Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გადაძახილი ოკეანისგაღმელი კოლეგისადმი

ანუ ვის აძლევს ხელს ქართული ღვინის პრიორიტეტულობის უარყოფა?
 
ეს წერილი ალბათ, არც კი დაიწერებოდა, რომ არა გაზეთ "მარანში” ამა წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნებული ბატონ ერკჰარდ ზუპის სტატია, რომელიც ეძღვნება 2011 წლის 15-18 სექტემბერს ალავერდის მონასტერში ჩატარებულ ქვევრის ღვინის I საერთაშორისო სიმპოზიუმს და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებს. როგორც ვხედავთ, ბატონი ე. ზუპი მონაწილე ყოფილა ამ სიმპოზიუმისა და მას, როგორც ე.წ. ღვინის მწერალს გაუჩნდა სურვილი, გაეცნო სიმპოზიუმის დღეებში მიღებული შთაბეჭდილებები ფართო მკითხველისათვის, მან ხომ ეს მასალა გერმანულ ენაზე ინტერნეტში განათავსა. ვთვლით, რომ თქვენი გაზეთის რედაქცია მართებულად მოიქცა, როცა გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა ბატონ ზუპის წერილის ქართული თარგმანი. მიგვაჩნია, რომ გამოპასუხება ამ წერილზე აუცილებელია, ვეცდებით, მკითხველს განვუმარტოთ, თუ რამდენად კეთილგანწყობილი, ობიექტური და რეალურია ხშირ შემთხვევაში მის მიერ მოწოდებული დასკვნები და შეხედულებები.
ბატონ ზუპის წერილი იწყება შეძახილით: "არა, საქართველო არ არის ღვინის აკვანი!” ეს გახლავთ გადაძახილი ევროპიდან ოკეანისგაღმელი კოლეგის - ბატონ მაკგოვერნისადმი, რომელმაც სიმპოზიუმზე წაკითხულ 40 წუთიან მოხსენებას ორჭოფული სათაური გაუკეთა: "საქართველო – ღვინის აკვანი?” როგორც ვხედავთ, ბატონ ზუპს "სიცხადე” შეაქვს ბატონ მაკგოვერნის მიერ დასმულ კითხვაში და უდასტურებს მას: არა, საქართველო არ არისო ღვინის აკვანი. 
რას ეყრდნობა ბატონი ზუპი, როცა ამგვარ კატეგორიული და მენტორული ტონით აღსავსე "დასკვნას” აკეთებს? ბატონი ზუპი მკითხველს განუმარტავს, რომ სიმპოზიუმზე დისკუსიების ძირითადი თემა არა ქვევრის ღვინო, არამედ ღვინის წარმოშობის საკითხი იყოო. მაგრამ, სამწუხაროდ, მეტად დატვირთული სამუშაო რეჟიმის, მცირე დროის გამო დისკუსიები არ შედგა, თუ არ ჩავთვლით ცალკეული მოხსენებების გამო წამოჭრილ და დასმულ კითხვების ნაწილს და მასზე მეტ-ნაკლებად გაცემულ ან სრულებითაც გაუცემელ პასუხებს.
ბატონი ზუპი გვერდს უვლის ქართველ ავტორთა მიერ წაკითხულ მოხსენებებს და საუბრობს მხოლოდ მაკგოვერნის, ფერანინისა და სესილია დიასის მიერ განხილულ საკითხებზე ქვევრისა და ქართული (კახური) ღვინის დაყენების ტრადიციული წესის თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე.
ბატონ ზუპს შეეძლო ჩართულიყო "დისკუსიებში” როგორც თავადვე წერს და აშკარად გამოეთქვა თავისი უარყოფითი ან დადებითი შეხედულებები სიმპოზიუმის მონაწილე მასპინძლებისა და სტუმრების წინაშე, ეს უფრო კოლეგიალური და მისასალმებელი ფორმა იქნებოდა. პასუხებსაც იქვე მიიღებდა მისთვის საინტერესო კითხვებზე, მაგრამ არა, მან "მოყურიადეს” როლი ამჯობინა, შეუმჩნევლად და უხმოდ იყო მაშინ, როცა მისთვის საინტერესო საკითხებზე იკითხებოდა ქართველთა მოხსენებები. 
ვერ ვიტყვით, რომ ბატონმა ზუპმა ე.წ. სტუმართმასპინძლობის ეტიკეტი დაიცვა და მოერიდა მასპინძლებისათვის "სიმართლის” თქმას. მაგრამ მისდა უნებურად სიმართლის ძიებაში ხშირად ვარდება წინააღმდეგობაში და ურთიერთგამომრიცხავ კატეგორიულ მოსაზრებებს გამოთქვამს. თურმე ქართველთა "რომანტიულობისა” და "მისტიკურობის” ბრალია ის, რომ საქართველო ღვინის აკვნად მიგვაჩნია ქართველებს, მაგრამ, ალბათ ამგვარი ეტიკეტებით შეიძლება შევამკოთ ის უცხოელი ავტორებიც, რომლებიც არ იზიარებენ ზუპისეულ მოსაზრებებს.
ბატონი ზუპი შეგნებულად უვლის გვერდს შულავერის მახლობლად "გადაჭრილ გორაზე” არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ გასაოცარ არქეოლოგიურ მასალებს, რომლებმაც შეცვალეს წარმოდგენა კულტურული ვაზისა და ღვინის წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ.
ბატონი ზუპი წერსს: „საქართველო არც კულტივირებული ვაზის და არც ღვინის სამშობლო არ არისო”. ამაზე იტყვიან ქართველები: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. მაშ რას ნიშნავს ძვ. წელთაღრიცხვის VI-IV ათასწეულებით დათარიღებული კულტივირებული ვაზის წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭელი, რომელიც შემკულია ყურძნის მტევნის სტილიზებული გამოსახულებებით და წარმოადგენს პირველსახეს თანამედროვე ქვევრისას. წითელი ღვინის ნაშთს თიხის ჭურჭლის კედელზე, ყვავილის მტვერს. ეს ხომ უხნესი არქეოლოგიური მასალებია მთელს ევრაზიის კონტინენტზე. გვაქვს კი სხვაგან კულტურული ვაზის წიპწა ამ (ნეოლითის) პერიოდისა?  "გადაჭრილი გორას” არქეოლოგიური მასალების მნიშვნელობას საკაცობრიო ცივილიზაციისათვის (და არა მარტო საქართველოსათვის) გამოიხატება იმითაც, რომ აქ აღმოჩენილია ხორბლის 9 და ქერის 5 სახეობა. სხვა მარცლეული და პარკოსანი კულტურების ნაშთები. ყველა შინაური ცხოველის ნაშთი, სამიწათმოქმედო იარაღები, ალიზით ნაგები ცილინდრული ფორმის საცხოვრისები, რაც მიუთითებს ძვ. წ. VI-V ათასწლეულში სამხრეთ საქართველოში მკვიდრად ბინადარი მოსახლეობის არსებობას, რომელიც ეწევა მრავალდარგოვან მეურნეობას, აქვეა აღმოჩენილი "დედა ღვთაების” (ნაყოფიერებისა და სიცოცხლის სიმბოლო) მცირე ზომის თიხისაგან გამოძერწილი ქანდაკებები, რაც აქაური ბინადარი მოსახლეობის რელიგიურ ცნობიერებაზე მიგვანიშნებს.
ბატონი ზუპი წერს: "საკამათოა ქვევრის როლი ქართული ღვინის განსაკუთრებული გემოსა და არომატის ჩამოყალიბებაში”. იგი ცალმხრივად აშუქებს საკითხს და შეცდომაში შეჰყავს მკითხველი. ამავე დროს წერს, რომ სიმპოზიუმზე ვერ იქნა დადგენილი, რომელი ნაერთები განაპირობებენ ქვევრის ღვინის განსაკუთრებულ გემოსა და არომატს.  გვეჩვენება, რომ ბატონი ზუპი შეგნებულად გვერდს უვლის და არ-რას ამბობს ჩვენს მიერ გაკეთებულ მოხსენებაზე: "ყურძნის კლერტი და ქვევრის კახური ღვინო”, სადაც ილუსტრირებული სახით იყო წარმოდგენილი არომატწარმომქმნელი, სხვადასხვა კლასისა და ჯგუფის აქროლადი და არააქროლადი ნაერთების რაოდენობრივი და თვისებრივი შემცველობის ამსახველი მონაცემები. ანტიოქსიდანტური მაჩვენებლები. 
კახური ღვინის ჩამოყალიბებაში ქვევრი ერთ-ერთი, და არა ერთადერთი  ფაქტორია.
მაინც რაში გამოიხატება საკუთრივ ქვევრის როლი ღვინის არომატსა და გემოს ჩამოყალიბებაში? უპირველეს ყოვლისა თიხის შემადგენლობაში არსებული მინერალური ნივთიერებებით. რასაც ბატონი ზუპი არ ან ვერ ითვალისწინებს. მინერალური ნივთიერებები ხომ აქტიურ როლს ასრულებენ ღვინის არომატწარმოქმნაში. ეს მეცნიერულად გამოკვლეული და აღიარებულია. გარდა სხვა დადებითი მომენტებისა ქვევრს ამ მხრივაც შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი კახური ღვინის არომატისა და გემოს ჩამოყალიბებაში. ქვევრის კახური ღვინო ხომ გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული არომატითა და გემოთი.
წერილის ავტორი, ჩვენი აზრით გაზვიადებულად ამახვილებს ყურადღებას ცვილით ქვევრის შიგა ზედაპირის დაფარვაზე. ცვილს ჩვენში ზოგან იყენებენ, ზოგან არა. ბატონი ზუპი ასევე გვერდს უვლის სიმპოზიუმზე გიორგი ბარისაშვილის მოხსენებას ქვევრის შესახებ.
ჩვენთვის ერთგვარად გაუგებარია ბატონ ზუპის შემდეგი განაცხადი: "ყველაზე გასაოცარი ამ სიმპოზიუმზე იყო ის გაბედულება, რომელსაც ავლენდნენ საკმად მარჯვე თინა კეზელი და მის ირგვლივ შემოკრებილი სხვა ორგანიზატორები და თვით ქართული მეღვინეობის სიწმინდეების მსხვრევასაც კი არ უშინდებოდნენ”. რას გულისხმობს ბატონი ზუპი "მეღვინეობის სიწმინდეების მსხვრევაში?” ეს, ალბათ, თავად ბატონ ზუპს და სიმპოზიუმის ორგანიზატორებს უნდა ვკითხოთ.
ბატონ ზუპს მიაჩნია, რომ "სიტყვა Wine-Wine-Vin-Vinoპროტო-ინდო-ევროპული "win-o"-დან ამოდის”. რაც რასაკვირველია, მცდარი მოსაზრებაა. ჩვენ შორს ვართ კატეგორიული მსჯელობიდან, მაგრამ აღვნიშნავთ, ჩვენის აზრით, ერთ უტყუარ ფაქტს: ინდოევროპელები ძვ. წ. III ათასწლეულიდან გამოჩნდნენ ევროპის ტერიტორიაზე დნეპრისა და ვოლგას შორის მდებარე სტეპებიდან და იყვნენ ნახევრად მომთაბარე ტომები, ამდენად, მათ არ უნდა სცოდნოდათ ვაზის კულტურა და ღვინო. ძირითადად მარცვლეული კულტურების მოყვანით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი. მათ, ევროპაში გამოჩენისას, უნდა დახვედროდათ სიტყვა - "ღვინო”. მათ ესესხებინათ ეს სიტყვა მკვიდრი მოსახლეობიდან და გამოეთქვათ თავიანთი ენის ბუნების შესატყვისად. სიტყვა "ღვინო” ნოეს მიერ წარღვნამდელი (ნეოლით-ენეოლითი) ეპოქიდან გადმოტანილად უნდა ვიგულისხმოთ. საკამათო არ უნდა იყოს ის, რომ მოსული ხალხი დამხდურის სახელს მათივე ენიდან იღებს და საკუთარ ენაში ამ ენის ბუნების შესაბამისად ამკვიდრებდა. ასე, მაგალითად, სომხურ ენაში ქართველის - "ივერის” აღმნიშვნელი სიტყვაა: "ვრაც”, ეს იგივეა, რაც "ივერიელი”.  სომხურ ენას კვეცად-კუმშვადი ბუნება ახასიათებს, ამდენად, "ი-ვერი-ელი”-დან მოიკვეცა "ი”, შეიკუმშა "ე” და მივიღეთ "ვრ” ფორმა, ხოლო "აც” სომხურში იგივეა რაც ქართულში -˛"ელი”. 
უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი; უელსური (ანუ უფრო სწორად,  ვალიური ენა) განეკუთვნება ერთ-ერთ უძველეს თავისთავად ენას საკუთარივე ლექსიკური მარაგით, რომელზეც დღეს უელსელთა შედარებით მცირე ნაწილი საუბრობს. ამ ენაზე ღვინის აღმნიშვნელი სიტყვა წარმოითქმის ქართულის მსგავსად: "გვინ” ანუ ღვინო. ეს ფაქტი იშვიათი გამონაკლისია ინდოევროპულ ენათა არეალში და შესაძლოა ამ სიტყვის "გვინ” ფორმა კელტ-იბერთა მეტყველებაში პროტოიბერთა ენიდან შემოსულ და დამკვიდრებულ ტერმინად მოვიაზროთ.
იმის დასტურად, რომ საქართველო არ არის კულტურული ვაზისა და ღვინის აკვანი, ბატონი ზუპი სამ ფაქტორს ემყარება. პირველი ის გახლავთ, რომ ვაზისა და ღვინის წარმოშობის ცენტრი სამხრეთ ანატოლიაა და საქართველო კი მარტოოდენ ამ კულტურის გავრცელების პირველადი კერა. მეორე ისაა, რომ სომხეთში კლდოვან გამოქვაბულში აღმოჩენილია საწნახელი და ქვევრები, რომლის თარიღი ძვ. წ. 3500-3000 წლებით შემოიფარგლება. მესამე ისაა, რომ მაკგოვერნის მიხედვით უძველესი საღვინე ჭურჭელი  აღმოჩენილია არა საქართველოში, არამედ ჩრდილო-დასავლეთ ირანში და დაახლოებით 7000 წლისაა. ისმის კითხვა: ზემოთ აღნიშნული მონაცემები ქრონოლოგიურად წინ უსწრებს თუ არა გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილ თიხის საღვინე ჭურჭელს და წითელი ღვინის დანალექს თიხის ჭურჭლის კედელზე? ანდა სად არის მთელს ევრაზიის კონტინენტზე უფრო ადრინდელი თარიღით დათარიღებული კულტურული ვაზის წიპწები? ბატონ ზუპის მოსაზრებით "ადამიანის პირველი შეხვედრა Vitis vinifera-ს სახეობის ველურ ვაზთან კი, ამაზე ბევრად ადრე მოხდა. ვარაუდობენ, ჰომო საპიენსი პირველად მას 70000 წლის წინ და უფრო ადრეც ლიბანში გადააწყდა, როდესაც ის აფრიკას ტოვებდა”. ჩვენთვის უცნობია, იცის თუ არა ბატონმა ზუპმა, რომ სამხრეთ საქართველოში ადიგენის რაიონში გოდერძის უღელტეხილთან ქისათიბის დიატომიტებზე აღმოჩენილი 30 სმ დიამეტრის მქონე გაქვავებული ველური ვაზის შტამბი 15 მილიონი წლითაა დათარიღებული. ხოლო ახალციხის რაიონში ქისათიბის დიატომიტებში აღმოჩენილი ვაზის ფოთლის ანაბეჭდი 10 მილიონ წელს ითვლის. რაც შეეხება "ჰომო საპიენსს” - სამხრეთ საქართველოში (დმანისის რაიონი) აღმოჩენილია ჰომენიდების - მამაკაცისა და ქალის თავის ქალები, რომელთა ასაკი 1,8 მილიონი წლით არის განსაზღვრული. ისინი პირველ ევროპელებად არიან მიჩნეული. შეიძლება ბატონი ზუპი არ იცნობს ან არ ცნობს ამ უძველეს მონაპოვრებს, ისევე როგორც არ ცნობს გადაჭრილი გორას არქეოლოგიურ სიძველეთა მნიშვნელობას, ეს მისი პრობლემაა და არა საქართველოსი.
ბატონი ზუპი ქვევრს ახასიათებს, როგორც "ამფორის ტიპის ჭურჭელს”, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ქვევრი წარმოშობილი ყოფილა ამფორისაგან, ყველაზე რბილად რომ გამოვთქვათ, ამგვარი დასკვნა ვერ ჯდება ვერავითარ ლოგიკურ ჩარჩოში. ქვევრი ამფორა არ არის!
ბატონი ზუპი აღიარებს, რომ "თითქმის ვაზის ყველა ცნობილი ევროპული ჯიში ქართული ვაზის ჯიშებიდან მომდინარეობს” და ცდილობს ისე წარმოადგინოს  საქმე, თითქოს საქართველოს ღვინის აკვნად აღიარების მოტივაცია მხოლოდ ამ უტყუარ ფაქტზეა დამყარებული. დიახ, ვადასტურებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ძლიერი მოტივაცია, მაგრამ არა ერთადერთი.
ბატონი ზუპის დასკვნით, "საქართველო ღვინის სამშობლო არ არის, ის ღვინის, ალბათ, ერთ–ერთი პირველი გაჩერება ნამდვილადაა”. თუკი ბატონ ზუპს ვერწმუნებით, ვაზი სამხრეთი ანატოლიიდან შუამდინარეთამდე მდებარე რეგიონში წარმოიშვა და შემდგომ შევიდა სამხრეთ კავკასიაში, საიდანაც მოგვიანებით გავრცელდა "ირანში, იორდანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, სამხრეთ-დასავლეთ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოშიც გადავიდა”. ბატონი ზუპი იმოწმებს ბატონ მაკგოვერნს და ამბობს, რომ უძველესი საღვინე ჭურჭლის კვალს ირანში მივყავართ და მისი ასაკი დაახლოებით 7000 წელი ყოფილა. ეს როგორ, ბატონო ზუპ?! ჯერ თიხის ჭურჭელი და მერე ვაზი, თუ ჯერ ვაზი და მერე ჭურჭელი? ნამდვილი პარადოქსია. ამას მოკლედ მოვლენათა და საგანთა აღრევა ჰქვია!
ბატონი ზუპი თვლის, რომ მხოლოდ ქართველებს მიაჩნიათ საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლოდ. მაგრამ ეს სრულებითაც ასე არ გახლავთ. მოვუსმინოთ, თუ რას წერდა ჯერ კიდევ 1872 წელს ფლორასტული და ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე მკვლევარი ვ. ჰენი: "ვაზის ჭეშმარიტი სამშობლო კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს. უღრან ტყეებში მკლავის სიმსხო ვაზები უზარმაზარ ხეებზე გადახლართულია და მშვენიერი მტევნებით ხიბლავს ადამიანს. იქ და მის მახლობლად კახეთში, სამეგრელოში, სომხითში, სადაც დღესაც შემორჩა უძველესი წეს-ჩვეულებები (რასაც ბერძნების და რომაელების თხზულებებიდან ვიგებთ), მოჰყავთ ნარინჯისფერი ბალზამური სიტკბოს მეტად არომატული ვაზის ჯიშები. უკეთილშობილესი კახური საფერავი ისეთ მუქწითელ წვენს იძლევა, რომ მანდილოსნები ერთმანეთს მოკითხვის ბარათებსაც კი უწერენ.... აქედან სემიტური ტომების საშუალებით ქვემო ევფრატის და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, ე.წ. მცირე აზიაში ლიდიელებთან, ფრიგიელებთან, მიდიელებთან და ირანელებთან, ხოლო შემდგომში როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე ზღვიდან საბერძნეთის ნახევარკუნძულზე გავრცელდა, ბერძნების ყველაზე ადრინდელ მოგზაურობათა შედეგად ეს დემონური სასმელი იტალიის საზღვრებში მოხვდა, ხოლო აქედან დანარჩენ ევროპაში”. ეს იყო წარსულში, ახლა? 
ბატონ ზუპს შევახსენებთ, რომ XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ლონდონში დაარსებული "ვინოპოლისის” საქართველოს პავილიონის გარეთა კედელზე ქართველებს არ დაუწერიათ: "საქართველო - ღვინის აკვანი”. ეს ინგლისელებმა გააკეთეს. იმასაც დავძენთ, რომ სამხრეთ კავკასია არაერთი არაქართველი მეცნიერის მიერ მიჩნეულია ვაზის, მარცვლეული კულტურებისა და ხეხილის ფორმათაწარმოქმნის ძირითად კერად.
ვაზის ქართულ გენოფონდში აღწერილია 525 ჯიში და არა 621, როგორც არამართებულად მიუთითებს ბატონი ზუპი.
ბატონი ზუპი წერს, რომ სიმპოზიუმზე საკამათოდ იქცა ის, რომ თუ რომელი ნაერთები განსაზღვრავენ ქართული (იგულისხმება კახური თ.ღ.) ღვინის ბუკეტსა და არომატს, ჩვენს მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ნაერთთა კლასები და ჯგუფები, რომლებიც განსაზღვრავენ კახური ღვინის ჩვეულ გემოსა და არომატს და ეს საკითხი არავის გაუხდია საკამათოდ და მათ შორის არც ბატონ ზუპსაც. 
გვრჩება შთაბეჭდილება თითქოს ბატონი ზუპი შეგნებულად უვლის გვერდს ქართველ ავტორთა მიერ წაკითხულ მოხსენებებს ქვევრის ტრადიციული კახური ღვინის განმაპირობებელ ფაქტორებზე.
ბატონი ზუპი თავისი სტატიის მეორე ნაწილში გადმოგვცემს სიპოზიუმის დღეებში მიღებულ შთაბეჭდილებებს და აღნიშნავს, რომ 2007 წლის შემდეგ ქართულმა ღვინოებმა ერთნახევარი ვარსკვლავით აიმაღლეს ხარისხი და გახდნენ კონკურენტუნარიანნი. ეს, რასაკვირველია, სასიამოვნო და ფასეულია ჩვენთვის. წერილის ეს ნაწილი ობიექტური და კოლეგიალურია, რასაც ვერ ვიტყვით პირველ ნაწილზე, რომელიც აღსავსეა არაკეთილგანწყობილი ტონით, ნაკლები კომპეტენტურობითა და შეფარული ირონიით. წერილის დამამთავრებელი, მესამე ნაწილი გაჟღენთილია ასევე დამრიგებლური, მენტორული ტონით, თუმცა შეიცავს მართებულ დასკვნებს სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით.
ბატონ ზუპის უმთავრესი მიზანდასახულება ჩადებულია სტატიის დასაწყისში და მიზნად ისახავს საქართველოს კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი და უმთავრესი კერის პრიორიტეტულობის დასაკნინებლად და უარსაყოფად ბატონების - პ. მაკგოვერნისა და ხ. ვილამოზის მოშველიებით. ბატონ ზუპის სტატია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის და დამსახურების განმაქიქებელთა და გამყალბებელთა წისქვილზე ასხამს წყალს. ამგვარი მიდგომები მავანთა და მავანთა ინტერესების განხორციელებას ემსახურება.
 
თეიმურაზ ღლონტი 
 
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი
 

© ღვინის კლუბი/Weekend



ნამდვილად ღირსეული პასუხია ბატონი თეიმურაზის წერილი,მემგონი უპრიანი იქნება წერილის თარგმნა და ბ-ნი ზუპისათის მიწოდება.ამგვარ ფაქტოლოგიურ დებატებში უნდა დგინდებოდეს ობიექტური სიმართლე ამა თუ იმ ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხზე. კიდევ საინტერესოა,რა დამოკიდებულება ქონდათ შულავერში ნაპოვნ მტკიცებლულებებთან ღვინის სამშობლოს ქართული ჰიპოთეზის ოპონენტებს ბ-ნ მაკგოვერნს და ბ-ნ ვილამოზს,რამეთუ მათი გაკეთებული დასკვნებიც როგორც ვხედავთ უგულებელყოფენ ჩვენი მხარის მტკიცებულებებს.


აუცილებლად უნდა ითარგმნოს მსგავსი წერილები და უცხოურ ავტორიტეტულ გამოცემებში განთავსდეს!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული