საინტერესო ხდება. მინდა, ჩემი სიამოვნება სხვებსაც გავუზიარო ხოლმე. გადავუღებ ღვინის ლამაზ, წკრიალა ფერს სურათს და სოციალურ ქსელში ვიზიარებ. კომენტარების წერა და მოწონება მაშინვე იწყება და მეც ვხვდები, რომ მარტო არ ვარ და ბევრი კეთილი ადამიანია, რომელიც მგულშემატკივრობს და თანამიგრძნობს ჩემს საქმიანობაში.

ძალიან მიჭირს მუშაობა, იმის გამო, რომ ჩემი საკუთარი მარანი და სივრცე არ მაქვს. მეზობლის სარდაფი მაქვს ნაქირავები უკვე 4 წელია და ღვინის ძირითად ნაწილს იქ ვინახავ. ასევე იქ ვატარებ სხვადასხვა ცდებს ალკოჰოლურ სასმელებზე. მოვაწყე პატარა ლაბორატორია, სადაც უკვე 150-მდე ცდა მაქვს ჩატარებული სხვადასხვა სახეობის არაყის გამოხდაში. სხვადასხვა მცენარეების და ხილის არყებს ვხდი სხვადასხვა მეთოდებით. იმდენად საინტერესო და სახალისოა, რომ გამოხდის ახალ მეთოდებს ვამუშავებ. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღე, ყოველი მათგანი ჩანიშნული მაქვს. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახელობის ალკოჰოლურ ბრენდებს  მალე გამოვიტან დღის სინათლეზე და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი შედეგები იქნება.

დღეს გავსინჯე შინდის ღვინო. რომელიც უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ტყის სხვა მცენარეების ფოთლის ექსტრაქტზეა და ეს ნაყენი ძალიან მაგარი გამომივიდა. შინდის ღვინის ბრენდი ალბათ სულ 40 ლიტრა მექნება, მაგრამ დეგუსტაციებისთვის საკმარისია. 1 ბოთლი უკვე გავამზადე საფრანგეთში წასაღებად, ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი ჩემს გამოგონებაზე, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ.

ისევ ჩავუჯექი კომპიუტერს. თვალი გადავავლე გეგმებს. აღმოჩნდა, რომ სამუშაო იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მეგონა. განმარტოება მინდა, მაგრამ სახლის პირობებში არ გამომდის. ბავშვები მოსვენებას არ მაძლევენ. გადავწყვიტე სახლიდან გასვლა და სხვაგან, უფრო მშვიდ გარემოში მუშაობა. წერილები პასუხგასაცემი მაქვს, გეგმები კი - სისრულეში მოსაყვანი. 

ყველაზე კარგი ადგილი ჩემი ავტომობილი აღმოჩნდა. დავჯექი, საქარე მინა ავწიე და შევუდექი მუშაობას. ერთ-ერთ კომპანიას შეკვეთა მივეცი მეტეოსადგურის დამონტაჟებაზე, რომელიც ძალიან მჭირდება ტერასებზე. რადგან საპილოტე პროექტია, რისკები თავიდანვე გასათვალისწინებელია. მეტეოსადგური კი მოგვცემს მიახლოებით ინფორმაციას, თუ როგორ კლიმატს უნდა ველოდოთ და როგორი იქნება ყოველი კვირის ამინდის პროგნოზი. ჩვენთან ძალიან მკაცრი ზათარია, შესაბამისად გვჭირდება ზამთრის სიცივეების აღრიცხვა და კონტროლი. წელს დავაკვირდებით და თუ ზამთრის ყინვები სარისკო აღმოჩნდა ვაზისთვის ვიფიქრებთ შესაფუთ საშუალებებზე. შესაფუთ მასალას კარგა ხანია, ვეძებ ინტერნეტით, მაგრამ საჭირო საშუალებას ვერა და ვერ მივაგენი.

რამდენიმე ზარი მოვასწარი და პარტნიორებს მომავალი კვირების გეგმები გავაცანი. ველოდები ხვალინდელ დღეს, ლადო უზუნაშვილი ჩამოდის - ჩვენი მთავარი მეღვინე. მინდა, მოვასწროთ მესხეთის დათვალიერებაც და ახალი ღვინოების დეგუსტაციაც.

ჩემი ყოველდღიური გიჟური გრაფიკის ჩამოწერა, ალბათ, კარგი წასაკითხი არ იქნება. ვიღაცა იტყვის, ასე როგორ ცხოვრობს, ან როგორ ასწრებს ყველაფერსო. 

20 იანვარი, ოთხშაბათი

როგორც იქნა, ჩამოვიდა ლადო უზუნაშვილი, მაგრამ ოჯახის შეწუხება არ უნდოდა და პირდაპირ ტერასებისკენ გავეშურეთ. გზადაგზა ვათვალიერებდით მესხეთის სილამაზეს, კულტურულ ძეგლებს და ვსაუბრობდით მესხეთში მევენახეობის განვითარების პერსპექტივებზე. ბატონ ლადოს, მგონი, ჩემზე ძალიან შეუყვარდა მესხეთი.

უკანა გზაზე გავსინჯეთ მესხური ღვინოები, უკვე დაწმენდილი და გაწკრიალებული. მანამდეც გვქონდა გასინჯული, მაგრამ ახლა სულ სხვა გემოები შეუძენია. თანაც მე მცირე რაოდენობით ვაყენებ ღვინოებს და მისი უკვე მასიურად ქვევრში მოთავსება სულ სხვა თვისებებს აღვიძებს.

გავაცილე ლადო და ისევ ჩემს საქმეებს შევუდექი. ახლა უკვე საფრანგეთში გასამგზავრებლად ვიწყებ მზადებას. იქ უკვე წინასწარ გავაგზავნე მესხური ჯიშის სხვადასხვა ღვინოები და ნაწილი - მე უნდა წავიღო თვითმფრინავით.

ქვევრიდან ამოვიღე მესხური უცნობი ჯიში („ნათენაძის თეთრი“), რომელიც უკვე გაწკრიალებული  და დაწმენდილი იყო. გაუფილტრავად ჩამოვასხი ბოთლებში და შევუდექი ეტიკეტის დიზაინს. ჩემი ღვინოების დიზაინს, თითქმის ყველას, მე ვაკეთებ, შემდეგ ოჯახის წევრებს ვუზიარებ. სახლშივე ვბეჭდავთ და ხელით ვაკრავთ ბოთლებს.

 

21 იანვარი, ხუთშაბათი

დღე ისევ ტრადიციულად დაიწყო. შემდეგ ტერასებზე გამგზავრება დავგეგმე. დავურეკე მეგობარს და კიდევ ერთ პიროვნებას, ვინც მეხმარება ტერასების ტოპორუკის შედგენაში. დაქირავებული გვყავს Drone - მფრინავი კამერა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, 500 მეტრის სიმაღლიდან გადავიღოთ ტერასების სურათები და შემდეგ სპეციალური პროგრამით ვამუშავებთ.

ტერასების ტოპორუკა გვჭირდება იმისათვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ აქ გასაშენებელი ჯიშების რაოდენობა, საირიგაციოს სისტემის ზუსტი კილომეტრაჟი და განლაგების გეგმა. ტოპორუკის საშუალებით ვადგენ ტერასებზე ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტსაც.

Drone-ით გადავიღეთ ტერასების სურათები და ვიდეო რგოლი, რომელიც საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცი გამოვიდა. სპეციალისტები მუშაოებენ სურათების კომპიუტერში გადატანასა და  ტოპორუკის შედგენაზე.

დღე საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, ძირითადი დრო ტერასების ტოპორუკის შემუშავებას დავუთმე.

საღამოთი კი კვლავ ჩავუჯექი კოპმიუტერს, თვალი გადავავლე მომავალი სამუშაოების გეგმას და შევუდექი მუშაობას, რაც, დაახლოებით, დილის 4 საათამდე გაგრძელდა.

22 იანვარი, პარასკევი

დილით მეუღლეს ვთხოვე, ძილის საშუალება მოეცათ. ძალიან დაღლილი ვიყავი.

დაახლოებით, 11 საათზე გადავწყვიტე მესხეთის დალაშქრვა და მეგობართან ერთად კვლავ გავწიე ჩვენი კუთხის უცნობი ადგილების დასათვალიერებლად. ბევრი ფოტო გადავიღე. საოცარი ადგილები გვაქვს და უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს მესხეთს. ეს ჩემი კიდე ცალკე გეგმაა, რაც მესხეთის განვითარებას შეეხება.

მალე ჩამოვაყალიბებ „მესხეთის განვითარების ფონდს“, რომლის მიზანი მოსახლეობის საფლად დაბრუნება, აგროტურიზმისა და მესხეთში წარმოების განვითარება იქნება.  ამ თემაზე ყოველდღიურად ვმუშაობ და დიდი გეგმები მაქვს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას კი მალე დავიწყებ.

მესხეთის დათვალიერების დროს სოფლებში კვლავ საინტერესო ხალხი გავიცანი, რომლებმაც ჩამანიშნინეს, სავარაუდოდ, ახალი მესხური ჯიშების ადგილმდებარეობები. შემოდგომით ამ ადგილებს აუცილებლად ვნახავ და შეიძლება, მართლაც, საინტერესო ჯიშები გამომავლინოთ.

საღამოთი გვინა ჩამოვედი და იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ კომპიუტერს თავი დავანებე და ბავშვებთნა ერთად გავერთე.

23 იანვარი, შაბათი

დილით გადავწყვიტე საწნახელის შეკეთება, რადგან მეორე დღეს დაგეგმილი მქონდა  ზოგიერთი ახალი ღვინის დედას (ჭაჭის) მოცილება და ჭაჭიდან ღვინის სრულად გამოწურვა. საწნახელიც შევაკეთე და ხელოსნებისგან მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გავიგე მესხურ ჯიშებზე. საწნახელის დანახვაზე და ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველასთან მესხურ ჯიშებზე მიწევს საუბარი. ხელოსნები ნელ-ნელა გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ მათ სოფლებში საინტერსო ვაზები ყოფილა, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა თათრების დროინდელს უწოდებს და რომლებიც დღესაც შემორჩენილია.  ეს ადგილებიც მოვინიშნე და შემოდგომით მოსანახულებელი ვაზების სიაში შევიყვანე.

სახლში რომ დავბრუნდი, ადგილობრივი გაზეთის - „სამხრეთს კარიბჭის“ ჟურნალისტი დამხვდა, რომელსაც ღვინის ევროკავშირში გატანის გზები და  ახალი გამარტივებული მექანიზმები აინტერესებდა.

24 იანვარი, კვირა

განსაკუთებული დღე არ ყოფილა.

დილიდან საფრანგეთისთვის მზადებას შევუდექი. ჩავალაგე ბარგი, შევფუთე ღვინოები და გავემგზავრე თბილისში.

საფრანგეთში პირველად მივდივარ და ძალიან მაინტერესებს ეს ქვეყანა. ჩემი ღვინო კი გადის საფრანგეთში ექსპორტზე, მაგრამ მე, ჯერჯერობით, არ ვყოფილვარ. სიამოვნებით მოვივლიდი სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

მჯერა რომ ჩემი დაწყებული საქმე მალე მთელ მესხეთს მოედება და ყველა შეძლებს მესხური ღვინის დაყენებას.

© გიორგი ნათენაძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.



წარმატებები გიო. კარგი წასაკითხიც იყო და საინტერესოც. ქვეყნის ყველა გულშემატკივარს და პატრიოტს გაახარებს შენი საქმეები, შენი შემართება და შენი წარმატებული მომავალი, რომელიც აუცილებლად დადგება ასეთი თავდაუზოგავი და რაც მთავარია გულიანი შრომის შედეგად. გფარავდეს და გწყალობდეს უფალი


წარმატებები, გიო! შენნარი ხალხზე და ისეთ საქმეებზე დგას ქვეყანა, შენ რომ აკეთებ!


"ვერ წარმოიდგენთ, რა გრძნობაა, როდესაც ახალ ვაზს აღმოაჩენ. ეს ისეთივე დიდი გრძნობაა, როგორიც შვილის დაბადება." ყველფერია ნათქვამი. სასიამოვნოა ამ ყველაფრის წაკითხვაც კი, იმედია მეც შევძლებ ამის მეასედს თუნდაც.


tsarmatebebi giorgi !!! tkvennairi shvilebi umravlos gmertma sakartvelos...


თუ კი უნდა გერქვას ქართველი, აუცილებლად გიორგი უნდა იყო კაცი! და თუ უნდა გიყვარდეს შენი კუთხე გიორგი ნათენაძე უნდა იყო!!! გამრავლოს და გაგაძლიეროს ღმერთმა!!! რომ არა შენისთანა ხალხის დაბადება ქართველთა წიაღში არ, ვიქნებოდით ჩვენ, არ იქნებოდა ჩვენი ვაზი და სამყაროც დაკარგავდა თავის კანონზომიერებას! არაფერი არ კვდება! ყველაფერი დროებით იხევს უკან, რათა უკეთესი მოევლინოს სამყაროს!!! გიო! გაგიმარჯოს!!! მიხარია შენი მეგობრობა!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.