Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უძველესი საწნახლები საქართველოს ტერიტორიაზე. ქვითკირით, ქვითა და კირხსნარით ნაშენი საწნახლები

ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963

შუაფეოდალურ ხანაში წარმოიშვა ახალი ტიპის, ქვითკირის, ქვითა და კირხსნარით ნაშენი საწნახელი. აღნიშნული საწნახლის ტიპი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩანს გავრცელებული და ფართოდაა ხმარებაში თანამედროვე ყოფაშიც. ამ ტიპის საწნახლების სიმრავლე განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება.

ქვითკირის საწნახელი ფორმითა და სიდიდით დიდად არ განსხვავდება ყოფაში არსებული ხის საწნახლებისაგან. მასაც სწორკუთხედის მოყვანილობა აქვს, თავისკენ (საიდანაც ტკბილი გამოდის, ზოგჯერ ტკბილის სადინარი საწნახელს შუაწელში აქვს გაკეთებული და ამ შემთხვევაში მისი ორივე ბოლოდან იწყება დაქანება, რათა ტკბილი თვითდინების გზით გამოვიდეს საწნახლიდან) დაქანებულია. ძირის გასწვრივ გაკეთებული აქვს ტკბილის სადინარი ხვრელი ან შიგ დატანებულია მილი. ხვრელის დიამეტრი 10 სმ არ აღემატება. საშენ მასალად გამოყენებულია ფილაქვის ბრტყელი ნატეხები, შემაკავშირებელ საშუალებას დუღაბი წარმოადგენს. ამ ტიპის საწნახლები აღმოსავლეთ საქართველოში დახურული ტიპის მარნებშია მოთავსებული. მისი ერთი გვერდი, ზოგ შემთხვევაში ორი (სიგრძივი და ბოლო), მარნის ან სათავსოს კედლებზეა მიშენებული. ზოგჯერ აღნიშნული სათავსოს კედლებიცაა გამოყენებული საწნახლის კედლებად. საწნახლები შიგნიდან ყოველთვის გალესილია კირხსნარით.

ასეთი ტიპის საწნახელს გამოკეთება, გაჟღენთა სჭირდებოდა. ჯერ მას წყლით გამორეცხავდნენ, შემდეგ ტკბილს ან ღვინოს გამოავლებდნენ. სცოდნიათ მოხარშული კომშით და სანთლით გამოკეთებაც. ასე გაჟღენთილი საწნახელი პირველი ხმარების დროს ტკბილით კიდევ იჟღინთებოდა და ამის შემდეგ სრულიად ვარგისი და მიზანშეწონილი სახმარებელი ხდებოდა.

საწნახლის სიდიდე დამოკიდებული იყო მეპატრონის სურვილზე, მისი ვენახის პლანტაციის სიდიდეზე, ამიტომ ასეთი საწნახელი,როგორც კლდეში ნაკვეთი და ხისა, სხვადასხვა სიდიდის იყო და არის დღესაც.

კირხსნარით ნაშენი საწნახლები გათხრილია გუდარეხში, საკმაოდ დიდი საწნახლის ნანგრევებია შენიშნული წიწამურის გათხრების დროსაც.1969 წლის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შუაფეოდალური ხანის კოდმანის ნასოფლარში მიკვლეული იქნა საცხოვრებელი კომპლექსები, რომელშიაც საწნახლებიცაა აღმოჩენილი. ალ. კალანდაძეს კირხსნარით ნაშენი საწნახლები უნახავს კარსანში მუხათგვერდის თავზე არსებულ ნასოფლარში, სალოცავ „საჟამნოს“ გვერდით. ბოლნისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ასეთი საწნახლები მიკვლეულ იქნა მდ. ლოქის ხეობაში და დღევანდელ სოფ. ფოლადაურის (ჩათრახი) ტერიტორიაზე. კირხსნარით ნაგები საწნახლების არსებობა სავარაუდოა შუაფეოდალური ხანის ბოლნისის მარნებშიც. დასავლეთ საქართველოდან ამავე ხანისად შეიძლება მივიჩნიოთ ზესტაფონის რაიონის სოფ. ალავერდში, ზალკოტის ნამოსახლარში არსებული საწნახლები.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული