Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოში საუკეთესო ადგილები ღვინის ტურისტებისთვის

მილიონობით ინტერნეტმომხმარებელმა მსოფლიოს ის საუკეთესო ადგილები დაასახელა, სადაც ცნობისმოყვარე ღვინის ტურისტს ყველაზე მეტი სიამოვნების მიღება შეუძლია. დასახელებულ რეგიონებს შორის არის როგორც საკმაოდ ცნობილი ადგილები, მაგალითად, ნაპას ველი და ტოსკანა, ასევე ენოფილთათვის დღემდე უცნობი რეგიონები. ამ გამოკითხვის ჩატარება ტურისტულმა პორტალმა TripAdvisor-მა ითავა. მან თავის მკითხველებს ღვინის ტურიზმისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილების დასახელება თხოვა. საბოლოო ჯამში, სამი კატეგორია გამოიკვეთა: აშშ, ევროპა და ავსტრალაზია (ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვა რეგიონები). დასახელდა თითოეული მათგანის 10 საუკეთესო ადგილი ენოფილი  ტურისტებისთვის. ამერიკაში ასეთ ადგილებს შორის საუკეთესოდ მიიჩნიეს სონომას ოლქი, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. სონომა ანუ მთვარის ველი მეღვინეობის რეგიონია, სადაც პირველი ვენახები რუსმა კოლონისტებმა ჯერ კიდევ 1812 წელს ჩაყარეს. ღვინის ტურიზმიდან ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს აღწევს, ყოველწლიურად სონომას 7,4 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. აშშ-ში მეორე ადგილზე ნაპას ველი გავიდა - ამერიკის ცნობილი ღვინის მწარმოებელი რეგიონი, რომელიც ასევე კალიფორნიაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სონომაში იმდენ ღვინოს არ აწარმოებენ, რამდენსაც ნაპას ველზე. TripAdvisor-ის მკითხველებმა ეს ადგილი იმ არაჩვეულებრივი ატმოსფეროს გამო შეარჩიეს, რომელიც იქ მყოფ ადამიანს სასიამოვნოდ ადუნებს და ხიბლავს. მხედველობაში იყო მიღებული ასევე ადგილობრივი სპა სალონები და ღვინის ფართო ასორტიმენტიც. აშშ-ს სამეულს ორეგონის შტატში მდებარე ვილამეტის დაბლობი აგვირგვინებს. ამ დაბლობის, როგორც ღვინის მწარმოებელი რეგიონის, პოტენციალი მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იქნა აღმოჩენილი. ათეულში მოხვდნენ ასევე ენოფილთათვის ნაკლებად ცნობილი ადგილები: ნიუ-იორკის შტატის რეგიონი ფინგერ ლეიკსი, ლონგ აილენდი, კალიფორნიის ქალაქები პასო რობლსი, პლიმუტი და ტემეკულა, უოლა-უოლა ვაშინგტონის შტატიდან და პალისეიდი კოლორადოდან. ევროპაში ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო ადგილად იტალიის რეგიონი ტოსკანა აღიარეს, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის და დიდი რაოდენობით ღვინის – განსაკუთრებით კი კიანტისა და სუპერტოსკანას - წარმოებით არის ცნობილი. მეორე ადგილზე აკვიტანია დასახელდა, რომელიც უძველეს დროს რომის იმპერიის პროვინცია იყო, მესამე ადგილზე კი საფრანგეთის სახელგანთქმული რეგიონი - პროვანსი - გავიდა. ევროპულ ათეულში მოხვდნენ ასევე იტალიური უმბრია და სიცილია, ფრანგული  ლანგედოკ-რუსიიონი, ბურგუნდია, შამპან-არდენი, ესპანური კოსტა-დე-ლა-ლუზი და პორტუგალიური პორტო. როგორც ხედავთ, რეიტინგში ევროპული ქვეყნებიდან იტალია და საფრანგეთი ლიდერობენ. ავსტრალაზიაში ენოფილებმა უპირატესობა ჰანტერის დაბლობს მიანიჭეს. პირველ ვენახებს, რომლებსაც ღვინის წარმოების დანიშნულება ჰქონდათ, აქ 1830 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. რეგიონი თავდაპირველად შემაგრებული ღვინის წარმოებით იყო ცნობილი, დღეს კი მსოფლიოში აღიარებულ, სუფრის თეთრ და წითელ ღვინოებს აწარმოებს. ღვინის წარმოებით ახალი ზელანდიის ქალაქი ოკლენდი და კენტერბერის რეგიონიც გამოირჩევა. ტურისტებმა ავსტრალაზიის რეგიონში მიმზიდველ ადგილებად დაასახელეს ასევე: ქვინსთაუნი, გისბორნი, ჰოკს-ბეი, მარლბორო (ყველა მათგანი ახალ ზელანდიაში მდებარეობს) და ავსტრალიაში მდებარე ბაროსას ველი, მდინარე მარგარეტის რაიონი და მაკლარენის დაბლობი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.