Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2015 - ფასები, მოთხოვნა, ტენდენციები

ქეთო ნინიძე

ამ დროისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაში დაფიქსირებულია 30-მდე კომპანია, რომლებსაც 2015 წლის სეზონზე ყურძნის მიღება-გადამუშავება აქვს განზრახული. 

25 აგვისტოს მინისტრმა დანელიამ თელავში ოფიციალურად გახსნა რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი. შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც შეიქმნა. საკოორდინაციო პუნქტებში კომპანიების მიერ მიღებული ყურძენი აღირიცხება. ობიექტები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და მათთან დაკავშირება მსურველებს ცხელი ხაზის საშუალებითაც შეეძლებათ, ნომერზე - 2 47 01 01. 

2 სექტემბრის მონაცემებით, კომპანიების მიერ მიღებული ყურძნის რაოდენობა 900 ტ.-ს აღწევს, აქედან - 93 ტ. საფერავია, 62 ტ. - კახური მწვანე. რქაწითელი, ამ ეტაპზე, შტაბის ბაზაში არ აღნუსხულა. 

გასულ წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა სულ 124 608 ტ. ყურძენი ჩაიბარეს. ღვინის ეროვნული სააგენტო 2015-ის სეზონზეც, დაახლოებით, ამავე რაოდენობით (120 000-130 000 ტ.) ყურძნის მიღება-გადამუშავებას მოელის. 

2014 წლის საკმაოდ რთულ სეზონზე 1 კგ. რქაწითელისა და კახური მწვანეს ღირებულება 1 ლარს შეადგენდა, საფერავის კი - 2-3 ლარს. 

2015 წელს კი, უხვმოსავლიანობის მიუხედავად, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების შემცირების გამო ყურძენზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. მინისტრი დანელიას განცხადებით,  სწორედ, ეს გახდა სახელმწიფოს მიერ რთვლის სუბსიდირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. მან მკაფიოდ განმარტა, რომ სახელმწიფო ყურძნის ფასების განსაზღვრის პროცესში არ ჩაერევა და ამ პროცესს თავად ბაზარი დაარეგულირებს. დანელიამ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფომ კომპანიების მიერ ჩაუბარებელი ყურძენი შეისყიდოს, თუკი ნედლეული ბოლომდე აუთვისებელი დარჩება.

1 კგ. რქაწითელსა და კახურ მწვანეზე მევენახეები, დაახლოებით, 70 თეთრს მიიღებენ, სადაც 35 თეთრს სახელმწიფო გადაიხდის, 35-ს - მწარმოებლები. საფერავში კომპანიები გაცილებით მეტს, დაახლოებით, 70 თეთრს იხდიან, სახელმწიფო კი 15 თეთრის ოდენობით სუბსიდიას გასცემს. სულ, 1 კგ. საფერავში გლეხი 85 თეთრამდე მიიღებს. შედარებით ძვირად შეფასდება მიკროზონაში მოწეული საფერავი, რომლის ღირებულება 1.00 ლარიდან 1.20 ლარამდე იქნება. 

შეიცვალა სახელმწიფოს მიერ რთვლის სუბსიდირების წესი. 2015 წელს სახელმწიფო სუბსიდიას პირდაპირ მევენახეებზე გასცემს, კომპანიების შუალედური რგოლის გავლის გარეშე, რაც, თავის მხრივ, გაამარტივებს და დროში შეამცირებს ანგარიშსწორების პროცედურებს. ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში მევენახეს შეეძლება, ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ოფისში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღოს კუთვნილი თანხა. იხ. მთავრობის განკარგულება.

ღვინის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა კომპანიებს, რომლებმაც უკვე გააკეთეს განაცხადი 2015 წელს ყურძნის მიღება-გადამუშავების თაობაზე. 

კომპანიაში „თელიანი ველი“ აცხადებენ, რომ წელს მათი საწარმო 2015-ის სეზონზე სულ 700 ტ. ყურძენს ჩაიბარებს, სადაც დაახლოებით 60 % წითელი ყურძნის წილი იქნება, 40 % კი - თეთრის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ყურძნის მიღება-გადამუშავების წლევანდელი მასშტაბები, შარშანდელთან შედარებით, განახევრდა.

თელავის ღვინის მარანის“ წარმომადგენელი, თენგიზ ჯავახიშვილი ამბობს, რომ კომპანია წელსაც, დაახლოებით, იმავე რაოდენობის ყურძენს შეიძენს, რაც შარშან მიიღო. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 1000 ტ. თეთრი ყურძნის (რქაწითელი, კახური მწვანე) და 500 ტ. წითლების (საფერავი, ალექსანდროული, მუჯურეთული) მიღებას ვარაუდობენ, თუმცა ისინი ყურადღებით დააკვირდებიან რთვლის მიმდინარეობას და საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როცა თავიანთი 60 ჰა ვენახის მოსავალს აიღებენ. 

ლევან ყანჩაველი, „დუგლაძეების ღვინის კომპანიიდან“ ადასტურებს, რომ კომპანია წელს წარმოების მასშტაბებს ზრდის. თუკი შარშან მათ, დაახლოებით, 2000 ტ. წითელი და 1000 ტ. თეთრი ყურძენი გადაამუშავეს, წელს 3000 ტ. წითელი და 1000 ტ. თეთრი ყურძნის შეძენას აპირებენ. 

ბესინი“ 150 ჰა ვენახებს ფლობს და მისი წარმომადგენლის, არჩილ ლობჟანიძის თქმით, კომპანია წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, მზად არის, თავად ჩააბაროს ყურძენი, არათუ - შეიძინოს. 

გიორგი მარკოზაშვილი აღნიშნავს, რომ „კახური“, ჯერჯერობით, საკუთარ ვენახებს არ ფლობს. მიუხედავად ამისა, წელს კომპანიამ, შესაძლოა, წითელი ყურძნის შეძენაზე უარი თქვას, რადგან არსებული ნაშთები ჯერ კიდევ არ ამოუწურავს. რაც შეეხება, თეთრებს, მარკოზაშვილის თქმით, საწარმო, დაახლოებით, 300-350 ტ. თეთრი ყურძნის მიღება-გადამუშავებას მოიაზრებს. 2014 წელს კომპანია „კახურმა“ 700 ტ. წითელი და ამავე რაოდენობის თეთრი ყურძენი მიიღო. 

ონისე ღვალაძე „ყვარლის სარდაფიდან“ ტექნიკურ დაბრკოლებებზე საუბრობს და გვიხსნის, რომ კომპანია წელს იმ რაოდენობით ყურძენს მიიღებს, რა რაოდენობით ჭურჭელიც მას რთვლის პერიოდისთვის თავისუფალი ექნება. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 300 ტ. წითელი და 50 ტ. თეთრი ყურძნის შეძენას მოიაზრებენ, რაც 2014 წლის წარმოების მასშტაბების ნახევარზე ნაკლებია.

წარმოების განახევრება აქვს გადაწყვეტილი „ხაოს მარანსაც“. კომპანიის წარმომადგენელი, მაია გაგოშიძე ამბობს, რომ წელს საწარმო 400 ტ-ზე მეტ ყურძენს არ შეიძენს მაშინ, როცა შარშან 1062 ტ. ნედლეული გადაამუშავეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის მიღება-გადამუშავებასთან დაკავშირებით განაცხადი ჯერ არ გაუკეთებიათ, დავინტერესდით „თბილღვინოს“ გეგმებით 2015 წლის რთველზე. როგორც ცნობილია, კომპანია ერთ-ერთი გამორჩეულია წარმოების მასშტაბებით. განსაკუთრებით საინტერესოა ფერმერებისთვის იმის გამო, რომ საკუთარი ახალგაზრდა ვენახებიდან, ჯერჯერობით, მოსავალს არ იღებს და მთლიანად დამოკიდებულია დამოუკიდებელ მევენახეებზე.  

მთავარი მეღვინე, ზვიად ლოლაძე, ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომპანია „თბილღვინო“ ჯამში 3500 ტ. ყურძნის მიღებას გეგმავს, აქედან 2500 ტ. რქაწითელსა და 1000 ტ. საფერავს. თუმცა, რთვლის მიმდინარეობის პერიოდში, ფასების შესაბამისად, მათი მხრიდან მოთხოვნის გაზრდას არ გამორიცხავენ. 

ლოლაძე აღნიშნავს, რომ ღვინომასალის არსებობის გამო წელს „თბილღვინო“ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენს ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, თუკი აღნიშნულ ჯიშებზე ფასები მნიშვნელოვნად დაიწევს, შესაძლოა, „თბილღვინომ“ მცირე რაოდენობით ალექსანდროული და მუჯურეთული მაინც შეიძინოს. კომპანია ლეჩხუმის რეგიონში 35 ტ. ცოლიკოურსა და 15 ტ. ოჯალეშსაც შეიძენს. ეს მონაცემები „თბილღვინოს“ 2014 წლის მიღება-გადამუშავების მასშტაბების ნახევარს არ აღემატება. კომპანიამ შარშან  სულ 7000 ტ-ზე მეტი ყურძენი ჩაიბარა. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი თვალს ადევნებს რთველი 2015-ს და ახალი ამბებისა თუ ანალიტიკური წერილების სახით გამოეხმაურება მიმდინარე მოვლენებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.