Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის განათლება თანამედროვე საქართველოში

მალხაზ ხარბედია
ამ წერილის დაწერის მიზეზი "ფეისბუკზე" ჩემს მიერ გამოქვეყნებული შენიშვნა გახდა, სადაც განათლების სამინისტროს მოვუწოდებდი მცირე ყურადღება მაინც მიექციათ ღვინის განათლების თემისთვის. საქმეში ჩახედული ადამიანი ადვილად დამეთანხმება, რომ ქართული ღვინის პრობლემები დიდწილად სწორედ გაუნათლებლობაში მდგომარეობს, იმაში, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან ცოტა ვინმე ზრუნავს ტრადიციული მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებს აზიარონ ბავშვები. ჩემს მაშინდელ შენიშვნას პოლემიკაც მოჰყვა, სულ მალე კი განათლების სამინისტროს სპეციალიზებული ჟურნალის, "მასწავლებლის" რედაქტორისგან, ნატო ინგოროყვასგან შემოთავაზებაც მივიღე, თემატური ციკლი მიგვეძღვნა ღვინის განათლებისთვის. დღევანდელი პუბლიკაცია ერთგვარი შესავალია ამ თემაში.
პირველად ეს სტატია დაიბეჭდა გაზეთ “მასწავლებელში”, აპრილის ნომერში.


ღვინო რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ქართული პროდუქტია, ამაზე მემგონი არავინ კამათობს, თუმცა ღვინის განათლების კუთხით საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ღვინის სამშობლოდ მიგვიჩნევს, ჩვენს ქვეყანაში ღვინის ცნობადობა მაინც ძალზე დაბალია. მერე რა, რომ ჩვენში უზარმაზარი რაოდენობით ღვინო ისმება, სამაგიეროდ უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს ხარისხიანი ღვინო, არ იციან გარჩევა, არ ინტერესდებიან ღვინის წარმოშობით, არ ფიქრობენ ღვინის ჯიშურ შემადგენლობაზე, წარმოდგენა არა აქვთ ღვინის და კერძის შეხამებაზე. საქართველოს კვების დაწესებულებების 80-90%-ში, როგორც წესი, გაუგებარი წარმოშობის სასმელი იყიდება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ღვინოსთან, არადა ამ დაწესებულებებში ყველაზე მეტ "ღვინოს" მოიხმარენ და დღესდღეობით სწორედ ისინი წარმოადგენენ ქართული მეღვინეობისთვის მთავარი საფრთხეს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ნამდვილი ღვინის ნაცვლად, მომხმარებელთა ერთი ნაწილი თვრება გაკეთებული ღვინით, მეორე ნაწილი კი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ღვინო, როგორც წესი, უვარგისი აქვთ რესტორნებში, არაყს და სხვა მაგარ სასმელს მიეძალა, ასევე უხარისხოს.
კატასტროფული ვითარებაა ამ მხრივ ახალგაზრდებში. ჯერ ერთი, ლუდის სმას ბავშვები 13-14 წლის ასაკიდან იწყებენ, უფროსკლასელები და სტუდენტები კი სმის რაციონს ლუდთან ერთად არაყსაც უმატებენ. არყის სმა კარგ ტონადანაც ითვლება. ბოთლიც ლამაზად გამოიყურება, ყინულიც კარგად ჩხრიალებს არყიან ჭიქაში, არაყი მალე ათრობს და ადუნებს დამლევს. ღვინო მას ვერ შეედრება ამგვარი ეფექტებით, ღვინო ხომ უფრო მშვიდი და ღრმა სასმელია...
ცხადია, როდესაც საუბარს ალკოჰოლიზმის პრობლემაზე ვიწყებთ, ღვინოსა და არაყს შორის განსხვავება მნიშვნელობას კარგავს. ალკოჰოლიზმს ხომ ორივე იწვევს, ასევე ლუდიც და ბევრი სხვა ალკოჰოლის შემცველი სასმელი. რა თქმა უნდა, მოზარდების ალკოჰოლისადმი მიდრეკილება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, მაგრამ დღევანდელ წერილში ამ პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ შევეხები, რადგან დღეს ჩვენ ღვინის განათლებაზე ვისაუბრებთ, საკითხზე, რომელზედაც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი ჯანსაღი თაობების აღზრდა. სწორედ ღვინის გაუნათლებლობის ბრალია, რომ ალკოჰოლიზმი სულ უფრო გვიტევს.
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ღვინის ენთუზიასტები ვფიქრობთ, რომ ღვინის განათლება უმნიშვნელოვანესი თემაა. ბევრი ირონიულად უყურებს ამ საკითხს, ბევრი ეჭვის თვალით, ერთი რამ კი ცხადია, რომ ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანაში მოზარდი მეტ ინფორმაციას უნდა ფლობდეს ვენახსა და ღვინოზე, ახალგაზრდობა კი უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდეს ადგილობრივი ღვინოებით. ცხადია, ეს ღვინის განათლების უქონლობის გარდა, უფერული ქართული ღვინის ბაზრითაცაა გამოწვეული, რადგან თითოოროლა ღვინის კომპანიას თუ არ ჩავთვლით, არავინ ინტერესდება ახალგაზრდული თემით, არავინ ცდილობს თანამედროვე ენაზე წარუდგინოს თანამედროვე ადამიანებს ქართული ტრადიციული პროდუქტი, რის გამოც ღვინო ხანდახან რეგრესის სიმბოლოდაც კი აღიქმება.
"ღვინის კლუბი" უკვე 2 წელია ქართული ღვინის პოპულარიზებითა ვართ დაკავებული და ჩვენი უმთავრესი ამოცანა სწორედ ამ ე.წ. ღვინის ნიჰილიზმის დაძლევაა. ამ მიზნებს ემსახურება ჩვენი ყოველკვირეული სხდომები და სემინარები, ყოველთვიური დეგუსტაციები, სხვადასხვა ღონისძიებები და აქციები, რომელთაგან პირველ რიგში გამოვყოფდი "ახალი ღვინის ფესტივალს" (გაიმართა გასული წლის მაისში და წელს, 14 მაისსაც ელის სტუმრებს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში), ღვინისა და კერძის შეხამების აქციებს და სხვ. ყოველდღიურად ახლდება ჩვენი საიტი vinoge.com, ხოლო ჩვენს ფორუმზე forum.vinoge.com ძალიან საინტერესო პოლემიკები იმართება ხოლმე ღვინის კულტურის თემებზე.
მაგალითად, გასულ წელს, თებერვალში ერთ-ერთმა ჩვენი ფორუმის მომხმარებელმა თემა გახსნა სახელწოდებით "ალკოჰოლი და ბავშვები", სადაც იგი ჩვენი წარსულისა და თანამედროვეობის მეტად მტკივნეულ საკითხს შეეხო, კერძოდ იმას, თუ რა ზიანი მოაქვს ბავშვობიდან ღვინის დაგემოვნებას, უფროსების მიერ სასმელის გასინჯვინებას და ა.შ. საკითხის ასე დასმას მომხრეებზე მეტად მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებსაც მრავალი ქვეყნის გამოცდილება მოჰყავდათ, სადაც უფროსები ბავშვობიდანვე აზიარებდნენ შვილებს და შვილიშვილებს ღვინის კულტურას. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი რამ დაწერა ფორუმზე: "სხვათა შორის, ეს ტრადიცია მეღვინეობის ყველა ქვეყანაშია. არაერთხელ წამიკითხავს, თუ როგორ ასმევდა ამა თუ იმ ცნობილ მეღვინეს ბავშვობიდან ღვინოს მამა ან უფრო ხშირად ბაბუა. ასეა, მეღვინეობა სახიფათო პროფესიაა. საქმე ისაა რას აჩვევ ბავშვს - გამწე (კაცური) სმისთვის ამზადებ, თუ ღვინის ცოდნას და სიყვარულს ასწავლი".
მართლაც, ძალიან სახიფათოა ადრეული ასაკიდან აზიარო ბავშვი ღვინოს, თუკი ზუსტად არა გაქვს გაცნობიერებული, რისთვის ვაკეთებთ ამას. მხოლოდ რაღაც ზერელე წარმოდგენებზე დაფუძნებული ფსევდო-ტრადიციონალიზმი მავნებელი იქნება, ეს ყველაფერი ცოდნაზე უნდა იყოს დამყარებული და ასეთ ენთუზიასტებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ სამომავლო შედეგების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.
ცხადია, საკითხის ჭკვიანურად გადაწყვეტის შემთხვევაში შედეგი მხოლოდ დადებითი იქნება და ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი პოსტი, რომელიც ზემოხსენებულ თემაში დაიწერა, "ღვინის კლუბის" აქტიურ წევრს, ჟურნალისტ ალეკო ცქიტიშვილს ეკუთვნის, რომელიც შეეცადა ბევრი საკითხი მოეცვა:
"თუ საქართველო მეღვინეობის აკვანია, საქართველოს მოქალაქემ მთლად აკვნიდან თუ არა, პატარაობიდანვე მაინც უნდა იცოდეს, რა არის ღვინო. მიმაჩნია, რომ ჩვენი ბავშვები როცა გაიზრდებიან, არასოდეს გალოთდებიან, თუკი ქართული ტრადიციების შესახებ სკოლაში სწორად მივაწვდით ინფორმაციას და ვასწავლით, რას ნიშნავდა ვენახი ქართველი კაცისთვის, რას წარმოადგენდა ღვინო მისთვის, როგორი ჭურ-მარანი ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, როგორ მონაწილეობდნენ ბავშვები ვენახის სამუშაოებში, რთველში, თვითონ ღვინის შექმნაში და ა.შ. მათ ასევე უნდა ავუხსნათ, რომ ქართველი კაცი ღვინოს დასათრობად არ სვამდა. ძველად საქართველოში საკმარისი იყო, ვინმე თუნდაც ერთხელ ენახათ მთვრალი და მას სამუდამოდ უტყდებოდა სახელი, როგორც ლოთს, სამარცხვინო ადამიანს.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ ქართული სუფრის წეს-ჩვეულებები საუკეთესო გაგებით. რაც მთავარია, კარგი იქნება, თუკი ხშირად მიიღებენ მონაწილეობას ვენახის მოვლაში, რთველში და ღვინის დაწურვაში. ამ დროს მიღებული ენერგეტიკა და ინფორმაცია ბავშვს მხოლოდ კულტურულ ადამიანად ჩამოაყალიბებს.
მიმაჩნია, რომ სკოლების ეზოებში (განსაკუთრებით - ქალაქში) უნდა არსებობდეს ქართული ტრადიციული მარნები – საწნახელით, ქვევრებით და სხვა ეთნოგრაფიული აქსესუარებით, სადაც ბავშვები პრაქტიკულადაც შეისწავლიან იმას, რაც სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებში გაბნეულია თეორიის დონეზე".
სახელმძღვანელოებზე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი კონკრეტულად ღვინოსთან დაკავშირებული რა ტექსტებია გაბნეული იქ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, სკოლას ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს ამ თვალსაზრისით, თან ისე, რომ ამ ყველაფერს არც რელიგიური რიტუალის სახე მიეცეს და არც რაიმე სავალდებულო ფორმაში ჩამოყალიბდეს ეს ყველაფერი.
მე მომხრე ვარ სწავლების თამაშებრივი პრინციპის და ღვინის განათლება უაღრესად თანამედროვე გასართობად შეიძლება ვაქციოთ, სადაც ბავშვები ძალდატანების გარეშე შეისწავლიან საგანს, სიამოვნებით და ინტერესით. საგანიც პირობითად ერქმევა ამას, რადგან ეს იქნება კლასგარეშე აქტივობა, ზოგჯერ ექსკურსიებზე მიბმული, ზოგჯერაც გარკვეულ აქციებთან დაკავშირებული, რომელიც სკოლაშიც შეიძლება ჩატარდეს და სკოლის გარეთაც. საშუალო კლასებში ღვინის გასინჯვის შესაძლებლობა რა თქმა უნდა შეზღუდული უნდა იყოს (უფრო ზუსტად, აკრძალული), უფროსკლასელების შემთხვევაში კი მცირე დეგუსტაციებიც შეგვიძლია დავუშვათ, რათა მოზარდებმა თავისი პატარა აღმოჩენები გააკეთონ ღვინოსთან დაკავშირებით. ეს მათ მხოლოდ დაიცავთ და უკვე სტუდენტობის ასაკში უფრო ყურადღებით აარჩევენ პროდუქტს და სხვასაც დაეხმარებიან არჩევანში. ცხადია ამ ასაკში ღვინის გასინჯვა საკამათო თემაა და ძნელია უცებ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ 15-17 წლის ყმაწვილებს ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეთ ქართული ღვინის ისტორიაზე, ძირითად ჯიშებზე, ღვინის ტიპებზე და ა.შ. ასეთი ცოდნით ისინი უკვე თავად გახდებიან ქართული ღვინის ელჩები აქაც და უცხოეთში, ქვეყნებში, სადაც მათ შესაძლოა სწავლა გააგრძელონ.
ამ საკითხით, განათლების სისტემისა და ხელისუფლების გარდა, ვფიქრობ, ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული ღვინის სექტორიც, ის მსხვილი თუ მცირე ღვინის საწარმოები, რომლებიც დღეს ქართული მეღვინეობის სახეს წარმოადგენენ. ეს ახალგაზრდები ხომ პირველ რიგში სწორედ მათი ღვინის მომხმარებლები გახდებიან და მათთან, როგორც გათვითცნობიერებულ (და არა ზერელე) მომხმარებელთან აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთობით სულ მალე მართლა შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა.
რაც მთავარია, საქართველოში არსებობს ამის პრეცედენტი. უკვე არაერთ სკოლაში სცადეს დაენერგათ ღვინის პრაქტიკული ცოდნა. "ფეისბუკში" ჩემს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე, ასევე ჩვენი ფორუმის ზემოხსენებულ თემაში არაერთი მაგალითია მოყვანილი, თუ როგორ აზიარებენ ბავშვებს ღვინის კულტურას. აი მაგალითად, როგორ გამოეხმაურა ერთ-ერთი სკოლის მესვეური ჩემს შეთავაზებას:
"1-მა ექსპერიმენტულმა სკოლამ 2 წლის განმავლობაში ასეთი პროექტები მოამზადა: პირველად "თბილღვინოსთან" ერთად მოსწავლეები წავიდნენ რაჭაში, სადაც მოკრიფეს ყურძენი და ქარხანაში დაესწრენ მის დაწურვა-დაბინავებას, შემდეგ კომპანიამ საჩუქრად გამოაგზავნა რამდენიმე ყუთი ღვინო შესაბამისი სერტიფიკატით, რომ მის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა. ამ ღვინოს შემდეგ საჩუქრად ვურიგებდით სკოლის საპატიო სტუმრებს, თუ პროექტის ფარგლებში მოექცევა მოსწავლეთა ჩართულობა ყურძნის მოყვანის მთელი ციკლის განმავლობაში (გაფურჩვნა, შეყელვა და ა.შ.) დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით".
კიდევ რამდენიმე სკოლის დასახელება შეიძლება, სადაც ასეთი რაღაც სცადეს, პირველ რიგში წმ. გიორგის სახელობის სკოლა, ასევე ბაგებში არსებული სკოლა.
ცხადია, მარტო სკოლების აქტიურობით თუ მონდომებით არაფერი გამოვა და ჩვენი, "ღვინის კლუბის" ეს ინიციატივა მზად ვართ პირველ რიგში სწორედ ჩვენ განვახორციელოთ. ამაში ღვინის კომპანიებმა თუ კერძო პირებმაც უნდა შეიტანონ განსაკუთრებული წვლილი, რათა მომზადდეს ადგილები, სადაც შესაძლებელი გახდება ბავშვების ჩაყვანა, სპეციალური გასვლითი გაკვეთილების ჩატარება, სადაც ისინი უშუალო მონაწილეობას მიიღებენ სამუშაოებში, როგორც ვენახში, ისე მარანში. ეს უფასო კურსები თავად მევენახეებს და მეღვინეებს შეეძლებათ ჩაატარონ. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს კურსები სულ მალე ვიდეო ფაილებადაც შეიძლება იქცეს, რომელიც იუთუბზე აიტვირთება, იუთუბიდან კი დაილინკება სოციალურ ქსელებში.
ყველაფერი ეს საშუალებას მისცემს სხვადასხვა კომპანიას, მეტი ყურადღება მიაქციოს თავიანთი პროდუქტის წარდგენას და ამ თვალსაზრისით სწორედ უმცროს თაობას, მოზარდებს, სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ ყველაზე მეტი შანსი ხელი შეუწყონ ადგილობრივი ღვინის ტურიზმის დაბადებას საქართველოში, დაბადებას, რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე წელია არა და არ დაადგა საშველი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ტურისტის, პირველ რიგში კი ახალგაზრდა, ცნობისწადილით სავსე ადამიანების გარეშე საქართველოში არაფერი ეშველება ღვინის ტურიზმს. განუწყვეტლივ მიწევს იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ უცხოელი ტურისტის იმედად ყოფნა სისულელეა, უფრო მეტიც, დანაშაული, ისევე, როგორც აბსურდულად მეჩვენება ქართული ღვინის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც ჩვენი ბოთლის ღვინის ყველაზე ფართო მომხმარებლად უკრაინელები და ყაზახები ითვლებიან და ისინი გაცილებით მეტ ქართულ ღვინოს სვამენ, ვიდრე თავად ქართველები. სწორედ ასეთი ახალგაზრდების მოთხოვნით, გნებავთ საზოგადოებრივი დაკვეთითაა შესაძლებელი, რომ საქართველოში შეიქმნას გერმანული Strausswirtschaft-ების ტიპის ღვინის ბარები, სადაც ადგილობრივი ღვინისა და კერძების დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი. თანაც, ასეთი კულტურის დანერგვა უფრო ადვილად გაგვათავისუფლებს უზომო რაოდენობით ღვინის სმის ყალბი ტრადიციებისგან. ეს "ტრადიცია" თავისთავად უკვე გულისხმობს ღვინისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, და ქართული საზოგადოება ფსევდოგულბაათობის ეტაპიდან იმედია მალე ღვინის კულტურის საფეხურზეც გადავალთ, გადავალთ ცოდნის მეშვეობით და არა ფსევდოლიბერალური უსაგნო რიტორიკით ან რელიგიური აკრძალვებით. თუკი ცოდნაზე დამყარებულმა კულტურულმა ღვინის სმამ ჩვენში ბევრი მომხრე მოიპოვა, ჩვენ ნამდვილად გვექნება უკვე უფლება "ღვინის აკვნად" ვიწოდებოდეთ.
© მასწავლებელი



რაღა დავამატო , გარდა იმისა რომ მთლიანად გეთანხმებით... რამდენი ახალგაზრდა, რომელსაც სასმელის მიღების არავითარი კულტურა არა აქვს და არანაირი წარმოდგენა ფალსიფიკაციის საშიშროებაზე , გამხდარა მსხვერპლი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არავინ აძლევს ცოდნას, ღვინის და საერთოდ სასმელის შესახებ... ეს პრობლემა ჯანმრთელობის დაცვის კუთხითაც შესასწავლია! წინათ, ალბათ ღვინის პატივისცემა და დაფასება ოჯახებში ისწავლებოდა დღეს, კი თვითონ მშობლებიც გაუთვითცნობიერებელი არიან ამ საკითხში; უკვე ჩამოყალიბებულია არყისმსმელი თაობა, რომელიც არა მარტო ღვინოს უწევს კონკურენციას, არამედ საერთოდ, გვავიწყებს ქართულ ტრადიციულ დამოკიდებულებას სმის მიმართ, რომელიც არასდროს იყო ორიენტირებული თრობაზე და ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალება იყო...


კარგი სტატია კი არა და ნამუშევარია, ამ საკითხის თავის ნებაზე მიშვება ნაღდად აღარ შეიძლება. ერთსაც ვიტყვი: თუ იმ გაუგებარი წარმოშობის პროდუქტებით ბავშვების კვება დასაშვებია რომლებსაც სასკოლო ბუფეტებში, გზაში, მაღაზიაში, ბაზარში და მაკდონალდსში ვხვდებით, თუ ისეთი სასმელების სმა შეიძლება, როგორიც ფანტა, პეპსი და კოლაა, ღვინის ერთი მოწრუპვა ბავშვებს ზიანს ნამდვილად არ მიაყენებს.


zalian saintereso temaa,gvino rtuli da saintereso sitxea rom namdvilad sajiroebs aset scavlebas mitumetes mozardebshi.me rogorc vazis kulturis didi tayvanismcemeli,didi siamovnebit shemogiertdebit am saintereso saqmeshi. dges axalgazrdebi, ratomgac ragac uazro gaurkveveli sitxeebisagan damzadebul kokteilebs amjobineben,rac mere cud kvals tovebs mat cxovrebaze,amitom kargi iqneboda rom upro meti inpormacia qondet am dalocvil sitxeze. rametu gvino axarebs gulsa kacisasa...


Me dzalian moxaruli viqnebi tu tqveni gamotqmuli azridan daaxloebit 30 procentit mainc ganxorcieldes . ar vici magram bavshobidanve dzalian miyvars Vazi da vepyrobi mas rogorc chems megobars magram, dzalian bevri mis shesaxeb ar vici da survili maq yvelaperi shevityo mis sehsaxeb , aseti sashualeba aq mgoni savsebit ar arsebobs isev wignebidan an inteernetis sashualebit rames tu gavigeb. Mshoblebisgan gagebit cota rame tu viswavle. gansakutrebit babuachems uyvarda vazis movala , yurdznis dawurva da misi smac ratqma unda da misgan gadmocemitac ragaceebi bundovnad maxsovs , imitom rom ver mouswari mas da mimachnia rom amit bevri ram davkarge. babuachemi dzalian apasebda gvinos da epyroboda mas rogorc sakutar tavs , albat amitomac miyvars vazi da gvino magram Normalurad ar vici misi xarisxis amorcheva da chemi dzalian didi survili iqneba tu ganatlebis saminstroshi am Temas tu ganixilaven .


ძლივს...ძლივს მეღირსა და შემხვდა ერთი საინტერესო სტატია ქართულ მედია სივრცეში.გაუნათლებლობა ზოგაგად ჩვენი პრობლემა... არა და სუყველა დიპლომიანია.


მე მსურს "მსხვილ" ქალაქებში როგორიცაა მაგალითად ბათუმი თბილისი და ქუთაისი დაარსდეს პატარა გაანყოფილება სადაც მსურველს შეეძლება შეისწავლოს ღვინის წარმომავლობა, ღვინის დაყენება, როგორ წამოვიწყოთ მეღვინეობის ბიზნესი, ვენახის მოვლა, ექსპორტი, ბაზარზე ღვინის გატანა და სხვა სპეციალობების შესწავლა ამას დამატებული ექსკურსიები სხვადასხვა კუთხეებში რადგან ჩემი აზრით თვალთახედვით მოსმენით უფრო ადვილად შეისწავლის ადამიანი ამ დარგს.პირადად მე 14 წლის ვარ და ვერსად ვერ ვიშოვე (ქუთაისში) ასეთი სასწავლებელი წანაკითხი მაქ 2 წიგნი მაგრამ ძირფესვიანად ეს საკითხი არ მაქვს შესწავლილი და ვფიქრობ ჩემნაირი ბევრი მოიძებნება რომელსაც მართლაც სურს კარგად შეისწავლოს ეს საქმე.


მე მსურს "მსხვილ" ქალაქებში როგორიცაა მაგალითად ბათუმი თბილისი და ქუთაისი დაარსდეს პატარა გაანყოფილება სადაც მსურველს შეეძლება შეისწავლოს ღვინის წარმომავლობა, ღვინის დაყენება, როგორ წამოვიწყოთ მეღვინეობის ბიზნესი, ვენახის მოვლა, ექსპორტი, ბაზარზე ღვინის გატანა და სხვა სპეციალობების შესწავლა ამას დამატებული ექსკურსიები სხვადასხვა კუთხეებში რადგან ჩემი აზრით თვალთახედვით მოსმენით უფრო ადვილად შეისწავლის ადამიანი ამ დარგს.პირადად მე 14 წლის ვარ და ვერსად ვერ ვიშოვე (ქუთაისში) ასეთი სასწავლებელი წანაკითხი მაქ 2 წიგნი მაგრამ ძირფესვიანად ეს საკითხი არ მაქვს შესწავლილი და ვფიქრობ ჩემნაირი ბევრი მოიძებნება რომელსაც მართლაც სურს კარგად შეისწავლოს ეს საქმე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული