– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– მარნის დაარსება 2 წლის წინ გადავწყვიტეთ. თავდაპირველად მარნის აშენება დაგეგმილი გვქონდა სოფელ ჯიღაურაში, მაგრამ წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალის შემდეგ გადავწყვიტეთ მარანი მის ამჟამინდელ მისამართზე მოგვეწყო, კერძოდ, ვეძისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის ვერანდაზე. მარანთან ერთად გვაქვს სადეგუსტაციო სივრცე, სადაც ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ ჩვენი ღვინისა და ქართული კერძების დაგემოვნება.
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ამ ეტაპზე ჩვენი საკუთარი ვენახი არ გვაქვს, თუმცა აუცილებლად ვაპირებთ ვენახის გაშენებას. სამომავლოდ ვისურვებდით რქაწითელის, მწვანის, ქისის, საფერავის, ჩინურის, ჩხავერის და სხვა ჯიშების ვენახის გაშენებას.
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– დღეისათვის გვაქვს რქაწითელი, მწვანე, ქისი და საფერავი. მომავალ წელს ზემოთხსენებულს დაემატება: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა. ჩვენი ღვინისთვის ყურძენს ვარჩევთ იმ ადგილების მიხედვით, სადაც მათი ჯიშური თვისებები საუკეთესოდაა წარმოჩენილი. ვთანამშრომლობთ იმ მევენახეებთან, რომლებიც ვაზის მოვლისას არ ან მინიმალურ დასაშვებ დონეზე იყენებენ არასასურველ ქიმიურ ნივთიერებებს. ღვინოს ვაყენებთ ტრადიციული მეთოდით და ეს ყველაფერი არის კარგი ღვინის შექმნის საფუძველი.
– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა? გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– ჩვენი ღვინის რეალიზაცია არც ადგილობრივ და არც უცხოურ ბაზრებზე ამ დრომდე არ მომხდარა, თუმცა იანვრიდან ჩვენი ღვინის დაგემოვნება და შეძენა შესაძლებელი იქნება ჩვენსავე ზემოხსენებულ მარანში, „ბინაN37“, მგალობლიშვილის ქ. N5ა. ასევე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მაღაზიებთან და ბარებთან, რომლებიც მომხმარებელს ხარისხიან ნატურალურ ღვინოს სთავაზობს.
– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
– მთავარი გამოწვევა სასურველი ვენახისა და შესაბამისად ყურძნის შერჩევაა. როგორც მოგახსენეთ, ამ დროისათვის საკუთარი ვენახი არ გვაქვს და ვცდილობთ მაქიმალური სიფრთხილით შევარჩიოთ ყურძენი, რომლისგანაც ხარისხიან ღვინოს მივიღებთ. სირთულე არამხოლოდ ხარისხიანი ვენახის პოვნაა, არამედ მევენახეებთან რთველის თარიღების შეთანხმება, რომ ყურძენი საუკეთესო კონდიციაში მოიკრიფოს და ა.შ. სავარაუდოდ საქმიანობის განვითარებასთან ერთად მომავალში სხვა სახის სირთულეებთანაც მოგვიწევს შეხება. მთლიანობაში ჩვენი კანონმდებლობა ღვინის წარმოების დაწყებისთვის ლიბერალურია. ვისურვებდით, რომ შეიქმნას ქვევრის ღვინის სტანდარტი, რომლის არ დაცვის შემთხვევაში მწარმოებელს არ ექნება უფლება დააწეროს მის პროდუქტს ქვევრის ღვინო. ზოგადად, სუბსიდირების წინააღმდეგი ვართ, განსაკუთრებით იმ სახით, რაც დღესაა. სახელმწიფოს დახმარება უფრო რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული და მიმართული შორსმიმავალი მიზანების მიღწევაზე. მნიშვნელოვანია დავიწყებული ჯიშების აღორძინების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ხელი უნდა შეეწყოს მცირე საოჯახო მარნების განვითარებას. კარგი იქნება თუ თავად მევენახეები დაიწყებენ საკუთარი ღვინის წარმოებას.
– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის საჭიროა მეტი თეორიული ცოდნა და შესაბამისად ამ ცოდნის მისაღები კერების განვითარება. მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიით მოქმედება, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ალბათ ასე დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს მსოფლიოს ბაზარზე. ადგილობრივად სასურველია შეიცვალოს ღვინოსთან ურთიერთობისა და მისი მოხმარების კულტურა, რაც სამომავლოდ დადებით ასახვას ჰპოვებს წარმოებული ღვინის ხარისხზე.
– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– რთულია რამე ვურჩიოთ დამწყებ მეღვინეებს, რადგან ჩვენც ასეთად მოვიაზრებით. როგორც საკუთარ თავს, ასევე მათ ვურჩევდი უფრო მეტი თეორიული ცოდნის შეძენას, გამოცდილი მევენახეებისა და მეღვინეების გამოცდილების გაზიარებასა და დასახული მიზნებისკენ მოთმინებით სვლას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბინა N37
მისამართი: თბილისი, მგალობლიშვილის ქუჩა N5ა, სადარბაზო N2, სართული N8, ბინა N37
ტელეფონი: +995 599280000
ელფოსტა: zurab.i.natroshvili@gmail.com
ფეისბუკგვერდი: Bina 37/ბინა 37
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი