Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თელიანი ველი – სერიოზული მოთამაშე საკუთარი წესებით

ნინა ახლოური

     "თელიანი ველი" ქართული ღვინის კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მას საქართველოს ღვინის ბაზრის თითქმის 50% უკავია. ის ამავე დროს ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის კომპანიაა. ჰოლდინგში რამდენიმე შვილობილი კომპანია ერთიანდება, მათ შორის Teliani Trading და Teliani Trading Ukraine, რომლებიც წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციით არიან დაკავებულნი, ასევე Le Caucase LLC (ბრენდის მწარმოებელი კომპანია). კომპანია ასევე ფლობს Cupa LLC-ის წილს, რომელიც მუხის კასრებს აწარმოებს.

     "თელიანს" ქართულ ბრენდებს შორის ასევე ალბათ ყველაზე გრძელი ისტორიაც გააჩნია. "თელიანი ველის" ქარხნის სახელი პირველად მეფის რუსეთის დროს, მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს გაჟღერდა. ეს ის პერიოდია, როდესაც "თელიანმა" საფრანგეთიდან მეღვინე, ანტუან მასანო ჩამოიყვანა და თელიანის ველზე ფრანგული ყურძნის ჯიშები გააშენა.

     საბჭოთა კავშირის დროს "თელიანი ველი" უბრალო ქარხანას წარმოადგენდა, სადაც ქართული ღვინოები იწარმოებოდა. "თელიანის" ახალი სიცოცხლე კი 1997 წელს იღებს სათავეს, იმ სახითა და ამბიციებით, როგორითაც ჩვენ მას დღეს ვიცნობთ.

     1997 წელს "თელიანი ველი", როგორც ამბობენ, ახლიდან დაიბადა. კომპანიის თანამედროვე, წარმატებული ეპოქა კი, როგორც მისი ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, შოთა ხობელია აღნიშნავს, 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც აქციების დიდი ნაწილი საქართველოს ბანკმა შეიძინა. ამავე დროს კომპანიაში ჩაიდო დიდი რაოდენობით ამერიკული და შვედური კაპიტალი. კომპანიის ზრდასა და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი "თელიანის" სტრატეგიული ფინანსური პარტნიორი გახდა. დღეისათვის "თელიანი ველის" აქციონერების რიცხვი საკმაოდ დიდია და ისინი მთელი მსოფლიოდან არიან.

     შოთა ხობელია პროფესიით მეღვინე-მევენახეა. სწავლა და მუშაობა ამავე განხრით ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა. ასევე მიღებული აქვს განათლება საფრანგეთში, ბორდოში. კომპანიაში 2008 წლიდან მუშაობს. 2009 წლის ნოემბერში აქციონერთა კრებამ ის გენერალურ დირექტორად აირჩია, მანამდე კი კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა. კომპანიაში მისი მოსვლა იმ პერიოდში არსებულ გარკვეულ კრიზისს უკავშირდებოდა. საუბარია უკრაინაში, რომელიც "თელიანის" ღვინის გასაღების დიდი ბაზარია, გაყიდვების ჩავარდნაზე. ხობელიას გამოცდილებამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო და დღეისათვის ამ ქვეყანაში კომპანიის სტატუსი მყარია, გაყიდვების მოცულობა კი – მზარდი.

     მაღალი ხარისხით წარმატებისკენ

     მენეჯმენტს და სწორად დასახულ მარკეტინგულ სტრატეგიას წარმოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა რომ აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი რამ, "თელიანი ველის" წარმატების კიდევ უფრო დიდი და ამავე დროს, მარტივი საიდუმლო - მაღალი ხარისხი. "კომპანიის მთავარი კრედო არის ხარისხი. ამიტომაც იყო, რომ "თელიანი ველი" რუსეთში ღვინოს არასოდეს ჰყიდდა. რუსეთში ძირითადად მოთხოვნა იყო უხარისხო, დაბალფასიან ღვინოზე, ჩვენ კი ამგვარი პროდუქტი არ გვქონდა", - ამბობს შოთა ხობელია. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ რუსეთი ისევე არ დაინტერესებულა "თელიანის" პროდუქციით, როგორც ქართული მხარე ამ ქვეყნის ბაზარზე ნაწარმის შეტანით. ამიტომაც იყო, რომ რუსულმა ემბარგომ "თელიანი ველის" მდგომარეობაზე არანაირად არ იმოქმედა.

     სამაგიეროდ, კომპანიის მიერ არჩეული გზა სხვა ქვეყნებში დააფასეს. დღეს "თელიანი ველი" ქართული ღვინის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და თავის პროდუქციას მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. ყველაზე დიდი გასაღების ბაზარი, საქართველოს შემდეგ, უკრაინაა. კომპანიას ასევე აქვს სტაბილური გაყიდვები პოლონეთში, პოსტსაბჭოთა სივრციდან - ყაზახეთსა და ბელორუსიაში, კანადაში, შვედეთში, შეერთებულ შტატებში... "თელიანი ველის" დაინტერესების ახალ საგანს აზიის ბაზარი წარმოადგენს. აქ ღვინის კომპანია ჯერჯერობით პირველ ნაბიჯებს დგამს. ხობელიას მიაჩნია, რომ აზიური ბაზარი საინტერესო და პერსპექტიული ქართული ღვინის გასაღების მხრივ. ამიტომაც კომპანია უკვე ეძებს დისტრიბუტორებს სათანამშრომლოდ ტაილანდში, ჩინეთსა და ინდოეთში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც ტურისტული ნაკადი ძლიერია.

     "თელიანის" წარმატების განმაპირობებელი კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს – საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც. ამას კომპანიის გენერალური დირექტორი მთავარ მიღწევად მიიჩნევს. ამით "თელიანი ველი" ყველა სხვა ქართული ღვინის კომპანიისგან გამოირჩევა. საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი ნიშნავს იმას, რომ კომპანიას შეუძლია ბაზარზე საკუთარი დადგენილი წესებით იმოქმედოს, რაც შესაბამისად ეხმარება იმაში, რომ გაყიდვებში ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოს.

     უკრაინაში საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის გახსნას თავისი მიზეზები ჰქონდა. 2008 წელს ამ ქვეყნის ბაზარზე გაყიდვებში მნიშვნელოვანი ჩავარდნა მოხდა, რაც გამოწვეული იყო უკრაინის მაღაზიების დახლებზე ევროპული და ჩილეს ღვინის გამოჩენით და აქედან გამომდინარე, ზოგადად ქართული ღვინოების მიმართ ინტერესის დაკარგვით. ამის გამო გადაწყდა, რომ არსებული დისტრიბუტორი ახლით შეეცვალათ. სწორედ ამას უკავშირდება ისიც, რომ შოთა ხობელია, როგორც გამოცდილი კადრი, "თელიანმა" პრობლემის გადაჭრელად მოიწვია. მომავალმა გენერალურმა დირექტორმა ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა, გაითვალისწინა რა კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები და უკრაინაში საკუთარი ქსელის შექმნა დაიწყო. ამის დამსახურებაა ის სასიკეთო შედეგები, რომელზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. "თელიანმა ველმა" უკრაინას დაუმტკიცა, რომ ქართული ღვინო კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა და არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ თუ ამერიკულ პროდუქციას.

     "თელიანი ველის" ღვინოები და ჯილდოები

    პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ "თელიანის" 2006 წელს ჩამოსხმული მუკუზანი ქართული წარმოების ერთადერთი ღვინოა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდტირაჟიანმა და ცნობილმა ღვინის ჟურნალმა, Wine Spectator-მა სპეციალური დახასიათება (Tasting Note) მიუძღვნა ამ წლის მარტის ნომერში. ჟურნალის აღმასრულებელმა რედაქტორმა, თომას მეთიუსმა, მუკუზანს გამორჩეული, საუცხოო გემოს მქონე ღვინო უწოდა და 100 შესაძლებელიდან 88 ქულით შეაფასა. ეს ამ ღვინის ერთადერთი წარმატება არ არის. გასულ წელს საფრანგეთში გამართულ კონკურსში The Challenge International du Vin მუკუზანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ბრიუსელის ცნობილ კონკურსში Concours Mondial de Bruxelles კი ის ვერცხლის მედალით დააჯილდოვეს.

     მუკუზანის გარდა, "თელიანი ველს" კიდევ ბევრი კარგი ღვინო აქვს. მაგალითად, "თელი", "წინანდალი", "გაუფილტრავი საფერავი", "კაბერნე-საფერავი" და ა.შ. რომლებსაც ასევე აქვთ სხვადასხვა სახის ჯილდოები მოპოვებული საერთაშორისო კონკურსებსა თუ გამოფენებში. ყოველწლიურად კომპანია საშუალოდ 5-6 ასეთი მედლით ჯილდოვდება.

     გასულ წელს "თელიანმა" პირველად მიიღო მონაწილეობა სინგაპურში გამართულ საერთაშორისო კონკურსში Wine for Asia 2009 და ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ხობელიას თქმით, ეს საკმაოდ მოულოდნელი გამარჯვება იყო, რადგან აზიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა საკმაოდ დაბალია.

     "თელიანი ველის" პროდუქციის ხაზი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს არა მხოლოდ ქართულ, არამედ ფრანგული და ქართული ჯიშების ყურძნის შედეგად დაწურულ ღვინეობს. კომპანიას ასევე გააჩნია საკუთარი ბრენდისა და ჭაჭის ხაზი.

     კომპანიამ ახლახანს დაიწყო ცქრიალა ღვინის წარმოება, რომელიც მომხმარებელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ასევე გამოუშვა ღვინის ახალი ხაზი "მასანო", ანტუან მასანოს პატივისცემის ნიშნად, რომელმაც საქართველოში პირველად შემოიტანა თანამედროვე ტექნოლოგიები და ქართული ღვინის მაღალი ევროპული სტანდარტებით წარმოება დაიწყო. "მასანო" განსაკუთრებული მეთოდით, ხელით დამზადებული ღვინოა, რომელიც დახლებზე დეკემბრიდან გამოჩნდება და მხოლოდ სასაჩუქრე შეფუთვაში გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ეს ლიმიტირებული გამოშვებაა და არ წარმოადგენს მასობრივი წარმოების პროდუქტს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ მეთოდით ღვინის დამზადება ძალიან შრომატევადია და მისი დიდი რაოდენობით გამოშვება სირთულეებთანაა დაკავშირებული.

* * *

     "თელიანი ველი" სააღდგომოდ საქველმოქმედო აქციას მართავს უნარშეზღუდული ბავშვებისთვის. ის სხვა მსგავსი ტიპის აქციებისგან იმით განსხვავდება, რომ ბავშვებს ფულს კომპანია პირდაპირ არ ურიცხავს. პატარები კვერცხებს ხატავენ, რომლებიც შემდეგ ღვინოსთან ერთად იყიდება. გაყიდვებიდან შემოსავალი ბავშვების ხელფასია, რომელსაც თავიანთი შრომით გამოიმუშავებენ. "თელიანი" ცდილობს დაარწმუნოს ისინი, რომ ბევრის გაკეთება შეუძლიათ და მათი შესაძლებლობებიც შეუზღუდავია. აქციის სლოგანიც ასეთია - შეუზღუდავი შესაძლებლობები.

     "თელიანი ველის" უახლოესი გეგმები აზიის ბაზარზე ფეხის მოკიდებას გულისხმობს. კიდევ არსებობს ბაზრები, სადაც კომპანიას შესვლის დიდი სურვილი აქვს, თუმცა გარკვეულ ბარიერებს აწყდება. ყველაზე დიდი პრობლემა  ქართული ღვინის დაბალ ცნობადობაშია. შოთა ხობელია მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა საერთო ძალებით მიღწევადია და ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში ყველა ქართული ღვინის კომპანია აქტიურად უნდა ჩაერთოს. შესაძლებლობები შეუზღუდავი ხომ განსაკუთრებით მაშინ არის, როდესაც ძალა ერთობაშია.

     "თელიანი ველი" ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვან საქმეში. კომპანიამ ჩამოაყალიბა სომელიეთა სკოლა, ასევე აწყობს ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. "თელიანის" პროდუქციის მოხვედრა ჟურნალში, რომელსაც სამ მილიონზე მეტი მკითხველო ჰყავს, ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია ზოგადად ქართული ღვინის პრესტიჟის გაზრდის მხრივ. მაღალი ხარისხით ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა ყველაზე ნაღდი მეთოდია, რომელსაც "თელიანი ველი" უდავოდ შესანიშნავად ფლობს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“



გუშინ მოგწერეთ მე თქვენ იდეის ფასი 5000ლარი იდეა ვისგანაც მოდის პირველები თქვენ შეიტყობთ ეს იდეა ჩემი მეგობრისგანაა მიგახვედრებთ ვინცაა რაღაცას გეტყვით მასზე ის ჩემთანაა:


ვარ დიზაინერი ვეძებ სამსახურს

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული