Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხული ოქროყანაში

გიგო მესხიშვილი
 
ზაფხული ძალაში შევიდა და ერი ქალაქიდან დაიძრა. ზოგი დიდი ხნით დაიძრა, ისვენებს, ზოგმა კი საღამოობით, უფრო შაბათ–კვირებზე, თბილისის შემოგარენის რესტორნების დალაშქვრას მოუხშირეს. მცხეთა, წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა... ჩვენც გრილი ადგილი შევარჩიეთ, ოქროყანა და თბილისის შემოგარენის ალბათ ყველაზე ხალხმრავალ რესტორანს, კოლხეთს ვესტუმრეთ. ეს რესტორანი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და აპურებს ყველა ტიპის მომხმარებელს, ზერელეებით დაწყებული – ყველაზე აზიზებით დამთავრებული. 
არსებობდა რისკი, რომ მობეზრებულ კერძებს ვერ ავცდებოდით. ვერც ავცდით, თან კარგა ხნის წინ დავიწყებულმა მაიონეზმა ისევ შეგვახსენა თავი და ხასიათიც გაგვიფუჭა. საქმე ისაა, რომ "კოლხეთში" სალათების და სხვა კერძების დიდი ნაწილის მორთვა–მოკაზმვაში მაიონეზი იღებს ხოლმე მონაწილეობას. სწორედ ამიტომაც, დიდხანს ვარჩიეთ რა აგვეღო. 
ავიღეთ უბრალო მწვანე სალათი ზეითუნის ზეთით და ბალზამიკოს სოუსით (5.00 ლარი), ჩაჭრილი წვრილი კიტრებით. გემოზე ცოტათი მომწარო იყო სალათის ფურცელი და თვალსა და ხელს შუა იხრწნებოდა, შავდებოდა ფოთოლი.  ამის მერე, რატომღაც ეგრევე ქაბაბი მოგვიტანეს (7.00 ლარი), არადა ჩვენს მიერ შეკვეთილი მინიმუმ  ორი–სამი კერძის შემოტანა უფრო უპრიანი იქნებოდა. ქაბაბი დიდი ვერაფერი შვილი იყო, მშრალი, ყელში ამოსული თბილისური გემოთი. ქამა სოკოს წვნიანი უფრო მომეწონა (4.50 ლარი), ბულგარული წიწაკით, სტაფილოს მოზრდილი ნაჭრებითა და კარტოფილით. სურნელიც კარგი ჰქონდა და გემოც. 
სუპთან ერთად შემოიტანეს ბატკნის მწვადი (9.00 ლარი) და ბოსტნეულის მწვადიც (4.20 ლარი). კიდევ ბეკონში გახვეული კალმახი შევუკვეთეთ (10.00), რომელსაც სულ ამაოდ ველოდით მთელი საათი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მიმტანს დავიწყნოდა მისი არსებობა. ბატკნის მწვადი ჩინებული იყო, სხვაგან ხან უმია ხოლმე, ხანაც შავადაა შემწვარი, ეს კი ნაზი იყო.  ბოსტნეულის მწვადი უმარილო მოვიდა, შემწვარ პამიდორს კი სიდამპლის გემო ჰქონდა, ანუ, უფრო მახვილად რომ ვთქვათ, მოდამპალებული იყო. გუდის ყველის პორცია (7.00 ლარი) ორი ნაჭრისგან შედგებოდა და ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, თან რატომღაც მალე აგვაცალეს,  არადა სუფრის ბოლოს ლუდის წრუპვისას გუდის ყველის მიყოლებას ვაპირებდით. 
ხო მართლა, სასმელს რაც შეეხება. თავიდან ვიფიქრეთ ღვინოს დავლევდით, მაგრამ ისეთი უხარისხო ადგილობრივი ჩამოსასხმელი შემოგვთავაზეს, რომ მაშინვე ხელი ავიღეთ ღვინოზე. თან აბსოლუტურად არც ერთი ბოთლის ღვინო ჭიქით არ იყიდებოდა. ეს ადგილობრივი ღვინოები კი – საფერავი ჩაციებული მოგვიტანეს, თეთრი კი თბილი, თანაც ორივეს ჭურჭლის, უფრო კონკრეტულად კი, პლასტმასის გემო ჰქონდა. ძალიან მტკნარი, უფერული და გულგამოცლილი იყო თელავის ღვინის მარნის ჩამოსახმელი თეთრიც. ამიტომ ლუდზე გადავედით – ვარშტაინერი (კათხა 8.00 ლარი), ასევე 0,33–იანი სტელა არტუა, კრუშოვიცე და პაულანერი (4–დან 5 ლარის ფარგლებში ყველა). კრუშოვიცე თბილი იყო და უგემური.
მაყვალში ჩაწყობილი (20.00 ლარი) წიწილა ნორმალური იყო, თუმცა სოუსით ვერ აღვფრთოვანდით. თავად ქათამი გემრიელი იყო, ახალი შემწვარი, ცხელი, დაბრაწული. ბოლოს, როგორც იქნა, ზემოხსენებული კალმახიც მოვიდა, ბეკონში შეხვეული, როგორც საძილე ტომარაში, ნიგვზიანი და თუ არ ვცდები, ბადრიჯნიანი გულსართით. არ იყო ურიგო, მითუმეტეს ჩვენთან გავრცელებული, უგემური ტბის კალმახისთვის მისწრებაა ასეთი ჩარევები, უფრო საინტერესოს ხდის ამ თევზის გემოს.
მოგვიანებით კარგად წამოუბერა და ვთქვით, რომ ზაფხულის ხვატში თბილისურ მთის ნიავებს არაფერი სჯობია. ვისხედით წყნარად, ვწრუპავდით ლუდს და ვაკნატურებდით ბუსტუღს (ჩვენში რომ ფისტაშკას უხმობენ). ქვემოთ ქალაქი იწვა მანათობელ ზოლებად.
 
კოლხეთი ოქროყანა  – რესტორანი
 
კოჯრის გზატკეცილი მე-7 კმ.
უბანი: ოქროყანა
ტელ: (+995 32) 215 58 58, 599 44 80 80
სამზარეულო: ქართული, ევროპული
საათები: 10:00 – 12:00 
ბარათები: მიიღება
ფასი: 80–120 ლარი (სადილი ორ კაცზე, სასმელის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა: არ აქვთ
საიტი: www.kolkheti.com
 
© vinoge.com


ეს "კოლხეთი" სანაპიროს ცნობილი "კოლხეთის" ტყუპისცალია, ხომ? ორი წლის წინ ქვისლებს მოგვეწონა სანაპიროს "კოლხეთის" ჩამოსასხმელი ღვინო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ისეთი შემთხვევა იყო, როცა ღვინო თვითონ აგებს პასუხს საკუთარ თავზე. ამ სტატიაში აღწერილი შემთხვევა ზუსტად ასახავს ჩვენი ძვირფასი რესტორნების ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ღვინისადმი, კერძოდ - ჩამოსასხმელი ღვინისადმი. იდეალურ ვითარებაში, თავმოყვარე რესტონარს ჩამოსასხმელი ღვინის საცავი ცალკე უნდა ჰქონდეს, თანამედროვე, ტემპერატურის მარეგულირებელი და სხვა აუცილებელი ფუნქციებით აღჭურვილი რეზერვუარებით. რეალურად კი, კუსტარულად ინახავენ პლასტმასის ჭურჭლებში და მერე, ცხადია, ასეთ "ღვინოს" ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ. ცალკე თემაა, უმარტივესი ჭეშმარიტებები რომ არ ესმით და არ იციან, წითელი ღვინო ჩაციებული რომ არ მიიტანონ სუფრაზე და პირიქით - თეთრს ჭირდება ჩაციება, თანაც - ზაფხულში.


ალეკო მართალი ხარ, მაგრამ თბილისის ალბათ უმეტესობა რესტორნის "ღვინოები" ტემპერატურულ პრეფერენციებს არ ექვემდებარება :D მასეთი "ღვინო" გინდ ჩააციე და გინდ შეათბე... აი ასეთი საინტერესო და პროფესიონალური რევიუები რომ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი იყოს ალბათ მერე უფრომ მიაქცევდნენ რესტორნის მეპატრონეები ყურადღებას, მაგრამ ეს ყბადაღებული "ჩამოსასხმელი ღვინო", მისი წარმომავლობა/ავთენტურობა და ხარისხი კიდევ სხვა თემაა. p.s. მადლობა ავტორს!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული