ალკოჰოლი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მთელს მსოფლიოში იმაზე მეტი ადამიანი მიირთმევს ალკოჰოლურ სასმელს, ვიდრე ეს აქამდე იყო, რამდენიმე ათეული წლის წინ. შემაგრებული ღვინის ბაზარიც თუ 2021 წელს 13,84 მლრდ. აშშ დოლარად ფასდებოდა, გასულ წელს 15,57 მლრდ იყო, 2030 წლისთვის კი პროგნოზირებენ, რომ 40 მლრდ -მდე გაიზრდება. საწარმოებში ტექნოლოგიური წინსვლა, გემოს დახვეწა და სხვადასხვა ინოვაცია ამ კატეგორიის ბაზარზე მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ბევრი საუბრობს, რომ შემაგრებულ ღვინოს ჯანმრთელობის თვალსაზრისით გარკვეული სარგებელი მოაქვს. ეს, ვინ იცის, რამდენად მართალია, თუმცა ფაქტია, მოთხოვნა ძალიან მზარდია.
იმისთვის, რომ შემაგრებული ღვინის ხარისხი მაქსიმალურად შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და ინდოეთი, ძალიან ბევრი მარეგულირებელი რეკომენდაციაა. COVID-19 პანდემიის დროს ტრანსპორტირება შეფერხდა, რამაც საქონლის მიწოდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეამცირა, ამან შემაგრებული ღვინის წარმოებაზეც მოახდინა გავლენა, თუმცა ძალიან აქტიურ კამპანიას ღვინის ამ კატეგორიის წახალისებაზე მომდევნო წლებში მისი უფრო აქტიურად მოხმარება მოჰყვა.
ყველაზე დიდი სეგმენტი ბაზარზე ვერმუტს უჭირავს, ყველაზე სწრაფად მზარდი შემაგრებული ღვინო კი შერია (sherry), შემდეგ კი პორტვეინი. ვერმუტმა 2022 წელს მსოფლიოს შემაგრებული ღვინის ბაზრის შემოსავლის 65%-ზე მეტი შეადგინა, კვლევის მიხედვით კი ვარაუდობენ, რომ კიდევ 13%-ით გაიზრდება ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის. მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, გერმანიასა ად იტალიაში. მოსალოდნელია შერის სეგმენტიდ სწრაფი განვითარებაც, რომელიც დასავლეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბევრი ამბობს, რომ შერის ჯანმრთელობის მხრივ სარგებელი მოაქვს, როგორიცაა ქოლესტერინისა და ანტიოქსიდანტების შენარჩუნება, ჰიპოთერმიის შემცირება და მრავალი სხვა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ მიზეზით პროდუქტმა კიდევ უფრო მეტი ახალი მომხმარებელი შეიძინა.
2022 წელს ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებსა და ბარებში შემაგრებულ ღვინოს 35%-ზე მეტი წილი უჭირავს. მწარმოებლები საქონელს სხვა გზებითაც ყიდიან: “გამომდინარე იქიდან, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება ალკოჰოლური სასმელების მაღაზიების რაოდენობა და მომხმარებლებს უფრო მარტივად შეუძლიათ მისი შეძენა, კიდევ უფრო ზრდის ამ კატეგორიის პროდუქტზე მოთხოვნას.” - წერს ავტორი.
გასულ წელს შემაგრებული ღვინის ინდუსტრიის 45%-ზე მეტს ევროპა შეადგენდა, თუმცა ამის მიუხედავად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს ყველაზე სწრაფად მზარდად მიიჩნევენ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი