Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოსტემბარგო პერიოდის უცნაურობები

ლევან სეფისკვერაძე

ქართული ღვინისათვის რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ, მოლოდინისამებრ, ღვინის ბიზნეში ბოლო დროს უცნაური ფაქტები ხდება. ჯერ იყო და, ღვინის ექსპორტიორები სიამაყით საუბრობდნენ რუსეთში გატანილ რამდენიმე ათეულ მილიონ ბოთლ ღვინოზე და ეს მაშინ, როცა რუსეთში გატანილი ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ღირებულება მთლიან რაოდენობას თუ დავაჯამებთ, 5 ლარზე ნაკლები გამოდის. ამის შემდეგ კი უკვე მოხდა ისე, რომ თბილისის ღვინის მაღაზიებმა როგორც ბოთლის, ასევე ე.წ. ჩამოსახსმელ ღვინოს ფასი მოუმატეს და ერთობ უცნაური რამ ხდება – ქართული ღვინო რუსეთში იაფად იყიდება, საქართველოში კი ღვინის ფასი ძვირდება.

ღვინის სპეციალისტები და ეკონომისტები ამ მოვლენას არაერთგვაროვნად აფასებენ. ეკონომისტ გიორგი თევზაძეს, მიაჩნია, რომ საქართველოში ღვინის ფასების მატება რუსეთში ქართული ღვინის დიდი რაოდენობის გატანის პარალელურად ლოგიკური მოვლენაა. თუმცა იგი ვერ ხვდება ამის პარალელურად რუსეთში ასე იაფად რატომ იყიდება ქართული ღვინო, რომელიც ჩვენთან ძვირდება.

გიორგი თევზაძე, ფინანსისტი, ეკონომისტი: “საქართველოში ღვინო რომ გაძვირდა ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ღვინის ჭარბი რაოდენობა აღარ არის, ღვინის დიდი რაოდენობა ექსპორტზე გავიდა და ღვინო რეალურად იმ ფასს უახლოვდება, რაც ისედაც უნდა ღირდეს. მე ამ მოვლენას მთლიანობაში დადებითად ვაფასებ. თუმცა, რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანებისაც, ვისაც ღვინოში მეტი ფულის გადახდა უწევთ, მაგრამ ეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ, ეს ქვეყნისათვის და ღვინის წარმოებისათვის ძალიან კარგია. ეს მომავალში აუცილებლად გამოიწვევს სფეროს ეკონომიკურ გაჯანსაღებას და იმედი მაქვს, რომ მეღვინეობაში მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება. თუმცა, რაც მაოცებს, ეს რუსეთში გატანილი ქართული ღვინის დაბალი ღირებულებაა.

რასაკვირველია ცნობილი ეკონიმიკური ხერხია იაფი ფასით რომელიმე ქვეყნის ბაზრის დაპყრობის მცდელობა, მაგრამ როდესაც რუსეთში ერთი ბოთლი ქართული ღვინო შეიძლება 4–5 ლარი ღირს და ვინმეს აქვს ილუზია, რომ პატარა საქართველო ამ გზით დიდ ქვეყნებს კონკურენციას გაუწევს, ეს მინიმუმ თავის მოტყუება და სიბეცეა. ასევე ვერ ვხვდები როგორ ახერხებს ზოგიერთი კომპანია რუსეთში გატანილ ბოთლის ღვინოზე იაფი ფასის დასმას, მაშინ როცა იგივე ღვინო საქართველოში უფრო ძვირად იყიდება. თუკი რუსული ბაზრის დაპყრობის ყოვლად უაზრო მცდელობას გამოვრიცხავთ, მაშინ მივდივართ ფალსიფიკაციამდე, რაშიც ასე ხელაღებით ვერავის დავადანაშაულებ. მაგრამ ფაქტები სამწუხაროდ ამის რეალურ ეჭვებს აჩენენ“.

თბილისში არსებულ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში ღვინის გაძვირებას ადასტურებენ, თუმცა უცნაურს ამაში ვერაფერს ხედავენ. მაღაზიების მეპატრონეები და გამყიდველები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ღვინის გაძვირება უმნიშვნელოდ მოხდა და ამის მიზეზი რუსეთში გატანილ ღვინოზე მეტად, 2012 წლის მოუსავლიანი რთველი იყო.

ჩვენ თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ხუთ ღვინის მაღაზიას ვეწვიეთ და როგორც ამ ერთგვარმა შემოვლამ ცხადყო, ქართველი მომხმარებლები უწინდელის მსგავსად ძირითადად კვლავ რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან წარმოებულ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას. მეორე ადგილზე კვლავ საფერავია. გაყიდვებით მესამე ადგილს კი მწვანე კახურისგან წარმოებული ღვინოები იკავებენს. ჩამოსასმელი სახით ერთი ლიტრი რქაწითელის შეძენა 3.5–5 ლარადაა შესაძლებელი. ერთ–ერთ მაღაზიაში ეს ღვინო 2.5 ლარადაც ვნახეთ, მაგრამ მისი ხარისხი (უფრო სწორად კი უხარისხობა) აშკარად აჩენდა ეჭვებს. საფერავის ფასი 5 ლარიდან იწყება და 8–9 ლარამდე ადის. იშვიათი ჯიშებისგან დაწურული ღვინო კი რთული საშოვნელიცაა და ღვინის მაღაზიებში მათი შეძენა ჩამოსახმელი სახით იშვიათადა შესაძლებელი.

2–3 წლის წინ ქართული ღვინის კომპანიების ბევრი მესვეურისაგან ხშირად მოისმენდით, რომ: "რუსეთის ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის ბიზნესი სულს ღაფავს", რომ: "ყურძნის წარმოების შემცირება კატასტროფული ტემპებით მიმდინარეობს" და სხვა მისთანანი... თუმცა, არსებობდნენ და ახლაც არსებობენ ღვინის კომპანიები, სადაც ამბობენ, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა და ამის მიზეზი, ერთგვარი იძულება აღმოჩნდა: ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში უხარისხო ღვინის შეტანა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და მარკეტინგის მხრივ ერთმა შეცდომამ, შესაძლებელია, კონკრეტული ღვინის კომპანიის ნაწარმის გაყიდვებზე კატასტროფულად ცუდად იმოქმედოს.

უცნაური, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი ხნის ტენდენციაა ის, რომ მომხმარებლების მიერ ქართული ღვინო ევროპაში და საქართველოში სხვადახვა რამით ფასობს და ეს ღვინოების დასახელებებითაც ნათლად ჩანს. ჩვენს მიერ გამოკითხული 6 ქართული ღვინის კომპანიის თანამშრომლებიდან, თითქმის ყველა იდენტურ მონაცემებს იძლევა. მონაცემები კი საშუალოდ ასეთია: საქართველოში გაყიდული ბოთლის ღვინიდან, 45% "საფერავზე" მოდის, დაახლოებით ამდენივე იყიდება "რქაწითელიც" (მათში შედის რქაწითელისა და სხვა ჯიშის ყურძნის კუპაჟური წესით ერთად დაწურვისაგან მიღებული ღვინოებიც), ხოლო ისეთი ბოთლის ღვინოები, როგორიცა მაგალითად: ციცქა, ხიხვი, ჩინური და სხვა, საქართველოში სამწუხაოდ, ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება და ასევე ცოტა იყიდება.

ღვინის ექსპერტი, გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ ლოგიკურად ქართული ღვინო ძალიან ძვირი არ უნდა ღირდეს, თუმცა რუსეთში ან ევროპაში ძალიან ძვირიან სეგმენტში შესვლა ისედაც გაჭირდება.

გიორგი სამანიშვილი. ღვინის ექსპერტი: “უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული ღვინო არ უნდა ღირდეს ძალიან ძვირი. ევროპაში მაღაზიაში რომ შედიხარ, 3-4 ევროდ ყიდულობ კარგ ღვინოს. როდესაც შენი ღვინო ღირს 6-7-10 ევრო და მითუმეტეს, მომხმარებელი არ იცნობს ამ ღვინოს, რა თქმა უნდა ხელს არ მოკიდებს. იაფიანი ქართული ღვინის გაყიდვა ეს უფრო მეტად სტრატეგიაა და არ გამომდინარეობს თვითღირებულებიდან. ძალიან იაფიან სეგმენტში რომ შევიდეთ, ჩვენ ვერ ვაჯობებთ ისეთ მწარმოებლებს, რომლებსაც კაპიკები უჯდებათ ყურნის წარმოება და ღვინის ჩამოსხმა. ასეთი მწარმოებლის მაგალითად ჩილე გამოდგება. ისინი ფასში ჩვენ ყოველთვის გვაჯობებენ. ანუ, ფასით არავის უნდა შევებრძოლოთ. ჩვენი ბრძოლის იარაღი უნდა იყოს – უნიკალურობა! რაც შეიძლება მეტი ფული უნდა დავხარჯოთ იმაში, რომ მსოფლიოს ქართული ღვინო გავაცნოთ, როგორც განსხვავებული.

ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ყველაზე კარგად რომ გვიცნობენ, ეს ფაქტია. უბრალოდ, რუსეთის გარდა, ყველგან ძალიან პატარა ბაზრებია და მათზე იმედის დამყარება არ შეიძლება, მაგრამ მანდაც უნდა ვიმუშაოთ. დიდი ბაზრებიდან, რუსეთის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი იმედი მაქვს. დღეს ამერიკაში ჩვენ ღვინოს ძირითადად ვყიდით რუს ემიგრანტებზე. ფულის დახარჯვაა საჭირო და სწორად უნდა ვიმუშავოთ ამერიკელ მომხმარებელზე, რომ მათ გაიცნონ ქართული ღვინო და მოეწონოთ“.

ცალკე თემაა ევროპაში და უმეტესად უკრაინაში (რუსეთში ქართული ღვინო რამდენიმე თვეა შეიტანეს და ჯერ საამისო მონაცემები სამწუხაროდ არ გვაქვს) ქართული ღვინის გაყალბების არანორმალურად დიდი მასშტაბები. ცნობილი გახდა, რომ უკრანიაში გაყალბებული "ხვანჭკარა" უკვე 6-7 ლარის ეკვივალენტ თანხად იყიდება, ფსევდოსაფერავს კი, 2-3 ლარად იყიდით. სწორედ ამიტომ, ევროპაში ქართული ღვინის გაყიდვების ზუსტი მონაცემების დასადგენად, უმჯობესია კვლავ ქართული ღვინის დიდი კომპანიების მონაცემებს დავეყრდნოთ, ვიდრე იმ ქვეყნების ოფიციალურ სტატისტიკას, სადაც ქართული ღვინის სახელით მრავალგვარი უხარისხო და ღვინოსთან კავშირში ნაკლებად მყოფი სასმელი იყიდება. სხვათა შორის, არაფერია ახალი იმაში, რომ ევროპელებს (მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის მოქალაქეებსაც) ქართული ღვინიდან ყველაზე მეტად ყოველთვის ხვანჭკარა და საფერავი მოსწონდათ და საბჭოთა კავშირის დროს, კახეთში საფერავის ჯიშის ვაზის არნახულად დიდი მასშტაბებით გაშენება სწორედ ამითაც იყო განპირობებული.

რუსეთის ემბარგოს დროს ქართველი მეღვინეები და უპირველესად ღვინის კომპანიები დადგნენ მეტად საჩოთირო ფაქტის წინაშე. მათ ან ელემენტარულად, უნდა მიენებებინათ თავი ღვინის მასშტაბურად წარმოებისათვის და მცირე წარმოებაზე გადასულიყვნენ, ანდა უნდა ეფიქრათ იმ ალტერნატიულ გზებსა და ხერხებზე, რითაც ევროპელ მომხმარებელს ხაზგასმით მაღალხარისხიან პროდუქციას შეღავათიან ფასში შესთავაზებდნენ. სწორედ ამ დროს დადგა საკითხი, მივიწყებული ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენაზე.

ღვინის კომპანიებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოეთიდანაც ჩამოიყვანეს მევენახეობის სპეციალისტები და ექსპერტები და გაირკვა, რომ ყურძნის ისეთ ჯიშებს, როგორიც არის: შავკაპიტო, ოცხანური საფერე, ხიხვი, ქისი და სხვა... პერსპექტივა გაყიდვების თვალსაზრისით არამხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც აქვს. დღეს ევროპაში ქართული ღვინოებიდან პოპულარული ძირითადად მხოლოდ სამია. ორი ჯიშური - "რქაწითელი" (რომელიც ვარიაციების ბევრ საშუალებას იძლევა) და "საფერავი" (რომელიც აქამდე ისედაც ცნობილი იყო) და ერთიც ადგილწარმოშობის "ხვანჭკარა". სწორედ ამიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, ქართულ მეღვინეობაში გარკვეული სიახლეების ძიება.

რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, გაგრძელდება კი ქართული მეღვინეობის წინსვლა? კვლავ გაგრძელდება ახალი ჯიშების მოძიება და წარმოება? რა მომავალი ექნება ნატურალურ ქართულ ღვინოს ევროპაში და იგივე რუსეთში? – ეს არის კითხვები, რომლებსაც პასუხი უახლოეს მომავალში, ანუ მას შემდეგ უნდა გაეცეს, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის შეტანის დადებით თუ უარყოფით მხარეებს გავაანალიზებთ.

© ღვინის კლუბი /Weekend



სტატიაში არასწორი ინფორმაციაა. ეს არ არის საბოლოო სამომხმარებლო ანუ თაროს ფასი; რაზეც თქვენ ლაპარაკობთ არის ერთი ბოთლის ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი, რომელიც 3 დოლარზე მეტია.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.