გამოქვეყნებულია: 8 თებერვალი, 2010 - 00:43
ნიკოლოზ გელაშვილის წიგნიდან, “მეღვინეობა” (1961)
აფხაზეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან საზღვრავს საკმაოდ დიდი სიმაღლის მთავარი კავკასიონის ქედი, რომელიც მას იცავს კონტინენტური კლიმატისაგან. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება სამეგრელო, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით შავი ზღვა. აფხაზეთი მთაგორიანი ქვეყანაა და დასერილია მდინარეებითა და მათი შენაკადებით. შავი ზღვის სიახლოვის გამო აფხაზეთში კლიმატი რბილია, სუბტროპიკულია, მაგრამ ტერიტორიის რელიეფის თავისებურების გამო ამ მხარეშია კლიმატის ყველა გარდამავალი საფეხური სუბტროპიკულიდან - ალპურ ზონამდე. ზღვის სანაპირო ზონა ანუ აფხაზეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ნალექების დიდი რაოდენობისა და გრუნტის წყლის სიახლოვის გამო მევენახეობისათვის გამოუსადეგარია. ვენახები უმთავრესად გავრცელებულია მაღლობ ადგილებში. ვაზის კულტურის წარმოება აქ შეიძლება 1000 მეტრის სიმაღლემდე ზღვის დონიდან, მაგრამ უფრო კარგად ის გრძნობს თავს 400-დან 800- მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ამ ზონაში მევენახეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი ტემპერატურული პირობებია, ნიადაგები ალუვიური და თიხნარია და ზოგან ჩონჩხიანი და კარბონატების შემცველობით.
მევენახეობა-მეღვინეობა აფხაზეთში შორეულ წარსულში მაღალ დონეზე ყოფილა, მაგრამ შემდეგ ის დაქვეითდა გურია-სამეგრელოს მსგავსად. ნაცარმა, ჭრაქმა და ფილოქსერამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ცნობილი ადგილობრივი ვაზის ჯიშები: ამლახუ, კაჭიჭი, ავასირხვა, აბყურძენი, კაპუნია და სხვა, რომელთა ნაცვლად იზაბელა გავრცელდა. ამჟამად მეღვინეობა აფხაზეთში დაბალ საფეხურზე დგას. ადგილობრივი მიღებული ღვინო ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას და უფრო მეტად გლეხურ მეურნეობაში შინაური საჭიროებისათვის იხმარება. ბაზარზე კი გავრცელებულია უმთავრესად იმერეთიდან, კახეთიდან და ყირიმიდან შემოზიდული ღვინოები.
აფხაზეთში ძალზე პერსპექტიულია ვაზის ჯიში – ცოლიკოური, რომელიც აქ უხვ მოსავალთან ერთად მთელ რიგ ადგილებში მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა. აქ კარგ შედეგებს იძლევა აგრეთვე: ოჯალეში, ჩხავერი, კაჭიჭი და კრახუნა.
ვაზის შესაფერისი ჯიშებისა და მიკრორაიონების არჩევით მეტადრე გუდაუთის, სოხუმისა და ნაწილობრივ გაგრის რაიონში მეღვინეობას უნდა მიეცეს მასობრივი მოხმარების სუფრის ღვინის მიმართულება.
ფოტოზე: აფხაზური წნეხი, ბარონ დე ბაის ფოტო, 1902 წ.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
თემა:
თქვენი კომენტარი