Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყურძნის რეკორდულად მაღალი ფასები რაჭა-ლეჩხუმში

ალეკო ცქიტიშვილი

2014 წლის ჭირვეული ამინდები: ყინვა გაზაფხულზე, სეტყვა და გვალვა რაჭა-ლეჩხუმის ვენახებსაც შეეხო. ამას თან დაერთო ვაზის დაავადებების ტრადიციული პრობლემები და ბეღურების უჩვეულო შემოსევა შემოდგომაზე, რის გამოც რაჭაშიც და ლეჩხუმშიც რთველმა დიდი დანაკარგებით ჩაიარა. თუმცა, მევენახეებს გარკვეული შვება მაინც ჰქონდათ, როცა ვაზის იშვიათი ჯიშების - ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და უსახელოურის ყურძენი ღვინის საწარმოებს რეკორდულად მაღალ ფასში ჩააბარეს.

რაჭველი მევენახეები წელს ალექსანდროულსა და მუჯურეთულში 10-12 ლარს ითხოვდნენ, საბოლოოდ ვაზის ამ ჯიშების 1 კგ ყურძენზე საბაზრო ფასი 8 ლარი დადგინდა. ალექსანდროულს და მუჯურეთულს შარშანაც ეს ფასი ჰქონდა. ოღონდ გასულ წელს რაჭაში სამჯერ მეტი მოსავალი მოვიდა. ამიტომ მევენახეებს იმედი ჰქონდათ, რომ წელს ყურძენზე მეტი მოთხოვნა გაჩნდებოდა და ფასიც მეტი ექნებოდა. ფასი კი აღარ გაზრდილა, რადგან ღვინის კომპანიებს თავისი გათვლები აქვთ. თუმცა, მევენახეები უკმაყოფილო წელსაც არ უნდა იყვნენ - 8 ლარი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყველაზე მაღალი ფასია, რაც კი ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი არსებობს. ასეთი მაღალი ფასი ვაზის ამ ჯიშების ყურძენზე საბჭოთა პერიოდშიც არ ყოფილა. რუსეთის ემბარგომდეც (2006 წ.), ალექსანდროულსა და მუჯურეთულს კომპანიები 4-5 ლარზე მეტად არ იბარებდნენ.

რეკორდული ფასი დაფიქსირდა ლეჩხუმშიც ვაზის იშვიათი და ყველაზე ძვირადღირებული ქართული ჯიშის, უსახელოურის ყურძენზე. ოყურეშელმა მევენახეებმა თავიანთ ზვრებში მოყვანილი უსახელოური 1 კგ. 14-15 ლარად გაყიდეს. ასეთი მაღალი ფასი უკიდურესად მცირე მოსავალმა განაპირობა. შედარებისათვის - გასულ წელს 1 კგ უსახელოური 10 ლარი ღირდა.

კომპანია „უსახელაურის ვენახების“ დამფუძნებელი, პაატა შარაშენიძე წელს უსახელოურისგან ღვინის დაყენებას არ გეგმავდა, მაგრამ იმდენად მცირე მოსავალი მიიღო (2 ტონა ყურძენი 3 ჰექტარი ვენახიდან), რომ გადაწყვიტა, ყურძენი აღარ გაეყიდა და ღვინო დაეწურა. გასულ წელს კომპანიამ რეკორდულად მაღალი მოსავალი მიიღო - 17 ტონა უსახელოური და ყურძენი მთლიანად გაყიდა (1 კგ 10 ლარად). პაატა შარაშენიძის თქმით, „უსახელაურის ვენახებს“ წინა წლების ღვინის მარაგები ჯერ კიდევ აქვს და ამიტომ 17 ტონა ყურძნისგან დამატებით კიდევ ღვინის დაყენება კომპანიის გეგმებში არ შედიოდა.

პაატა შარაშენიძე, „უსახელაურის ვენახების“ მეპატრონე: „ღვინის დაყენებას არც წელს ვაპირებდი. რთული წელიწადი გვქონდა - გაზაფხულზე ყინვამ ახალი კვირტები დააზიანა და შემდგომში ვაზმა მტევნები ე.წ. მეორად კვირტებზე დაისხა. გაზაფხული, სხვა მხრივ, ნორმალური იყო და არც ისეთი წვიმიანი, როგორც რაჭაში და იმერეთში. ზაფხულის გვალვამ კი შეგვაწუხა, მაგრამ ოყურეშში ჰავა მაინც საკმაოდ ტენიანია და გვალვის გამო განსაკუთრებული ზარალი არ მიგვიღია. თუმცა, ივნისში ვენახს რაღაც საშინელმა დაავადებამ შემოუტია - არც ჭრაქს ჰგავდა და არც ნაცარს. ერთ ღამეში მოსავლის 1/3 დავკარგეთ. აგვისტო-სექტემბერი ცხელი თვეები იყო და უსახელოური ჩვეულებრივზე ადრე დამწიფდა. რთველის სამზადისი როცა დავიწყეთ, ვვარაუდობდით, რომ 7 ტონამდე ყურძენს დავკრეფდით და ალბათ, ასეც იქნებოდა, რომ არა ჩიტების უჩვეულო შემოსევა ოყურეშში. ჩიტებმა მოსავლის დიდი ნაწილი პირდაპირ ხელიდან გამოგვაცალეს. ამიტომ რაც გადარჩა - სულ რაღაც 2 ტონა, გადავწყვიტე, აღარ ჩამებარებინა და ღვინო დავაყენე. ღვინოს მაინც ბევრად მაღალი ფასი აქვს და იმედია, ღვინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით წლევანდელი ზარალის ნაწილს მაინც ამოვიღებთ“.

პაატა შარაშენიძის თქმით, ჩიტების შემოსევა გაზაფხულის ყინვამ და ზაფხულის გვალვამ განაპირობა, რის გამოისობითაც შემოდგომისთვის ტყეებს ხილი და კენკრა აღარ შერჩა და ჩიტები ვენახებს შეესიენ. იგივეს ამბობს კომპანია „ხარებას“ მეღვინე ლადო კუბლაშვილი: „ოყურეშში პატარა ვენახი გვაქვს, რომელიც წელს სეტყვისგან სპეციალური ბადეებით დავიცავით, ჩიტებთან საბრძოლველად კი სოფლის ბიჭები დავიხმარეთ, რომლებიც ფრინველებს ხმაურით აფრთხობდნენ. ასეთი შემთხვევა ოყურეშში აქამდე არ გვქონია. ცნობილია, რომ ბურგუნდიაში მევენახეებს დიდ ზარალს აყენებენ გარეული ტახები, რომლებიც ზუსტად გრძნობენ სეზონის დადგომას და იციან, სად და როგორ შევიდნენ ვენახებში. ასევეა ეს ჩიტებიც - როგორც კი უსახელოური დატკბა, მაშინვე მოფრინდნენ და შეესივნენ ყურძენს“.

რთველის პერიოდში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის - „ხვანჭკარას“ მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური შტაბი გახსნა. ასეთი განსაკუთრებული ყურადღება სააგენტომ მხოლოდ კახეთს და რაჭას არგუნა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, პაატა ჭავჭანიძე ამბობს, რთველის მიმდინარეობისას რაჭაში სააგენტოს ორი მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა: აღრიცხვიანობა და ჯიშური სიწმინდის დაცვა. 

უკვე რამდენიმე წელიწადია, სააგენტო მკაცრად აკონტროლებს, რომ ღვინის კომპანიებმა „ხვანჭკარა“ მხოლოდ ალექსანდროულისგან და მუჯურეთულისგან დააყენონ. გამონაკლის შემთხვევებში, კანონით 15%-ის ფარგლებში ნებადართულია ადგილობრივ ვენახებში დაკრეფილი სხვა წითელყურძნიანი ჯიშების გამოყენება. ძირითადად, ეს დამატებითი ჯიშებია ძელშავი და საფერავი. ასეთმა მკაცრმა კონტროლმა და აღრიცხვიანობის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებამ განაპირობა ღვინის ფალსიფიკაციის მნიშვნელოვანი კლება. სწორედ ამიტომ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ღვინის კომპანიები 1 კგ ყურძენში 8 ლარის გადახდასაც არ ნანობენ. ასეთი მაღალი ფასი, ფაქტობრივად, არის ინდიკატორი, რომ ადგილწარმოშობის ღვინის - „ხვანჭკარას“ ფალსიფიკაცია აღარ ხდება. თეორიულად, „ხვანჭკარას“ წარმოებაში მასობრივად რომ მონაწილეობდეს აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული საფერავი, როგორც ეს 90-იან წლებში ხდებოდა, მოთხოვნა უმეტესწილად ამ ჯიშის ყურძნით დაკმაყოფილდებოდა და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ფასიც ახლანდელის ნახევარი თუ იქნებოდა.

პაატა ჭავჭანიძის თქმით, ჯიშური სიწმინდის დაცვის პოლიტიკამ, ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლამ და ყურძენზე ერთიორად გაზრდილმა მოთხოვნამ მევენახეებს სტიმული მისცა, დაეწყოთ ახალი ვენახების გაშენება. მევენახეთა დაბრუნება მამა-პაპისეულ კარ-მიდამოში კი დიდი შვება იქნება რაჭისთვის, რომელიც მიგრაციული პროცესებით დაზარალებული ერთ-ერთი მთიანი რეგიონია.

ერთ-ერთი ასეთი მევენახეა მერაბ ახობაძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, სოფელ ხვანჭკარაში საოჯახო მარანს და სამეურნეო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მის განკარგულებაშია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვენახი, რომელსაც ორგანული მეთოდებით უვლის. მომავალი წლიდან შესაძლოა, ბიოღვინის ბოთლებში ჩამოსხმაც დაიწყოს. ჩვენთან საუბრისას წლევანდელ რთველს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ რაჭველი მევენახეები ძალიან დაზარალდნენ: „გაზაფხულის ყინვების შედეგად, არა მხოლოდ ყურძნის, არამედ კაკლის მოსავალიც არ არის რაჭაში, რაც ამ რეგიონისთვის დიდი დარტყმაა. იმერეთშიც ცუდი მოსავალი იყო და ამიტომ აქაურმა ოჯახებმა თავიანთთვის მოსახმარი ღვინო კახეთიდან შემოტანილი რქაწითელისგან დააყენეს. მოსავალზე გაზაფხულის წვიმებმაც იმოქმედა, რის გამოც  ვაზის დაავადებებთან ბრძოლა გართულდა. მე მაგალითად ერთ ღამეში გამიფუჭდა ვენახი, სავარაუდოდ - ნაცრისგან. საღამოს რომ გამოვედი ვენახიდან და ყველაფერი წესრიგში იყო, დილით სრულიად შეცვლილი დამხვდა. ეს პრობლემა მასობრივად იყო. თუმცა, არის სოფლები, სადაც მევენახეები დაავადებებმა ნაკლებად შეაწუხა (სადმელი, ძირაგეული და სხვა)“.

მერაბ ახობაძის თქმით, საბოლოო ჯამში, რაჭაში მევენახეებს შემოდგომაზე მოსავლის 70%-იანი დანაკარგი ჰქონდათ, რაც ადრეული ყინვებისა და ვაზის დაავადებების გარდა, სეტყვით და გვალვით იყო გამოწვეული. სეტყვამ ჭრებალოსა და ჩორჯოს ვენახები დააზარალა. რაც შეეხება გვალვას, ზაფხულში ორ თვეზე მეტხანს არ უწვიმია და ამ დროს ტემპერატურა ცელსიუსით 40 გრადუსზე მაღლაც ადიოდა.

პაატა ჭავჭანიძის თქმით, რაჭაში ყურძენზე მზარდი მოთხოვნა და შესაბამისად, ფასების რეკორდული ზრდა ფალსიფიკაციის აღკვეთის გარდა, რუსეთის ბაზრის გახსნამ განაპირობა: „ღვინის ეროვნული სააგენტო მკაცრ აღრიცხვიანობას და ჯიშური სიწმინდის კონტროლს რამდენიმე წელია, დიდ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ყურძენზე ფასი მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთის ბაზარი გაიხსნა. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა საქართველოში მევენახეობის განვითარების მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორია. „ხვანჭკარის“ სპეციფიკური ზონის ერთ-ერთ სოფელში ჯვარისაში ერთ-ერთმა მევენახემ ალექსანდროული და მუჯურეთული 14 ჰექტარზე გააშენა. ამ კაცს პირველი მოსავალი 4-5 წლის შემდეგ ექნება, მაგრამ მომავალს ოპტიმიზმით უყურებს და ხარჯს დაუნანებლად სწევს. ასეთივე იმედით აშენებენ ახალ ვენახებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც“.

მართალია, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთის ბაზარი საკმაოდ არაპროგნოზირებადია, მაგრამ ემბარგოს შემდგომი დადებითი შედეგები ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში ცალსახად თვალშისაცემია. პოლიტიკური რისკებისგან დაზღვევის საუკეთესო გზა იქნება, თუკი ღვინის კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები, ასევე - ღვინის ეროვნული სააგენტო ყველა ღონეს იხმარენ, რათა აქედანვე იზრუნონ ალტერნატიულ ბაზრებზე დამკვირებისათვის. ქართულ ღვინოზე მოთხოვნა სხვა ბაზრებზეც თუ გაჩნდა, ასეთ შემთხვევაში, რუსეთმა კიდევაც რომ ჩაკეტოს საზღვრები ქართული ღვინოებისთვის, თანმდევ პროცესებს მეღვინეები ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანენ და მევენახეთა ოპტიმიზმსაც უფრო მყარი საფუძველი ექნება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული