Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლური სასმლის ბაზარი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ღვინის ბაზრის კერძო თუ საჯარო სექტორის ნაწილმა  სხვადასხვა ფორმით უკვე გამოხატა სოლიდარობა, რაც კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხდება.

ნორვეგიის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები რუსული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას წყვეტენ, რის შესახებაც პირველ მარტს განაცხადა ნორვეგიის ალკოჰოლის მონოპოლიურმა გაერთიანებამ. Vinmonopolet-ს მაღაზიები ერთადერთია, რომელსაც ნორვეგიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის უფლება აქვს.

აკრძალვა გულისხმობს, რომ Vinmonopolet-ის მაღაზიებში მომხმარებლები რუსული არყის, ლუდისა თუ ღვინის შეძენას ვეღარ შეძლებენ. ეს ნორვეგიის მეზობელი ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებების გაგრძელებაა, ამ ქვეყნებსაც ალკოჰოლის გაყიდვის სახელმწიფო მონოპოლიები აქვთ.

უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა  Royal Wine Corp.-მა, ეს არის 1848 წელს დაარსებული გაერთიანება, რომელსაც სათავეში ჰერცოგების ოჯახი უდგას. მათი გადაწყვეტილებით, 24 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაყიდული არყის ორი მთავარი ბრენდის, რომლებიც უკრაინული და პოლონურია, მოგების 100% უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება.

„Royal Wine  უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, ჩვენ  სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ისინი თავიანთი სიცოცხლის ფასად დემოკრატიასა და ეროვნულ იდენტობას იცავენ. როგორც ებრაულ-ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლები, ჩვენ ვალდებულიც კი ვართ გავუწიოთ მათ მატერიალური და მორალური მხარდაჭერა, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ - აცხადებს მორდი ჰერცოგი, კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ამერიკის კიდევ ერთი შტატი, რომელმაც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა, პენსილვანიაა. პენსილვანიის ალკოჰოლის კონტროლის საბჭოს (PLCB) გადაწყვეტილებით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმლის მაღაზიები წყვეტენ რუსული პროდუქციის გაყიდვას. მათ ბაზარზე სხვადასხვა სახის რუსული ალკოჰოლური სასმელი იყიდება. ორგანიზაციის გადაწყვეტილებას პენსილვანიის გუბერნატორიც შეუერთდა - „მე ვუერთდები ლიდერებს მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით. ვგმობ რუსეთის თავდასხმებსა და მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს. საბჭოს ძალისხმევა სწრაფად გამოავლინოს რუსული წარმოების პროდუქტი და შეაჩეროს მათი გაყიდვა, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.“ - ამბობს პენსილვანიის გუბერნატორი.

სამხრეთ აფრიკელ ღვინის მწარმოებლებს პანდემიამ ექსპორტის პრობლემა ისედაც შეუქმნათ. მათი ექსპორტის სულ რაღაც 1.8% მოდიოდა რუსეთზე, თუმცა 2021 წელს რუსეთში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ძალიან გაზრდილი იყო. ამის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკული ღვინის კომპანიები თანხმდებიან, რომ უკრაინის ღვინის ბაზარი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული. მთავარი პრობლემა, რომელსაც ახლა განიხილავენ, რუსეთის SWIFT-იდან ჩახსნის შემდეგ დაკარგული შემოსავალია, ამიტომაც უკვე აქტიურად მუშაობენ, თუ როგორ უნდა გადაეწყოს სამხრეთ აფრიკული ღვინის ბაზარი ისე, რომ დიდი ზიანიც არ მიიღოს.

იმ წინააღმდეგობას, რაც მთლიანად უკრაინამ  რუსეთის ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ აჩვენა, უკრაინელი მეღვინეებიც უერთდებიან. შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც უკრაინული ვენახის განსაკუთრებით დიდი ნაწილია გაშენებული, ახლა ომის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრია. უკრაინის ღვინის ინდუსტრია კიდევ ერთხელ ძალიან დიდ საფრთხეშია.

2014 წელს უკრაინამ ყირიმის დაკარგვით, თავისი მევენახეობის თითქმის ნახევარი დაკარგა. ამ რეგიონის ღვინო ხარისხითაც გამოირჩეოდა, ყირიმი აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთისთვის ცქრიალა ღვინის ექსპორტიორი იყო. უკრაინელი მეღვინეებისთვის  განსაკუთრებით სამწუხარო  კი ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონისგან სარგებლის მიღებას განაგრძობს.

ვიქტორია აგრომაკოვა, Wine & Spirit Ukraine-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ უკანასკნელი რვა წლის მანძილზე უკრაინელმა მეღვინეებმა წარმოუდგენელი შრომა გასწიეს. მნიშვნელოვანი გეგმები აქვთ 2022 წლის მაისისთვის. „უკრაინაში მეღვინეობის განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - განაცხადა აგრომაკოვამ.

უკრაინული ღვინის ბაზრისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საბჭოთა მოდელის მიერ დატოვებული სირთულეებია. საბჭოთა მოდელის გამო დიდი რაოდენობის, დაბალი ხარისხის ღვინო იწარმოებოდა. დღევანდელი უკრაინის ბაზრის 99% სამრეწველო კომპანიების მიერაა წარმოებული, რომლებიც არც თუ ისე მაღალი ხარისხის ღვინოს ქმნიან. არის ისეთი დიდი მარნებიც, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.

მართალია, ახლა უკრაინასა და მისი მეღვინეობის მომავალს დიდი საფრთხე ემუქრება, თუმცა მეღვინეების განწყობაც იმედის მომცემია. თავად მეღვინეები მუშაობის გაგრძელებასა და საერთაშორისო მასშტაბით მეტი აღიარების მოპოვებას გეგმავენ. ერთ-ერთი უკრაინელი მეღვინე, შნეიდერსი, ინტერვიუში ამბობს, რომ არ აპირებს გაჩერებას და გააფართოებს ბიზნესს, ასევე ეცდება თავისი ქვეყნის ჯარსაც დაეხმაროს. აშკარაა, რომ უკრაინელი მეღვინეების განწყობაც საბრძოლოა.

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული