Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭურის სარეცხი იარაღები

ლევან გაბუნია

ძეგლის მეგობარი - 1976, N42
 
ქართულ მარანს მეღვინეობის სხვა ინვენტარებთან ერთად დღემდე შემორჩა ჭურის გასარეცხი იარაღები: სარცხელი, ოჭიორა, ონსილო და სხვა.
იმერეთში ჩვენს მიერ დადასტურებული ამ რიგის იარაღები დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს შესაბამის ინვენტარებთან.
სარცხლის ფონეტიკურ სახესხვაობათაგან სარცხის||სარცხი||სარცხელი - ივ. ჯავახიშვილი უძველესად მიიჩნევს სარცხელს. ეს ფორმა XIXს. შუა ხანებისათვის შემორჩენილი იყო ქართლში, იმერეთსა და რაჭაში. მკვლევარი ვარაუდობდა რომ ფორმა სარცხელი გასული საუკუნის დამლევისათვის მხოლოდ ლეჩხუმშიღა შემორჩა, ხოლო დასავლეთ საქართველოში (იმერეთსა და რაჭის თემებში) ამ დროს იხმარებოდა სარცხი. ამასთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმერეთში ამჟამადაც ზემოაღნიშნული სამივე ფორმა დასტურდება (გარდა ამისა ქვ. იმერეთის ზოგ ადგილებში ამბობენ სარეცხელასაც). ამათგან უფრო ფართოდ გავრცელებული ფორმაა სარცხი.
სარცხი ორგვარია: საქვედაო და საზედაო. დიდ "ჩასავალ ჭურებს” მრეცხავი შიგ ჩასული რეცხავს საქვედაო სარცხლით, ხოლო პატარა ჭურები ირეცხება საზედაო სარცხით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს გრძელ ტარს (ჩვეულებრივ თხილისას), რომლის ბოლოზეც მჭიდროდ წამოცმულია ბალამწარას ქერქის (ოფიჭოს) ოთხკუთხოვანი ან ოვალური მოყვანილობის ნაჭრების წყება. საქვედაო სარცხს აქვს მოკლე, ორივე ხელით წასავლები ტარი, რომლის შუაზეც ამგვარადვეა წამოცმული და გამაგრებული ოფიჭოს ქერქები.
ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით ხელმარჯვე გლეხები აკეთებდნენ სარცხს, რომლისთვისაც მასალა უხვად იყო მახლობელ ტყეებში.
ბალამწარას გატყავება ანუ გაკანვა ივანობის თვიდან შეიძლება, როცა "ლოპარობის ხანა” გასულია. ხის გასატყავებლად ძველ მთვარეზე მიდიოდნენ. კანს ხეზე ნაჭერ-ნაჭერ იღებდნენ: ხეს ქვემოთ ოთხკუთხად შემოსერავდნენ, ნაპირს დანის პირით აახევდნენ და შემდეგ ხელით ააძრობდნენ. კანის აღებისას ცდილობდნენ ცილა არ დაეზიანებინათ. სარცხისათვის ზედა კანი, "პირველი პერანგია” საჭირო, ქვედა კანი ხეზე რჩება. (ორივე კანის – ბალარტყის აძრობა ხის გახმობას იწვევს). ხეზე აძრობილ ოფიჭოს ფურცლებს ერთმანეთზე დააწყობენ ("მზენაყურებ გვერდზე ხეზე ამძვრალი გვერდი უნდა დაიდოს”) და წკნელით შეკრავენ, დატკეპნიან (ზედ ფიცარს და ქვებს დაალაგებენ) და შემოდგომამდე ასე შეინახავენ. რთველის დრო რომ მოატანს, გამხმარ ოფიჭოს დაალბობენ, კალაპოტის მიხედვით ერთ ზომაზე დაჭრიან და ტარზე წამოაგებენ. ოფიჭოს გასამაგრებლად უბრალო ხერხს მიმართავენ: ორთავე მხრიდან ხის ფირფიტებს (ან ორ-სამ ბალარტყს) ამოსდებენ. ფირფიტა ანუ კოფა, გვერგვით (ბროწეულის, შინაწკლის ან ბიის წკნელით) ან სოლით მაგრდება.
მთის სოფლებში ბლის ქერქის მაგივრობას ეწევა არყის ქერქი. მთხრობელები აღნიშნავენ, რომ არყის ქერქი ბლისაზე უფრო მაგარია და ძარღვიანი, ამასთან უფრო გამძლეც, მაგრამ ძნელი მოსახმარია - არყით რეცხვა მეტ ძალას მოითხოვს, ძალიან მომქანცველია.
ჩასავალი ჭურების რეცხვის დროს ხმარობენ ეკლოვანი მცენარის, კრაზანისაგან გაკეთებულ მოღუნულ ცოცხს, რომელსაც ბოლოებში მუხის ან ტირიფის ღვლეჭი-სალტე აქვს შემოჭერილი. დიდ ჭურში ჩასულ მრეცხავს სალტე ორივე ხელით უჭირავს და ცოცხს ჭურის კედლებს უსვამს. აღსანიშნავია, რომ ძველად იმერეთში კრაზანა ბალახი ზოგჯერ საგანგებოდ ითესებოდა ვენახში.
ზოგან კრაზანის მაგივრობას ეწევა მეორე ეკლოვანი მცენარის - თაგვისარას კონა. თაგვისარას ღერები წკნელით ხის ტუკზე მაგრდება. ამ მცენარეს იხსენიებს გიულდენშტედტი, რომელსაც ძმერხლი და თაგვისარა უნახავს საჩინოს მხარეში. გიულდენშტედტის ცნობით თაგვისარა ითესება სახლებთან, რათა დაიცვას იგი ავი თვალისაგან (გიულდენშტედტი, მოგზაურობა საქართველოში, ტ. 1, თბ. 1962, გვ. 161.).
ჭურების რეცხვას რთვლამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. ჭურში სუფთა წყალს ჩაასხამენ და დაიწყებენ სარცხით ზევიდან ქვევით ჭურის კედლების ხეხვას. ასე შემოუვლიან ჭურს გაშემო. მრეცხავი ცდილობს ჭური "ოთხივე მხარეზე” თანაბრად გარეცხოს და ამასთან სარცხიც ყველგან თანაბრად გაცვითოს. თუ სარცხი ცალ მხარეზე ნაადრევად "შეიჭიმა”, რეცხვის დროს იტრიალებს და ძნელი მოსახმარი გახდება.
მოხუცმა მთხრობელმა სოფ. ფუთში გადმოგვცა: "ჭურის რეცხვა რომ არ ვიცოდი, მამაჩემმა სამი ჯოხი დაასო ჭურის გარშემო, ჯერ ერთი კუთხე რეცხე, მერე მეორე, მერე კი მესამეო”.
თუ ჭური მოუვლელია ან ნაღვინევი, ის თავდაპირველად კრაზანით ან თაგვისარათი ირეცხება. ჭურის გვერდებს ამ შემთხვევაში სილით რეცხავენ. ხმარობენ მდინარის სუფთა წმინდა სილას. მსხვილი სილა ("ჭიკნა, ჭიკნა რომაა”) ჭურის კედლებს კარგად ვერ მოედება და ჭუჭყს ვერ გამოიტანს. კარგი ღირსებით გამოირჩევა მდ. ჩოლაბურის სილა, რომელიც სიმონეთელებს, სვირელებს და სხვა სოფლების მცხოვრებთ მიქონდათ ურმებით. ზოგიერთი მდინარის სილა კი (მაგ. მდ. ყვირილასი, რომელსაც "ბევრი სხვა რამ მოსდევს და თანაც შავი ქვითაა მოწამლული”), ჭურის სარეცხად არ გამოდგება.
გამოცდილი მრეცხავი ცოცხს ჭურის კედელს ისე "ზომიერად უსვამს, რომ ეკალი არ გადაილეწოს, არ ჩაიჩეხოს, თანდათან დაადნობს, სანამ კირწებზე არ დაიყვანს”.
მოუვლელ ჭურს სამჯერ შეარეცხავენ წყალს (სამჯერ სილის შემოყრა – ერთი შემორეცხვაა). თითო ჯერზე (შემორეცხვაზე) სამ ჩაფ წყალს ახმარენ. ამიტომაც ამბობენ იმერეთში, ჭურის გარეცხვას 9 ჩაფი წყალი ჭირდებაო.
ჭურიდან ნარეცხი წყლის ამოსაქცევად იხმარება ორხელი. ორხელი, როგორც სახელწოდებაც მიუთითებს, წარმოადგენს ორ გრძელ ხის ტარს, რომლებზედაც თოკით სხვადასხვა მასალის ჯამი-ფათქია ჩამოკიდებული. იმერეთის კერამიკულ ცენტრებში ჩვეულებრივ, თიხის ორხელებია გავრცელებული, სხვაგან გვხვდება კვახისა, ხისა, ბოლო ხანებში კი თუნუქისაც შემოდის ხამრებაში. ერთი ტარი ორხელის პირთან არის მიბმული, მეორე გარედან-ძირთან. როცა ორხელით წყლის ამოღება სურთ, ჯამს აწვებიან ზედა (პირთან მიბმული) ტარით, წყლის ამოღების დროს ორივე ტარს ეწევიან, მერე კი ქვედა ტარს (ორხელის ძირთან მიბმულს) ამოჰკრავენ და გადააქცევენ.
გარეცხილ ჭურს ამოამშრალებენ ონსილოს - გრძელ ჯოხზე მიბმული ჩვრის საშუალებით.
მთხრობელთა დაკვირვებით "ჭურის რეცხვა მაგარი სახელავი საქმეა, ცოდნაც უნდა და ერთგულებაც”. მაგრამ გარდა ცოდნა-გამოცდილებისა და გულმოდგინებისა, საჭიროა ფიზიკური ძალა - ღონიერი მკლავი. "თუ მრეცხავს მაჯა არ უვარგა ერთი კვირა რომ რეცხოს მაინც სუნი ექნება მის ჭურს.”
 
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული