Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი მცირე მარნების ფესტივალი მეორეჯერ ჩატარდა

ღვინის კლუბის საშემოდგომო დღესასწაული

გიორგი მერაბიშვილი

უკვე მეორე წელია ღვინის მოყვარულებს საქართველოს ღვინის კლუბი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში (რომლის დამფუძნებელი და მხარდამჭერიც ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტროა)  შესანიშნავ საფესტივალო აქციას, "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე - სთავაზობს.  ეს არის დღე, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სრულიად უსასყიდლოდ გასინჯოს ქართული მცირე მარნების უდიდესი ნაწილის მიერ წარმოებული ღვინო და რაც მთავარია, შეადაროს ძველი ღვინოები ახლებს, სხვადასხვა მოსავლები ერთმანეთს და დაინახოს ყველა ხილული თუ ერთი შეხედვით დაფარული ტენდენცია, რაც ქართულ მეღვინეობაში ბოლო წლებში არსებობს.

“ეს საფესტივალო აქცია მესამე ტაიმია, რომელსაც არავინ  ველოდით“ - მოსწრებულად შენიშნა 1 ოქტომბერს, რიგით მეორე საფესტივალო აქციაზე ლეგენდარული ღვინის N1 ქარხნის სარდაფში მისულმა ერთ-ერთმა ღვინის მოყვარულმა, ლევან შკუბულიანმა. როგორც იცით, დიდი სარაგბო შეხვედრების შემდეგ, დაუწერელი წესია, რომ მატჩის მონაწილე გუნდები ერთად ილხენენ და ესაა „მესამე ტაიმი“, ანუ ერთგვარი დაუგეგმავი სიამოვნება, რაც მართალია დაუგეგმავია, მაგრამ გარდაუვალია. N1 ღვინის ქარხანაში გამოფენილი ბევრი და რაც მთავარია, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინო კი ღვინის მოყვარულებისათვის სწორედ სიამოვნების „მესამე ტაიმი“ გახლდათ.

ბოლო წლებში ბევრი აღნიშნავს, რომ ქართველი მეღვინეებიცა და მომხმარებლებიც ღვინის შემეცნების კუთხით ძალიან „გაიზარდნენ“ და ეს მეღვინეობის სეგმენტში ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.

საფესტივალო აქციაზე მისული სტუმრების უმეტესობა იმდენად კარგად ერკვეოდა ღვინოში, რომ მათ არ ჭირდებოდათ მეღვინეების მიერ მიცემული დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად იმაზე, თუ რომელი ღვინო იყო მშრალი, იყო თუ არა ესათუის ნიმუში ტიპური და რომელი ყურძნის ჯიში რომელ რეგიონში იყო მოწეული.

„ამ წლების მანძილზე იმდენი ფესტივალი და ღონისძიება გაიმართა, მგონი ღვინის კლუბმა ყველანი ღვინის „პროფესორები“ გაგვხადა“ - ხუმრობით გვითხრა მცირე მარნის და რესტორნის - ბინა 37“-ის დამფუძნებელმა ზურა ნატროშვილმა, რომელმაც ღვინის მიყვარულებს წელს 4 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინო შესთავაზა.

წლევანდელ ღვინის ფესტივალზე სასიამოვნო სიახლე იყო ისიც, რომ ბევრი ღვინის მარანი, რომლებიც წინა საფესტივალო აქციაზე და გასული წლების ფესტივალებზე ე.წ. გლეხურ მარნებს წარმოადგნენდნენ და ოჯახური მეღვინეობის ფარგლებს ვერ სცდებოდნენ, წელს ღვინის მცირე კომპანიების სახით წარუდგენენ ქართველ ღვინის მოყვარულებს. ეს ტენდენცია ნიშნავს იმას, რომ ბევრმა ჩვეულებრივმა გლეხმა უკვე სერიოზულად მიჰყო ხელი ღვინის ბიზნესს და მათი უმეტესობისათვის ეს საქმიანობა ოჯახის რჩენის მთავარი და ხშირად ერთადერთი წყარო გახდა.

ნაოტრების შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით. ჭიკაანელი ძმების, ბექა და ალექსანდრე ნეშუმაშვილების ღვინოებმა პოპულარობა ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვეს, როდესაც ისინი გლეხური მარნის სტატუსით მონაწილეობდნენ ახალი ღვინის ფესტივალზე. ამის შემდეგ, მათი წარმოება განვითარდა, ღვინის ხარისხი კიდევ უფრო დაიხვეწა და 1 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც წინა ფესტივალებიდან ახსოვდათ “ნაოტრების“ ღვინო და ფესტივალის ორგანიზატოებს ეკითხებოდნენ, თუ სად იყო შესაძლებელი აღნიშნული ღვინის დაგემოვნება.

ალექსანდრე ნეშუმაშვილი, მეღვინე: “წელს განსაკუთრებული მოწონებით ჩვენი მწვანე კახური სარგებლობს. ეს ღვინო შარშანაც ძალიან პოპულარული იყო. მეორე წელია გვაქვს სიახლე, როზეს სახით, რომელიც თავიდან ექსპერიმენტის სახით დავაყენეთ. ჩვენი ტიპის პატარა მარნისთვის მსგავსი სიახლეები ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა ვუთხრა ღვინის კლუბსა და ამ სრულიად ახალი და განსხვავებული ფესტივალის ორგანიზატორებს, რომლებიც ფესტივალის სტუმრებსაც და მონაწილეებსაც ასეთ კარგ დღეს ჩუქნიან. პირადად მე, ჩემი ძმაც და მამაც, სულ ვემზადებით ხოლმე კლუბის მიერ დაგეგმილი ფესტივალებისათვის, რადგან მთელი წლის მანძილზე პირველად სწორედ აქ ხდება ჩვენი ახალი ღვინის დაგემოვნება და შეფასება“.

საფესტივალო აქციაში პირველად პირველად მონაწილეობდა სულ ახლახანს შექმნილი ვაჟა გეთიაშვილის მარანი“. მაგიდასთან, სადაც ამ მარნის დასახელება იყო გამოკრული, ყველა ალბათ ტიპურ კახელ გლეხს ელოდა, რომელიც თავის ღვინოს შესთავაზებდა სტუმრებს, მაგრამ წელს ამ მარნის ღვინო ვაჟა გეთიაშვილის ქალიშვილმა, ანი გეთიაშვილმა წარადგინა, რომელიც ღვინის მოყვარულებს საკუთარი ღვინის სიკეთეებზე გამოცდილი მეღვინესავით ესაუბრებოდა.

ანი გეთიაშვილი, „ვაჟა გეთიაშვილის მარანი“: „მამაჩემი მეღვინეა და მთელი ცხოვრება ღვინოს აყენებს. არც კი მახსოვს როდის და როგორ მივხვდი, რომ ეს საქმე მაინტერესებდა და მიყვარდა. სხვანაირად ალბათ არ და ვერც იქნებოდა. ჩვენ კახეთში, სოფელ კაჭრეთში გვაქვს რქაწითელისა და მწვანეს ვენახი და ყოველთვის ძველი კახური წესით  - 6 თვიანი მაცერაციით ვაყენებდით ღვინოს. ახლა უკვე საფერავის ვენახიც გავაშენეთ და იმედი მაქვს 2 წლის მერე უკვე ჩვენი საფერავის გასინჯვაც შეეძლებათ ამ ადამიანებს. ახლა ჩვენი მცირე მარანი ვითარდება, მოვაწყეთ სადეგუსტაციო კუთხეც და კაჭრეთში უცხოელ სტუმრებსაც კი ვმასპინძლობთ. მომავალში საოჯახო სასტუმროს გაკეთებასაც ვგეგმავთ, თუმცა ჩვენი მთავარი მიმართულება და საქმიანობა მეღვინეობაა და მომავალშიც ასე იქნება“.

N1 ღვინის ქარხანაში მისული მეღვინეობის სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ქართულ მეღვინეობაში ბოლო წლებში პროგრესი თითქმის ყველა კუთხით იგრძნობა. გლეხები წლიდან-წლამდე აუმჯობესებენ წარმოებული ღვინის ხარისხს და დიდმა კომპანიებმაც ნელ-ნელა ისწავლეს ღვინის მარკეტინგულად სწორად შეფუთვა და მიწოდება მომხმარებლებისათვის. ღვინის ფესტივალები და გამოფენები არის პირველ რიგში ღვინის ზეიმი, მაგრამ ამას გარდა ამ ღონისძიებას თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც გააჩნია. ფესტივალზე ბევრი ღვინით მოვაჭრე მოდის, რომლებიც მათთვის საინტერესო ღვინოებს ინიშნავენ და ამ ღვინოებს ან თავად იძენენ, ან სხვებს ურჩევენ რომ შეიძინონ.

წვიმიან 1 ოქტომბერს გამართულმა საფესტივალო აქციამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ქართული მეღვინეობის დღევანდელი სახე. ღვინის მოყვარულებიცა და სპეციალისტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მეღვინეობა მართალია ცოტა ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც უახლოვდება ევროპას. ევროპასთან მიახლოვება რასაკვირველია მხოლოდ კლასიკური, ევროპული ტიპის ღვინის დაყენებას არ ნიშნავს (მით უმეტეს, როდესაც ქართული ქვევრის ღვინო ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება), უფრო პირიქით, აქ ავთენტური, განსაკუთრებული ღვინოებია მოთხოვნადი. უმთავრესია ქართველმა მეღვინეებმა და მცირე მარნებმა ალღო სათანადოდ აუღონ ღვინის მარკეტინგს და ღვინის ხარისხს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. ქართულ მეღვინეობაში არსებულ ტენდენციებს ნათლად მომავალი ფესტივალები წარმოაჩენს, რომლებსაც ღვინის კლუბი ცხადია კვლავ გეგმავს. ასეთი ტიპის ღონისძიებები მევენახეობა–მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი გამამხნეველი ფაქტორია.

ფოტოები: © ღვინის კლუბი

                  © Georgia.com Travel

                  © ქეთი ადეიშვილი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.