Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„სრულქმნილი ღვინო – სრულყოფილება ნატურალურობაშია“

სალომე აფხაზიშვილი

„ბუნებაში არაფერია სრულყოფილი და ყველაფერი სრულყოფილია. ხე შეიძლება დაგრეხილი იყოს, უცნაურად გადაზნექილი, და იგი მაინც მშვენიერია“ – ელის უოლკერის „ბუნების კანონად“ აღიარებული ეს ფრაზა ზუსტად ასახავს ამერიკელი ჟურნალისტის, ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის წიგნის შინაარსს და თავად ავტორსაც სრული შესაბამისობით ახასიათებს.

„სრულქმნილი ღვინო“ – ასეთია  წიგნის სახელწოდება, რომელიც დოკუმენტური პროზის, ლირიკული ჩანართებისა და პირადი ჩანაწერებისგან შედგება და მოგვითხრობს ბუნებაში ერთადერთი „სრულყოფილი ღვინის“ – ნატურალური წესით დაყენებული ღვინის უპირატოსებებისა და მნიშვნელობის შესახებ. სწორედ ამიტომაც, წიგნი წარმოადგენს ყველასათვის საკითხავ და არა სამეცნიერო ან ვიწროპროფილური აუდიტორიისთვის განკუთვნილ ლიტერატურას.

წიგნი საქართველოში მოღვაწე ქართველი მეღვინეების და ღვინის თემით დაინტერესებული ადამიანების ხელშეწყობით გამოიცა. აღსანიშნავია მთარგმნელის – ნათია მენაბდის როლი, რომელსაც კონსულტაციებს საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ემიგრანტი და ღვინის კომპანია – „ხოხბის ცრემლების“ მფლობელი ჯონ ვურდემანი უწევდა. წიგნის პრეზენტაციას თავად წიგნის ავტორიც დაესწრო, რომელმაც „ვინო ანდერგრაუნდში“ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

„ჩემთვის უზარმაზარი პატივია, რომ ჩემი წიგნი ქართულ ენაზე დაიბეჭდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთი თხრობითი ნოველების სახით დაწერილი წიგნი ღვინოზე პირველია, რომელსაც არაქართველი ავტორი ჰყავს. ჩემთვის ეს ერთდროულად დიდი პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ვფიქრობ, რომ საქართველო ღვინის ძალინ საინტერესო გზაზე დგას – აირჩიოს მსოფლიო ბაზარი თუ მისდიოს ღვინის ჩამოსხმის ნატურალურ ტრადიციას. და თუ ჩემი წიგნი ქართველ მეღვინეებს დაეხმარება, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი დაამზადონ ისეთი ღვინო, რომელიც მათთვის სულის სარკესავით იქნება, მე ბედნიერი ვიქნები. მითუმეტეს არსებობენ მსოფლიოში ასეთი მეღვინეები, რომლებიც ფულის გამო კომპრომისზე არ მიდიან და თუ საქართველოშიც გამოუჩნდებათ მიმბაძველები, მე ვიტყვი, რომ ჩემი პასუხისმგებლობის სიმძიმე ოდნავ შესუსტდება“

ელის ფეირინგი უკვე წლებია შემოქმედებით ცხოვრებას ღვინის თეორიულ და პრაქტიკულ შესწავლა–დამუშავებას უძღვნის. ნატურალური ღვინით ის 2000–იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა და მომდევნო წლებში ეს თემა უფრო ღრმად შეისწავლა. აღნიშნული წიგნის გარდა, რომელიც პირველად 2011 წლის სექტემბერში გამოვიდა,  მას ეკუთვნის ამავე თემატიკაზე შექმნილი წიგნი – „ბრძოლა ღვინისა და სიყვარულისთვის“. მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა ძირითადად მაღალტირაჟიან ამერიკულ გაზეთს – „ნიუ იორკ თაიმსს“ უკავშირდება, თუმცა ელისი სხვა ამერიკული გამოცემებისთვისაც წერს. ღვინის სპეციალისტის სახელით მოქმედ ჟურნალისტს ღვინის სამყაროში შესვლის საინტერესო ისტორია აქვს, რასაც თავად ელისი რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში ყვება:

„ღვინის თემით დაინტერესება ჩემი პირადი ინიციატივა არასოდეს ყოფილა, თუმცა მანამდე ძალიან მიყვარდა სურნელოვან საგნებთან შეხება. შემდეგ უკვე უნივერსიტეტში ვისწავლე და იქ ვისთან ერთადაც ვცოვრობდი, მას ღვინის ბიზნესი ჰქონდა და ძალიან ხშირად ერთად ვსინჯავდით ხოლმე ღვინოს, მალე ამ თემაზე წერაც დავიწყე და ღვინის სფეროში აღმოვჩნდი და დავრჩი კიდეც“.

ელისის ინტერესი საქართველოში არსებული ღვინის დაყენების ტრადიციების მიმართ იმანაც განაპირობა, რომ აქ ღვინო სწორედ ქვევრთან ასოცირდება. ქვევრია ჩვენი საოჯახო კულტურაც და ტურისტებისთვის განკუთვნილი სავიზიტო ბარათიც. ღვინის ნატურალური წესით წარმოებას, ამერიკელი ჟურნალისტი თავის წიგნში ყურძნისთვის ბოძებულ უფლებას უწოდებს, მისგან დააყენონ ღვინო ყოველგვარი დანამატებისა და ენოლოგიური ექსპერიმენტების გარეშე. ქართული ღვინის ნატურალური წესით დაყენების შესახებ საუბრისას ის ქართული ღვინის უპირატესობებზე საუბრობს:

„ყველაზე საუკეთესო თვისებები, რითაც ქართული ღვინო გამოირჩევა, არის ის ხალისი და სიცოცხლისუნარიანობა, რაც მას მოაქვს. კიდევ ერთი დადებითი თვისებაა ის არის, რომ რაც უფრო მეტს სვამ, მით უფრო მეტის დალევა გინდება და ამ ყველაფრის შემდეგ თავს არც ისე ცუდად გრძნობ“.

საქართველოში ნატურალური ღვინოს დაყენების ტრადიციას უძველესი ისტორია აქვს, თუმცა ქართველი მეღვინეებისთვის, ნატურალური ღვინო, როგორც განსაკუთრებული უპირატესობა მსოფლიო ბაზარზე,  დიდი ხანი არ არის რაც აქტუალურ თემად იქცა. დღეს, ქვევრის ღვინოებს 40–მდე ქართული ღვინის კომპანია აწარმოებს, მათ შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ – „ხოხბის ცრემლები“ , „ალავერდის ღვინის მარანი“, "ჩვენი ღვინო", "ნიკას მარანი" და მრავალი სხვა.

ქართული მეღვინეობის, როგორც ერთ–ერთი უნიკალური კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიო ბაზარზე, წინა წლებთან შედარებით დღეს გაცილებით უფრო აქტუალური და ნაყოფიერი შედეგების მომტანია, თუმცა მსგავსი ლიტერატურა და კავშირი მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან, ასევე ქართული ღვინის სამკურნალო პოტენციალი, რაზეც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევს საქართველოს, სულ უფრო მეტად საინტერესო ინოვაციებით და ორიგინალური მახასიათებლებით წარსდგეს საერთაშორისო კულტურის წინაშე. ეს ქართული ღვინის დაფასებაცაა, მეღვინეების წარმატებაც და ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა.

სწორედ ასეთი ერთსულოვნებისა და ქართული კულტურისადმი მსოფლიო საზოგადოების ინტერესის დამდასტურებელი შეძახილებით დასრულდა დღე ღვინო–ანდერგრაუნდში, მაშინ როდესაც დედაქალი ჯერ მწვავე პოლიტიკური მოვლენების მოლოდინშია.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული