საფრანგეთში გამოცემულ კომიქსში Robert Parker. Les Sept Pechés capiteux მსოფლიოში აღიარებული ღვინის კრიტიკოსი, რობერტ პარკერი გააშარჟეს. კომიქსის ავტორები არიან ბენუა სიმა და ფილიპე ბერკოვიჩი. სათაური, ფრანგულ სიტყვათა ერთგვარი თამაშის წყალობით, ორგვარად შეიძლება ითარგმნოს – შვიდი მომაკვდინებელი (ან სიმთვრალის) ცოდვა. კომიქსის შინაარსი ასეთია: 2017 წელს უკვე პენსიონერი პარკერი მერილენდში 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება, როცა ბორდოდან მიწვევას მიიღებს და სენტ-ემილიონში გაემგზავრება. იქ პარკერი სიურპრიზის მოწყობის საბაბით თვალებახვეული შეჰყავთ კატაკომბებში, სადაც ღვინის კრიტიკოსს დამხვდურები ერთგვარ სასამართლოს უწყობენ. კომიქსში აღწერილია მთელი მისი მოღვაწეობა დაწყებული იმ პერიოდიდან, როცა ის ღვინოს ძმრისგან ვერ არჩევდა, ბორდოში ჩინელთა შემოყვანით დამთავრებული. მსაჯულებმა პარკერს ბრალი შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაში დასდეს: 1. გარყვნილება (კარგი ღვინის გარდამეტებული სიყვარული); 2. შური (ინგლისელ კრიტიკოსთა მიმართ); 3. სიამაყე (მსოფლიოს საუკეთესო გიდი); 4. უსაქმურობა (დამხმარეთა მთელი არმია); 5. გაუმაძღრობა (დაუცხრომელი მადა); 6. მრისხანება (სკანდალები მის გარშემო); 7 მომხვეჭელობა (დაგროვილი მილიონები). პარკერს ასევე ადანაშაულებენ 2003 წელს ბუშის მფარველობის ქვეშ ფრანგული ღვინის ბოიკოტირებაში. კომიქსის ავტორები, სავარაუდოდ, ელოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ სარჩელი აღიძვრებოდა, მაგრამ პარკერი ჯერჯერობით დუმს. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ კომიქსის გმირად ყოფნა საპატიოა და სულმოუთქმელად ელის, როდის ითარგმნება კომიქსი ინგლისურ და სხვა ენებზე.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი