Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფორუმის ვენახი

ღვინის კლუბი და თორმეტი ენთუზიასტი ერთი საქმისთვის

ლევან სეფისკვერაძე

უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გადარჩენაზე და ჯიშური მრავალფეროვნების დაცვაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. თუმცა, საქმე საქმეზე როცა მიდგება, მევენახეების დიდი ნაწილი კვლავ ძველსა და გაკვალულ გზაზე სიარულს ამჯობინებს - ახალ ვენახებში საყოველთაოდ ცნობილ, პოპულარულ ქართულ ჯიშებს აშენებს. ამგვარად, დღემდე არ არის დაძლეული ის ჯიშური ერთფეროვნება, რაც ქართულ მევენახეობას საბჭოთა კოლმეურნეობების ეპოქამ უსახსოვრა.

თუმცა, ქვეყანაში არსებობს ენთუზიასტების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთად სერიოზულად მუშაობენ უსამართლოდ მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების გადარჩენაზე. ორი წლის წინ ეს იდეა გაჟღერდა ღვინისა და გემოვნების შესახებ ინტერნეტფორუმზე - forum.vinoge.com, სადაცდაინტერესებული მკითხველი ახლაც ნახავს თემას – "ფორუმის ვენახი". საინიციატივო ჯგუფი მალევე შეიქმნა. ფორუმის რამდენიმე წევრმა ვენახის გაშენება კახეთის რეგიონში, სოფელ ბაკურციხეში გადაწყვიტა.

რატომ ბაკურციხე? პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბაკურციხე ესაზღვრება კახეთის მევენახეობის ერთ-ერთი სახელგანთქმული ტერუარის – აგილწარმოშობის დასახელების ღვინო "კარდენახის" წარმოების მიკროზონას. აქ შესაძლებელია ამა თუ იმ ჯიშის არა მარტო გაშენება, არამედ მათი გამოცდა მეღვინეობაში. ამავე დროს, ბაკურციხეში მოღვაწეობს ღვინის კლუბის აქტიური წევრი, კომპანია "ჩვენი ღვინოს" მეღვინე სოლომონ ცაიშვილი, რომელმაც ვენახზე ზედამხედველობისა და შემდგომში ღვინის დაყენების პროცესის კონტროლის რთული მისია იტვირთა.

2009 წელს, როცა ინტერნეტფორუმზე ეს იდეა გაჩნდა, ღვინის კლუბი ჯერ არ არსებობდა. დაარსებისთანავე კლუბმა იმთავითვე გადაწყვიტა იშვიათი ჯიშების გაშენების მხარდაჭერა. თანაც, საინიციატივო ჯგუფის წევრთა უმეტესობა კლუბის დამფუძნებლები და აქტიური წევრები არიან. ენთუზიასტ მევენახეთა დიდი ნაწილი პროფესიით მევანახე ან მეღვინე სულაც არ არის, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ, სერიოზულად იზრუნონ უნიკალური ჯიშების გადარჩენისთვის. ამ ეტაპზე ჯგუფი აერთიანებს თორმეტ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანს, რომლებმაც გასულ წელს სიტყვა საქმედ აქციეს და საკუთარი ხარჯებით ბაკურციხეში 1,1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

ახალბედა მევენახეებს ძალიან გაუმართლათ, როცა ღვინის კლუბში გაწევრიანდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან უჯმაჯურიძე. შეიძლება ითქვას, ბატონი ლევანის გარეშე იშვიათი ქართული ჯიშების ვენახის გაშენება ძალიან გართულდებოდა. მან ახალბედა მევენახეებისთვის ვირუსებზე შემოწმებული, ჯანსაღი ნერგები დაამზადა და გადასცა.

ლევან უჯმაჯურიძე ათ წელზე მეტია, რამდენიმე ფრონტზე იბრძვის უსამართლოდ მივიწყებული ჯიშების გადასარჩენად. მისი ინიციატივით, 2000 წლიდან მოყოლებული რამდენიმე ღვინის კომპანიის ვენახებში დაირგო ისეთი ყურძნის ჯიშები, რომლისგანაც იმ დროისთვის ღვინოს არავინ აწარმოებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქინძმარაულის მარნის“ საკოლექციო ნაკვეთი, სადაც ამჟამად 400-ზე მეტი ქართული ჯიშია თავმოყრილი. კერძო კომპანიის ამ კოლექციაში თავი მოიყარა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საცდელ-საკოლექციო ნაკვეთებში დაცულმა ჯიშებმა.

2007 წელს ლევან უჯმაჯურიძისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „აგროს“ ინიციატივით, საგურამოში ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი დაარსდა. სწორედ აქ არის თავმოყრილი ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საუნჯე – ვაზის 430-ზე მეტი ქართული ჯიში, რომლებიც ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა და შემოინახა.

ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის მიზანია აღადგინოს და გაავრცელოს გადაშენების პირას მყოფი ვაზისა და ხეხილის ქართული ჯიშები. წელს ცენტრმა ღვინის კლუბის გარდა ნერგები გადასცა ანდრო ვაშალომიძეს, რომელიც ასევე დიდი ხანია, გურიაში მივიწყებული გურული ვაზის ჯიშების მოძიებას და აღდგენას ცდილობს.

ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე გაშენებული კოლექცია ჯერჯერობით ახალგაზრდაა და აქ აღებული საკვირტე მასალით ნერგების წარმოება მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ ლევან უჯმაჯურიძე ძირითადად სწორედ იმ კერძო კოლექციებით სარგებლობს, სადაც ვაზისგან ნერგების წარმოება შესაძლებელია. ღვინის კლუბს წელს გადაეცა ის ჯიშები, რომელთა გამოყვანა ფიზიკურად იყო შესაძლებელი. მომავალ წელს საინიციატივო ჯგუფის მიერ შეძენილ კიდევ ორ ნაკვეთზე სხვა, უფრო იშვიათი ჯიშების გაშენება იგეგმება.

წელს ბაკურციხეში 3200-ზე მეტი ნერგი დაირგო. აქედან 3100  ქართული საღვინე ჯიშებია, რომლებიც ოდესღაც კახეთის რეგიონში კარგად იყო წარმოდგენილი, ახლა კი ბევრი მათგანი გადაშენების საფრთხის წინაშეა: 1) ხიხვი - 1300 ნერგი, 2) მწვანე კახური – 500, 3) საფერავი ბუდეშურისებრი - 320, 4) ქისი – 300, 5) მცვივანი – 240, 6) ვარდისფერი რქაწითელი – 120, 7) რქაწითელი – 120, 8) ღვინის თეთრი – 120, 9) ბუერა – 70.

ახალი ვენახის გაშენება 26 მარტს დაიწყო. ამ პროცესში დიდი ხალისით ჩაერთვნენ ადგილობრივი გლეხები, რომელთათვისაც ბაკურციხეში ვენახის გაშენება არა მხოლოდ მცირე ინვესტიციაა, არამედ სამომავლო განვითარების პერსპექტივაც. წელს კახეთში ნერგები 50%-ით გაძვირდა, რის გამოც ბევრმა გლეხმა ვაზის ჩასაყრელად შემოდგომაზე დამუშავებული მიწის ნაკვეთები ცარიელი დატოვა. სამომავლოდ კი, „ფორუმის ვენახიდან“ მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ არა მარტო ცნობილი რქაწითელის, არამედ მათთვის ჯერ კიდევ უცნობი საღვინე ჯიშები.

უცნაურია, მაგრამ ასაკოვანმა ბაკურციხელებმა, რომლებიც ვენახის გაშენებაში მონაწილეობდნენ, ხიხვის შესახებაც კი არაფერი იციან. არადა, ეს ჯიში მეზობელ სოფელში – კარდენახში ჯერ კიდევ 50 წლის წინ მეტ-ნაკლები პოპულარულობით სარგებლობდა. იგი ახლაც ნახსენებია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, „კარდენახის“ რეგლამენტში. თუმცა, ამ დასახელების ღვინოს კომპანიები ალბათ იმიტომაც უფრო ვერ აწარმოებენ, რომ ხიხვი თვით კარდენახის ვენახებშიც კი თითო-ოროლა ეგზემპლარის სახით არის შემორჩენილი.

როგორც აღვნიშნეთ, სოფელი ბაკურცვიხე მევანახეობისთვის მეტად ხელსაყრელი ადგილია. "ღვინის კლუბის" ვენახი ფერდობზე გაშენდა – პატარა ხევის პირას, საიდანაც მუდმივად ქრის ნიავი. გარშემო ზომიერად მშრალი ჰავაა და ადგილიც საკმაოდ მზიანია.

როგორც ერთ–ერთი მევანახე, ღვინის კლუბის წევრი, ავთო კობახიძე ამბობს, ეს ვენახი მხოლოდ დასაწყისია იმ საქმისა, რასაც ის და მისი მეგობრები გეგმავენ. მომავალში ეს ჯგუფი საკუთარი ხარჯებით კვლავ გააგრძელებს ვაზის ახალი ჯიშების მოძიებასა და პოპულარიზაციას.

ავთო კობახიძე, ღვინის კლუბის წევრი: „ამ ვენახების გაშენება ორმაგ დატვირთვას ატარებს. უპირველესი ის არის, რომ ვაზის ქართული ჯიშების გადარჩენის საქმეში ჩვენი მცირე წვლილიც შეგვაქვს. გარდა ამისა, მომავალში ღვინის კლუბს მუდამ ექნება ხარისხიანი ღვინო, რომელსაც დეგუსტაციებსა თუ სხვა ღინისძიებებზე წარვადგენთ და საშუალება გვექნება, სხვა ღვინოებს ჩვენიც შევადაროთ. მანამდე, რა თქმა უნდა, დიდი დროა და წინ ბევრი შრომა და წვალება გველის, მაგრამ ვაზი უკვე ჩაყრილია და შეიძლება ითქვას, ახლა სხვა გზა აღარც გვაქვს - დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მოვიყვანოთ! ხალისი არავის გვაკლია. მთავარია, დარგულმა ვაზებმა კარგად გაიხაროს. ახლა ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“.

რამაზ ნიკოლაძე, ერთ-ერთი მევენახე, „სლოუ ფუდის“ წარმომადგენელი სქართველოში:"იმერეთში საკმაოდ კარგი მამაპაპისეული ვენახი მაქვს, სადაც ძირითადად ადგილობრივი ჯიშებია გაშენებული. კარგად ვიცი ვენახის მოვლა რა რთული საქმეა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად მეც მიმეღო მონაწილეობა ბაკურციხეში ახალი ვენახის გაშენებაში. საქართველოში მევენახეობასა და მეღვინეობას მრავალი პრობლემის გადალახვა უწევს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არც ისე ბევრია ხარისხიანი ღვინო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში კარგ ღვინოს არ აყენებენ. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ვენახში მოწეული ყურძნისგან დავაყენოთ ისეთი ღვინოები, რომლებიც იქნება ნატურალური, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ევროპაში უკვე მიხვდნენ, რომ მომავალი სწორედ ნატურალურ ღვინოს აქვს, რომელიც ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე უნდა დაყენდეს. ვიტყოდი, რომ ქვევრის სახით საქართველოს გააჩნია გარკვეული უპირატესობა და ეს უპირატესობა კარგად და ნამუსიანად უნდა იყოს გამოყენებული“.

სამომავლოდ მევენახეები აქცენტის გაკეთებას ქვევრზე და კახური ტრადიციული ტექნოლოგიების აღდგენაზე აპირებენ. არსებობს იდეა, ვენახებს მიენიჭოს ბიოსერტიფიკატი, რათა მოწეული ყურძნისგან ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ღვინო დამზადდეს.

ვენახის გაშენების პირველი დღე ახალბედა მევენახეებისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა დეტალი წინასწარ ჰქონდათ განსჯილი და გაწერილი, მაინც არსებობდა გარკვეული საფრთხეები, რომ ყველაფერი შეიძლება ისე ვერ ყოფილიყო, როგორც დაგეგმილი იყო. მარტისთვის უჩვეულოდ მცხუნვარე მზის ქვეშ მოფუსფუსე ზოგიერთი ახალბედა მევენახე ცხოვრებაში პირველად ასრულებდა მსგავს სამუშაოს. მეორე და მესამე დღეს, საქმე შედარებით გაიოლდა, რადგან შიშიც ერთმნიშვნელოვნად დაიძლია და ახალბედა მევენახეთა მხარდამხარ მომუშავე ადგილობრივმა გლეხებმაც უფრო მეტად გამოიჩინეს ფხა.

საბოლოოდ, პირველი ვენახების გაშენებას და მათ შეღობვას სრული ხუთი დღე დასჭირდა. დარჩა კიდევ ერთი დაუმუშავებელი ნაკვეთი, რომელიც მევენახეებმა სამარნე შენობასთან ერთად შეიძინეს. ორი ულამაზესი კვიპაროსით დამშვენებულ ამ ნაკვეთზე ვენახი მომავალ წელს გაშენდება. ხოლო სამარნე შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ ღვინის კულტურის პატარა კერა გაჩნდება.

ლევან გუგუშვილი, იურისტი, დამწყები მევენახე: "ამ შემთხვევაში მთავარი აღნიშვნის ღირსი ის ფაქტია, რომ სიტყვა საქმედ ვაქციეთ და ვენახის გაშენება შევძელით. ყველანი ძალიან გახარებული ვართ ამით და მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ. ეს ჯერ პირველი ნაბიჯია, მაგრამ მთავარი ხომ სწორედ დაწყებაა?!“

ახალბედა მევენახეები არც მონდომების და არც ამბიციის ნაკლებობას არ უჩივიან. მათი შრომის შედეგი, რამდენიმე წელიწადში, ბაკურციხეში მოწეული ყურძნისგან დაწურული ღვინის პირველ დეგუსტაციაზე გამოჩნდება. მანამდე კი იგეგმება ფონდისAშექმნა, რომელიც ამ კეთილშობილი საქმისთვის თანხების მოძიებაზე იზრუნებს. ჩაფიქრებულია საქველმოქმედოAდეგუსტაციისა და სხვა აქციების მოწყობაც, რის შედეგადაც საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს წამოწყებული საქმის შესახებ, ხოლო შემოსული თანხები იშვიათი ქართული ჯიშების გადარჩენისთვის გახსნილ ყულაბაში გადაირიცხება.

© ღვინის კლუბი/Weekend



vax tkven genacvalet. Am mevenaxeebidan zog matgans vicnob kidec: soliko caishvils, maxo xarbedias, avto kobaxidzes, ramaz nikoladzes, tqven gaixaret da gamravldit am kvekanaze.... Kitxva makvs nikoladzestan: ra jishis imeruli vazebi gakvt da tu apirebt rame gansakutrebuli jishis gamravlebas?


ციცქა და ცოლიკოური მაქვს, გასაშენებლად ვაზის ჯიშის ძიებაში ვარ ჯერ-ჯერობით, რამოდენიმე წითელი ჟიშიდან უნდა შევარჩიო.


მალხაზ, მეილის პრობლემაა მგონი,კვლავ არ მიმიღია თქვენი გზავნილი. მეც რამოდენიმეჯერ მოგწერეთ, მაგრამ სავარაუდეთ არც თქვენთან მოსულა წერილი. აი ამ პოსტს რომ წაიკითხავთ,დარწმუნებული ვარ :):):)


ირაკლი, უკვე მესამეჯერ გამოგიგზავნე :) შენი მეილის ბრალია მემგონი



მივიღე უკვე :):):)


gamarjobat batonebo). davinteresdi mevenaxeobit. chemi mamuli mdebareobs qobuleTshi sof zeniTi. zgvis donze miaxloebit 250- 400 m , zgvidan 16 km dashorebit ulamazesi ferdobzea. istoriulad venaxi iko chems saxlshi zveli qvervebis narcheni kide aris. komunistebis dros citrusebit walekes kvelaferi, xeze adesas tu miargebdi kaci sadme)).eti sitkvit minda venaxi minda gamovacoxlo. ras mirchevt? batonebo tqveni imedi maqvs


მე პირადად აჭარის აბორიგენული ვაზის ჯიშების გაშენებას გირჩევ - საწურავი ბროლა, პოვნილი, ცხენისძუძუ აჭარული (ეს ბოლო ორი სასუფრეა, მაგრამ ტურიზმის განვითარების პირობებში ამ ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა გაიზრდება). ასევე გირჩევ - ჩხავერს. ვენახი სასურველია, გააშენოთ ოლიხნარზე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული