ნათია ჯინჯოლავა
ალკოჰოლურ სასმელების ელიტად, დაუწერელი კანონის თანახმად, კონიაკი, ვისკი, ღვინო ან შამპანური ითვლება. თუმცა, კონკრეტულად რომელიმე ერთი ბოთლის ფასი მისი სახეობის, შოგთავსის ხარისხის, ისტორიული მნიშვნელობის ან რომელიმე ცნობილი კოლექციისადმი კუთვნილების გარდა, თავისუფლად შეიძლება განაპირობოს ცნობილის დიზაინერის ესკიზის მიხედვით შექმნილი, ერთიანი მთის ბროლისგან გამოკვეთილი, ოქროში ამოვლებული ან სულაც ბრილიანტებით მოოჭვილი ტარის ანუ ბოთლის უჩვეულო მორთულობამაც. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი ნახევარლიტრიანი, ან თუნდაც ლიტრიანი ბოთლი სასმელი ღირდეს ხუთოთახიანი ბინის ან სულაც მთელი სახლის ფასი, მაგრამ კოლექციონერებს თავისი არგუმენტები აქვთ. ასეა თუ ისე, 2011 წლისთვის გაყიდული ან გაყიდვაში არსებული ყველაზე ძვირიანი ალკოჰოლური სასმელების ათეული ასე გამოიყურება:
მეათე ადგილი - ლუდი. ალკოჰოლის ყველაზე მაღალი შემცველობის (25%) მქონე ლუდი Tutankhamun-ის პირველი ბოთლი აუქციონზე 7686 დოლარად გაიყიდა, დარჩენილი პარტიიდან თითოეული ბოთლის ღირებულებამ კი 76 დოლარი შეადგინა. მიუხედავად შთამბეჭდავი ფასისა, „ტუტანხამონს“ ყველაზე ძვირიანის ტიტული ლუდმა Ville Von Secours-მა ჩამოართვა, რომელიც ლონდონის ერთადერთ ბარში ერთი ბოთლი 500 გირვანქა სტერლინგად იყიდება.
ასევე ლონდონში, რესტორან Belgo-ში ინახება 1995 წლის ბელგიური ელი (ჯანჯაფილის ლუდი) Vieille-ს უიშვიათესი 12 ლიტრიანი ბოთლი, რომელიც 1 172 დოლარადაა შეფასებული. რესტორანმა იშვიათი ლუდის სამი ბოთლიდან ორი უკვე გაყიდა, მესამე კი დღესაც დგას და თავის მყიდველს ელის. როგორც ამბობენ, ამ ლუდის მთავარი ღირსება მისი რთულ გემოშია, რომელიც ლიმონის, გარგრის, კარამელის, ტორფისა და ანისულის არომატებით ხასიათდება.
მეცხრე ადგილი - ხერესი. გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრილი მასანდრას კოლექციიდან 1775 წლის „ხერეს დე-ლა ფრონტერას“ ერთი ბოთლი Sotheby-ს აუქციონზე 2001 წელს 43 ათას ხუთას დოლარად გაიყიდა. მასანდრას საცავი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, თავად ღვინოს კი, სპეციალისტების აზრით, ასაკისგარდა სხვა ღირსება არ აქვს.
მერვე ადგილი - რომი. რომის ფესტივალზე 53 ათას დოლარად გაყიდული იამაიკური რომი მიუხედავად იმისა, რომ 1940 წელს ჩამოსახეს, რეალურად 1915 წლამდე დაყენებულ ნაზავს შეიცავს და მსოფლიოში არსებული ოთხი ბოთლიდან ერთ-ერთია. Wray&Nephew Rum-ის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი დამზადების ტექნოლოგია სამუდამოდ დაიკარგა. 1930 წლიდან რომის წარმოების წესები შეიცვალა და ნამდვილი ძველებური რომის გასინჯვის შანსი მხოლოდ შემორჩენილი ოთხი ბოთლის მფლობელებს აქვთ.
მეშვიდე ადგილი - ღვინო. 1787 წლის ერთი ბოთლი ბორდო უცნობმა ამერიკელმა მყიდველმა 2006 წელს 90 ათას დოლარად შეიძინა. ამ შემთხვევაში ღვინოს ფასი მისი გამოშვების თარიღთან დაკავშირებულმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა: 1787 წელს, სანამ ბორდოს მევენახეები ყურძენს კრეფდნენ ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, ფრანგი რევოლუციონერები მარია-ანტუანეტას თავის მოკვეთას უპირებდნენ და ჯეიმს ვატი კი პირველი ორთქლის ძრავის გამოგონებაზე მუშაობდა.
კვლავაც 1787 წლის Château Lafite ჯერ საფრანგეთში სამოგზაუროდ მყოფმა ღვინის დიდმა მოყვარულმა და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა შეიძინა, მერე კი, 1985 წელს იგივე ბოთლში კრისტოფერ ფორბსმა 160 ათასი დოლარ გადაიხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოთლის ყელზე ყოფილი პატრონის ინიციალებია ამოტვიფრული.
ერთმა კოლექციონერმა 1811 წლის Château d’Yquem 75 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა და მის დაჭაშნიკებას ოჯახის წევრებთან ერთად პარიზში, 50 წლიანი სამუშაო სტაჟის აღსანიშნავ საიუბილეო სადილზე აპირებს. სპეციალისტები Château d’Yquem-ს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ თეთრ ღვინოდ მიიჩნევენ და როგორც 1811 წლის კლიმატოლოგიის ანალიზმა აჩვენა, იგი მართლაც საუცხოო უნდა იყოს. თანაც, თურმე ამ წელს დედამიწას დიდმა კომეტამ ჩაუქროლა, ტრანზიტული კომეტის სიახლოვე კი, ფრანგ მეღვინეებს თუ ვენდობით, ღვინის დადუღების პროცესზე და შესაბამისად ღვინის გემოზეც, სასწაულებრივ დადებით ეფექტს ახდენს.
ღვინის აუქციონების ყველა რეკორდი 1947 წლის Château Cheval-Blanc-მა მოხსნა, რომლის 6 ლიტრიანი ბოთლიც Christie’s-ს აუქციონზე 304 375 დოლარად გაიყიდა. როგორც ღვინის ექსპერტი მაიკლ ჰენი აცხადებს, ამ ღვინის მთავარი ღირსება მისი ხარისხის გარდა, შენახვის ვადაშიცაა და მას უახლოესი ორმოცდაათი წლის მანძილზე აძმარების საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება.
მეექვსე ადგილი - ტეკილა. ამჯერად თავად ტეკილას ღირსებებს მის ფასთან კავშირი არ აქვს. სასმელის გადაჭარბებული სიძვირე, მხოლოდ და მხოლოდ ჭურჭლის დამსახურებაა. ლოს ალტოს ჰასიენდა „La Cappilla“-ს ულტრა პრემიუმ ტელიკა Ley.925. პლატინითა და თეთრი ოქროთი მოპირკეთებულ ბოთლში ასხია და 225 ათას დოლარად იყიდება. დიზაინერი ფერნანდო ალტამირანოს შექმნილ 1,3 ლიტრი მოცულობის ბოთლის ჩამოსხმაზე, იმისდა მიხედვით მყიდველი რომელ მეტალს ამჯობინებს, რამდენიმე კილოგრამი ოქრო-ვერცხლი და პლატინა იხარჯება. მისი შიგთავსი კი, კვლავაც დამკვეთის სურვილით, 7, 8, 10 ან 12 წლის დაძველების 41%-იანი აგავის ტეკილათი ივსება.
იგივე კომპანიამ მილიონ ევროდ შეფასებული ბოთლიც შექმნა, რომელსაც „La Ley del Diamante“ დაარქვეს, 6 ათასი ალმასით დაამშვენეს და 4 კგ პლატინითა და ვერცხლით მოჭედეს. მილიონიან ბოთლში სასმელს (კონიაკის ჩათვლით) მყიდველის, რომელიც დღემდე არსად ჩანს, გემოვნებით ჩაასხამენ და სხვათა შორის, პირველი კლიენტის მიმყვანს კომპანია საჩუქრად 100 ათას ევროს პირდება.
მეხუთე ადგილი - შამპანური. შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ბოთლი 1900 წლის „ბრუტი“ აღმოჩნდა, რომელიც აუქციონზე უცნობმა მყიდველმა 17 ათას ექვსასოცდახუთ დოლარად შეიძინა. ასევე აუქციონზე, შეზღუდული ოდენობით გამოშვებული (სულ 100 ყუთი) შამპანური Pernod-Ricard Perrier-Jouet-ის შემორჩენილი 12 ბოთლიდან თითოეული დაახლოებით დაახლოებით 50 ათას დოლარად გაიყიდა.
1998 წელს პირველის მსოფლიო ომის დროს გერმანული წყალქვეშა ნავის მიერ ტორპედირებული და ფინეთის ყურეში 1916 წელს ჩაძირული გემი „Jönköping“-ის ადგილსამყოფელს მიაგნეს და მისი ტრიუმიდან 1907 წელს ჩამოსხმული 2 ათასი ბოთლი შამპანური Hiedsieck Diamant Blue ამოიტანეს. რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II-სათვის განკუთვნილი ფრანგული შამპანურის თითო ბოთლი აუქციონიდან 275 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. როგორც ამბობენ, ნაპოვნი Diamant Blue რეალურად 300 წლისაა და ხარისხი და გემო დღემდე საუცხოო აქვს.
Luxury-group Leon Verres-მა, საგანგებოდ ახალი რუსებისთვის (Special for Russian!), ბრილიანტებით მოოჭვილ ბეწვიან ქუდსა და ქურქში გამოწყობილი მილიარდელების შამპანური ანუ Le Billionaire Champagne შექმნა. თითო 2,75 მილიონი დოლარი ღირებულების, 9 ლიტრიანი „ბანჯგვლიანი“ 5 ბოთლიდან 4 უკვე გაიყიდა, სხვათა შორის, დუბაისა და ჩინეთში.
მეოთხე ადგილი - არაყი. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყველაზე ძვირიანი არაყი, რუსეთიკი არა, შოტლანდიაში დაამზადეს და მისი ბოთლი ალკოჰოლური სასმელის ჭურჭელზე მეტად, სუნამოს ფლაკონს წააგავს. არაყი Diva-ს თითოეულ ბოთლში ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით სავსე მინის მილია ჩადგმული. ერთ რიგად ჩაკიწკიწებული ალმასების, ციტრინების, ამეთვისტოების, თურმალინებისა და პერიდიტების განლაგების თანმიმდევრობას მყიდველი საკუთარი გემოვნებით ირჩევს. წმინდა წყაროს წყლით გაზავებულიარაყი კი სამმაგ ფილტაციას გადის: ჯერ ყინულში, მერე სკანდინავიური არყის ხის ნახშირში და ბოლოს, ქვიშის, წვრილ ალმასებსა და სხვა ძვირფას ქვების ნარევში. ერთი ბოთლი Diva-ს მინიმალური ფასი 3 ათას შვიდასი დოლარიდან იწყება და მილიონ სამოციათასამდე ადის.
მესამე ადგილი - კონიაკი. მუხის კასრში 100 წლის დაძველების Henri IV Dudognon Heritage 41% ალკოჰოლს შეიცავს და თავისთავად საკმაოდ ძვირიანი და მაღალხარისხიანი სასმელია, მაგრამ მისი ღირებულების ლომის წილი ამჯერადაც ბოთლზე მოდის. არც მეტი, არც ნაკლები, მილიონ ევროდ შეფასებული კონიაკის ბოთლი ბროლისგანაა დამზადებული და მას 4 კგ ოქრო და პლატინა და ცნობილი იუველირი ჟოზე დავალოს ხელით დამუშავებული 6 ათას ხუთასი ბრილიანტი ამშვენებს.
მეორე ადგილი - ვისკი. შოტლანდიური ვისკი Isabella’s Islay-ს ორი სახეობა არსებობს - Isabella Original და Isabella Special Edition. Original-ი 6,2 მილიონი დოლარი ღირს და მის ბოთლს თეთრი ოქროთი მოვარაყებული და 8500-ზე მეტი ბრილიანტითა და 300 ლალით მოოჭვილი საუკეთესო ხარისხის ბროლისგან, თავსახურს კი მთლიანი ხალასი ოქროსაგან ამზადებენ. ბევრად უფრო იაფიანია სპეციალური გამოშვება, რომელიც მხოლოდ 740 ათასი დოლარი ღირს, მისი ბოთლი თეთრ ოქროთი მოჭედილი ინგლისური ბროლისაა და მას ბრილიანტებით შემკობილი წარწერა ამშვენებს. Isabella’s Islay-მ ყველაზე ძვირიანი ვისკის წოდება 1906 წლის Aisla T’Orten-ს წაართვა, რომელიც 1,4 მილიონად იყოს შეფასებული და ცნობილი შოტლანდიელი ისტორიკოსის სახლში ინახებოდა.
პირველი ადგილი - ლიქიორი. რაც არ უნდა საოცარი იყოს, პირველ ადგილზე ალკოჰოლური სასმელების ყველაზე იაფიანი და ნაკლებად პრესტიჟული სახეობა - ლიქიორი გავიდა. ერთი ბოთლი იტალიური ლიქიორი ლიმონჩელო D’Amalfi Limoncello Supreme 43,68 მილიონი დოლარი ღირს და მისი ბოთლის ყელს 13 კარატიანი სამი უზადო ბრილიანტი ამშვენებს, მუცელზე კი 18,5 კარატიანი უიშვიათესი ალმასია მოთავსებული. სულ ლომონჩელოს ორი ბოთლი გამოუშვეს, ერთს მყიდველი იმთავითვე ყავდა - მშვენიერი იტალიელი სინიორა, მეორე კი დღემდე ელის დამლევს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი