Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნათია მახარაშვილის სექტემბრის 5 რჩეული ღვინო

გამარჯობა მეგობრებო, მე ნათია ვარ, 8000 მოსავლის სომელიე და დღეს გაგაცნობთ ამ თვის ჩემ ფავორიტ 5 ღვინოს. ბევრი არ მიფიქრია თუ რომელ ღვინოებზე მესაუბრა თქვენთან, იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებით დამამახსოვრა თითოეულმა მათგანმა თავი სექტემბრის თვეში. შემდგომ მომიწია იმაზე ფიქრი, თუ რა თემატიკაში ჯდებოდა ეს 5 საუცხოო ნიმუში და ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ ალბათ უბრალოდ საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავიანთ რეგიონს, ჯიშს და მეღვინეობის მიმართულებას.

ხაშმის საფერავი, ხაშმი ჰილს, 2021

საოჯახო მეღვინეობა ხაშმი ჰილსი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში, დღეს აწარმოებს ადგილწარმოშობის ღვინოს ხაშმის საფერავს, რომელსაც კლასიკური ტექონოლოგიით აყენებენ. მათი მიმართულება ნატურალური მეღვინეობაა. როდესაც ხაშმის საფერავზე ვიყწყებ ფიქრს, მახსენდება მისი გამორჩეული ხასიათი, სინაზე და ექსპრესიულობა. სწორედ ასე დამამახსოვრა თავი ამ ღვინომ. ალბათ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რა ემოციები გამოიწვია ჩემში ამ ღვინის დაგემოვნებამ, მაგრამ მარტივად რომ დავახასიათო, იდეალური შერწყმაა ცინცხალი მჟავიანობის, საოცარი არომატების, გამყოლი გემოსი და დიდი პიროვნულობის. არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი საოცარი შეფერილობაც, რომელიც თითქოს წარმოდგენას გიქმნის თუ როგორი ღვინო დაგხვდება. არომატებიდან გამოვარჩევდი კენკროვანებს, განსაკუთრებით მოცვს, მაყვალს და ქლიავის ჩირს. მცირეხნიანი დეკანტაციის შემდეგ თითქოს ღვინო უფრო მწიფდება. ალბათ ყველაზე მეტად მისმა გემომ მომხიბლა, იშვიათია ნაზი ტანინებისა და ცინცხალი მჟავიანობის მსგავსი შერწყმა. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. 

ხიხვი, მზევინო, 2017

საოჯახო მეღვინეობა მზევინო, რომელიც თელავში მდებარეობს, დღეს რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრა თავი ხიხვმა, რომელიც ქვევრშია დადუღებული და დავარგებული. მიუხედავად იმისა, რომ აქვთ შედარებით მსუბუქი ღვინოებიც, ალბათ ვიტყოდი, რომ მათი სტილი სტრუქტურულად ძლიერი ღვინოებია. როდესაც ხიხვი გავსინჯე, ძალიან ემოციურად აღვნიშნე, რომ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ხიხვი იყო, რაც გამისინჯავს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახასიათოც. მეღვინეობას ვენახები სხვადასხვა სოფელში აქვს, მაგრამ კონკრეტულად ხიხვი არის ახმეტის რეგიონიდან. ალბათ მიხვდებით კიდეც თუ დაგემოვნებული გაქვთ ახმეტის რეგიონის ღვინოები, რომ განსაკუთრებით ძლიერი ხასიათი აქვთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2017 წლის მოსავალია, სასიამოვნო ბუკეტი აქვს განვითარებული და ისევ ღირსეულად უჭირავს თავი. ხიხვისთვის დამახასიათებელ ტკბილ არომატებს სასიამოვნოდ ერწყმის გამხმარი ფოთლების და სანელებლების არომატი. გამოვარჩევდი ხურმის ჩირს, ნესვის ჩირს, ლეღვის მურაბას. მცირეხნიანი დეკანტაციის შემდეგ ბუკეტი უფრო იხსნება და იშლება ისეთი არომატები, რომლებიც შემოდგომას გვახსენებს. სწორედ ამიტომ ვიტყოდი, რომ იგი შემოდგომის ღვინოა. ულამაზესი შეფერილობა აქვს, ოქროსფერი ელფერი დაკრავს. გემოზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ტანინებია, რომელიც სასიამოვნოდ გვიშრობს პირს, ძალიან გამყოლი და ხავერდოვანი გემო აქვს. ჰარმონიულია, არომატები მეორდება და რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის არც ერთი შემადგენელი კომპონენტი არ არის ამოვარდნილი.

ალექსანდროული, ადონისო, 2021

ჩემ საყვარელ მსუბუქ წითელ ღვინოზე რომ მეკითხებიან, არ შემიძლია, რომ ალექსანდროულზე არ ვილაპარაკო. ახლახანს გავსინჯე ადონისოს ალექსანდროული, რომელიც ძალიან დამამახსოვრდა. ვიტყოდი, რომ განსხვავებული და უნიკალური გემოს მქონე ღვინოა. მარანი რაჭაში მდებარეობს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში. მხოლოდ ამ ღვინოს არ აწარმოებს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს ნიმუში განსაკუთრებულად საინტერესოა. ალბათ სხვა ალექსანდროულებისგან ის ფაქტი გამოარჩევს, რომ ალკოჰოლური დუღილი მუხის ჩანში და შემდგომი სტაბილიზაცია უჟანგავ ცისტერნაში გაიარა. ალექსანდროული იმიტომ მომწონს, რომ საკმაოდ ნაზი და ელეგანტური გემო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებით კენკროვან და ხილის არომატებს, როგორიცაა ჟოლო და რაჭული შინდი, ჩემთვის მასში განსაკუთრებით ჭარბობს ყვავილოვანი და მცენარეული არომატები. სახასიათო თამბაქოს არომატი გემოშიც საკმაოდ კარგად იგრძნობა. 

გემოზე მშრალია, სასიამოვნო მჟავიანობა გვაწონებს თავს, რასაც ამძაფრებს შინდის არომატი, დიმინანტია თამბაქო და მას სასიამოვნოდ ერწყმის ალუბლის ტონებიც. 

რქაწითელი/ქისი, იგი, 2021

როდესაც ნიკოლოზმა ეს ღვინო მოგვიტანა 8000 მოსავალში, ძალიან გამიხარდა. განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ახალგაზარდა მეღვინეებს და მათ საინტერესო ნამუშევრებს. სულ რაღაც 669 ბოთლი გამოუვიდა ამ წელს ღვინო. საინტრესო ეტიკეტზე რომ არ ვთქვა რაიმე, ალბათ არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. მან საქართველოს მეღვინეობა სწორედ ამ ეტიკეტში ჩააქსოვა და დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა. რქაწითელი 60% და ქისი 40% კონდოლიდან ქვევრში დადუღებული და დავარგებულია. სხვა ღვინოებისგან გამოირჩევა იმით, რომ ალკოჰოლური დუღილის შემდეგ მხოლოდ 30% ჭაჭაზე მოხდა დავარგება 6 თვით. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ამ ღვინოში კარგად ჩანს ორივე ყურძნის ხასიათი. არომატზე კარგად გამოხატული გამომშრალი ხილი იგრძნობა, ხმელ ბალახთან ერთად. გამოვარჩევდი ხურმის და თეთრი ბლის მურაბის არომატებს. გემოზე ჭარბობს ხმელი ბალახი. ჰარმონიული ღვინოა, სასიამოვნო მჟავიანობის და ტანინების გარდა საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. 

ქისი, იქვე, 2021

საოჯახო მეღვინეობა იქვე, რომელიც კახეთში მდებარეობს და ნატურალურ ღვინოებს აწარმოებს, დღეს საკმაოდ საინტერესო და სახასიათო ღვიონოებითაა წარმოდგენილი. 2021 წელს დაახლოებით 4500 ბოთლი ღვინო აწარმოეს, რომელთა შორის ქისს გამოვარჩევდი მაღრაანიდან. დადუღებულია და დავარგებულია ქვევრში ტრადიციულად და ვაღიარებ, რომ უთბილესი და საინტერესო შეფუთვის გამო გადავწყვიტე მათი ღვინოების დაგემოვნება. ყველაზე მეტად ღვინის შეფერილობა მომეწონა. კარგად დამწიფებული ხურმის ფერი ქონდა და თითქოს მელაპარაკებოდა და მიხსნიდა თუ როგორი იქნებოდა. არომატმა და გემომ იმედები არ გამიცრუა. საოცარ სურნელთან ერთად და შესანიშნავი გემოც დამხვდა. არომატებში გამომშრალი ხილი, განსაკუთრებით კომში, ხურმა, ნესვი ჭარბობს, რაც შემდგომ უფრო იხსნება და მურაბებში გადადის. გემოზე ნაზი ტანინები და საკმაოდ საინტერესო მჟავიანობა დამხვდა, რომელიც კარგად ეხამებოდა ტკბილ არომატებს.

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული