Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავის ჭიქა - სიახლე რიდელის კოლექციაში

ნანა კობაიძე

ცოტა ხნის წინ "მარანში" რიდელების ცნობილი ოჯახის მეათე თაობის წარმომადგენელზე, გეორგ რიდელზე გიამბობდით, რომელიც მსოფლიოში ღვინის ჭიქების წამყვანი კომპანიის, Riedel-ის მფლობელი და ხელმძღვანელია. ეს ადამიანი მნიშვნელოვნად განაპირობებს სასმელის წარმატებას მსოფლიო ბაზარზე. მის მიერ კონკრეტული ღვინის ჭიქის შექმნა სასმელის აღიარებას ნიშნავს. რიდელს არაერთი ცნობილი ჯიშისა თუ ღვინისთვის აქვს შექმნილი პერსონალური ბოკალი. სულ მალე მათ რიცხვში საფერავიც შევა. ეს ფაქტი ქართული ღვინისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც მისი ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ორი კვირის წინ, ვინექსპო 2014-ის ფარგლებში, რიდელი თბილისში იმყოფებოდა ეროვნული სესიის ჩასატარებლად, სადაც საფერავის მომავალი ჭიქის პროტოტიპი შეარჩიეს. მისი ვიზიტის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ, მანამდე კი დაინტერესებულ მკითხველს გეორგ რიდელისა და მისი კომპანიის ისტორიას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.     

ოფიციალური დოსიე

გეორგ იოზეფ რიდელმა საოჯახო კომპანიაში მუშაობა 1973 წლიდან დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით 250-წლიანი ისტორიის მქონე საწარმო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა სპეციალიზებული ღვინის ჭიქების წარმოებაში. ამას ხელი შეუწყო შვილობილი კომპანიების გახსნამ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, გერმანიაში, იაპონიაში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში. ცალკეული შეკვეთების გარდა, კომპანია სხვადასხვა კოლექციის შექმნაზეც მუშაობდა. 1986 წელს გეორგმა წარმოებაში ჩაუშვა სერია Vinum - ბესტსელერი, რომელმაც მათი ბოკლები ჩვეულებრივი მყიდველისთვის გაცილებით დემოკრატიული და ხელმისაწვდომი გახადა. 2004 წელს კომპანია ორ მსხვილ გერმანულ მინის საწარმოსთან გაერთიანდა. შეიქმნა კონგლომერატი სახელწოდებით Riedel Glass Works, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მინის მწარმოებელია.

1996 წელს გეორგ რიდელი ბრიტანულმა ღვინის ჟურნალმა Decanter-მა "წლის ადამიანად" დაასახელა. 2006 წელს დააჯილდოვეს ორდენით ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, 2007 წელს - ტიროლის ორდენი მიენიჭა. 2009-ში ვენის გაზეთმა Wirtschaftsblatt წლის ბიზნესმენად დაასახელა. ეს მისი ჯილდოების არასრული ჩამონათვალია, თუმცა მთავარი ჯილდო მსოფლიო აღიარებაა, რომელიც გეორგს მისი და მისი წინაპრების მუხლჩაუხრელმა შრომამ და საქმისადმი თავდადებამ მოუტანა.

პროფესიული და ცხოვრების ფილოსოფია

"მე ვარ ადამიანი, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს და უკან არ იხედება" - ასეთია მისი პროფესიული და ცხოვრების ფილოსოფია. წარმატებისMმიუხედავად, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და გამუდმებით კომპანიის განვითარებაზე ზრუნავს. როგორც გითხარით, გეორგ რიდელი საგვარეულოს მეათე თაობის წარმომადგენელია. თითოეული თაობა კომპანიის განვითარებაში თავის სიტყვას ამბობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ გეორგის მამის, კლაუს რიდელის ღვაწლია, რომელმაც თავის დროზე რევოლუციური გარღვევა მოახდინა - შექმნა ჭიქები, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიომ ღვინის გემო და არომატი ახლებურად აღიქვა. "შიგთავსი განაპირობებს ფორმას" - ასეთი იყო მისი პრინციპი.

გამოცდილ დეგუსტატორებთან მუშაობისას კლაუს რიდელმა აღმოაჩინა, რომ ჩვეულებრივთან შედარებით, მის მიერ შექმნილ ჭიქებში ღვინო გაცილებით უკეთ "იხსნებოდა." ბოკლები, რომლებიც სადა, დახვეწილი ფორმით გამოირჩეოდა და ფუნქციურადაც "დატვირთული" იყო, ბაზარზე 1960 წელს გამოჩნდა. მათ მომენტალურად დაიპყრეს მსოფლიო. რიდელის ჭიქები ამ სფეროს ეტალონი გახდა და პირველობას დღემდე ინარჩუნებს.

1973 წელს კლაუსმა სერია Sommelier შექმნა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ღვინის ბოკლებთან დაკავშირებული ყველა მიდგომა და წარმოდგენა. ხელნაკეთი ჭიქები პროფესიული დეგუსტაციისთვის იყო განკუთვნილი. დროთა განმავლობაში რიდელი მიხვდა, რომ მანამდე არსებული სასმისები ძალიან პატარა იყო ღვინის კარგად "გასაშლელად" და შესაძლებლობათა საჩვენებლად, მის მიერ შექმნილი ფორმები კი სასმელს დადებითი მხარეების წარმოჩენაში ეხმარებოდა. სერია ელვის სისწრაფით გავრცელდა მსოფლიოში და ამ სფეროს პროფესიონალთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. "საუკეთესო ჭიქებია როგორც ღვინის პროფესიული დეგუსტაციის, ასევე სასმელით ტკბობისთვის. ვერ აგიღწერთ, რაოდენ განსხვავდება ამ ჭიქებში ჩამოსხმული კარგი ხარისხის ღვინის გემო ჩვულებრივი ჭიქებისგან" - წერდა ერთ-ერთ გამოცემაში რობერტ პარკერი.

ჭიქის ანატომია

რიდელის თეორია არომატების შესახებ ენის ბიოლოგიურ აგებულებას ეფუძნება: სხვადასხვა მონაკვეთი განსხვავებულ რეცეპტორთა აღქმაზეა პასუხისმგებელი. სიტკბოს ენის წვერით ვგრძნობთ, სიმწარეს - უკანა ნაწილით, მჟავე და მლაშე გემოების შეგრძნებას კიდეებზე განლაგებული რეცეპტორები განაპირობებს. ფართოპირიანი სასმისით ღვინო ენის წვერისკენ მიემართება, ვიწროპირიანით - უკანა ნაწილისკენ. სწორი ჭიქის საიდუმლო იმაშია, რომ სასმელი ენის კონკრეტული ნაწილისკენ მიმართოს, ამასთან, ღვინის მჟავიანობა და ხილის არომატი დაბალანსებული უნდა იყოს. გეორგ რიდელმა მამის თეორია კიდევ უფრო განავითარა და სხვადასხვა ჯიშის ყურძნისთვის განსხვავებული ბოკლები შექმნა.       

"საოცარი და საინტერესო სამუშაოა, თუმცა ძალზე შრომატევადი. უფრო არქიტექტურულ პროცესს ჰგავს, ვიდრე მხატვრულს. შექმნის პროცესში თითოეული ბოკალი უამრავ დეგუსტაციას ითხოვს. ყველაზე მიმზიდველი მაინც იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა, რომელსაც საკუთარ თავზე იღებ, როდესაც კონკრეტული ჯიშის, სტილის ან ღვინის რეგიონის ცნებას ქმნი; განამტკიცებ კომპანიის რეპუტაციას, რომელიც შენამდე ათწლეულების ისტორიას ითვლის. ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერება სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს. ეს ნამდვილი საჩუქარია" - ამბობს გეორგ რიდელი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას.

კაბერნე, შირაზი, შარდონე, პინო ნუარი, მალბეკი... ამ და სხვა მნიშვნელოვანი ჯიშების სიას, რომელთათვისაც გეორგ რიდელმა პერსონალური ბოკალი შექმნა, მალე საფერავიც დაემატება. სწორედ საფერავის ჭიქის შესარჩევი სესიისთვის ჩამოვიდა თბილისში ბატონი რიდელი. ამ ფაქტს წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესი უძღოდა, რომელსაც საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო კურირებდნენ. ყველაფერი კი ამ ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის ოცნებით დაიწყო.                                     

ოცნებიდან - რეალობამდე

რიდელის მიერ საფერავის ჭიქის შექმნის შალვა ხეცურიანს შვიდიოდე წლის წინათ გაუჩნდა, როდესაც ერთ-ერთ ქვეყანაში მისი ჭიქით სასმელს აგემოვნებდა. იხსენებს - ვსვამდი და ჭიქაში საფერავს ვხედავდიო. ოცნების რეალობად ქცევას არცთუ ცოტა დრო დასჭირდა. მოლაპარაკებას კომერციული მხარეც ართულებდა - ბოკალის შექმნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით ყველა დაბრკოლება გადალახეს და 2014 წლის იანვარში საქართველოს სომელიეთა ასოციაციასა და კომპანია Riedel-ს შორის კონტრაქტი გააფორმეს. ამის შემდეგ დაიწყო მზადება ეროვნული სესიისთვის, რომელსაც საფერავის ჭიქის პროტოტიპი უნდა გამოევლინა. ორგანიზატორებმა ეს ღონისძიება ღვინის საერთაშორისო გამოფენა "ვინექსპოს" დაამთხვიეს, სადაც ამ დღეებში უამრავი მეღვინე და ენოლოგი იყრის თავს.

გეორგ რიდელი თბილისს სულ რაღაც დღენახევრით ესტუმრა, თუმცა მასტერკლასის გამართვაც მოასწრო და სესიის ჩატარებაც. შალვა ხეცურიანის თქმით, ბევრს არ სჯეროდა მისი ჩამოსვლის, რადგან ცნობილია, რომ მოგზაურობა არ უყვარს, მაგრამ დიდი ძალისხმევით მისი დაყოლიება მოხერხდა.

ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა წყაროდან გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა ამას სიღრმისეულ ცოდნას ვერ ვუწოდებთ. იმის გამო, რომ ენოლოგი არ არის და დეტალებში ვერ ერკვევა, მუდმივად ეკითხება რჩევას პროფესიონალებს, ახალ ბოკალსაც მათთან კონსულტაციით ქმნის. როგორც წესი, დიდი კომპანიები ან ქვეყნები თავად მიმართავენ განსაკუთრებული ბრენდული ღვინისთვის ჭიქის შესაქმნელად. თვითონ ინიციატივას ნაკლებად ავლენს. ჩვენამდე, მაგალითად, არგენტინას შეუქმნა მალბეკის ჭიქა. რაც შეეხება ჭიქის ფორმის შერჩევას, შემუშავებული აქვს მეთოდოლოგია, რომელიც სესიების ჩატარებაში გამოიხატება და სტანდარტულად იყენებს. ამ პროცესში ყოველთვის ჩართულია, თუმცა გადამწყვეტი ხმის უფლებით არ სარგებლობს - ერთ-ერთი მონაწილე და ფაქტობრივად, მოდერატორია. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც.

დღე პირველი - დეგუსტაცია

ვიზიტის პირველ დღეს რიდელმა ქართველ ღვინის მოყვარულთა და პროფესიონალთათვის მასტერკლასი გამართა, რომლის ფარგლებში წითელი ღვინის დეგუსტაცია მოაწყო და პრაქტიკულად აუხსნა დამსწრე საზოგადოებას, როგორ ცვლის სასმელის ფორმა ღვინის გემოს. მონაწილეთა შორის იყვნენ ღვინის სპეციალისტები, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები და უბრალო მოყვარულებიც. სულ ასმა კაცმა მოიყარა თავი. ერთ-ერთი გახლდათ მეღვინე იაგო ბიტარიშვილი. "ძალიან საინტერესო დეგუსტაცია იყო, რომელიც წყლის დაგემოვნებით დაიწყო. ბევრს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ რიდელის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ჭიქაში წყალსაც კი განსხვავებული გემო ჰქონდა. მეორე ეტაპი ღვინის დაგემოვნება გახლდათ. ჩამოტანილი ჰქონდა სამი ყველაზე სახასიათო წითელი ღვინო, რომელთაც სამი ჭიქიდან ვსინჯავდით - კაბერნე სოვინიონის, პინო ნუარისა და შირაზის. თითოეულ შემთხვევაში გვიხსნიდა, რა განსხვავებაა, როდესაც კაბერნე სოვინიონს კონკრეტულად მისთვის შექმნილი ჭიქით სინჯავ. ზოგიერთს ჰგონია, რომ ღვინის ჭიქა მხოლოდ არომატს ხსნის, ამ ადამიანმა კი დაამტკიცა, რომ გემოსა და არომატს შორის ბალანსი უნდა არსებობდეს. იდეალურია ჭიქა, სადაც სასმელის არომატი და გემური თვისებები ჰარმონიაშია. პუბლიკის ნაწილისთვის ეს აღმოჩენა იყო, ნაწილმა კი კიდევ ერთხელ გადაამოწმა თავისი გამოცდილება ამ მიმართულებით. ერთი რამ ცხადია - რიდელმა შეძლო დაერწმუნებინა დამსწრე საზოგადოება, რომ სასმისის ფორმას ღვინის სწორად აღქმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს" - გვითხრა მან.

გამარჯვებული -  ჭიქა ნომერი 11

მეორე დღეს ჩატარდა სესია, რომელიც რიდელის მიერ შემუშავებული სქემით წარიმართა. მასში მხოლოდ დარგის პროფესიონალები მონაწილეობდნენ. 99 ღვინის სპეციალისტი სამ ჯგუფად დაიყო, თითოეულს 16 ბოკალი დაურიგდა, საიდანაც ეტაპობრივი გამორიცხვის მეთოდით ერთი უნდა დაეტოვებინათ - ნიმუში, რომელიც საფერავის მომავალი ჭიქის პროტოტიპი გახდებოდა. როგორც შალვა ხეცურიანმა გვითხრა, რიდელის მუშაობის პრინციპი ყველგან ერთნაირია: საწყის ეტაპზე მონაწილეებს სასმისების გარკვეულ რაოდენობას სთავაზობს, რომელთა შორის ყოველთვის არის 1-2 ისეთი, რომელიც მისი აზრით, კონკრეტულ ღვინოს ყველაზე მეტად შეეფერება, თუმცა მონაწილეებმა ამის შესახებ არ იციან. მისი არჩევანი ხან ამართლებს, ხან - ვერა. მალბეკთან, მაგალითად, გაუმართლა, საფერავის შემთხვევაში კი ღვინის ქართველმა სპეციალისტება სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

"ღვინოს ყველა სასმისიდან ვსინჯავდით და ნელ-ნელა გამოვრიცხავდით ჭიქებს, სადაც საფერავის არომატი და გემო შედარებით ნაკლებად იგრძნობოდა - გვითხრა დეგუსტაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა. - ზოგადად ღვინის დეგუსტაცია სამი ეტაპისგან შედგება: ფასდება ვიზუალური მხარე, სურნელი და გემო. ამ შემთხვევაში გემო და არომატი გვაინტერესებდა. მსგავს სესიებზე მონაწილეები დამოუკიდებლად მუშაობენ, ამიტომ მათი შედეგი განსაკუთრებით საინტერესოა. საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებულიც - ბოკალი ნომრით 11, რომელიც სამივე ჯგუფის რჩეული აღმოჩნდა. მასში საფერავის გემო და თვისებები ყველაზე კარგად წარმოჩინდა. სხვათა შორის, ის დაახლოებით იმეორებსEჭიქის ფორმას, რომელსაც გამოფენაზე ვიყენებდით, იმ განსხვავებით, რომ ცოტა დიდია. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური სიახლე არ ყოფილა, ეს ფაქტი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალზე მნივნელოვანია. რიდელი სადეგუსტაციო ბოკალთა წარმოების ლიდერია, ამიტომ მის მიერ საფერავის ჭიქის შექმნა დადებითად აისახება მომხმარებელზე, განსაკუთრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ."

ამ ფაქტის მნიშვნელობაზე საუბრობს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, შალვა ხეცურიანიც: "ქართულ ღვინოს ორი დიდი ლოკომოტივი აქვს. უფრო სწორად, ერთი - ძალიან დიდი, მეორე - შედარებით პატარა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო. პირველი  საფერავია, საერთაშორისო კლასის ჯიში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ღვინის სამყაროსთვის უფრო საინტერესო გავხდეთ. მეღვინეობით ცნობილი ქვეყნები თავის ტოლ ღვინის ცივილიზაციად სწორედ ამ ჯიშით მიგვიჩნევენ. მეორე - თეთრი ქვევრის ღვინო, რომელიც ასეთი ცნობადი არ არის – ძალიან ნიშურია და მომხმარებლის კარგად გაცნობიერებას მოითხოვს, თუმცა სწორი შეფუთვის შემთხვევაში -  არანაკლებ საინტერესო. მთავარი მაინც საფერავია, რომლითაც კიდევ უფრო დავაინტერესებთ მსოფლიოს და ამაში რიდელის შექმნილი საფერავის ბოკალი დაგვეხმარება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი კონკრეტული სასმელის აღიარებას ნიშნავს. თუ რიდელმა ღვინისთვის ბოკალის შექმნა გადაწყვიტა, ესე იგი ღვინო ამად ღირს."

ბოლოთქმის მაგივრად

ერთი სიტყვით, საფერავის მომავალი ჭიქის პროტოტიპი შერჩეულია. სესიის მონაწილეთა თქმით, ბოკალი ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი და დახვეწილია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შემდეგ ეტაპზე რიდელი უნიკალურ ბოკალთა რამდენიმე ნიმუშს გამოგზავნის. მათ ქართველი ღვინის სპეციალისტები დატესტავენ და იმ ერთ უნიკალურ ჭიქას შეარჩევენ, რომლითაც მომავალში ამ ღვინოს მთელ მსოფლიოს წარუდგენენ. სავარაუდოდ, ეს პროცესი წელსვე უნდა დასრულდეს. შალვა ხეცურიანის თქმით, რიდელთან თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი კახური ჯიშების ქვევრის თეთრი ღვინისთვის ასევე უნიკალური სასმისის შექმნას ითვალისწინებს, მესამე ჭიქის შექმნას კი ჭაჭისთვის გეგმავენ - ეს უკვე მომავალი წლის პროგრამა-მაქსიმუმია. ორგანიზატორები თითოეული ჭიქის დაბადების აღნიშვნას დიდი დღესასწაულით აპირებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დღესასწაულთა მომსწრე სულ მალე გავხდებით.

ფოტო: იური მეჩითოვის

© ღვინის კლუბი /Weekend



ხომ არ გაქვთ ინფორმაცია როდიდან და სად შეიძლება ამ ჭიქის შეძენა? მადლობა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული