- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?
- ჩვენი მარანი შეიქმნა 2017 წელს თერჯოლის რაიონ სოფელ ძევრში. როგორც უმრავლეს ქართულ ოჯახებში, ჩვენც წინაპრების კვალს მივყვებოდით და საოჯახოდ ვაწარმოებდით ღვინოს, მარნის გამართვის ინტერესი ყოველთვის მქონდა, მაგრამ გარკვეულ ხარჯებთან იყო დამოკიდებული. 2017 წელს დავწურეთ საკუთარი ვენახებიდან და შევიტანეთ ღვინის ბარში "ღვინო ანდერგრაუნდი".
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
- ამ ეტაპზე გვაქვს ვაზის ჯიშები ციცქა, ცოლიკოური, ძელშავი, რომლის ღვინოებსა და პეტ ნატებსაც ამჟამად ვაწარმოებთ. ვაპირებთ ოცხანური საფერესა და კრახუნის გაშენებასაც.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ვაწარმოებთ ნატურალურ გაუფილტრავ ღვინოს, ვაზის მოვლა ხდება სასუქებისა და პესტიციდების გარეშე, რაც განაპირობებს მის უკეთეს გემურ თვისებებსა და არომატებს.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ღვინო დღეს ქართულ ღვინის ბარებში გვაქვს განთავსებული, ასევე გავიტანეთ 2022 წელს პირველად უცხოთშიც ექსპორტზე.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- 2017 წლიდან დღემდე უამრავ დაბრკოლებას გადავაწყდით, რაც დროის გასვლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნით ნელ-ნელა აღმოვფხვერით, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი სამომავლოდ.
- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?
- ხარისხიანი ღვინის მისაღებად საჭიროა ჯანმრთელი ყურძენი, ჰიგიენურად გადმოტანა მარანში და რაც შეიძლება სწრაფად, ჰიგიენურად ჩაწურვა. თუ ხარისხიანი ღვინის მიღებია გვსურს, დუღილის პროცესი უნდა მიდინარეობდეს სწორ ტემპერატურაზე, გვქონდეს ხარისხიანი ჭურჭელი - ქვევრი, მინა, უჟანგავი ფოლადი - რაც განაპირობებს ღვინის სამომავლო ხარისხს.
- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- ქართული ღვინის განსავითარებლად, ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა კუთხემ გააშენოს და გადაარჩინოს თავისი კუთხის აბორიგენული ჯიშები, რომლებიც გამოარჩევს საქართველოს,როგორც დიდი ღვინის ტრადიციის მქონე ქვეყანას, სხვა უკვე ცნობილი ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან. ამ ყველაფერში მონაწილეობა და დაინტერესება უნდა გამოიჩინო სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, რის შემდეგავ დაინტერესდება მოსახლეობა და გააშენებენ ვაზს.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- რაც შეიძლება დამწყები მეღვინეებისთვის რჩევის მიცემას, პირველ რიგში, ეს საქმე მოითხოვს დიდ შრომას, სიყვარულს, ცოდნას. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ამ საქმეში, უფრო და უფრო დიდ ინტერესს იწვევს და მეღვინისთვისაც მეტად სასიამოვნო ხდება.
მარნის მისამართი: თერჯოლა, ძევრი
ტელეფონი: 598 897 006
ელფოსტა: cotnegiorgadze1989@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: ბედიანი/Bediani
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი