შოტლანდიური ვისკის - Chivas Regal-ის მწარმოებელმა კომპანიამ მისი პროდუქციის თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა: საკუთარი პროდუქტისათვის უნიკალური შეფუთვა შექმნა, რომელსაც თამამად შეიძლება დახვეწილი ოსტატის უზადო ნახელავი ვუწოდოთ. 18-წლიანი დაძველების ვისკი Chivas Regalსაავტომობილო დიზაინის იტალიურ კომპანია Pininfarina-სთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა ბაზარზე. დიზაინერებმა დამკვეთს Chivas Regal-ის შესაფუთი ყუთის სამი ვარიანტი შესთავაზეს: პირველი მათგანი იმ კასრის ფორმისაა, რომელშიც ვისკი ძველდება. ვისკი მინიატურულ, ლურჯად შეღებილ მეტალის კასრში დევს, რომელიც შიგნიდან ხით არის მოპირკეთებული და 145 დოლარი ღირს. მეორე ვარიანტი პირველს ძალიან წააგავს, თუმცა დიზაინერთა თქმით, მას უფრო მეტად დახვეწილი ფორმა აქვს და ვისკის ორი ჭიქაც მოჰყვება. ასეთი შეფუთვა 585 დოლარი ღირს. Chivas 18 Mascherone-ს მესამე ვერსია ყველაზე ელეგანტური და კრეატიული გამოდგა – ესაა ერთგვარი სკულპტურა, რომელიც მუხის მერქნისაგან არის დამზადებული და ალუმინის ფირფიტებით არის დაფარული. ალუმინის გამოყენებით კომპანიაPininfarina-მ ხაზი გაუსვა საკუთარ მიმართულებას, იმას, ხომ საავტომობილო დიზაინის შექმნით არის ცნობილი. ასეთ ვისკის ნებისმიერი მსურველი ვერ შეიძენს – Chivas 18 Mascherone-ს ეს საუცხოო შეფუთვა მხოლოდ 5 ეგზემპლარად დაამზადეს, თუმცა თუ ვინმე ძალიან მოინდომებს, მას შეკვეთით დაუმზადებენ. რა დაგიჯდებათ ეს სიამოვნება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცხადია, იაფი ნამდვილად არ ეღირება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი