Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გზა – ტურიზმის პერსპექტივები

სოფიკო კვანტალიანი

ქალაქ ბორდოში ვართ. ეს არქიტექტურული მარგალიტი ღვინის დღესასწაულზე «Bordeaux Fete le Vin»-ზე გვეპატიჟება. აქ ექვსი თავბრუდამხვევი დღე და ხუთი მისტიკური ღამე უნდა გავატაროთ. ჩევნი ღვინის ტური კარგად არის დაგეგმილი: პირველი დღე ჰაეროვანია - სასტუმრო The Regent Grand Hotel Bordeau-ში. მეორე დღეს ექსკურსიაა ქალაქ ბორდოში და ღვინის დღესასწაულის გახსნა - ცოცხალი მუსიკა, ფეიერვერკები. ყოველ ღამე აქ დაახლ. 60 000 ადამიანი მოდის და 80 დასახელების ბორდოულ თუ აკვიტანიურ ღვინოს აგემოვნებს და ადგილობრივ დელიკატესებს მიირთმევს. ფანტასმაგორია შუაღამემდე გაგრძელდება. მესამე დღეს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მივდივართ. ხამანწკების ფერმები უნდა მოვინახულოთ. სადილი დეგუსტაციით ოკეანის სანაპიროზეა დაგეგმილი. შემდეგ D’Arcachon-ის უნიკალურ აუზს "პატარა ამაზონიას" მივაშურებთ. საღამოს სასტუმროში დავბრუნდებით, სავარაუდოდ სიამოვნებისგან დაღლილები. მეოთხე დღე - მარშრუტი აღმოსავლეთისკენ გვაქვს დაგეგმილი, მდინარე დორდონის მარჯვენა სანაპიროსკენ, სადაც შუასაუკუნოვანი ქალაქი სენტ-ემილიონი მდებარეობს. აქ პომროლის პრესტიჟული აპელასიონი უნდა დავათვალიეროთ. Сheval Blanc-ის მერლოს და სხვა ღვინოებს გავსინჯავთ... მეხუთე დღე - Сhateau Beychevelle-ის ცნობილ ვენახებს და მარნებს ვნახავთ, თან ცნობილ ციხესიმაგრეს დავათვალიერებთ და პომპეზურ დეგუსტაციასაც დაველოდებით. სადილიც აქვეა დაგეგმილი. წინ კი ფანტასტიკური ღამე გველის. მეექვსე დღე - პარიზისკენ მოვფრინავთ....
ღვინის ტურიზმის მექანიზმი მარტივია, მაგრამ შთამბეჭდავი. ის ითვალისწინებს ღვინის დაგემოვნებას სწორედ იმ ადგილებში, სადაც ის დაიწურა და დაღვინდა. ღვინის მცოდნეებმა კარგად იციან, რომ ღვინოს "მგზავრობა" არ უყვარს, რადგან ამ დროს იგი "ილახება", "იღლება". "ნამგზავრ" ღვინოს ოდითგანვე ჩვენშიც ასვენებდნენ და მხოლოდ "ნასვენებ ღვინოს" მიირთმევდნენ. თურმე ასეთ ღვინოს ფრანგებიც "გალახულ ღვინოს" (le vin battu) უწოდებენ და რამდენიმე თვეს ასვენებენ. ექსპერტთა თქმით კი, რაც უფრო შორს იყიდება ღვინო თავისი დედა-კასრიდან, ანუ იმ ჭურჭლიდან, სადაც ინახებოდა, მით უფრო არ შეესაბამება ორიგინალს, თანაც ხარისხიც გაცილებით დაბალია. ღვინოს სხეულიც შეთხელებული აქვს და ფერ-გემოც შეცვლილი. ღვინოს მოგზაურობა რომ არ უყვარს ამიტომაც გაჩნდა ღვინის ტურიზმი. თუ ნამდვილ ღვინოსთან ზიარება გინდა, მიდიხარ იქ, სადაც მზის თვალი ჩაიყენა მტევანმა, სადაც დაიწურა და სადაც მშვიდად თვლემს ღვინო. ამიტომ ბევრი გურმანი სპეციალურად მიემგზავრება იმ ქვეყანაში და კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც ღვინო "ცხოვრობს". ღვინის ტურიზმის მთელი ხიბლი კომპლექსურობაშია - ღვინოსთან ერთად რომ გაიცნობ გეოგრაფიულ ადგილს, ისტორიას, კულტურას, ხალხს, ნახავ ვენახს, მარანს, გასინჯავ კონკრეტული ქვეყნის და კუთხის ტრადიციულ საკვებს, გაიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ღვინო დაწურეს.
ღვინის ტურიზმი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის გასაცნობადაც. ის, როგორც გამორჩეული და ახალი ტურისტული ინდუსტრიის ტიპი საფრანგეთში ჯერ კიდევ 1980 წლიდან არსებობს, თუმცა ტურიზმის ეს სექტორი ევროპაში პოპულარული მხოლოდ 2005 წლიდან გახდა. მის ცენტრად ბორდო ითვლება, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს (საფრანგეთის ვენახების სანახავად ყოველ წელს დაახლ. 5 მლნ ფრანგი და 2,5 მლნ უცხოელი ტურისტი ჩადის. აქ წელიწადში 6-7 მლნ ლიტრი ღვინო იწარმოება.). ტურიზმის ამ სექტორში, საფრანგეთის გარდა, პოპულარულია იტალია (განსაკუთრებით სარდინია), ესპანეთი (რიოხა), პორტუგალია - პორტუს ხეობა და ჯგუფი Sogrape Vinhos, რომელიც ცნობილ ღვინოს Sabdeman-ს აწარმოებს. მაგალითად, თუ საუკეთესო ფრანგული შატო ლატურის ან შატო მარგოს ღვინოების დაგემოვნება გსურთ, მაშინ ბორდოში უნდა გაემგზავროთ, თუ თეთრი ბურგუნდიული Chablis-ი გნებავთ ბურგუნდიას მიაშურეთ,  ნამდვილი პორტვეინის გასასინჯათ პორტუგალიას  უნდა ეწვიოთ, თუკი ლეგენდარული ხერესის გასინჯვა მოგინდათ ესპანეთისკენ უნდა აიღოთ გეზი და პირველ რიგში რიოხაში გაემგზავროთ. ტოკაის ღვინო უნგრეთში უნდა შესვათ, კახური "დევის სისხლი" კი ხაშმში და ა.შ.
ენო-გასტრონომიული ტურები ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის. ყოველწლიურად იზრდება ღვინის ტურიზმში მონაწილე ქვეყნების სია, სადაც ახლახან საქართველოც გაჩნდა. ეს ე.წ. ღვინის "ვოიაჟები" ფანტასტიკური სისწრაფით გამრავალფეროვნდა და დაისახსრა. ღვინოს თითქმის ყველა ქვეყანა აწარმოებს, მაგრამ მსოფლიოში არსებობს ღვინოები, რომელთა გამო ნამდვილად ღირს ქვეყნის ერთი კიდედან მეორემდე მისვლა. დღეს თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ღვინის ტურით წახვიდეთ. ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული ქვეყანა ამ ტიპის ტურიზმისთვის საფრანგეთი და იტალიაა. მეღვინეობის ცნობილი რეგიონებია პიემონტი და ტოსკანა, ბორდო და ბურგუნდია, შაბლი და შამპანი, სადაც პირდაპირ კასრებიდან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინო. თუ ყველაზე გრძელი ღვინის მარნის და დიდი მიწისქვეშა ციხესიმაგრის ნახვა გწადიათ, შეგიძლიათ ქალაქ ბონში გაეშუროთ. ასევე პოპულარული ქვეყანაა ესპანეთი - რიოხა, შვეიცარია, სადაც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ვალე, გერმანია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე. მაგალითად ავსტრიაში, როგორც სხვა გერმანულენოვან რეგიონებში, სადაც ღვინოს წამყვანი ადგილი უჭირავს, ყიდვა-გაყიდვის 25% სწორედ ღვინის ტურიზმთანაა დაკავშირებული. ასევე ცნობილ ღვინის მწარმოებლებად ითვლებიან მოლდავეთი, ბულგარეთი, უკრაინა, საქართველო.
საქართევლოში, ბოლო პერიოდში, ტურიზმის სფეროსადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა ბიძგი მისცა ტურიზმის გამოცოცხლებას კახეთის რეგიონში. ტურისტების მოსაზიდად ამ რეგიონს ისეთი უპირატესობებიც აქვს, როგორიცაა კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლე, ვაშლოვნის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის და ლაგოდეხის ტერიტორიები, არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობები, რაც შესანიშნავი საფუძველია ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის. ყოველივეს ამის გათვალისწინებით, კახეთი, კერძოდ სიღნაღი, შესაძლოა, მალე ეკო-ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცეს. ტურიზმის ზრდა კარგი წინაპირობაა უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. თბილისიდან მოკლე ტურების განვითარებისთვის იდეალური იქნება სიღნაღის და თელავის ინფრასტრუქტურის შემდგომი რეაბილიტაციაც. ღვინის ტურებში, დეგუსტაციის გარდა, ვენახების, ღვინის მარნების მონახულებაც შედის. ხშირად ასეთი ტურისტული სქემები ღვინის ფესტივალებით და სხვადასხვა სპეციალური დღესასწაულებითაა გაჯერებული. ევროპაში ღვინის ფესტივალების გამართვის ძველი ტრადიცია კარგად არის შენარჩუნებული. სექტემბერ-ოქტომბერში ნებისმიერ მხარეს რომ წახვიდეთ, აუცილებლად წააწყდებით განცხადებას მეღვინეთა შეკრების შესახებ რომელიმე სოფელში ან აპელასიონში. ამგვარ ფესტივალებზე ხშირად გამოაქვთ ტრადიციული ადგილობრივი საკვები და ხელნაკეთი ნივთები,  რომლებიც ღვინის ისტორიულ-გეოგრაფიულ კონტექსტში დაგემოვნებაში დაგეხმარებათ. ევროპულ დღესასწაულებს შორის არის ე.წ. ღვინის აუქციონები, როგორიცაა ყოველ წელს, ნოემბერში ოსპის დე ბონის დღესასწაული (Hospices de Beaune) ბურგუნდიაში, ბოჟოლე ნუვოს დღესასწაულს საფრანგეთში. VdP- (Verband Deutscher Prädikats) აუქციონები გერმანიში, ღვინისა და საკვების ფესტივალი მარლბოროში (Marlborough Food & Wine Festival). ეგზოტიკის მოყვარულებისთვის კი ფოლკლორულ-გასტრონიმიული "შოუ-სადილები" კვიპროსზე, ესპანეთში, პორტუგალიაში. მაგალითად საფრანგეთში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ღვინის დღესასწაულზე და პარალელურად ფუა-გრას მომზადებაც სცადოთ, ან გაიგოთ ნორმანდიული სიდრის დაყენების საიდუმლო. არ შეიძლება არ აღინიშნოს "ლუდის" ტურები ჩეხეთში ან ოკტობერფესტი მიუნხენში. პროფესიონალი მეღვინეები ცდილობენ თავიანთი ტური რაიმე დღესასწაულს ან მოვლენას დაამთხვიონ, მაგალითად არსებობს ასევე სპეციალური ტურები, რომლებიც   სპეციალიზებულ ღვინის გამოფენას ეძღვნება.
ცნება "ღვინის ტური" სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ "ღვინის რუკის" მიხედვით იმოგზაურებთ. თუმცა ღვინის ტურის დროს ერთ-ერთი საჭირო ატრიბუტი მართლაც არის ღვინის ატლასი, სადაც ღვინის ყველა - კლასიკური თუ ახალი რეგიონის შესახებ საჭირო ინფორმაციაა მოცემული, დაწყებული ბორდოდან - არგენტინის მაღალმთიანი რეგიონით დასრულებული. არსებობს ინდივიდუალური ღვინის ტურებიც, რათა თქვენს ღვინის მოგზაურობას უფრო მეტი პიკანტური დეტალები შემატოთ. ტურის დაგეგმვისას პირველი ის არის, თუ დღეში რომელ ღვინის საწარმოში გეგმავთ სტუმრობას. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თავიდანვე ჩამოვყალიბდეთ, თუ რამდენ რეგიონში წახვალთ, რათა მოგზაურობა ძალიან ხანგრძლივი და დამქანცველი არ გამოგივიდეთ. იდეალურია ოთხი ან ნაკლები რეგიონის მონახულება (მათ შორის მანძილსაც გააჩნია). პროფესიონალებს 6-იდან 8-მდე ღვინის პუნქტში სტუმრობაც შეუძლიათ, რადაგან ისინი მიჩვეულნი არიან ბევრი ღვინის სწრაფ და ეფექტურ დეგუსტაციას. სპეციალიზებული "თემატური დეგუსტაციების" ორგანიზებას კი მეღვინეები და ენოლოგები გეგმავენ. ერთი საინტერესო დეტალი: სადეგუსტაციო ტურიზმში სრულიად ახალი და პოპულარული მიმართულება ღვინის თერაპიაა. ტურისტებს საშუალება ეძლევათ არა მარტო დააგემოვნონ ცნობილი ღვინოები, არამედ ისინი ტანზეც კი "იცხონ". ღვინის აბაზანების შემდგომ სხეულის სასიამოვნო შეგრძნებებთან ერთად მოგონებებიც უფრო მსუყე და მრავალშრიანი გექნებათ.
ტურიზმის თეორეტიკოსები ამბობენ, რომ 2020 წელს ტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობად სწორედ თემატური ტურიზმი იქცევა. ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში ბურგუნდია-ნორმანდია-შამპანიში ან პროვანსში ღვინო-გასტრონომიული ტურიზმის ფარგლებში სტუმრობა ოცნების სფერო იყო. ექსპერტების თქმით კი, დღეს საფრანგეთის ყველა ტურთაგან, დაახლოებით 5%-ს სწორედ ღვინის ტური შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ტურისტების დიდი ნაწილი დაიღალა ძვირი და ხმაურიანი მეგაპოლისებით, Dდღეს მათთვის პატარა, მყუდრო ქალაქები და სასტუმროები უფრო მიმზიდველია, რომელთა მეპატრონეებიც  თავად მასპინძლობენ საკუთარ სტუმრებს. ღვინის ტურების მსურველები პირობითად შეიძლება სამ გჯუფად დავყოთ. პირველი - ეს მომხმარებლებლების საკმაოდ ფართო წრეა, რომელთა ფოკუსშიც უფრო მოგზაურული შთაბეჭდილებებია მოქცეული, ანუ მათთვის ღვინო და გასტრონომია არ არის მთავარი თემა. ისინი ე.წ. "ეკონომ" კლასის მომსახურებას სჯერდებიან. მეორე ჯგუფში შეგვიძლია ის ტურისტები გავაერთიანოთ, რომელთაც სურთ სრულიად სხვა რაკურსით დაინახონ მათთვის ნაცნობი ქვეყანა. ამგვარ მოგზაურთათვის მიზანშეწონილია თემატური ჯგუფური ტურები. ყველაზე პოპულარული კი მესამე ჯგუფია. მას შეიძლება ის ადამიანები მივაკუთვნოთ, რომელთა პროფესია სწორედ ღვინოსთან და გასტონომიასთან არის დაკავშირებული. ეს ტურისტები მზად არიან სოლიდური თანხა გადაიხადონ ექსკლუზიური "სანახაობისთვის". მათთვის მთავარია "შეეხონ" თვითონ პროცესს - მონაწილეობა მიიღონ მოსავლის აღებაში, გააკეთონ საკუთარი ღვინის კუპაჟი. ხშირად ისეც ხდება, რომ მსურველი თავად სთავაზობს ტურ-ოპერატორს "ღვინის" რეგიონების და ღვინის სახლების არჩევანს, რომელსაც ის უნდა ეწვიოს. ესენი კი ნამდვილი "ღვინის ტურისტები" არიან, რომლებსაც მთავარი სიამოვნება სწორედ ღვინის გზაზე ელით.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.