Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ილია ჭავჭავაძე – კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება

ტფილისი, 28 იანვარს. 1894 წ.

მოგეხსენებათ, კახეთის მემამულეთა შორის დიდი ხანია მუშაობს ის აზრი, რომ საჭიროა დაარსდეს კახეთის მკვიდრთაგანვე ისეთი საზოგადოება, რომელმაც უნდა იტვირთოს და იზრუნოს, რათა კახეთის დიდსა და უხვს სიმდიდრეს – კახურს ღვინოს მოუაროს, მუშტარი ბლომად აუჩინოს და ბაზარი გაუხსნას, გაუფართოვოს. მოგეხსენებათ ისიც, რომ დღეს უკვე შემდგარია წესდება ასეთის საზოგადოებისა ამ სახელწოდებით: „Общество Кахетинских Садовладелцев для сбыта своих вин.“

წესდების შემდგენელთ ამასთანავე ცალკე წერილითაც განუმარტავთ, რა მიზეზმა და გარემოებამაც გამოიწვია ასეთი საზოგადოების დაარსების სურვილი. წესდებაცა და ეს განმარტების წერილიც დღე-დღეზედ უნდა იქმნას წარდგენილი, სადაც ჯერ არს, დასამტკიცებლად.

 მართლაც, ქვეყანამ იცის კახური ღვინოების ღირსება. ეს ღვინოები ისეთის თვისებისაა, რომ ადვილად შეუძლიან მოცილობა გაუწიონ რუსეთში უცხო ქვეყნების ღვინოებს, რომელზედაც მეტის სიძვირის გამო უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება, თუ მართლა ნამდვილი ღვინოებია და არა შეთითხნილი სხვადასხვა მასალისაგან ყურძნის წვენის გარდა. ხოლო თუ კახური ღვინოები ნაკლებად მოიპოვება რუსეთის ბაზარში, ამის მიზეზი ის კი არ არის, ვითომ ან ღვინოსა ჰქონდეს წუნი, ან ნაკლებად მოჰყავდეთ, ან კიდევ სხვა ქვეყნის ღვინოებზედ ძვირი იყოს, არამედ ის, რომ დღეს-აქამომდე კახურის ღვინის მომყვანთა და დამყენებელთ ძალაუნებურად მარტო ჩვენებური მუშტარი ჰყვანდათ სახეში, მარტო ჩვენის ქვეყნის ბაზარს შესცქეროდნენ. წინად კიდევ შეიძლებოდა ასე წარმოება საქმისა. მაშინ ღვინო ამიერკავკასიის სხვა ადგილებისა ვერ მოდიოდა ტფილისში, რომელიც არის აქაური უმთავრესი ბაზარი. ვერ მოდიოდა, იმიტომ რომ ის ადგილები შორს იყო ქალაქზე და გზებიც არ ვარგოდა. ამ ადგილებიდამ ღვინის მოტანას დიდი ხარჯი აწვა, რადგანაც გზაც შორს იყო და დიდხანსაც უნდებოდნენ ზიდვას. ამ დიდხანს დარჩენას გზაში სხვა ზარალიც მოსდევდა, რადგანაც იმ ადგილების ღვინოები, როგორც უფრო სუსტნი, ადვილად ფუჭდებოდა და ვერ იტანდა ხანგძლივს და დიდს გზას. ცხადია, რომ ამისთანა გარემოებაში კახური ღვინო ბატონობდა ტფილისში და წინ იდგა ყველა სხვაგვარ ღვინოზე ჯერ ღირსებითა და მერე მით, ახლო იყო ბაზარზე იმოდენად, რომ იტანდა გზის ხარჯსა. საღდებოდა კიდეც ქალაქში კახური ღვინო, ჯერ იმიტომ რომ ბაზარი ერთხელ შეჩვეულ და დაჩემებულ კახურს გემოს ეტანებოდა, და მერე აქაური ბაზარი არა საჭიროებდა, რომ ღვინო გამძლე ყოფილიყო. იგი ბაზარი სჯერდებოდა, მეორე მოსავლამდე გაეძლო ღვინოს, რადგან ამ ხნის განმავლოაბში ღვინო სრულიად საღდებოდა და ამ სახით ბაზარი იტევდა მთელის წლის მოსავალს კახეთისას. გარდა ამისა, სიმაგრე და სიკეთე კახურისა იმოდენაა ეხლაც, რომ, იშვიათ შემთხვევას გარდა, ადვილად ინახება ერთის წლის განმავლობაში. ამისათვის არც ხარჯია საჭირო, არც ბორჯი და არც განსაკუთრებულის სიფრთხილით დაყენება და მოვლა ღვინისა. ტფილისსაცა და საზოგადოდ კახურის ღვინის აქაურ მუშტარსაც ამაზე მეტიც არა უნდოდა რა. ცხადია, ღვინის მოყვანასაც და დაყენებასაც ამ ორის გარემოებისათვის უნდა გაესწორებინა ანგარიში და შეჰფერებოდა თავისი მუშტრის გემოვნებას და საჭიროებას. ამიტომაც, ოღონდ ღვინის გამძლეობა მოსავლიდან მოსავლამდე ჰქონოდა და სხვა ჭეშმარიტ სიკეთესთან ცოტაოდენი სიმწკლარტეც, ურომლისოდაც აქაური მუშტარი ღვინოს ღვინოდ არა ჰხადიდა, და აქაურ ბაზარში მუშტარი არ დააკლდებოდა.

 ეხლა გარემოება სულ სხვაფრივ შეიცვალა და კახურ ღვინოს თითქმის ხელიდამ გამოეცალა აქაური ახლომახლო ბაზარი და მუშტარი. გაყვანილ იქნა რკინის გზა ბათუმიდან ბაქომდე და ამ მიზეზით ღვინის გატან-გამოტანა გაადვილდა, გაიაფდა სხვა ამიერკავკასიის ღვინის ადგილებიდამ, რომელთაც ხვდება რკინის გზა.

 ამის გამო არაკახურ ღვინოებით აივსო ჩვენებური ბაზრები და, თუმცა ეს ღვიენობი კახურზე გაცილებით მდარე ღირსებისაა, მაინც, რადგან იაფია, ისყიდება და მერე ხშირად კახურის სახელითაც. ამ სახით კახური ღვინო შეცოტავდა ბაზარში და მისი ადგილი არაკახურმა ღვინოებმა დაიჭირა. თუ ეხლა ჰყიდულობს აქაური ბაზარი კახურს ღვინოს, ჰყიდულობს მარტო იმისათვის, რომ დაბალ და უხეირო ღვინოში აურიონ და ისე გაჰყიდონ, როგორც კახური. ეს არის მიზეზი, რომ ძალიან ძნელია ეხლა ტფილისში ნამდვილის კახურის ღვინის შოვნა თითო-ოროლა ადგილ გარდა.

 ასე შევიწროვდა დღეს კახური ღვინო. შევიწროვდა იმდენად, რომ ასეთს გარემოებაში, არა თუ ძნელია გაძლიერდეს ვენახების გამრავლება და ღვინის მოყვანა კახეთში, არამედ საფიქრებელია, რომ უფრო მეტად არ შემცირდეს და არ დაეცეს. თუ საიდგანმე შემწეობა არ აღმოუჩნდა ამ საქმეს კახეთში, მეტი რა ღონე იქნება, ვენახების რაოდენობა და სივრცე, რომელიც საკმაოდ გადიდდა დროთა განმავლობაში, ისევ უნდა შემცირდეს და შეცოტავდეს საზარალოდ მთელის კახეთისა და ქიზიყის კეთილდღეობისა.

 როგორ უნდა ეშველოს მაშ ამ საქმეს? ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკებთ.

ტფილისი, 29 იანვარს. 

გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ გაჭირებული და უნუგეშო მდგომარეობა კახეთის ვენახის პატრონთა და კახურ ღვინოს მომყვანთა, რომელთაც სხვადასხვა ჩვენ მიერ დასახელებულ მიზეზთა გამო ხელიდამ გამოეცალათ აქაური ბაზარი და კახურ ღვინოს დღეს იმდენად ნაკლებად ჰყავს მუშტარი, რომ მემამულეთა აღარ იციან, რა უყონ ან თავიანთ ვენახებს და ან მშვენიერს კახურს, როგორ ეშველება მათ საქმეს?

 დიაღ, კახეთში ვენახები ბევრია, ღვინო უხვად მოდის. თუ ცდა და შემწეობა იქნება და ამ ვენახების შემუშავება, აგრედვე დაყენება და მოვლა ღვინისა განკარგდება, უკეთესად, უფრო მეტის ცოდნით მოეწყობა, კახურ ღვინოებს არ გაუჭირდებათ თავისი რაოდენობითა და ღირსებით რუსეთის ბაზრებში უცხო ქვეყნების ღვინოების მაგიერობა გასწიოს რამდენადმე და მუშტარსაც გული მოუგოს მით, რომ ნამდვილი ყურძნის წვენი იქნება და შიგ არა ერევა რა. თუ ასეა, ცხადია, მთავრობა არას დაჰკარგავს, უკეთუ იზრუნებს და ხელს შეუწყობს ღვინის მოყვანას კახეთში. ამ ზრუნვით, ჯერ ერთი, რომ რუსეთს დაეზოგება დიდძალი ფული, რომელსაც ეხლა იხდის სამზღვარგარეთის ღვინოებში და მეორეც – ერის ჯანმრთელობაც ეჭვქვეშ არ იქნება და ქვეყანა თავს დაანებებს იმ შინ და სამზღვარგარედ მომზადებულს ღვინოებს, რომელიც სწამლავს და ვნებს ხალხს.

 ერთადერთი ხსნა კახეთის ვენახთა პატრონთა, თუ არ უნდათ სულ უმუშტროდ დარჩნენ, ის არის, რომ ახალი ბაზარი მოეპოვოს კახურ ღვინოს საქართველოს გარედ, უფრო კი რუსეთის დიდ ქვეყანაში, რუსეთი სავსეა ისეთის შინ მოხერხებულ, ნაკეთებ და მონათლული ღვინოებით, რომელშიაც ძალიან ნაკლებად არის საკუთარის ყურძნის წვენი და ხან სულაც არ არის. კახურის ღვინის გატანა რუსეთის ბაზარში საკეთილოდ შესცვლის დღევანდელს უნუგეშო ყოფას მით, რომ ღვინის მუშტარსაც მისცემს კარგს და მარგებელს სასმელს და ღვინის მწარმოებელსაც ხალისი ექმნება, ბაზარია საცა მუდამ შემიძლიან გავასაღო, რამდენიც უნდა ღვინო მომივიდესო.

 ხოლო იმისთვის, რომ კახური ღვინო გავრცელდეს და საღდებოდეს რუსეთში, საჭიროა ვიქონიოთ სახეში პირველად, რომ კახური ღვინო შეეფერებოდეს ახალ მუშტართა გემოვნებას, მოჰშორდეს სიმწკლარტე, რომელსაც ერიდება რუსეთის მუშტარი, ხოლო ყველა სხვა თვისი ღირსება ხელუხლებლად შერჩეს; მეორედ, ღვინოს, თავის თვითეულ და ცალკე ხარისხისამებრ, ერთგვარი გემო, სურნელება და ფერი ჰქონდეს მარტო იმ თვისებათა შემწეობით, რომელიც ბუნებითვე აქვს; მესამედ, გაძლიერდეს მისი ბუნებრივი ღონე დიდხანს გაძლებისა, რათა არ წახდეს, საუარესოდ არ შეიცვალოს კარგა ხნის განმავლობაში და შეეძლოს ატანა ცოტად თუ ბევრად შორს მანძილზე წაღების და ხანგრძლივად შენახვის, ერთის სიტყვით შეიძინოს იგი თვისება, რომელიც მას შეჰქმნის ვაჭრობის საიმედო გასნად.

 რაკი კახური ღვინო ბუნებით კარგია, ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები ახლა ბევრად განკარგებულია ეხლანდელის მეცნიერების მიერ, ეჭვი არ უნდა იყოს, ჩვენის აზრით, რომ მარტო თავის ბუნებურ თვისებათა წყალობით სწავლა-ცოდნის მიშველებით შემზადდეს, კახური ღვინოები ადვილად დადგება იმ დონეზე, იმ თვისებაზე, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ და რომელთა წყალობით არის მხოლოდ შესაძლო დღევანდელი ცვალებადი ღვინო მტკიცე და საიმედო სვაჭრო საქონელი შეიქმნას და რუსეთის, თუ გარედ სადმე ბაზარში საკმაო და ღირსეული ადგილი დაიჭიროს. აი კახურ ღვინოების ამ დონეზე დაყენება საფუძვლად დაუდვია ხსენებულ საზოგადოებას, რომელსაც ჰქვიან "Общество Кахетинских Садовладелцев ". რა გზით და ღონისძიებით განუზრახავს ამისი მიღწევა და შესრულება, ამაზე შემდეგ მოვილაპარაკებთ.

ტფილისი, 30 იანვარს

"კახეთის ვენახების პატრონთა საზოგადოების" აზრით, დღევანდელი აქაური ღვინის წარმოება მარტო ერთს საგანზეა დამყარებული და ის საგანი ღვინოა, რომელიც ამის გამო ერთადერთი წყაროა შემოსავლისა ძვირად შესამუშავებელ და საკეთებ ვენახებისაგან. მაშინ, როდესაც ღვინისაგან ნარჩენი მასალა, დღეს თითქმის გადასაყრელად გამზადებული, როგორც უვარგისი რამ, შესაძლოა კაცმა გამოიყენოს და გადააქციო ღირებულ სააღებმიცემო საგნად. ღვინის მარილი, კრემორტარტარი და მწვანე წამალი / Яр медянка /  ღვინის წარმოების გამონარჩენ მასალისაგან გამოსაღები, საკმაოდ გააძლიერებს შემოსავალს ვენახისას, თუ ამისათვის კაცი ხელს გასძრავს და ამ საქმეს ცოდნით მოეკიდებაო.

 თუმცა ამ საგანზე მიმართული წარმოება სულ სხვა საქმეს შეადგენს, განსხვავებულს ღვინის კეთებისაგან, მაგრამ თუ იგი აღორძინდა ჩვენში, ახალს წყაროს შემოსავლისას ხელთ მისცემს ვენახის პატრონთა იმით მაინც, რომ ღვინის კეთებისაგან ნარჩენ მასალას, დღეს გამოუსადეგს და მაშასადამე უფასოს, ფასს დასდებს და სავაჭრო საგნად შეჰქმნისო. ამით გაუჩენს ვენახის პატრონს ახალს წყაროსა, რომელიც გააძლიერებს შემოსავალს ვენახისას, რადგანაც ეს ახალი საქმე, რომლისათვის საჭიროა ღვინისაგან ნარჩენი მასალა, მოითხოვს ამ მასალასო.

 ამ სახით ვენახის შემოსავალი საერთოდ იმატებს და, მაშასადამე, შესაძლოა ამ ახალ წყაროს გაჩენით ღვინოსაც უფრო ზომიერი და ხელმისაწვდენი ფასი დაედოსო. დღეს მთელს ხარჯს ვენახისას მარტო ღვინო უნდა გაუძღვეს, ღვინომ უნდა დაფაროს შემოშავება ვენახისა, იხადოს ზარალის შიში და თვით ვენახის პატრონსაც საკმაო მოგება მისცესო. ყოველივე ეს საკმაოდ ადიდებს ღვინის ფასსა და ამ განდიდებისაგან არც ვენახის პატრონი ხეირობს და არც ღვინის მუშტარიო.

 კარგა ბლომა ფული, რომელიც რუსეთიდამ გადის ღვინის მარილის, კრემორტარტარის და მწვანე წამალის სამზღვარგარეთიდამ მოზიდვისათვის, რატომ შინ, რუსეთშივე არ უნდა ჰრჩებოდეს, მაშინ, როდესაც ყოველივე ეს შესაძლოა კახეთში გაკეთდეს და იმოდენად საკმაოდ, რომ რუსეთის შინა ბაზრები თითქმის სავსებით დააკმაყოფილოსო.

 ამ სახით "კახეთის ვენახების პატრონთა საზოგადოებას" თავის საგნად დაუდვია: ღვინის საქმე კახეთში იმ ხარისხზე დააყენოს, რომელიც მარტოდ-მარტოა თავმდები, რომ კახური ღვინო შეიქმნას მტკიცე და საიმედო საგნად აღებმიცემობისა გარედ ბაზრებისთვის და ნამეტნავად რუსეთისათვის და ააღორძინოს იგი ახალი დარგი წარმოებისა, რომელთა ძალით ღვინისაგან ნარჩენი მასალა შესძლოა გადაკეთდეს საფასურ საგნად ვაჭრობისათვის და მით ვენახის პატრონთ გაუჩნდეთ ახალი წყარო ვენახის შემოსავლისა.

 ხოლო ყოველივე ესე თვითეულ ცალკე კაცთა ღვინისათვის მიუწვდომელია და რაც თვითოეულისათვის შეუძლებელია, იმას შესძლებს შეერთებული ღონე ბევრისაო, მთელის კრებულისაო. ესა გვქონდა სახეში წესდების პროექტის შემადგენელთაო, ამბობენ დამწყებნი ამა საქმისა. მისახწევად იმ აზრისა, რომელიც საზოგადოებას თავის მოქმედების საგნად მიუღია, დაუდვიათ, 1/ რომ წევრთაგან მოგროვილ ღვინოს თვითონ საზოგადოებამ მოუაროს, შეუფეროს გარედაბაზრის მოთხოვნილებას ისე კი, რომ კახური ყურძნის წვენში არა გაურიოს და მარტო მის ბუნებურ თვისებას ხელი შეუწყოს და ბუნებური წმინდა კახური ღვინო გაიტანოს ბაზარში, კარგად მოვლილი საგამძლეოდ და საგემოდ; 2/ რომ შემწეობა აღმოუჩინოს ვენახების უკეთ კეთებასა, ღვინის დაყენებისა და მოვლისათვის და ღვინის ნარჩენი მასალა ახალი წარმოების საგნად გახადოს და 3/ შუამავალი შეექმნას ღვინის მსმელთა და ღვინის პატრონთა ისე, რომ ორივესათვის უზარალო იყოს.

 ყოველი მუხლი წესდებისა ამ სამს საგანზეა მიმართული და მოწყობილი, ისე კი, რომ თვითონ "საზოგადოებას" საკუთრივ არავითარი აზრი გამორჩენისა არა აქვს და ამ სახით სრულად ზურგი შეუქცევია იმგვარ წყობისათვის, საცა თვითონ დამწყები თავის ხეირს დაეძებს. მთელი მოგება თვითოეულ იმ ღვინის პატრონისათვის არის გადადებული, რომელიც წევრად შესულია და თუ საზოგადოება იღებს რასმე შუამავლობისათვის, მარტო იმოდენას, რაც საკმაოა მიუცილებელ ხარჯისათვის, რომელსაც თვით კრება საზოგადოებისა ამტკიცებს.

 განვმარტეთ რა ზოგადის ნიშნებით საგანი "კახეთის ვენახების პატრონთა საზოგადოებისა" და ისიც, რომ თვით "საზოგადოებას" უარუყვია ყოველივე აზრი გამორჩენისა საკუთრად თავისთვის, ყოველს წვლილს ვერ გამოვუდგებოდით, რადგანაც ეს მოითხოვდა თითქმის მთელის წესდების გადმოწერას და ახსნას. ეს კი სათქმელია, რომ ამ "საზოგადოების" დამფუძნებელთ იმედი აქვთ, რომ მთავრობა თანადგმოით მიიღებს მათს მიერ შედგენილს წესდებას. იგინი ამბობენ, რომ ამ "საზოგადოების" დადგენა არამც თუ ააცილებს კახეთს ღვინის საქმის დაცემას, არამედ გააძლიერებს შესაძლო საზღვრებამდე.

 ეს გარემოება არ უნდა დავიწყებულ იქნას თვით სახელმწიფოს ინტერესების მხრითაც, რადგანაც მთელი ორი მაზრა კახეთისა /თელავისა და სიღნაღის/ და ნაწილი მესამეც /თიანეთისა/ შეჰყურებს ღვინოს, როგორც ერთადერთს წყაროს ცხოვრებისას და სახელმწიფო ხარჯის ხდისას. ცოტად თუ ბევრად შეწყვეტა ამ წყაროსი ღონეს მოაკლებს იქაურ მკვიდრთა და მეტისმეტად გაუჭირვებს ცხოვრებას და ხარჯის ხდასა მაშინ, როდესაც ბუნება კახეთისა ხელს უწყობს ადამიანს ღვინის საქმის გაძლიერებისათვის. გაძლიერებული კახეთის ღვინის საქმე, კარგად და ეხლანდელი მეცნიერების შემწეობით რიგიანად წარმართული, შემძლებელია რუსეთს შეუმოკლოს საჭიროება სამზღვარგარეთიდამ ღვინის ზიდვისა და იგი დიდძალი ფული რუსეთისა, რომელიც დღეს სამზღვარგარეთ გადის, შინვე რუსეთში დატრიალდება მისთა მკვიდრთა საკეთილდღეოდ. გარდა ამისა ხელშეწყობა, რომ ნამდვილი, შეურევნელი კახური ღვინო შეტანილ იქმნას რუსეთის ბაზარში, სასურველია საერო ჯანმრთელობის მხრითაც, რადგან დღეს რუსეთში საღდება წამლებით მოწამლული ღვინო, შინაური თუ გარეული, და ეს, რა თქმა უნდა, უვნებლად არ ჩაუვლის ხოლმე ერსაო.

 ყოველივე ეს იმით სასურველიაო, ამბობენ დამფუძნებელნი, რომ კახური ღვინის ბუნებრივი სიკეთე ყველასაგან ცნობილია და, თუ ბაზარი გაეხსნა, ამის მიხედვით განკარგდება ვენახების კეთება, გაიმატებს ვენახების მოედანი და გაძლიერდება ღვინის საქმე და ამ გზით რუსეთის ბაზარი შეიძენს მარგებელს სასმელს იმოდენად ბევრს, რომ დიდძალს ღვინოს სამზღცარგარეთისას განდევნის და დიდად შეაფერხებს, თუ სულ არ მოსპობს იმ მოწამლულ სასმელთა ბაზარში სვლას, რომელიც დღეს ღვინის სახელით საღდება და იყიდებაო. 

წყარო: ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი. ტომი XIII. პუბლიცისტური წერილები, 1894-1897. "ილიას ფონდი" 2007.

მასალა მოგვაწოდა გიორგი ბარისაშვილმა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.