Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამოფენილი ქართული ღვინო

თბილისში ღვინის სამდღიანი ზეიმი დასრულდა

ლევან სეფისკვერაძე

უკვე მეხუთე წელია, რაც თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა იმართება. 2-4 ივნისს, გამოფენას ტრადიციულად წერეთლის გამზირზე მდებარე საგამოფენო სივრცის მეთერთმეტე პავილიონმა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით უმასპინძლა. ყველა სტუმარი აღნიშნავდა, რომ წლევანდელი გამოფენა გასულ წლებთან შედარებით განსხავებული იყო და ამ განსხვავებულობას წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების სიმრავლესთან ერთად ისიც განაპირობებდა, რომ წელს ამ ღონისძიებაზე როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ – ღვინის კლუბმაც მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე საინტერესო აქციით წარსდგა საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება მიწვეულ სტუმრებს (გამოფენაზე სტუმრები ძირითადად სპეციალური მოსაწვევებით იყვნენ მოწვეულნი), გამოფენაზე ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების როგორც დიდ, ასევე მცირე მეწარმეებთან ერთად ნახავდით სომელიეებსა და ღვინის ექსპერტებს, ღვინის ჟურნალისტებსა თუ ჩვეულებრივ თბილისელ მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, რომ გაესინჯათ ქართული ღვინო და გაეგოთ, როგორი ღვინო მზადდება ოჯახურ და ქარხნულ პირობებში.

ქვევრის ღვინო პოპულარული ხდება

გამოფენაზე წელს ასევე პირველად მონაწილეობა მიიღო ახლადდაარსებულმა ”ქვევრის ფონდმაც”, რომლის დამფუძნებელიც ოთხი ორგანიზაციაა: ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი, ასოციაცია "ქვევრის ღვინო", ასოციაცია "ქართული ღვინო" და"ღვინის კლუბი". “ქვევრის ფონდი” გამოფენაზე ერთი დიდი სტენდით იყო წარმოდგენილი, რომელიც USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ (EPI) დააფინანსა. ახლადდაარსებული ფონდის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის უმთავრესი მიზანი ქვევრის ღვინის პროპაგანდა იყო. სტენდზე კი 15-მდე მცირე მარნის ქვევრში დაყენებული ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე 50-ზე მეტ სხვადასხვა პროფილის კომპანია იღებდა მონაწილეობას (მათ შორის, ავსტრიული და იტალიური ღვინის კომპანიებიც), ღვინის გარდა წარმოდგენილი იყო: არაყი, ჭაჭა, შუშხუნა ღვინოები, ღვინის შესაფუთი ტექნოლოგიები, საწარმოო დანადგარები, სასუქები და ნერგები, მინის ტარა და ღვინოსთან დაკავშირებული წიგნები და პუბლიკაციები... მთლიანობაში, დაინტერესებულ დამთვალიერებელს შეეძლო მიეღო ამომწურავი ინფორმაცია არამხოლოდ რომელიმე დასახელების ღვინის შესახებ, არამედ იმის შესახებაც, თუ რაოდენი ძალისხმევა და ცოდნა სჭირდება ვაზის მოვლას და რამხელა პასუხისმგებლობაა ღვინის დაყენება.

ღვინის კლუბის გურმანული წიაღსვლები

ღვინის კლუბმა წელს პირველად საზოგადოებას წარუდგინა კლუბის მიერ მოძიებული, იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები. ღვინოები წარმოდგენილი იყო ბოთლში ჩამოსხმული სახით და ეტიკეტზე ”ღვინის კლუბის კოლექციის” მითითებით. ბევრმა დამთვალიერებელმა ცხოვრებაში პირველად სწორედ ღვინის კლუბის დახლზე იხილა ღვინოები სახელწოდებით: საკმიელა, დანახარული, რცხილა, გლდანულა, მგალობლიშვილი და სხვა... ეს ღვინოები სულ მალე კლუბის მიერ მოწყობილ სპეციალურ დეგუსტაციაზე გაიხსნება და ღვინის კლუბის წევრები, მოწვეულ ღვინის სპეციალისტებთან ერთად შეაფასებვენ ვაზის იშვიათი ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოების ხარისხსა და გემურ თვისებებს.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: ”ღვინის კლუბი ამ გამოფენაში წელს როგორც მონაწილის, ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის სტატუსითაცაა წარმოდგენილი. წლევანდელ გამოფენაზე ღვინის იმდენად მრავალფეროვანი ნიმუშებია გამოტანილი, რომ ქართული ღვინის ალბათ ყველაზე პრეტენზიული მოყვარულის ინტერესიც კი წესით უნდა დაკმაყოფილდეს. ძალიან სასიხარულო და ჩემთვის პირადად საამაყოა, რომ წელს ასე მრავლად არის წარმოდგენილი ქვევრის ღვინო. ეს სასიხარულო ტენდენცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ქვევრის ღვინო ქართული ღვინის სახეა. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი კლუბის მიერ წარმოდგენილმა იშვიათმა ღვინოებმა და ამ კუთხით კლუბი კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

ჩვენს მიერ ამ გამოფენაზე ორი საკმაოდ საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. ჯერ იმართება ”ღვინისა და ყველის ქორწილი” და ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ღვინი და ყველის ის ნიმუშები, რომლებიც საინტერესო  წყვილებს ქმნიან ერთმანეთთან. გამოფენის დასკვნით დღეს კი, ვისაუბრებთ ღვინისა და კერძის შეხამებაზე და სტუმრებს როგორც ღვინის, ასევე კერძის გასინჯვაც შეეძლებათ სათანადო განმარტებებით. ამ თემაზე ჩვენ უკვე გამოვეცით ბროშურა, სადაც უფრო კონკრეტულად არის განმარტებული, თუ რომელ კერძთან რომელი ღვინის მიყოლება არის რეკომენდირებული”.

მცირე მარნების სტენდებთან

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე ღვინის კომპანიებს შორის უმეტესობა არც ისე დიდი დროა, რაც დაფუძნდა, მაგრამ ცნობადობას საკმაოდ მალე მიაღწიეს და ეს იმითაც ჩანდა, რომ სტუმრების ერთი ნაწილი ღვინოებს არა მათი დასახელების, ანდა ადგილწარმოშობის მიხედვით, არამედ კომპანიის სახელწოდების მიხედვით ეძებდა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ განსაკუთრებული ინტერესი კომპანია ”უსახელოური ვენახების” უსახელოურს ხვდა წილად. ეს ღვინო, როგორც იცით, იშვიათ ღვინოებს განეკუთვნება და ყველა სტუმარს ჰქონდა სურვილი, რომ საკუთარი გემური რეცეპტორებით შეგრძნოთ ლეგენდარული ღვინო  -უსახელოური. კომპანიის მფლობელის, პაატა შარაშენიძის თქმით, მათთვის მომხმარებლების უსახელოურისადმი ინტერესი სიახლე არ არის და ეს ნათლად ღვინის კლუბის მიერ მაისის თვეში მოწყობილ ”ახალი ღვინის ფესტივალზეც” გამოჩნდა, როდესაც პაატა შარაშენიძის დახლთან ყველაზე მეტი სტუმარი ტრიალებდა და ყველაზე ადრე, სწორედ უსახელოური გათავდა.

გამოფენაზე ასევე გამოჩნდა, რომ მიუხედავად დიდი კომპანიების სიმრავლისა (რაც რა თქმა უნდა მისასალმებელი ფაქტია) საქართველოში მაინც არ განელებულა ინტერესი ოჯახური, ე.წ. გლეხური ღვინისადმი. ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად, ევროპაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორის – ნიკა ბახიას დაყენებულ ღვინო ”ნიკას” (საფერავი, ქვევრში ტრადიციული წესით დაყენებული), შიდა ქართლიდან წარმოდგენილ ღვინო ”ჩარდახს” (ჩინური, ტრადიციული წესით დაყენებული), მეღვინე ამირან ვეფხვაძის ოცხანურ საფერეს, ”ნიკოლაძების მარნის” ციცქა-ცოლიკოურს, გაიოზ სოფრომაძის იმერულ ჩხავერს და მცირე მარნის, ”ჩვენი ღვინის” ქვევრის წარაფს. ამ უკანასკნელმა ღვინომ, გამოფენის მეორე დღეს გამართულ დაჯილდოვებაზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა და უცხოელ სტუმრებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც უკვე ვთქვით, გამოფენაზე შუშხუნა ღვინოებიც იყო წარმოდგენილი. ამ ტიპის ღვინოები ძირითადად სამმა კომპანიამ შესთავაზა საზოგადოებას: ”თელიანმა ველმა”, ”ხარებამ” და რა თქმა უნდა, კომპანია ”ბაგრატიონი 1882-მა”, რომელმაც ცქრიალა ღვინოების ყველაზე ფართო ასორტიმენტი წარმოადგინა.

უცხოელები ჩვენს შესახებ

ქართველ მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს ყოველთვის ძალიან აინტერესებთ უცხოელების აზრი ჩვენი ღვინის შესახებ. სტუმრების მოსაზრებები ხშირად გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს ქართულ მეღვინოებაში და არაერთმა ქართველმა მეღვინემ გაითვალისწინა უცხოელების რჩევა ღვინის დაყენების კუთხით და ღვინის ბევრმა კომპანიამ კონსულტანტებად ევროპელი, ამერიკელი ან სულაც ავსტრალიელი მეღვინეები ჩამოიყვანა. მაგრამ, ერთია როდესაც ევროპელი მეღვინე ქართველს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს და სულ სხვაა, როდესაც ქართული ღვინით ევროპელი ღვინის ჟურნალისტები და ღვინის მწერლები ინტერესდებიან. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა გამორჩეული იმითაც იყო, რომ წელს გამოფენაზე არაერთი ცნობილი ევროპელი ღვინის ჟურნალისტი იყო ჩამოსული და მათი უმეტესობა აღნიშნული გამოფენისა და კონკრეტულად ქართული ღვინის შესახებ ვრცელი პუბლიკაციის მომზადებას აპირებს. მაგალითად: ბრიტანული ჟურნალი “დეკანტერის” ერთ-ერთი რედაქტორი, სტეფენ ბრუკი, ღვინის ჟურნალისტი - სტიუარტ ჯორჯი, ჰოლანდიელი ჟურნალისტი - ქრისტიან კალეკი, ავსტრიელი ღვინის ჟურნალისტი - დარელ ჯოზეფი, ღვინის ექსპერტი - ქევინ მური, გერმანელი ჟურნალისტი - ანდრე დომინე და სხვები..

ღვინის მწერლები ჩამოსულები იყვნენ შვეიცარიიდან, ინგლისიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. მათი უმეტესობა კმაყოფილებას ვერ მალავდა გასინჯული ღვინის ნიმუშების ხარისხით. ბრიტანელმა ჟურნალისტმა – სტიუარტ ბრუკმა კი განაცხადა, რომ უახლოეს 5-6 წელიწადში ქართული ღვინო (განსაკუთრებულად კი ქვევრის ღვინო) ევროპაში იმდენად პოპულარული გახდება, რომ საქართველოში არსებული ღვინის წარმოების მასშტაბები შესაძლებელია საკმარისიც კი აღარ იყოს ევროპის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება გამოფენაზე მიწვეულ სხვა სტუმრებს, რომლებსაც უშუალო პროფესიული შეხება ღვინოსთან ნაკლებად აქვთ, გაკვირვებულები იყვნენ იმით, რომ საქართველოში ასეთი კარგი ღვინოები მზადდება და მათ აქამდე ამის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ.

ერიკ კოლინზი, სტუმარი აშშ-დან: ”საქართველო და ჩემი ქვეყანა პარტნიორები არიან და ვფიქრობ, რომ ეს პარტნიორობა ქართული ღვინის ამერიკაში პოპულარიზაციითაც უნდა გამოიხატოს. აქამდე სამწუხაროდ არაფერი ვიცოდი თქვენს ღვინოზე და დღეს გავიგე, თუ რა კარგ ღვინოს ამზადებენ თურმე აქ და ევროპელების მაღალი შეფასებებიც მოვისმენე. მიმაჩნია, რომ ამერიკელები უფრო კარგად უნდა იცნობდნენ ქართულ ღვინოს და ეს პირველ რიგში ხელისუფლებების დონზე უნდა გადაწყდეს. ამერიკაში ადგილობრივი ღვინის გარდა, იყიდება ღვინოები ჩილედან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც. ქართული ღვინო კი სამწუხაროდ არსად შემხვედრია. იმედია მომავალში ქართული ღვინის შეძენა და გასინჯვა ჩემს ქალაქში – ვაშინგტონშიც შემეძლება”

თხუთმეტი ორმოცდათორმეტიდან

გამოფენაზე მიწვეული სტუმრების განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, ღვინის კლუბის მიერ მოწყობილმა ჩვენს მიერ უკვე ხსენებულმა “ღვინისა და ყველის ქორწილმა” და ქართული ღვინისა და კერძის შეხამების აქციებმა. აღნიშნული ღონისძიება სტუმრებისათვის დიდი სიახლე თუნდაც იმიტომ იყო, რომ ბავრ მათგანს აქამდე უბრალოდ არანირი ინფორმაცია არ ჰქონდა კერძისა და ქართული ღვინის შეხამებებზე და ამას თან ერთგვარ ინტრიგად სდევდა ის, სტუმრები თავად თუ აღმოაჩენდნენ კერძისა და ღვინის ”იდეალურ წყვილებს”. გამოფენის ერთ-ერთი სტუმრის, საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების წარმომადგენელის – ლაშა ბლიაძის თქმით, საქართველოს ევროპისაგან სხვა ყველაფერთან ერთად ისიც განასხვავებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ვიცით სწორად როგორ ვიკვებოთ და ღვინო ბევრისათვის მხოლოდ და მხოლოდ დათრობის საშუალებაა.  

გამოფენის ერთ-ერთი მთავარი კულმინაცია იყო წარმოდგენილი კომპანიების, მონაწილეებისა და ღვინოების დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც წერეთლის საგამოფენო სივრცეში მდებარე რესტორან ”ტერასაში” გაიმართა. წინასწარ შერჩეულმა სპეციალურმა ჟიურიმ ოქროსა და ვერცხლის მედლები მათ მიერ გამოვლენილ ღვინის საუკეთესო ნიმუშებს გადასცა.

კონკურსზე წელს წარმოდგენილი იყო 6 სხვადასხვა კატეგორიის 58 ღვინო: წითელი მშრალი, თეთრი მშრალი, წითელი ნახევრად მშრალი, თეთრი ნახევრად მშრალი, ქვევრის წითელი და ქვევრის თეთრი ღვინოები. დეგუსტაციის დროს დაგემოვნდა როგორც ქართული ასევე უცხოური ღვინოები: ავსტრიიდან, იტალიიდან, საქართველოდან.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ ღვინოებს შორის იყო როგორც დიდი კომპანიები, ასევე საშუალო და მცირე მარნებიც. ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ: ცოლიკოური - ”კომპანია ხარება”, “კახეთი” - კომპანია ”ბადაგონი”, ციცქა – ”კომპანია ხარება”, ალავერდის მონასტრის - ”ქვევრის ტრადიციული”, ავსტრიული კომპანია ”Weinhut Bernhard Ott”-ის ქვევრის ღვინო, კომპანია ”თბილღვინოს” ქვევრის ღვინო, ”ბადაგონის” - ”ალავერდი ტრადიციული” და კომპანია ”შუხმანის” საფერავი. ვერცხლის მედლები კი შემდეგ ღვინოებს გადაეცათ: ცოლიკოური – ”თელიანი ველი”, წინანდალი – ”შუმი”, ქისი – ”გრიგოლ ვაშაძე და ძმები”, ქვევრის რქაწითელი – ”ჩვენი ღვინო”, საფერავი-კაბერნე - “wineman”, ჩელთი – კომპანია “ჩელთი”, ალავერდის მონატრის საფერავი.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა უკვე ტრადიციად იქცა და ის მომავალ წელსაც აუცილებლად გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორებსაც და ასევე სტუმრებს იმედი აქვთ, რომ მომავალ - მეექვსე გამოფენაზე კიდევ უფრო კარგი და საინტერესო ღვინის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.