Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შუხმანი – ქართული ღვინის ევროპული მომავალი

ნინა ახლოური
გასულ კვირას კომპანია "შუხმანის ღვინოები" ოფიციალურად წარუდგა საზოგადოებას, თუმცა ღვინის მოყვარულებისთვის მისი არსებობა დიდი ხანია ცნობილია. ის საქართველოში უკვე თითქმის სამი წელია არსებობს და ამასობაში საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. შუხმანის პროდუქცია მზარდი ტემპით ხდება პოპულარული არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოეთის ბაზარზეც, ღვინოები კი უკვე სისტემატურად იღებენ ჯილდოებს სხვადასხვა კონკურსებსა თუ გამოფენებზე.

     გერმანელი ბურკხარდ შუხმანი, რკინიგზის სამრეწველო მენეჯერი, ჩვენი ქვეყნით ჯერ კიდევ 2006 წელს დაინტერესდა, როდესაც ბერლინში ერთ-ერთი კონფერენციის დროს კოლეგებმა საქართველოზე გაამახვილებინეს ყურადღება. რამდენიმე თვის შემდეგ ის ჩვენს ქვეყანას ესტუმრა და უმალ მოიხიბლა ქართველების სტუმართმოყვარეობით, ბუნების პირველყოფილი სილამაზითა და რა თქმა უნდა, ქართული ღვინის ხარისხით. სწორედ მაშინ გაუჩნდა სურვილი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაეტანა როგორც ტრადიციული წესით დამზადებული, ისე ევროპული სტანდარტების მიხედვით წარმოებული ქართული ღვინის სახელი. ამისთვის საჭირო იყო ერთიანი მოტივირებული გუნდის შექმნა. დღეს ბატონ შუხმანს ყველაფერი აქვს - ერთიანი, მე ვიტყოდი საკმაოდ მოტივირებული გუნდი, ამბიცია, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებული კომპანია ეყოლება და ჰყავს, როგორც თავად სიამაყით აღნიშნავს, საქართველოში საუკეთესო მეღვინე – გიორგი დაქიშვილი.
     კომპანიაში ერთ-ერთ მთავარ წარმატებად მიაჩნიათ ის, რომ 2009 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა Schuhmann Wines-ის ჯგუფის წევრ კომპანია ვინოტერას საუკეთესო მცირე საწარმოსთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მცირე და საშუალო საწარმოთა კონკურსში 500-ზე მეტი ქართული საწარმო იღებდა მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტმა კისისხევის შატო კომპანიის გახსნის დღესაც მოინახულა და შუხმანს წარმატებები უსურვა.
 
     ევროპული მენეჯმენტი, ქართული პროდუქცია
 
     ასეთია კომპანიის მთავარი ფილოსოფია. მენეჯმენტს სათავეში ანგელეს ტეგტმეიერი უდგას, კომპანიის მმართველი დირექტორი. გაყიდვებს უძღვებიან  მარკ პოლი და იოახიმ ბინცი, ასევე მარკეტინგის მენეჯერი ლევან დავითაშვილი. ამ უკანასკნელს, ისევე როგორც საწარმოს მეღვინე-ტექნოლოგებს, განათლება უცხოეთში, ძირითადად ევროპასა და შეერთებულ შტატებში აქვთ მიღებული. ასე რომ, მთლიანი გუნდი დასავლურ განათლებას იყენებს იმისთვის, რომ აწარმოოს სუფთა ქართული პროდუქცია. ინვესტიციებს, ფინანსურ დახმარებას გერმანული მხარე უზრუნველყოფს. "ეს არის ევროპული კომპანია – ამაში ვგულისხმობ ევროპულ კაპიტალს, ევროპულ პატრონაჟს, ეს გულისხმობს ევროპული სტილის მენეჯმენტსაც – ის რაც კარგია, ავიღოთ ევროპიდან, და ის რაც კარგია, გავაკეთოთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ულამაზესი და უძველესი ტრაციდიები, მოდი ეს შევინარჩუნოთ, განვავითაროთ ევროპული მენეჯმენტის თანხლებით. მთლიანი გუნდი არის სწორედ ამ ტიპის მენეჯმენტის პრინციპების მიმდევარი, რაც გულისხმობს ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობას, მოწესრიგებულობას. ამავე დროს ჩვენ ვაწარმოებთ სრულიად ქართულ პროდუქციას", - ამბობს ლევან დავითაშვილი, “Schuhmann Wines Georgia”-ს მარკეტინგის მენეჯერი.
 
     ქართული ღვინო უცხოეთში
 
     რა თქმა უნდა, ევროპული მენეჯმენტის კარგი მხარე მხოლოდ მის  ორგანიზებულობასა და მოწესრიგებულობაში არ გამოიხატება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელმძღვანელობას აქვს ძალიან კარგი რესურსები, გაიტანოს ქართული ღვინის სახელი ჩვენს საზღვრებს გარეთ. ბურკხარდ შუხმანის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა - უამბოს სხვა ქვეყნებს საქართველოს შესახებ, გააცნოს ქართული მეღვინეობის ისტორია. "საქართველოს აქვს უძველესი ტრადიციები მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში, მაგრამ არ აქვს გამოცდილება მარკეტინგული თვალსაზრისით. ისეთ ღვინოებს, საქართველოში რომ არის, ვერსად იპოვი. მთავარია მოუყვე სხვებს მის შესახებ" - ამბობს შუხმანი. ანგელეს ტეგტმეიერი კვერს უკრავს და მიყვება, როგორ იბრძვიან ყოველ წელს იმისათვის, რომ მათმა პროდუქციამ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს სხვა კომპანიების ნაწარმს. მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაამყარო, არამედ ასევე შეინარჩუნო ახლო კონტაქტი მომხმარებელთან. "ქვევრის ტრადიცია ძალიან ძველი და ფასეულია, მან ათასწლეულებს გაუძლო და ეს ისტორია გერმანელებში დიდ ინტერესს იწვევს", - აღნიშნავს ტეგტმეიერი. ფიქრობს, რომ საფერავს უცხოეთში დიდი წარმატება ელოდება, რადგან ეს ჯიში იმდენად არაჩვეულებრივია, როგორი ტექნოლოგიითაც არ უნდა დაამზადო – ევროპულით თუ ქართულით, მუხის კასრებში თუ მის გარეშე, ღვინო მაინც არაჩვეულებრივი გამოვა. როგორც გავარკვიე, საფერავი ასევე ბატონი შუხმანის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ღვინო ყოფილა.
     შუხმანის ღვინოები წარმატებით იკიდებს ფეხს უცხოეთის ბაზარზე. მთავარი ბაზარი გერმანიაა, ამას მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატები. აქვთ გაყიდვები სკანდინავიაში, განსაკუთრებით კი შვედეთში, ასევე ბენილუქსის ქვეყნებში. უახლოეს მომავალში ელოდებიან შესვლას ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზარზეც, ანუ დსთ-ს ქვეყნებში (ყაზახეთი, ბელორუსია). მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან – ბალტიისპირეთთან, ჩეხეთსა და სლოვაკეთთან. კომპანიაში ამაყობენ, რომ ის ასეთი ახალგაზრდაა და უკვე ძალიან კარგი რეზონანსი აქვს უცხოეთის ბაზარზე. პერიოდულად ქვეყნდება დადებითი წერილები გერმანულ და ამერიკულ პრესაში.
     აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შუხმანი ძალიან არის დაინტერესებული საქართველოში აგროტურიზმის განვითარებითაც. ამისთვის მან კისისხევში ე.წ. შატოც შეიძინა, რომელიც ღვინის მარნის, სასტუმროსა და რესტორნის კომპლექსს წარმოადგენს. ეს არის ძალიან ლამაზი შენობა წინ გაშენებული ვენახით, საიდანაც კავკასიონის ხედი იშლება. აქ შეგიძლია დაისვენო, იარო წვეულებებზე და თვითონვე დაწურო ღვინო ტრადიციული ხერხით. ამავე დროს შატო თელავთან ძალიან ახლოს მდებარეობს, შესაბამისად ამ არემარეში მრავლადაა ძველი ეკლესია-მონასტრები. აქედან გამომდინარე, შუხმანმა უცხოელი ტურისტებისთვის ლოზუნგიც კი მოიფიქრა: "დააგემოვნე ღვინო, დაისვენე, ისაუზმე, ისადილე და ისეირნე ქრისტიანობის კვალდაკვალ".
 
     "ვაწარმოებთ არა რაოდენობას, არამედ ხარისხს"
 
     ბატონ შუხმანს ვკითხე, თუ რა არის მისი კომპანიის მთავარი სტრატეგია. "მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვაკეთოთ უმაღლესი ხარისხის ნამდვილი ქართული ღვინო. მთავარი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს არის ხარისხი, რაოდენობა არ არის ასეთი მნიშვნელოვანი. გვინდა კონკურენცია გავუწიოთ ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ ღვინოებს და მათ ჩვენი ხარისხი დავუპირისპიროთ". თუმცა, შუხმანის ღვინოების გაყიდვების რაოდენობა წელიწადში არც ისე მცირეა – ის 300 000-ს უტოლდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს ციფრი 500 000-მდე გაიზრდება.
     ცდილობენ, მომხმარებელს მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზონ. ანგელესმა გაიხსენა, სკანდინავიაში შუხმანის საფერავმა როგორ აიღო პირველი ადგილი, თუმცა წარდგენილ ღვინოებში ის ყველაზე დაბალფასიანი იყო. შემდეგ უთქვამთ, ფასი რომ გვცოდნოდა, სხვა კატეგორიაში გავიყვანდითო.
     შუხმანი ორი ტიპის ღვინოს აწარმოებს – ევროპულსა და ტრადიციული წესით დამზადებულს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ორივე ხაზს თავისი მომხმარებელი ჰყავს და ორივე წარმატებულია. "ყველანაირი სეგმენტისა და გემოვნების მქონე ადამიანისთვის გვაქვს ღვინო. არის ძალიან მსუბუქი და არომატული საზაფხულო და ასეთივე ხალისიანი წითელი ღვინოები. გვაქვს დარეზერვებული ძვირფასი, ოქროს ხაზის ღვინოები განსაკუთრებული გურმანი მომხმარებლისათვის – ეს ის ღვინოებია, რომელთაც ცოტა მეტი სიღრმე, გაანალიზება და ფიქრი სჭირდებათ. ვინოტერას 2006 წლის ქისი (Wine Expo Georgia 09-ს გამარჯვებული) და 2005-ის საფერავი (Mundus Vini-ს ოქროს მედლის მფლობელი) არის ამ კატეგორიის ღვინო."
     შუხმანის ღვინისთვის ყურძენი სოფელ ნაფარეულში, კისისხევსა და შილდაში გაშენებულ ვენახებში იკრიფება. კომპანია აბსოლუტურად გაუფილტრავ ღვინოებს აწარმოებს, ამასთან ზრუნავს ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემის დაცვაზე. ის ახდენს მხოლოდ იმ მეთოდების აღიარებასა და განვითარებას, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ სოციალური თვალსაზრისით და გარემოს საფრთხეს არ უქმნიან. აქ მოქმედებს სპეციალური საპილოტე პროგრამა, სახელწოდებით W.E.I.N., რომლის მიზანია მევენახეობის ტრადიციის შენარჩუნება გაუმჯობესებული ეკონომიკური გეგმის შესაბამისად.
 
 
     შუხმანის საყრდენი დედაბოძი
 
     როდესაც ბურკხარდ შუხმანი კომპანიის მთავარ მეღვინესა და დირექტორზე, გიორგი დაქიშვილზე იწყებს საუბარს, გამომეტყველება ეცვლება, რაც სიამაყითაა გამოწვეული. გოგი ფანტასტიურ ღვინოებს ამზადებსო, ამბობს. როგორც მითხრა, დაქიშვილს ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს და მათგან ზოგიერთი ისეთი კარგია, რომ მომხმარებელს აუცილებლად უნდა აჩვენო.
     გიორგი დაქიშვილი მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც მეღვინის პროფესია აირჩია. მისი მთავარი სიამაყე ვინოტერას 2005 წლის საფერავია, რომელმაც გასულ კვირას მუნდუს ვინის გამოფენაზე ოქროს მედალი აიღო. "დიდად სასიხარულო იყო, რადგან ეს არის ღვინო, რომელიც დამზადებულია მამაპაპური წესით, ყოველგვარი ჰაი-ტექის გარეშე". ეს მართლაც განსაკუთრებული ღვინოა, ალუბლის, კედრისა და პიტნის სურნელით, რომელიც 20 დღის მანძილზე ქვევრშია დადუღებული, შემდეგ კი 24 თვის განმავლობაში მუხის კასრებში დაძველებული. მიაჩნია, რომ მომავალში სწორედ ქვევრის ტრადიციული ღვინო მიაღწევს ევროპაში დიდ წარმატებას, რადგან ტექნოლოგია, რომლითაც ის მზადდება, მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურია. მას გააჩნია ტრადიცია, ხასიათი, რასაც სხვა ქვეყნის პროდუქციაში ვერ შეხვდებით.
     გიორგი დაქიშვილის ახალი ქმნილება საფერავის, კაბერნე სოვინიონისა და მერლოს ბლენდია. ღვინო ჯერჯერობით აკაციის კასრებში ძველდება და სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გავა ბაზარზე.
 
     მადლიერების ნიშნად
 
     კომპანიის ოფიციალურ საიტზე თავის ოფიციალურ მიმართვაში ბურკხარდ შუხმანი ამბობს, რომ გამოჩენილი თანადგომისა და მეგობრობის საპასუხოდ ამ ქვეყნისადმი მადლიერების გამოჩენა სურდა. სწორედ ამიტომ Schuhmann Wines-მა გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა ქართველი მეღვინეების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში და ამისათვის პროფესიული განათლების დუალური სისტემა დანერგა. მარანს ამ თემაზე კომპანიის მეღვინე, როლანდ ბურდიაშვილი ესაუბრა: "კომპანიის მიზანი არის ის, რომ დანერგოს ის სისტემა, რაც გერმანიაში ძალიან ცნობილია, ანუ კადრების მომზადება (რისი დეფიციტიც რეალურად არსებობს). დაიგეგმა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის შექმნა. თელავის უნივერსიტეტში გარკვეულ მიზეზთა გამო ეს არ მოხერხდა და საბოლოოდ განხორციელდა კაჭრეთის პროფესიულ ცენტრში, სადაც დაამატეს ეს ფაკულტეტი. მოსწავლე-სტუდენტი 70%-ს გადის პრაქტიკას და 30% თეორიას." პრაქტიკანტების სწავლა გერმანიის მხრიდან ფინანსდება, ამაში თავისი წვლილი შუხმანის კომპანიასაც შეაქვს. მან სხვა ღვინის კომპანიებიც აიყოლია – დღეისათვის უკვე ხუთ საწარმოს აჰყავს პრაქტიკანტები. ამ უკანასკნელთა შრომა ანაზღაურებადია, ხოლო მათ, ვინც ინგლისურ და გერმანულ ენებს კარგად ფლობს, აქვთ შანსი გაიარონ პრაქტიკა გერმანიის ღვინის ქარხნებში. ყოველ წელს კაჭრეთის პროფესიული ცენტრი ათ სტუდენტ მეღვინეს იღებს.
     ასე რომ, ევროპული კომპანია განათლებული და მოტივირებული პერსონალით, მაღალი ხარისხის, ეკოლოგიური პროდუქტითა და უცხოეთის ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგით - ასეთია "შუხმანის ღვინოების" ძუნწ შტრიხებში მოხაზული პორტრეტი. შუხმანი მოგების უდიდეს ნაწილს საწარმოში ტოვებს, რათა ხელი შეუწყოს მის წინსვლას. "ახალ იდეებს სხვა ღვინის ექსპერტებთან განვიხილავთ და ასე ვახდენთ მათ განვითარებას. მე დარწმუნებული ვარ ჩემი კომპანიის მომავალ წარმატებაში" - აცხადებს ბურკხარდ შუხმანი. "მარანს" ამაში ეჭვი არ ეპარება და კომპანიას ზრდას და მიზნების მიღწევას უსურვებს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
 


ალბათ სულელურ კითხვას ვსვამ, მაგრამ თუ ფირმა ”თითქმის სამი წელია” არსებობს, 2005 და 2006 წლის ღვინო საიდან აქვს?


შუხმანი ვინოტერას ბაზაზე დაფუძნდა. ორი ხაზი აქვთ, თანამედროვე და ტრადიციული. ტრადიციულს სახელი ვინოტერა შერჩა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული