Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინული ღვინის განვითარება გეოპოლიტიკური სირთულეების ფონზე

უკრაინაში რუსეთის ძალადობრივი ქმედებების ეპიცენტრი ის რეგიონებია, რომლებიც ღვინის კულტურით გამოირჩევა. უკრაინული მეღვინეობა არაერთხელ აღმოჩენილა გეოპოლიტიკური ქარტეხილებში, რასაც მისი ისტორიაც ცხადყოფს. ამის გავლენა სექტორზე ომის დაწყებამდეც შესამჩნევი იყო.

უკრაინაში მეღვინეობის შვიდი რეგიონია - ბესარაბია, შავი ზღვის სანაპირო, ტრანსკარპატია, პოდილია, პრიკარპატია, კიევის რეგიონი და დნიპროპეტროვსკი. მთლიანი პროდუქტის 50% ოდესაზე მოდის. სამხრეთ რეგიონების ჰავაზე შავი ზღვა ახდენს გავლენას, რაც ტრადიციული ტკბილი ღვინის წარმოებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ისტორიულად ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშებია: Bastardo Magarachsky, Cevat Kara, Kefesyia, შავი და თეთრი ოდესა, Telti Kuruk, Kokur Bely, Sary Pandas და Suholimansky. რქაწითელი დიდი ხნის მანძილზე გაშენებული ვენახის 40%-ს შეადგენდა, მაგრამ დღევანდელი ნარგავები ასევე მოიცავს ალიგოტეს, კაბერნე სოვინიონს, სოვინიონ ბლანს, შარდონეს, მერლოს, მუსკატს, პინო ნუარს, რისლიგნსა და საფერავს.

უკრაინული, განსაკუთრებით ყირიმული, ტრადიციული სტილი, რომელიც ამ ნახევარკუნძულის სანაპიროსთვისაა დამახასიათებელი, ტკბილი ღვინოა. აქ უმეტესად სადესერტო ღვინოებს ვხვდებით. ასევე, ვარდისფერ ღვინოს. მე-19 საუკუნიდან, რუსეთის იმპერიის მიერ ჩინოვნიკების გავლენით, ცქრიალა ღვინო ძალიან აქტუალური ხდება. იგი ოდესის რეგიონში იწარმოება და უკრაინული ბაზრის თითქმის მესამედს შეადგენს. ეს ღვინო პინო ბლანის, ალიგოტეს ან შარდონეს ბაზაზე მზადდება.

უკრაინის ღვინის ისტორია ყველა იმ ისტორიულ თუ გეოპოლიტიკურ სირთულეს აირეკლავს, რაც ქვეყანამ გამოიარა. ეს ღვინის ბაზარს, ტენდენციებსა და ღვინის კულტურას ახლაც ცხადად ეტყობა. თითქმის ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ კონფლიქტებისა თუ სხვა პრობლემების ეპიცენტრი სწორედ ის რეგიონები იყო, რომელიც მეღვინეობით გამოირჩევა. ეს, ცხადია, მთელ ღვინის სექტორს გამუდმებით აზიანებდა და  უკრაინელებს მისი საწყისი წერტილიდან აღდგენა არაერთხელ მოუწიათ.

უკრაინის თანამედროვე ტერიტორიის სამხრეთით, ისეთი განამარხებული მასალაა აღმოჩენილი, რომელიც ცხადყოფს რომ 3000 წლის წინ იქ ვენახი იყო გაშენებული. ასევე ძვ.წ. მე-10-7 საუკუნეებში მცხოვრები მოსახლეობაც იმავეს აკეთებდა. განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ ყირიმში აღმოჩენილია ვაზის ჯიშები, რომლებიც კოლონიზატორ ბერძნებს ძვ.წ. 6-5 საუკუნეებში უნდა შეეტანათ.

არაერთი მაგალითით დასტურდება ყირიმის ღვინის კულტურის მნიშვნელობა. თუმცა, ყირიმული მეღვინეობის ქარტეხილებიც ისევე ადრიდან იწყება, როგორც თავად რეგიონის. მომთაბარე ტომებმა მანამდე არსებული ღვინის კულტურა ფაქტობრივად სრულიად გაანადგურეს. მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ბიზანტიასთან ურთიერთობის ხანაც. ტრადიციულ ადგილობრივ ღვინის კულტურაში პოლიტიკურმა და სოციალურმა მოვლენებმა მევენახეობა-მეღვინეობის ახალი პრაქტიკები დანერგა, რასაც ხელი სხვადასხვა ცივილიზაციებთან კონტაქტმა შეუწყო.

ყირიმული ღვინით ვაჭრობასა და მის გავრცელებას ხელს შავ ზღვასთან სიახლოვეც უწყობდა. ყირიმის მოსახლეობის ცხოვრებაში, დიდი გეოპოლიტიკური და სოციალური ცვლილებების მიუხედავად, მეღვინეობა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ყირიმის მოსახლეობამ სხვადასხვა ეპოქაში მოახერხა მათთვის ავთენტური საქმიანობის შენარჩუნება, ზოგჯერ კი ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდათ.

უკრაინული მეღვინეობით რუსეთის იმპერიის დაინტერესება ეკატერინე მეორის დროიდან იწყება. მისი სურვილით, გზების გაყვანის შემდეგ, ყირიმის რეგიონი რუსეთის იმპერიისთვის ღვინის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად იქცა.

თანამედროვე უკრაინულ მეღვინეობა, მისი განვითარების გზა, ტენდენციები თუ სირთულეები, რასაც თანამედროვეობაშიც ვხვდებით, იმ ეპოქის შედეგია, რომელიც 1804 წელს სუდაკში მეღვინეობის სკოლის დაარსებით იწყება. შემდეგ კი მიხეილ ვორონცოვმა უკრაინული თუ ცქრიალა ტკბილი ღვინის განვითარებას დიდი ყურადღება დაუთმო. სწორედ ამ პერიოდიდან განისაზღვრა უკრაინული ღვინის იდენტობა იმგვარად, როგორც  საბჭოთა კავშირსა და თანამედროვეობაში ვხვდებით. ყველაზე პოპულარული ცქრიალა ღვინო „ნოვი სვეტ“ რჩება, რომელიც იყიდება და იწარმოება ხერსონში, ნიკოლაევში, ხარკოვსა და კიევში, საიდანაც იმპერიის სხვა დიდ ქალაქებშიც მიაქვთ.

მე-18 საუკუნის ბოლოდან უკვე აქტუალური ხდება უკრაინის დნეპრისპირეთი და ტრანსკარპატია. ოდესა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი უკრაინის შემოსავლის ძალიან დიდ წილს ღვინო იკავებს, იგი ბურღულეულსა და სხვა საკვებ კულტურებსაც აჭარბებს. კიდევ ერთი „მტერი“, რომელთანაც დიდი წინააღმდეგობის გაწევა მოუწია უკრაინულ მეღვინეობას, ფილოქსერაა.

1890-1910 წლებში აშენდა ყველაზე ცნობილი მევენახეობები - ლივადია, მასანდრა და ალი-დანიელი, რომლებიც მთავრობას ეკუთვნოდა. 1918 წლისთვის კი უკვე 60%-ს მდიდარი მემამულეები ფლობდნენ. მთავარი პრობლემა ამ პერიოდის უკრაინული ბაზრის ღვინის დაბალი ხარისხია, ასევე წარმოებული ღვინო საკმარისი რაოდენობის არ იყო.

სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი უკრაინული მეღვინეობა იქცა საბჭოთა კავშირის ნაწილად, სადაც იგი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ის პრობლემები, რაც უკრაინულ მეღვინეობას რუსეთის იმპერიაში გაუჩნდა, სსრკ-ს დროსაც გაჰყვა და გაღრმავდა.

როგორც საბჭოთა მეღვინეობის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ, ამ პერიოდშიც გამორჩეული რეგიონები ყირიმი, ოდესა, ხარკოვი, მიკოლიევი, ხერსონი, ზაპოროჟიე და ტრანსკარპატია იყო. ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშები კი რქაწითელი, ალიგოტე, კაბერნე სოვინიონი, რისლინგი და სხვა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უკრაინულ მეღვინეობას მეორე მსოფლიო ომმა. ომამდელი მდგომარეობის დაბრუნება მხოლოდ 1955 წელს გახდა შესაძლებელი. ამ პერიოდშიც წამყვანი რეგიონები ოდესა და ყირიმი იყო. მთავარი მოთხოვნა კი რაც შეიძლება დიდი რაოდენობის პროდუქტის წარმოება იყო, ხარისხის მიუხედავად.  ამის გავლენას პოსტსაბჭოთა უკრაინის ღვინის ინდუსტრია დიდი ხნის მანძილზე განიცდიდა.

თუ უკრაინის ღვინის ბაზრისა და მეღვინეობის კვლევებს (ჩატარებულს მეოცე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის მანძილზე) ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მთავარი ფაქტორი ყირიმის რუსეთის მიერ ოკუპაციის შედეგებია, რამაც როგორც თავად ვაზის ჯიშებზე, სტილზე, ისე მთლიან ბაზარზე დიდი გავლენა იქონია.

1995 წლის მონაცემებით, პოსტსაბჭოთა უკრაინული ყურძნის დიდი წილი ღვინოსთვის იყო განკუთვნილი, განსაკუთრებით რქაწითელი ჭარბობდა. შედარებით ცოტა იყო სუფრის ყურძენი. ავთენტური ყირიმული ჯიშები, როგორებიცაა კეფესია, სოლდაია, სარი, პადა, თეთრი კოკური და ჯევათ კარა, ამ პერიოდისთვის აღადგინეს. მეოცე საუკუნის ბოლოს არაერთი ინსტიტუტი თუ ორგანიზაცია ცდილობდა ღვინის სტილის გამრავალფეროვნებასა და ხარისხის გაუმჯობესებას, რაც საბჭოთა მასიურმა წარმოებამ ძალიან დააზარალა. ასევე, ამ პერიოდის კვლევებში აღნიშნულია, რომ მაშინდელი უკრაინის ტერიტორიაზე 60-მდე ღვინის მიკროზონა გამოიყოფოდა, ერთმანეთისგან განსხვავებული ტერუარები, თუმცა, ამის მიუხედავად წარმოებული ღვინო არც ისე მრავალფეროვანი იყო. ასევე, დაწყებული იყო თეთრი მშრალი ღვინის განვითარებაზე საუბარი. ამგვარი ღვინო ძალიან იშვიათობა იყო, თუმცა მიაჩნდათ, რომ ყირიმის გარკვეულ ტერიტორიებზე არსებული მიკროზონები ამგვარი ღვინის წარმოების საშუალებას იძლეოდა.

ყირიმის ოკუპაციამდე უკრაინა ღვინის მწარმოებელ ქვეყნად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, მას ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაც შეეძლო. ასევე, ამ პერიოდის ტენდენციები - ღვინის სმასთან დაკავშირებული - ძალიან განსხვავებული იყო ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისგან. ეს კი საბჭოთა კავშირის ეკონომიკური კრიზისების პირდაპირი შედეგი იყო, თუ აღარ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რაც უკრაინაში ამ სფეროს განსაკუთრებით ეხებოდა.

ღვინის კულტურის განვითარება, მის დაგემოვნებასთან დაკავშირებით წინსვლა მთავარი გამოწვევაა დღევანდელი ბაზრისთვის. ერთ-ერთი უკანასკნელი კვლევა, რომელიც როგორც ღვინის რიგით მომხმარებლებს, ისე სფეროში გაცნობიერებულ ადამიანებს აერთიანებდა, 2017 წელს ჩატარდა. იგი მთავარ ტენდენციებსა და პრობლემებს, ასევე უკრაინული ღვინის მომავალთან დაკავშირებულ ხედვებსა და ყირიმის ოკუპაციით გამოწვეულ ცვლილებებს აღწერს.

უკრაინული ბაზრის სპეციფიკა ის არის, რომ ღვინის უდიდესი ნაწილი იმპორტირებული, მასური წარმოების, დაბალი ხარისხის ღვინოა. ძალიან ცოტა კომპანიაა ისეთი, რომელიც საშუალო ან მაღალი ხარისხის, განსხვავებული ღვინის გაყიდვითაა დაინტერესებული.

ყირიმის დაკარგვის შემდეგ მდგომარეობა ასეთია: 9 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მაკროზონა და 51 მიკროზონა, რომელთა შორის ყველაზე მეტი ოდესაში, ხერსონსა და მიკოლაივშია. ღვინის წარმოება კი 2014-ის შემდეგ 47%-ით შემცირდა. ამის ფონზე უკრაინისთვის ღვინის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები იტალია, საფრანგეთი და საქართველო არიან.

იმპორტიორი ქვეყნების ასეთ განაწილებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, იტალიის შემთხვევაში ეს ღვინოების გემოებისა და ვაზის ჯიშების ადგილობრივთან სიახლოვეა, საფრანგეთი კი ასოცირებულია მაღალ ხარისხთან. რაც შეეხება საქართველოს, კვლევის მიხედვით, ორიდან ერთი ფაქტორი ისაა, რომ საბჭოთა კავშირში ქართული ღვინო განსაკუთრებულ სენტიმენტებს იწვევდა, ამიტომაც დღემდე ძალიან საყვარელ ღვინოებად რჩება ქინძმარაული, ხვანჭკარა და სხვა ტკბილი ჯიშები, თუმცა უკრაინაში ბოლო წლებში პოპულარული გახდა ქართული ტრადიციული ქვევრის და ნატურალური ღვინოებიც.  მეორე ფაქტორი 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ საქართველოს ბაზრის ცვლილებებია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია ტკბილი ღვინოებისადმი განსაკუთრებული სიყვარულია, რაც საბჭოთა ფენომენია. იმ ადამიანების ინტერესი, ვინც სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ხარისხის ზრდა და კლიშეებისგან გათავისუფლებაა, მაგალითად თეთრი ნახევრადმშრალი ღვინოების ბაზარზე დამკვიდრება.

მიმდინარე მოვლენების ფონზე უკრაინული ღვინის სექტორის მომავალი სიძნელეებით სავსე და ბუნდოვანია. თუმცა, ის იმედისმომცემი ტენდენციები და ფაქტები, რომლებსაც შორეულ თუ უახლოეს ისტორიაში ვპოულობთ - როგორ გაართვა უკრაინის მცირე, თუმცა პოტენციალის მქონე ღვინის ბაზარმა სხვადასხვა გამოწვევებს თავი, გვაფიქრებინებს, რომ ახალ მდგომარეობასთან ადაპტირებაც შესაძლებელია, რაც ახალ იმედებს შექმნის ღვინის სექტორისა და უკრაინელი მომხმარებლებისთვის, საბჭოთა წარსულისა თუ რუსული აგრესიის დაძლევასთან ერთად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.