Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ისტორია - მოკლედ

ძვ.წ. VI ათასწლეული – Vitis Vinifera Sativa–ს უძველესი წიპწები (დანგრეული გორას და გადაჭრილი გორას ნასახლარი, მარნეული).

ძვ.წ.  VI-V ათასწლეული – თიხის უძველესი საღვინე ჭურჭელი. ქვევრის წინაპარი. ვაზის მტევნე­ბის გამოსახულებით (ხრამის დიდი გორა, მარნეული). თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი ღვინის ნაშთებით (გადაჭრილი გორა, მარნეული). ე.წ. პირველყოფილი მეღვინეობის დაბადება საქართველოში.

ძვ.წ. V–III ათასწლეული - Vitis Vinifera–ს წიპწები (შულავერის გორა, მარნეული, ხიზანაანთ გორა, ქვაცხელები, ქარელი. მდ. ივრის ხეობა.

ძვ.წ. IV–II ათასწლეული, ადრებრინჯაოს და შუა ბრინჯაოს ხანა – მცირე ზომის, ქვევრის ტიპის ჭურჭლის სხვადასხვა ფორმების ჩამოყალიბების პერიოდი.

ძვ. წ. III-II ათასწლეულები – კულტურული მევენახეობის დაბადება.

ძვ. წ. XIV-XI საუკუნეები - Vitis Vinifera–ს წიპწები. ერთად აღმოჩნდა საღვინე და სასუფრე ჯიშების წიპწები.  (სოფ. დიღომი, თბილისი).

ძვ. წ. II-I ათასწლეულები – დიდი რაოდენობით სასხლავი ნამგლები, ჭურჭლეული და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვა ნივთები, საქართველოს თითქმის ყველა კუ­თხეშია აღმოჩენილი. კულტურული მევენახეობის განვითარება, ყალიბდება სხვლისა და მწვანე ოპერაციების კულტურა.

ძვ. წ. VII საუკუნე, ადრე რკინის ხანა – ბრტყელძირიანი და ქვის სარქვლიანი ქვევრი რუსთავის ნაქალაქარიდან, ყალიბდება ქვევრის თანამედროვე ფორმები.

ძვ. წ. VI საუკუნე – კლასიკური, მიწაში დარგული ქვევრი უკვე ფარ­თოდ გამოიყენება მეღვინეობაში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ძვ.წ. III საუკუნე – საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ამ დროის ქვევრებს ძირი დაუვიწროვდა, ფორმაც შეიცვალა, სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიო­დში დაიწყეს საქართველოში ქვევრების ყელამდე მიწაში ჩადგმა. საგრძნობლად გაიზარდა ქვევრების მოცულობაც.

IV საუკუნის დასაწყისი – ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში. ღვინო და ვენახი განსაკუთრებულ როლს იძენს საკულტო მსახურებაშიც და საზოგადოებრივ მოწყობაშიც.

X-XIII საუკუნეები – ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ოქროს ხანა. მთელი საქართველოს მასშტაბით შენდება მრავალი მარანი. გვაქვს არაერთი წერილობითი ცნობა, ნივთი თუ გამოსახულება, რომლებიც მევენახეობისა და მეღვინეობის მაღალ კულტურაზე მეტყველებს.

XV-XVI საუკუნე – მონღოლების ბატონობის დასრულება. ჩნდება ახალი მარნები, იწყება ღვინით ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან.

XVII- XVIII საუკუნე - დასტურდება პირველი ე.წ. ადგილწარმო­შობის დასახელებები, გვხვდება ცნობები, სადაც აქებენ და ახასიათებენ ბოლნურ, ხორნაბუჯულ, კონდოლურ, ატენურ, ახმეტურ, მანავურ, გავა­ზურ და სხვ. ღვინოებს.

XVII- XVIII - უცხოელი მოგზაურები აქებენ კოლხურ, კახურ და სხვ. ღვინოებს, ისინი ხანდახან ღვინის დაყენების წესებსა და ქართული ნადიმის ტრადიციებსაც აღწერენ.

XVIII საუკუნე – ვახუშტი ბატონიშვილი ახასიათებს რეგიონულ ღვინოებსაც: კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ღვინოებს, რომლებიც იმ დროს დიდი რაოდენობით მზადდებოდა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის გარეთაც გადიოდა.

1801 – საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ.

XIX საუკუნის 20-30-იანი წლები – კლასიკური, ევროპული მეღვინეობის დანერგვა საქართველოში. გერმანელი კოლონისტების დასახლებები თბილისში და მის მახლობლად.

XIX საუკუნის 30-იანი წლები – ჩნდებიან ქართული ბრენდის პირველი მწარმოებლები - იაკობ ზუბალაშვილი, იაკობ მარი, მოგვიანებით კი გიორგი ბოლქვაძე.

1835 წ. – ალექსანდრე ჭავჭავაძემ 20-წლიანი ვადით აიღო სესხი, 1 მილიონი რუბლი და წინანდალში ააგო მიწისქვეშა მარანი, ჩადგა არყის სახდელები, ჩაყარა ახალი ქვევრები და გახსნა კასრების სახელოსნო. ქართული ღვინო ბოთლში ჩამოისხა.

XIX საუკუნის  40-იანი წლები - ქართული ღვინოს სტილით ევროპულს დაუახლოვდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაჩნდა პირველი ევროპული ყაიდის მარნები. მაგ. სოფელ რუისპირში, გერმანელი ი. ლენცის მარანი. იაკობ მარი გურიაში და სხვ.

XIX საუკუნის 40-50-იანი წლები – დაიწყო ქართული ვაზის ჯიშების მეცნიე­რული შესწავლა, ჩაეყარა საფუძველი ადგილობრივ ამპელოგრაფიას. 70-იან წლებში პარიზსა და ლიონში გამოცემულ აღწერებში პირველად გამოჩნდა ქართული ჯიშების დახასიათება.

XIX საუკუნის 50-იანი წლები – გაჩნდა ვაზის დაავადე­ბები ნაცარი და ჭრაქი. დაავადებებმა პიკს 80-იან წლებში მიაღწია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა ვაზის ფილოქსერაც.

XIX საუკუნის 70-იანი წლებისოფ. მუხრანში ივანე მუხრან-ბატონმა ღვინის დიდი მარანი ააგო. ივანე მუხრან-ბატონთან მუშაობდა ცნობილი ქარ­თველი მეღვინე ვასილ პეტრიაშვილი.

1882 – კახეთში, სოფ. საბუეში მარნის მშენებლობას იწყებს სახე­ლოვანი ქართველი მეღვინე ზაქარია ჯორჯაძე. იგი მუშაობდა როგორც ტრადიციუ­ლი, ასევე თანამედროვე მეთოდებით (ქვევრები, კასრები და ა.შ.).

1882 - ივანე მუხრან-ბატონის მარანში შეიქმნა პირველი ქართული ცქრიალა ღვინოები.

1884 – თბილისში დავით სარაჯიშვილმა გახსნა ქართული კონიაკის პირველი საწარმო. 1888 წელს დავით სარაჯიშვილმა უკვე პირველი ქართული სამრეწველო კონიაკი გამოუშვა.

1886 - ბაზარზე გამოჩნდა წინანდალი. ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ჩნდება სხვა ქართული სამარკო ღვინოებიც - თანამედროვე ადგილწარმოშობის ღვინოების წინამორბედები. 1890-ში ნაფარეული, 1893–ში მუკუზანი და ა.შ.

XIX საუკუნის 80-იანი წლები - აფხაზების საგვარეულო მამული კარდანახში შეიძინა გრაფმა შერემეტიევმა. ააშენა კარდანახში მარანი, რომელიც კახურ და ევროპულ ყაიდაზე იყო მოწყობილი და სადაც 40-50 ტონა ყურძნის გადამუშავება შეიძლებოდა.

1889 – სამეგრელოში აშილ მიურატი იწყებს ვენახების გაშენებას (ჭკადუაშსა და სალხინოში) და 1893 თავის პირველ ოჯალეშსაც ასხამს.

1900-იანების დასაწყისი – ქართული ღვინო ძალზე მრავალფეროვანი გახდა. ქვეყანაში სხვადასხვა ჯიშისაგან ასეულობით დასახელების ღვინო იწარმოებოდა.

1918–21 – დამოუკიდებლობის პერიოდში განვითარდა კოოპერატივები და სათემო მეურნეობები.

1921 – საქართველოს ხელახალი ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ.

1922 – შეიქმნა მევენახეთა პირველი საბჭოთა გაერთიანებები და კოოპერატივები. ჯერ კიდევ 1926 წელს თბილისში არსებული ღვინის დაწესებულებათა 80%-ზე მეტი კერძო პირთა ხელში იყო.

1929 – შეიქმნა „სამტრესტი“ (საბჭოთა მეურნეობების ტრესტი), რომლის ხელშიც ნელ-ნელა მთლიანად გადავიდა ღვინის წარმოება საბჭოთა საქართველოში. მის საკუთრებაში მოექცა ყველა არსებული მარანი. დაიწყო ახალი ღვინის საწარმოების მშენებლობა.

1930-40-იან წლები – ამ პერიოდში საქართველო აწარმოებდა 60-მდე დასახელების ღვინოს, აქე­დან 12-ს - ადგილობრივი, ტრადიციული მეთოდით. სამწუხაროდ, ეს უნიკალური ღვინო­ები მალევე გაქრა ბაზრიდან.

1950 – პირველი ნაბიჯები გადაიდგა ქართული ღვინის უნიფიკაციისკენ. გადაწყდა მხოლოდ 16 ჯიში შეენარ­ჩუნებინათ სამრეწველოდ, შეიცვალა ძველი დანომვრის წესი. ამიერიდან №1 წინანდალი იქნებოდა, №2 თელიანი, №3 გურჯაანი და ა.შ.

1962 – საქართველოში ჩატარდა მევენახეობა-მეღვინეობის მე-10 საერთაშორისო კონგრესი. ქვეყანას ბევრი სახელოვანი სტუმარი ეწვია. აშენდა და განახლდა არაერთი საწარმო.

1966 – ეკრანებზე გამოდის ოთარ იოსელიანის ფილმი „გიორგობისთვე“.

60-70-იანი წლები – გეგმიური ეკონომიკა და ქართული ღვინის საბოლოო უნიფიკაცია. ღვინის ხარისხი მკვეთრად დაეცა, ჯიშური შემადგენლობა კიდევ უფრო გაღარიბდა, სამაგიეროდ გაშენდა ჰიბრიდული ჯიშები.

1985 – პერესტროიკის წლებში საბჭოთა კავშირში მშრალი კანონი ამოქმედდა.

1991 – საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

1993-1999 – დაიწყო ახალი ქართული ღვინის ისტორია. პირველი თანამედროვე ხედვის მქონე ღვინის მარნები სწორედ ამ პერიოდიდან გაჩნდა საქართველოში (GWS, თელიანი ველი, თბილღვინო, თელავის მარანი).

2005–2016 – საქართველოში ორგანული და ბიოდინამიკური მევენეხეობა-მეღვინეობის აღმავლობის პერიოდია. ამ ფილოსოფიის მიმდევარი ყველა მარნის ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია, საფრანგეთი, აშშ, გერმანია.      

2006 წ. მარტი - რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა ქართულ პროდუქტზე, რაც  პირველ რიგში ქართულ ღვინოს შეეხებოდა. დამკვიდრდა რთველის სუბსიდირების ტრადიცია (ძირითადად კახეთსა და რაჭაში).

2006-2012 წლები - ღვინის კრიზისის დაძლევის პერიოდი, ქართული ღვინის ექსპორტმა, რუსული ემბარგოს გამო, მკვეთრად იკლო.

2010 – საქართველოში გაიმართა მევენახეობა-მეღვინეობის 33-ე საერთაშორისო კონგრესი. „ღვინის კლუბი“ ამკვიდრებს „ახალი ღვინის ფესტივალის“ ტრადიციას.

2011-2013 - ქართული ღვინო გაცილებით მრავალფეროვანი ხდება, უმჯობესდება ხარისხი, საგრძნობლად მატულობს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დაყენებული ღვინოები.

2013 წ. ივნისი – ზაფხულში რუსული ბაზარი კვლავ გაიხსნა და ქართული ღვინის ექსპორტში მან ისევ დაიბრუნდა წამყვანი როლი.

2013 წ. დეკემბერი – ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

2014–2015 - საქართველოში ქვევრის ღვინის ნამდვილი ბუმია. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩნდება ათეულობით ახალი მარანი, სადაც ქვევრში აყენებენ ღვინოებს. ღვინის ტურიზმის აღმავლობა.

2016 – ჩინეთი ქართული ღვინის ერთ–ერთ უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ბაზრად იქცა. 2 წელიწადში მან მეხუთედან მეორე ადგილზე გადმოინაცვლა ქართული ღვინის გაყიდვების თვალსაზრისით.

2017- 13 ნოემბერს, PNAS-მა, აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემაა, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მას მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს და რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

© მალხაზ ხარბედია, ქართული ღვინის გზამკვლევი 2018



გმადლობთ საყურადღებო ინფორმაციისათვის

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.