Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოგი დვალიშვილის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (15)

ნასტია ნაუმოვას ფოტოები

როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი და ვენახი მამისგან მემკვიდრეობით მივიღე. მარანი აშენდა 1973 წელს. მშენებლობაში და ქვევრების ჩაყრაში შეძლებისდაგვარად ვიღებდი მონაწილეობას. ყველაფერი ჩემს თვალწინ გაკეთდა. მამა ბავშვობიდან მასწავლიდა ვაზის გასხვლას და ღვინის დაყენებას. ვიღებდი მონაწილეობას ყურძნის წურვაში. ასაკთან ერთად მარანში საქმეც მემატებოდა. ჯერ მორბედი ვიყავი, მერე მემარნე დამარქვეს. ყოველ წელს ვცდილობ მარანს რამე ახალი შევმატო, გავაუმჯობესო და გავაფართოვო. ჩართული ვარ ღვინის ტურიზმში. ტურისტები მსტუმრობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. შემოსვლისთანავე ემოციებს ვერ მალავენ. მოსწონთ ჩემი მარანი და ჩემი საქმიანობა, რაც მაძლევს სტიმულს  და მახალისებს.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

   ვენახში გაშენებული ვაზის საშუალო ასაკი 35-40 წელია. მაქვს ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე, მცირე რაოდენობით ალიგოტე და რქაწითელი. ჩემს ბავშვობაში ბუდეშურიც იყო, მაგრამ რატომღაც გაქრა ეს ჯიში. მარტო ჩემს ვენახში კი არა, სხვა ვენახებშიც, მისგან გამორჩეულად კარგი ღვინო დგებოდა. გაქრობის მიზეზად მისი მოვლის უცოდინარობას, უყურადღებობას მივიჩნევ. გადავწყვიტე ახლიდან დამერგო რამდენიმე ძირი და მერმის ალბათ მოსავალიც იქნება. მისი აღდგენა გულითადად მწადია ჩემს ვენახში.

კვიცი გვარზე ხტისო ამბობენ. ჩემმა შვილმაც გააშენა 0,5 ჰექტარი ვენახი უკვე 2 წელია და მერმის პირველ მოსავალსაც ელოდება, მცირეს, მაგრამ საინტერესოს. გაშენებული აქვს ჩინური 30%, თავკვერი 20%, გორული მწვანე 20%, შავკაპიტო 10%, ბუდეშური 10%, შავი ჩინური 10%, რომელიც ძალზე საინტერესოა, სულ 1700 ძირი. ვნახოთ რა ღვინოს დააყენებს, ახალი ღვინის ფესტივალზე გამოჩნდება.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

   ღვინოს ვაწარმოებ როგორც ტრადიციულად ქვევრებში, ისე ევროპულად. 3 წელია რაც ვენახში ვიყენებთ ბიო პრეპარატებს, ვცდილობთ რომ ორგანული ღვინო დავაყენოთ. ვაწარმოებთ 5 სახის ღვინოს:

                  1 ატენური ქვევრის

                   2 ატენური ევროპული

                   3 ხიდისთაური ქვევრის

                   4 თავკვერი ევროპული

                   5 თავკვერი ქვევრის

     ამ ღვინოებიდან გამოირჩევა ,,ხიდისთაური“ (თეთრი ჯიშების, ჩინურისა და გორული მწვანეს წვენი დადუღებულია თავკვერის ჭაჭაზე) და თავკვერი ტრადიციულად ქვევრშია დაყენებული. თავკვერი წითელი ვაზის ჯიშია, რომელსაც ღვინოში თეთრი ღვინის თვისებები აქვს, რაც მას განასხვავებს სხვა წითელი ყურძნის ჯიშებისგან.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

     2012 წლის ახალი ღვინის ფესტივალის შემდეგ ღვინის რეალიზაცია შემომთავაზა ღვინის ცენტრმა. შემდეგი რეალიზაცია იყო  g.vino-ში და ვინომანიაში.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

     ჩემი ღვინო უცხოეთის ბაზარზე არ გადის, თუ არ ჩავთვლი სტუმრებს უცხოეთიდან, რომლებსაც თან მიაქვთ სუვენირად 1 ან 2 ბოთლი, რომელი ღვინოც მოეწონებათ.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

  მეღვინეობა-მევენახეობა სირთულეებითაა სავსე, პირველი ჩემი სირთულეა უცოდინარობა, ვაზის სოკოვანი დაავადებისა, მათი ინკუბაციის პერიოდისა და სხვა მავნებლების შესახებ. ინფორმაცია მწირია ღვინოში სხვადასხვა ბაქტერიებს რა აჩენს, ან ცხოველურ ტონებს. ეს მევენახეობა-მეღვინეობის სირთულეებია და ვცდილობ, რომ ამ სირთულეებს თავი გავართვა. ლიტერატურა დასახვეწია, სადაც ყველაფერი გასაგებად იქნება აღწერილი მოყვარული მეღვინეებისთვის, ფოტო ილუსტრაციებით.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

   საქართველოში ღვინის დაყენების და მისი მოხმარების კულტურა 8000 წელს ითვლის. გასულ საუკუნეში ბევრი ცუდი რამ დაემართა ჩვენს ვაზს და ღვინოს, მაგრამ წინა საუკუნესაც გადავხედოთ და ტრადიციებსაც. ღვინის როგორი სიყვარული იყო, როგორი მარნები და საღვინე ჭურჭელი, სასმისები, დღესაც ვამაყობთ დიდი წინაპრების მარნებით, მუზეუმებად გვინდა ვაქციოთ. ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ძველი ტრადიციები, ღვინის დაფასება. ზოგჯერ ისეთ სუფრაზედ მოხვდება კაცი, რომ მაგიდა სავსეა ხორაგით, აქაურით თუ შემოტანილით და ღვინო არ მოგეწონება. არადა სუფრასთან ღვინოა პირველი. ამის მიზეზია ღვინის დაბალი ცნობადობა, ბოლო წლებში გამოსწორებისკენ მიდის, რაც მისასალმებელია.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახემეღვინეებს?

  დამწყებ მევენახე-მეღვინეებს, ჩემი შვილის ჩათვლით, ვურჩევ სანამ ვაზს დარგავენ და ღვინოს დააყენებენ, წიგნები შეიძინონ მევენახეების და მეღვინეობის შესახებ. ისწავლონ თეორია და პრაქტიკაში განახორციელონ. ნუ ჰგონიათ, რომ ეს ადვილი საქმეა. ექნებათ სიძნელეები, წარუმატებლობაც და წარმატებაც. ეს მარტო მათზე არ არის დამოკიდებული, ბუნებასაც დიდი როლი მიუძღვის ღვინის შექმნაში. ყველა მევენახეს და მეღვინეს ვუსურვებ წარმატებებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გოგი დვალიშვილის მარანი

მისამართი: გორის რ-ნი, სოფელი ხიდისთავი.

ტელეფონი:+995 599737563

ელფოსტა:gogidvali@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Gogi Dvalishvili

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული