გინესის მსოფლიო რეკორდების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში – "უძველესი ღვინო" – ნათქვამია, რომ ძვ. წ. აღ. 6000-5800 წლით დათარიღებული ადრეული ნეოლითის პერიოდის ღვინის ნიმუშები საქართველოში, გადაჭრილი გორასა და შულავერის გორას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. აღმოჩენილი ნიმუშები შეიცავს ღვინის მჟავას, რომელიც მხოლოდ ევრაზიული ვაზისთვის (Vitis vinifera) და მისგან დაყენებული ღვინისთვის არის დამახასიათებელი.
ღვინის ნაშთები დიდი მოცულობის ჭურჭელშია შემონახული, რომლებსაც ფერმენტაციის, დაძველებისა და შენახვისთვის იყენებდნენ და 600-1000 წლით უფრო ძველია ირანში Hajji Firuz Tepe-ში (ძვ. წ. 5400-500 წ.წ.) აღმოჩენილ ნიმუშებზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს მეღვინეობის 8000 წლის ისტორია აქვს.
მეცნიერული დასკვნა პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის მოლეკულურ არქეოლოგს, პროფესორ პატრიკ მაკგოვერნს ეკუთვნის. აღმოჩენის შესახებ აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალმა, Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) 13 ნოემბერს გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). კვლევის ავტორები ქართველებთან ერთად აშშ-ს, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, დანიისა და ისრაელის მეცნიერები არიან. სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი