Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ჭაჭა" - უბეებიდან დახლებზე

ალეკო ცქიტიშვილი

ჭაჭის არაყი, ანუ "ჭაჭა" ქართული კულტურის ისეთივე ნიშანია, როგორც ჩვენი სამზარეულოს სხვა მნიშვნელოვანი ატრიბუტები: ხაჭაპური, ხინკალი, ჩურჩხელა, საცივი და ა. შ. ეს არის ქართული ალკოჰოლური ბრენდი - საუკუნოვანი ისტორიით, ტრადიციით და ცნობადობით. მართალია, ეს ცნობადობა ძირითადად რუსეთს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზღვრებს მოიცავს, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც დიდი მიღწევაა. სამომავლოდ კი "ჭაჭას" ყველა მონაცემი აქვს, იქცეს ისეთივე სახელგანთქმულ სასმელად, როგორიცაა: იტალიური "გრაპა", ესპანური "ორუხო" ან პორტუგალიური "ბაგაჩეირა". თუმცა, ამისათვის იგი მარკეტინგულ პროდუქტად უნდა გარდაიქმნას და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრდეს.
 
ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტს, წიგნის - "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანეს" ავტორს, ბონდო კალანდაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ჭაჭის არაყს საქართველოში ისეთივე დიდი ისტორია აქვს, როგორც ღვინოს: "სადაც ღვინო იყო, იქ ჭაჭაც აუცილებლად იქნებოდა და თუკი საქართველო ღვინის აკვანია, ჭაჭის არაყიც ხომ ღვინის თანმდევია?!"
     ბონდო კალანდაძის თქმით, ისეთი მარტივი აპარატები, როგორსაც ქართველი გლეხები ახლაც ფართოდ იყენებენ ჭაჭის არაყის გამოსახდელად, მრავალი საუკუნის წინ არაბებმა გაავრცელეს ევროპაში. საქართველოში არაყი სწორედ ასეთი კუსტარული სახდელებით იხდებოდა. მე-19 საუკუნიდან კი აქა-იქ სრულყოფილი სახდელებიც გაჩნდა და რამდენიმე ისეთი ბრენდიც შეიქმნა, რომლებმაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. მაგალითად, ივანე ერისთავის სახელი არყის წარმოების მსოფლიო ისტორიაშია შესული. ამჟამად მის სახელს ატარებს ცნობილი ევროპული ბრენდი Eristoff Vodka. მე-19 საუკუნეში ძმებმა ოცხელებმა, ბარბარე იმერლიშვილმა, იაკობ ზუბალაშვილმა, გიორგი ბოლქვაძემ, კახია ადანაიამ, დავით სარაჯიშვილმა და სხვებმა ქართული ალკოჰოლური სასმელები პირველებმა აქციეს მაღალხარისხიან საბაზრო პროდუქტად. რამდენიმე ნიმუშმა ალკოჰოლური სასმელების მაშინდელ საერთაშორისო გამოფენებზე მთავარი პრიზებიც კი მოიპოვა.
     მე-20 საუკუნეში, საბჭოთა დიქტატურისა და გეგმიური სახელმწიფო ეკონომიკის პირობებში ჭაჭის, ხილისა თუ ხორბლის არყების წარმოებაში განსაკუთრებული მიღწევები არ ყოფილა. ქართული სპირტიანი სასმელების პერიოდული წარმატებები ძირითადად "ენისელის" კონიაკებთან იყო დაკავშირებული, ისიც - ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც დიდწილად სოციალისტური ბანაკის ქვეყნები მონაწილეობდნენ. სპირტიანი სასმელების წარმოება საბაზრო ეკონომიკის ხაზით რომ განვითარებულიყო, სავარაუდოდ, ახლა ბევრად უფრო წინ ვიქნებოდით წასული და "ჭაჭაც" მარტო რუსებისთვის არ იქნებოდა საამოდ მოსასმენი სიტყვა.
     დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 90-იან წლებში, პირველი "ჭაჭა" ქარხნული წესით კომპანია GWS-მა ჩამოასხა და ექსპორტზეც გაიტანა. მისი ავტორი სწორედ ბონდო კალანდაძე გახლდათ. თანდათან "ჭაჭის" წარმოებით სხვა კომპანიებიც დაინტერესდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო გამოაცხადა. ზოგიერთმა პირდაპირ სპირტად აქცია რუსეთისთვის განკუთვნილი იაფფასიანი ღვინოები, რომელთა ჩამოსხმას და დასავლეთის ბაზარზე გატანას აზრი აღარ ჰქონდა. ზოგიერთმა კი ასეთი ღვინოები ნარჩენ პროდუქტებთან - ჭაჭასთან და ლექთან ერთად გამოხადა და არცთუ ურიგო შედეგი მიიღო.
     ამჟამად "ჭაჭა" თითქმის ყველა მსხვილ ღვინის კომპანიას აქვს თავის ასორტიმენტში. 1 ბოთლი "ჭაჭის" ფასი სამამულო ბაზარზე 5,50 ლარიდან იწყება და 35-50 ლარამდე აღწევს. თუმცა, მაღალი ფასები ხშირად ბოთლის დიზაინით არის გამოწვეული, რადგან ლამაზ ბოთლებში ჩასხმული "ჭაჭა" გემოვნური თვისებებით ათლარიანი "ჭაჭისგან" დიდად არ გაირჩევა. არის სასიამოვნო გამონაკლისებიც, რომელთა დაგემოვნებისას მიხვდებით, რომ მათი ავტორები აქედანვე ცდილობენ მაღალხარისხიანი, კონკურენტუნარიანი სასმელის შექმნას.
     "ღვინის კლუბის" ინტერნეტ-ფორუმზე - http://forum.vinoge.com „ჭაჭას" გულშემატკივრები რამდენიმე ყველაზე გემრიელ ნიმუშს გამოარჩევენ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს "ხოხბის ცრემლების", "ასკანელი ძმების", "თელავის მარნის", "თელიანი ველისა" და "ქინძმარაულის მარნის" სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულმა სასმელებმა. "ღვინის კლუბის" წევრები მიესალმებიან იმ ექსპერიმენტებს, რასაც კომპანიები "ჭაჭის" დასახვეწად მიმართავენ.
     მაგალითად, "თელავის მარანს" სამნაირი "ჭაჭა" აქვს. ერთი რქაწითელის, მეორე – საფერავის, მესამე კი შარდონეს ჯიშის ყურძნის ჭაჭით არის დამზადებული. კომპანიის წარმომადგენლები ამ ნიმუშებს ერთმანეთისგან "ჯიშური არომატით" გამოარჩევენ და ამას ეტიკეტზე ხაზგასმით უთითებენ. რეალურად რამდენად განსხვავდება რქაწითელის "ჭაჭა" საფერავის "ჭაჭისგან", ამას პროფესიონალი დეგუსტატორები და მომხმარებლები შეაფასებენ. მანამდე კი, "თელავის მარნის“ განაცხადი "ჭაჭის" განვითარებისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ.
     ინტერნეტ-ფორუმზე დისკუსია ეხება ასევე საკითხს - ორნახადი "ჭაჭა" უკეთესია, თუ ერთნახადი. მომხრეები ორივეს ჰყავს. ერთნახადი "ჭაჭის" მოყვარულები აცხადებენ, რომ ორჯერ გამოხდის შემთხვევაში, "ჭაჭას" არომატები ეკარგება და უგემური ხდება, ორნახადის მხარდამჭერებს კი მაღალგრადუსიანობა და მაქსიმალური ფილტრაცია მოსწონთ. მართალია, ეს დისკუსია უფრო კუსტარულად დამზადებულ "ჭაჭას" ეხება, მაგრამ საინტერესოა, ამ დილემას როგორ გადაწყვეტენ კომპანიები. ჯერჯერობით ისინი ორმაგ დისტილაციას უფრო მიმართავენ, რადგან ეს პროდუქტის მავნე მინარევებისგან გაწმენდის უფრო იოლი გზაა.
     "თავად მაყაშვილის მარნის" მეღვინე, "ღვინის კლუბის" წევრი, სოლომონ ცაიშვილი ერთ-ერთია, ვინც ერთნახად "ჭაჭას" ანიჭებს უპირატესობას. მას მზად აქვს მუხის კასრში სამი წლის განმავლობაში დავარგებული "ჭაჭა", რომლის შეძენის სურვილი უცხოელმა დისტრიბუტორებმა უკვე გამოთქვეს. თუმცა, მცირე მარნისთვის "ჭაჭის" ექსპორტზე გატანა არც ისე იოლი საქმეა - ჯერ საზღვარგარეთ შესაფერისი ბოთლი უნდა შეიძინოს და საქართველოში ჩამოიტანოს, მერე "ჭაჭა" ლაბორატორიულად შეამოწმოს და ჩამოასხას. ბოლოს კი რჩება საგადასახადო ოპერაციები, საიდანაც ყველაზე ხელისშემშლელია საზღვარგარეთ სპირტიან სასმელებზე დაწესებული ძალიან მაღალი სააქციზო გადასახადი.
     "ქინძმარაულის მარნის" მთავარი მეღვინის, თემურ გონჯილაშვილის თქმით, კომპანია წელს "ჭაჭას" აღარ დაამზადებს, რადგან წინა წლებში ჩამოსხმული ათასობით ბოთლი ჯერ კიდევ გასაყიდია. საქართველოში "ქინძმარაულის მარანი" წელიწადში დაახლოებით 2000 ბოთლ "ჭაჭას" ყიდის, ძირითადად - საფირმო მაღაზიებში და დიდ სუპერმარკეტებში. ექსპორტზე კი მცირე რაოდენობით იგზავნება, რაც ასევე მაღალი სააქციზო გადასახადების პრობლემას უკავშირდება. ამ გადასახადის გადახდის შემდეგ მეწარმეს თავის სასმელზე იმდენად მაღალი ფასის დადება უწევს, რომ იგი მსგავსი საფასო სეგმენტის ადგილობრივ პროდუქციასთან კონკურენციაში აგებს.
     პირველი საექსპორტო "ჭაჭის" ავტორი, ბონდო კალანდაძე ამბობს," რომ მთავარი ბარიერი მაინც ხარისხია. უხარისხო "ჭაჭას" უცხოეთის ბაზრებზე ელემენტარულად არავინ დაუშვებს. განსაკუთრებული პრობლემაა "ჭაჭაში" მეთილის სპირტის ნორმაზე მაღალი შემცველობა. "გამოხდისას ჭაჭას უნდა დაემატოს ღვინის ლექი და თვითონ ღვინოც. ამ დროს "ჭაჭა" უფრო გემრიელიც გამოდის და მეთილის სპირტის შემცველობაც რეგულირდება. მხდელმა ნედლეულად მხოლოდ ჭაჭა თუ გამოიყენა და ისიც ძალიან მშრალი, ამ დროს დიდი რისკია, რომ მეთილის სპირტის შემადგენლობა სასმელში ნორმაზე მაღალი დარჩეს", - ამბობს ბონდო კალანდაძე.
            ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს "ჭაჭის" მონათესავე იტალიური ყურძნის ბრენდი "გრაპა". როგორც ჰიპერმარკეტ "გუდვილის" ალკოჰოლური სასმელების სექციაში გვითხრეს,  საქართველოში სტუმრად მყოფ იტალიელებს რამდენჯერმე "ჭაჭის" შეძენა ურჩიეს და ბევრმა მათგანმა ცოტა ხნის შემდეგ "ქართული გრაპა" განმეორებით მოიკითხა. ასეთი შემთხვევები გვაიმედებს, რომ "ჭაჭა" ევროპაშიც ისევე გაითქვამს სახელს, როგორც რუსეთში.
იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც გასული საუკუნის 80-იან წლებში "ლენინგრადში 37 მანეთად გადაფრინდებოდნენ და გადმოფრინდებოდნენ", ხშირად იხსენებენ, როგორ შეჰქონდათ ამა თუ იმ რესტორანში "ჭაჭა" "პეპსი-კოლას" ბოთლით (იმ პერიოდში სსრკ-ში ე. წ. მშრალი კანონი მოქმედებდა). ოფიციანტს საჭმელთან ერთად რამდენიმე "პეპსი-კოლას" უკვეთავდნენ კომუფლაჟისთვის, რომელთა შორისაც შემდეგ მაგიდაზე თავიანთ "გამაგრილებელ სასმელსაც" დგამდნენ. ამ დროს რესტორანში ისეთი საამო სურნელი დაიფრქვეოდა, რომ სპირტიან სასმელს მონატრებული "ჰომო-სოვიეტიკუსები" სუნით აგნებდნენ, რომელ მაგიდაზე იდგა "ჭაჭა". ამავე გადმოცემის მიხედვით, საუკეთესო ყნოსვა ჰქონდათ ფინეთიდან გადმოსულ სტუმრებს, რომლებიც ლენინგრადში თავიანთ ქვეყანაში მოქმედ უფრო მკაცრ "მშრალ კანონს" მოჰყავდა. "ჭაჭა" მათაც ძალიან მოსწონდათ და ინტერესდებოდნენ, სად შეიძლებოდა მისი შეძენა, თუნდაც – არალეგალურად, მაგრამ... "ჭაჭა" საბჭოთა კავშირში არსად არ იყიდებოდა! ის მხოლოდ ასე - უბიდან უბეში გადადიოდა - როგორც არალეგალური ლიტერატურა ან აკრძალული პროკლამაციები.
ახლა კი სხვა დროა! "ჭაჭამ" უბეებიდან დახლებზე გადაინაცვლა და საკმაოდ პრეტენზიულ ბაზარზე პირველი ნაბიჯებიც გადადგა. ვუსურვოთ მას წარმატებები!
                       
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული