Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეიმურაზ ღლონტი - ქვევრის იდეოლოგი

ალეკო ცქიტიშვილი

უძველესი ქართული საღვინე ჭურჭელი, ქვევრი პოზიციებს ისევ იმყარებს. მასთან ერთად მეღვინეობას უბრუნდება ვაზის მივიწყებული ქართული ჯიშები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ პროცესის უკან სულ რამდენიმე ადამიანი დგას - ენთუზიასტები, რომლებსაც თავიდან უწევთ აუხსნან კოლეგებს და საზოგადოებას როგორც ქვევრის სიკეთე, ისე მივიწყებული ჯიშების სარგებლიანობა. ეს კი არც ისე იოლი საქმეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ათწლეულების განმავლობაში ქვევრის მიმართ გაუმართლებელი ნიჰილიზმი ინერგებოდა და ამავდროულად, ვაზის მრავალი ჯიში ერთი ხელის მოსმით მოკვეთეს მეღვინეობიდან.  

ამ ენთუზიასტებს შორის არიან როგორც პრაქტიკოსი მეღვინეები, ისე დარგის გამოჩენილი მეცნიერები. თეიმურაზ ღლონტი ორივე მიმართულებით აღიარებული ავტორიტეტია. გასულ წელს მის მიერ დაყენებულმა ქვევრის ღვინომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის - "დეკანტერის" ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, თბილისის ღვინის კონკურსში - ოქროს მედალი, ხოლო მევენახეობისა და მეღვინეობის 33-ე მსოფლიო კონგრესზე წარდგენილი მოხსენება - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციული ტექნოლოგიები“ გამოქვეყნდა მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ბიულეტენში - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემაში.   

თავს სერიოზული, მკაცრი გამოხედვით და პრინციპულობით დაგამახსოვრებთ. გამოირჩევა მრავალმხრივი განათლებით - უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის ფაკულტეტის გარდა, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და მოსკოვის უცხო ენების 4-წლიანი სახელმწიფო კურსები გერმანული ენის განხრით. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი; ჟურნალ "ვაზი და ღვინოს“ აღმდგენელი და მთავარი რედაქტორი 1992 წლიდან.

მაინც საიდან იღებს სათავეს ქვევრისადმი აუგი დამოკიდებულება დარგის სპეციალისტებსა თუ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში? „ქვევრისადმი ნიჰილიზმი მხოლოდ დღეს არ გაჩენილა“, - გვპასუხობს თეიმურაზ ღლონტი, - „იგი მე-19 საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1828 წელს საფრანგეთის კონსული შ. გამბა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მიზანდასახულებას ახმიანებდა და წერდა, რომ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი ტრადიციული წეს-ჩვეულებები უნდა შეცვლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ გამბა აღიარებდა კახური ღვინოების მაღალ ხარისხს, აღნიშნავდა, რომ ქვევრები სამომავლოდ უნდა შეცვლილიყო ევროპული მუხის კასრებით და ბუტებით. საზოგადოდ, ადგილობრივის სანაცვლოდ უნდა დამკვიდრებულიყო ევროპული ტექნოლოგიები. ამ პოლიტიკის გამტარებელი მოხელე-სპეციალისტი გ. ლენცი იძულებული გახდა, 1846 წელს ეღიარებინა ქართული ქვევრის აშკარა უპირატესობა ევროპულ მუხის კასრებსა და ჩანებთან შედარებით. ამგვარი პოლიტიკა ქვევრის მიმართ არც მე-20 საუკუნეში, საბჭოთა წყობის პირობებში, შეცვლილა. განსაკუთრებით ეს პროცესი 60-იან წლებში გაძლიერდა“.

იმ პერიოდში თეიმურაზ ღლონტი მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ბედნიერი შემთხვევის წყალობით იგი მოხვდა მაღალი დონის თათბირზე, სადაც მეღვინეობიდან ქვევრის განდევნის საკითხი წყდებოდა. თათბირზე მან ვრცლად ისაუბრა ქვევრის დადებით მხარეებზე და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ ამ უნიკალური საღვინე ჭურჭლის უარყოფა მეღვინეობას მხოლოდ დააზარალებდა. ქვევრის შენარჩუნებას მხარი დაუჭირეს კახური ღვინისა და ქვევრის ქომაგებმა, პროფესორმა გიორგი ბერიძემ და ცნობილმა სპეციალისტმა გივი მესხიშვილმა. მართალია, თათბირზე ისინი უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ მყარი არგუმენტებით ქვევრის წინააღმდეგ მიმართული ეს ერთი მცდელობა ჩაშალეს.

თეიმურაზ ღლონტის თქმით, ქვევრისადმი ნიჰილიზმს წლების განმავლობაში ზოგადად ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიებისადმი უარყოფითი დამოკიდებულებაც აძლიერებდა. ამგვარი დამოკიდებულების გამო, წარმოებიდან და ყოფა-ცხოვრებიდან თანდათან განიდევნა და დიდწილად დავიწყებას მიეცა კახური ტიპის ღვინო. მას შეენაცვლა არატრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული არატიპური ღვინო, ანუ სუროგატი, რომელმაც სახელი გაუტეხა კახურ ტრადიციულ ღვინოს: „ყოველივე ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ კახეთში ქვევრები მიწით ამოავსეს. ინერგებოდა აზრი, რომ ვითომდა ქვევრი ანტისანიტარიის წყაროა. ხალხმაც თანდათან ქვევრში ღვინის დაყენებაზე ხელი აიღო“.

ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიებისა და ქვევრის დაბრუნება მეღვინეობასა და ყოფა-ცხოვრებაში არც ისე ადვილი საქმეა. გარდა იმისა, რომ ხალხს უმეტესწილად დაავიწყდა ქვევრში ღვინის დაყენება და ყველაფრის თავიდან შესწავლას წლები სჭირდება, თვითონ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიაც დაკნინდა. თანამედროვე მეთუნეების მიერ გაკეთებული ქვევრების დიდი ნაწილი უხარისხოა. დავიწყებულია ქვევრის მოვლა-პატრონობის ტრადიციებიც. არადა, თუკი ქვევრს დაავადება ერთხელ გაუჩნდა, მერე მისი გადარჩენა ჭირს.

„ჩვენი მევენახე-მეღვინე გლეხობის ნაწილი ქვევრში უხარისხო ღვინოს თუ აყენებს, ეს უნდა ავხსნათ ქვევრის მოუვლელობით და ღვინის დაყენების წესების დარღვევით. კერძოდ - ფალსიფიცირებული ღვინოების მავნე ჩვევის დანერგვითა და დამკვიდრებით. მოუვლელობის მიზეზით დაშმორებული, დამძაღებული, ობმოკიდებული ქვევრის აღდგენა და გამოსწორება რთულია, ვინაიდან დაავადების გამომწვევი ბაქტერიები იბუდებენ ქვევრის კედლის ფორებში და მათი იქ გაუვნებელყოფა ძალიან ძნელია. დაავადებული ქვევრის აღდგენა-გაჯანსაღება თუ არ ხერხდება, რჩება ერთადერთი გზა - იგი უნდა შეიცვალოს ახლით“, - ამბობს თეიმურაზ ღლონტი.  

ქვევრისა და კახური ღვინის აღორძინების საქმეში აქტიურად ჩაერთო საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებლური ეკლესია. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ალავერდის მონასტრის მარანი. აქ თეიმურაზ ღლონტი მეღვინე კონსულტანტად არის მიწვეული. მისი ხელმძღვანელობით მონასტრის ბერების მიერ ქვევრებში დაყენებული კახური ღვინო ერთბაშად ამსხვრევს ყველა უარყოფით სტერეოტიპს, რაც კი წლების განმავლობაში ქვევრის ღვინოს დაავადებასავით გაუჩნდა.

2010 წელს თეიმურაზ ღლონტის მრავალწლიანი შრომა და სამეცნიერო მოღვაწეობა მსოფლიო აღიარებით აღინიშნა - მისი ხელმძღვანელობით დაყენებულმა ღვინომ „ალავერდის ტრადიციები, 2007 წ.“ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ჟურნალ „დეკანტერის“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე. ეს არის ყველაზე მაღალი ჯილდო, რაც კი აქამდე თანამედროვე ქვევრის ღვინოს მიუღია. ამ გამარჯვების სიხარულს თეიმურაზ ღლონტი მონასტრის მარანთან ერთად იზიარებს და აღნიშნავს: „თვით ის ფაქტი, რომ ალავერდის მონასტერი გახდა ტრადიციული მეღვინეობის აღდგენისა და აღორძინების ცენტრი, მეტყველებს სამონასტრო მარნების განსაკუთრებულ როლზე მეღვინეობის განვითარების საქმეში. ალავერდის მონასტრის მარანი უძველესი ტრადიციებისა და ახალი ტექნოლოგიების ჰარმონიულად შერწყმის კარგი ნიმუშია. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის ამ მარნის მნიშვნელობას და ფუნქციას. ამავე დროს, კარგ მაგალითს აძლევს სხვა ეპარქიებს და მთლიანად საზოგადოებას“.

რა თქმა უნდა, კარგი ქვევრის ღვინო მარტო ამ უნიკალური ჭურჭლის დამსახურება არ არის. ამავდროულად, იგი გულისხმობს კარგად მოვლილ ვენახს, კარგ ყურძნის ჯიშს, მიკროზონის კეთილისმყოფელ გავლენას, კარგ მეღვინეს და ბევრ სხვა ფაქტორს. კარგმა მეღვინემ ეს ყველაფერი კარგად იცის.

თეიმურაზ ღლონტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ვაზის ადგილობრივ ჯიშებს, რომელთა ნაწილი უსამართლოდ არის მივიწყებული. 2007 წლიდან იგი ინტენსიურად იკვლევს დაკარგვის პირას მისული ჯიშის - „კახური მცვივანის“ პოტენციურ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ექსპერიმენტულად დაყენებული აქვს უმაღლესი ხარისხის ევროპული და კახური ტიპის ღვინოები, რომელსაც არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია მცირე მონოგრაფია ზურაბ ღლონტის თანაავტორობით: „ყურძნის კლერტის როლი კახური ტიპის ღვინის ჩამოყალიბების პროცესში“. მისივე ხელმძღვანელობით „კახური მცვივანის“ ნერგები გამოჰყავთ და რგავენ ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, ქართლის მიკროზონებში. არანაკლები ყურადღება დაუთმო მან ვაზის ჯიშის - ხიხვის ტექნოლოგიური პოტენციალის შესწავლას. 2003-06 წლებში თეიმურაზ ღლონტის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ასპირანტმა გ. ბუიშვილმა ხიხვისგან დააყენა ევროპული, კახური და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები; შეისწავლეს მათი ქიმიურ-ტექნოლოგიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები. ამ კვლევის მიხედვით 2009 წელს გამოიცა მონოგრაფია.

ბოლო დროს თეიმურაზ ღლონტს ხშირად ნახავთ ბახტრიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის კულტურის ცენტრში“, რომელიც დააარსა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის - დავითის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის - ანდრიას და ჭყონდიდის მიტროპოლიტის - პეტრეს მიერ დაფუძნებულმა "ქართული ტრადიციული ღვინის ფონდმა“. ცენტრში დაგეგმილია შემეცნებითი საუბრების, სემინარებისა და დეგუსტაციების ჩატარება. ქვევრი და ქვევრის ღვინო, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, ერთგვარი იდეოლოგიაა, რომლის შესახებაც თეიმურაზ ღლონტი არაერთხელ ისაუბრებს „ქართული ღვინის კულტურის ცენტრის“ სტუმრებთან. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა ენთუზიასტი ზურაბ ღლონტიც, რომელიც მამის გეზს აგრძელებს.

„ქართულ მეღვინეობას დიდი პოტენციური შესაძლებლობები აქვს“, - აღნიშნავს თეიმურაზ ღლონტი, - „ამის თქმის უფლებას გვაძლევს საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობები, მრავალფეროვანი, მაღალი ღირსების ღვინოების მომცემი ვაზის ჯიშები, ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგიები, როგორც ცალკეული რეგიონის, ისე ცალკეული მიკროზონებისა და მიკროუბნების მიხედვითაც კი. ჩვენი მეღვინეობის მთავარი მიმართულება უნდა იყოს სხვადასხვა რეგიონში მაღალხარისხოვანი ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოების წარმოება. ეს სავსებით რეალურია, თუკი აღვადგენთ ტრადიციულ ტექნოლოგიებს და გავამდიდრებთ საღვინე ვაზის ჯიშების სორტიმენტს, ძირითადად - ვაზის ქართული გენოფონდის შესწავლით და გამოყენებით“.

თეიმურაზ ღლონტი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული, ორიგინალური, სხვათაგან განსხვავებული ღვინოები უფრო აინტერესებს. ხოლო ის ფაქტი, რომ „დეკანტერის“ კონკურსზე ქვევრებში დაყენებულმა ტრადიციული კახური ტიპის ღვინომ საერთაშორისო მასშტაბით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ცხადყოფს, რომ ეს ღვინო მსოფლიოსთვის მისაღებია.

© ღვინის კლუბი/Weekend



ბატონო თეიმურაზ! მოვისმინე რა თქვენი საუბარი ქართულ ღვინოსა და უძველეს ქართულ ვაზის ჯიშებზე, დამებადა შეკითხვა და თქვენი აზრი მაინტერესებს შემდეგ თემაზე: მაქვს გურჯაანის რ-ნი სოფ. ჩუმლაყში მცირე ზომის ვენახი( რქაწითელი) მისი სიმცირის გამო მაქვს სურვილი რაიმე სხვა ჯიშის ყურძენი გავახარო მაგ.,,კახური მცვივანი", თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ან რა ჯიშის ყურძენს მირჩევდით?_მე სურვილი მაქვს და პირველი ნაბიჯებიც გადავდგი კახური ტრადიციული წესით ქვევრში ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით და ამიტომ გაწუხებთ. პატივისცემით: დავით ქიტესაშვილი -

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.