Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო და მუსიკა

ნინა ახლოური

     გახსოვთ კოლენის პიანოქტეილი ბორის ვიანის წიგნში "დღეთა ქაფი"? ეს არის მექანიზმი, რომლის თითოეულ ნოტს გარკვეული სახის სასმელი ან ინგრედიენტი შეესაბამება. შენ ჯდები ამ მოწყობილობასთან, რომელიც, ამავე დროს, პიანინოცაა და უკრავ, ვთქვათ, დიუკ ელინგტონის blues bubble-ს. იწყება ინგრედიენტების არევა. ერთი არასწორი ნოტის აღება და კოქტეილის გემო გაფუჭდება. თუმცა, თუU ტონალობა უცვლელია, შეიძლება მთლადაც არ წახდეს საქმე, მთავარია, ჰარმონია არ დაირღვეს. მოკლედ, ეს პიანოქტეილი, ისევე როგორც ბორის ვიანის რომანები, აშკარად სიურრეალისტური რამეა, თუმცა არც ისეთი, როგორც ერთი ან თუნდაც, ორი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მუსიკას ნამდვილად გააჩნია უნარი სასმელს გემო შეუცვალოს.
     ცნობილია, რომ ღვინის გემოზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას: კლიმატი, დამზადების ტექნოლოგია, ყურძნის ჯიში. თუმცა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ღვინის გემოზე შეიძლება იმოქმედოს მუსიკამ, რომლის თანხლებითაც მას სვამენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები ედინბურგის უნივერსიტეტ ჰერიოტ უოტიდან. მათ ღვინის სადეგუსტაციო ოთახებისთვის შეარჩიეს ოთხი ტიპის მუსიკა: ძლიერი და მძიმე, დახვეწილი, ცოცხალი და გამახალისებელი, რბილი და მელოდიური. კვლევის 250 მონაწილეს შესთავაზეს ჭიქა უფასო ღვინო შთაბეჭდილებების გაზიარების სანაცვლოდ. თითოეული მათგანი შედიოდა ოთახში, სადაც უკრავდა ერთი რომელიმე ტიპის მუსიკა და ხუთიოდე წუთის შემდეგ 10 ბალიანი სისტემით აფასებდა, თუ რამდენად შეესაბამებოდა გასინჯული ღვინო მუსიკის ზემოთ მოყვანილ განსაზღვრებებს. ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა ოთახში, რომელშიც მუსიკა არ ჟღერდა, შეადარეს იმ ოთხი ოთახის სიტუაციას, სადაც იყო მუსიკალური ფონი. ამ უკანასკნელმა, როგორც კვლევის მონაწილეთა პასუხების შედეგად აღმოჩნდა, გემოს აღქმაზე ძლიერ იმოქმედა. თუ მუსიკა იყო ძლიერი და მძიმე, დეგუსტატორი ღვინის გემოს აღიქვამდა სწორედ როგორც ძლიერს, მაგარს, უფრო მეტად შეიგრძნობდა რომელიმე კომპონენტის სიმძაფრეს. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ყველა ოთახში ერთსა და იმავე ღვინოს აგემოვნებდნენ.
მთლიანობაში, კვლევა ორი სახის ღვინოზე ჩაატარეს – წითელსა (კაბერნე სოვინიონი) და თეთრზე (შარდონე) და საყურადღებოა, რომ მუსიკალური განწყობა თეთრ და წიტელ ღვინოებზე განსხვავებულად აისახა. მუსიკის გავლენა წითელი ღვინის გემოზე იყო გაცილებით ძლიერი (42 პროცენტით მეტი ხმების რაოდენობა), ვიდრე თეთრი ღვინის გემოზე (32 პროცენტი). ამ ფაქტს ჯერჯერობით ახსნა ვერ მოუძებნეს. ენოლოგების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ წითელი ღვინის არომატი უფრო რთული და მრავალფეროვანია და შესაბამისად, მუსიკას მეტ ზეგავლენას ახდენს დეგუსტატორზე.
     არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის, რომ შესაძლოა ადამიანს, რომელიც ღვინის გემოს აფასებდა, ერთი ტიპის მუსიკალური ფონი მეორეზე უფრო მეტად მოსწონებოდა. ამის მიუხედავად, როგორც მკვლევარები ამბობენ, მომხმარებლის შეფასებებზე მათ მუსიკალურ გემოვნებას გავლენა არ მოუხდენია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მუსიკა გავლენას ახდენს სასმელის გემოს აღქმაზე, თუმცა ღვინო ამის გამო არ ხდება უფრო გემრიელი, ის უბრალოდ გემოს იცვლის.
     რა ხდება ღვინის შემადგენლობაში ისეთი, რომ მუსიკის გავლენით  განსხვავებულ გემოს იღებს? მეცნიერები ამბობენ, რომ იცვლება გემოს აღქმადობა და არა თვითონ გემო. ისინი კვლევის შედეგებს ხსნიან კოგნიტიური წინასწარი განწყობის ფენომენით. საქმე იმაშია, რომ გარკვეული ტიპის მუსიკა თავის ტვინის კონკრეტული უბნის სტიმულირებას ახდენს და ეს გაღიზიანება ცვლის საბოლოოდ გემოს აღქმადობას.
     ჰერიოტ უოტის მკვლევარი ადრიან ნორტი არ არის პირველი, ვინც ღვინისა და მუსიკის კავშირით დაინტერესდა. უფრო ადრე ღვინოზე საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარა კლარკ სმიტმა, რომელიც მეღვინე და ამავდროულად, ღვინის ექსპერტიცაა. ბატონი სმიტი მისტიცისტი გახლავთ, რომელიც ფიქრობს, რომ ღვინოს საკუთარი მელოდია აქვს და სჯერა ძველი ბერძნების, რომლებიც ფიქრსა და მოქმედებას ორ განსხვავებულ თვისებას მიაწერდნენ – აპოლონურს (ლოგიკური) და დიონისეურს (ინტუიტიური). სმიტის აზრით, ღვინის დეგუსტაცია მოითხოვს ტვინის იმავე ლოგიკური არეების მუშაობას, რომელიც მუსიკის მოსასმენადაა საჭირო. მისი დაინტერესება გამოიწვია კანადელი მეცნიერების ნაშრომმა, სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ მუსიკის მოსმენა და ღვინის სმა ტვინში ააქტიურებს სიამოვნების ცენტრებს, სადაც ხდება ეიფორიული სტიმულის წარმოშობა. იგი წარმოიქმნება საკვების, სექსისა და ნარკოტიკებისგან მიღებული სიამოვნების დროსაც. ამიტომ შეიძლება ერთნაირად ვიგრძნოთ თავი გემრიელი კერძის (ან სასმელის) მირთმევის და კარგი მუსიკის მოსმენის შემთხვევაში. ეს თეორია საფუძვლად დაედო სმიტის მოსაზრებას, რომ მუსიკას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააფუჭოს ღვინის გემო. ამ შემთხვევაში ის მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს მუსიკის და ღვინის კომბინაციას. სწორედ ამის გამოა, რომ შეუძლებელია გააკეთო კომპოზიციათა ნაკრები, რომელსაც შემდეგ ღვინის სმის დროს მოუსმენ. რამდენიმე თვის განმავლობაში, თავის ექსპერიმენტებში სმიტმა გამოიყენა 150 სახეობის ღვინო და 250 სიმღერა იმისათვის, რომ აღმოეჩინა მათ შორის ჰარმონია და შეუთავსებლობა. ამის შედეგად, მეღვინემ ღვინისა და მუსიკის საუკეთოსო წყვილები გამოჰყო.
    სმიტი ამტკიცებს, რომ წითელ ღვინოს "არ უყვარს" ხალისიანი, დადებითი მუხტის შემცველი მუსიკა. ძვირფას წითელ ღვინოებს უმჯობესია არ შევუხამოთ სიმღერა, რომელიც სიცილის ხასიათზე გვაყენებს. პინოს უყვარს სექსუალური ან/და დახვეწილი მელოდია (მაგალითად, მოცარტის პატარა სერენადა), კაბერნეს – აგრესიული ან პირქუში (The Doors – People Are Strange). ამასთან, ძალიან რთულია ნახო მუსიკა, რომელიც ერთდროულად მოუხდება პინოსაც და კაბერნესაც.
     დაახლოებით ამავეს ამტკიცებს ნორტი ჰერიოტ უოტიდან. ის გვირჩევს კაბერნე სოვინიონი მძიმე მუსიკალური ფონის თანხლებით მივირთვათ, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი შეგრძნებები დაახლოებით 60 პროცენტით გაიზრდება. თეთრი შარდონეს დალევა უმჯობესია მაშინ, როდესაც გამახალისებელ მელოდიას უსმენთ. შთაბეჭდილება 40 პროცენტით უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე მუსიკალური ფონის არარსებობის შემთხვევაში.
     ექსპერტების შედგენილი საუკეთესო წყვილების მოკლე სია შემდეგნაირად გამოიყურება:
     კაბერნე სოვინიონი: All Along The Watchtower (Jimi Hendrix), Honky Tonk Woman (The Rolling Stones), Live And Let Die (Paul McCartney and Wings), Won't Get Fooled Again (The Who);
     შარდონე: Atomic (Blondie), Rock DJ (Robbie Williams), What's Love Got To Do With It (Tina Turner);
     მერლო: Sitting On The Dock Of The Bay (Otis Redding), Easy (Lionel Ritchie), Over The Rainbow (Eva Cassidy), Heartbeats (Jose Gonzalez);
     შავი პინო: მსუბუქი მუსიკა, მაგალითად, როგორიცაა Coldplay ან John Mayer;
     შირაზის ჯიშის ღვინო: Nessun Dorma (Puccini), Orinoco Flow (Enya), Chariots Of Fire (Vangelis), Canon (Johann Pachelbel);
     აქვე მსურს მოგიყვეთ ადრიან ნორტის კიდევ ერთი ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ისევ და ისევ ღვინისა და მუსიკის კავშირს ეხება. ამჯერად დაკვირვება მომხმარებელზე სუპერმარკეტში მოხდა, სადაც მონაცვლეობით ხან ფრანგული, ხანაც გერმანული ტრადიციული მუსიკა ჟღერდა. ფრანგული მუსიკის დღეებში გაყიდული ღვინის დაახლოებით 80 პროცენტი იყო ფრანგული, გერმანული მუსიკის დღეებში კი საწინააღმდეგო ხდებოდა. საინტერესოა, რომ მყიდველები ვერ ასაბუთებდნენ, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი რომელიმე ღვინის სასარგებლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკამ გავლენა იქონია მომხმარებლის ქცევაზე იმგვარად, რომ მან ეს ვერც შეამჩნია. როგორც ჩანს, ფრანგული მუსიკა მეხსიერებაში აღვიძებს იმ სასიამოვნო მოგონებებსა თუ ასოციაციებს, რაც ინდივიდს რაიმე ფრანგულთან აკავშირებს – მოგზაურობა გალების ქვეყანაში, საყვარელი ფილმი, თუნდაც წარსულში გასინჯული უგემრიელესი ბორდო. მსგავსმა კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ კლასიკურ მუსიკას შესწევს უნარი, უბიძგოს ადამიანს შეიძინოს ძვირფასი ღვინო ან იმაზე მეტი დახარჯოს რესტორანში, ვიდრე განზრახული ჰქონდა.
     მეცნიერებისთვის მუსიკის ღვინოზე ზემოქმედების საკითხი დღემდე აქტუალურია. ისინი განაგრძობენ სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარებასა და იდეალური წყვილების ძებნას. უბრალო ღვინის მოყვარულებს კი ვურჩევ, თვითონ ჩაატარონ საკუთარი ექსპერიმენტები. როდესაც საქმე სიამოვნებას ეხება, იქ ყველანაირი აპრიორული აზრი უძლურია. არ შეუშინდეთ კონტრასტებს და გააკეთეთ საკუთარი დასკვნები, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ექსპერიმენტები თვეების განმავლობაში ტარდება და ერთი უიკენდი საკმარისი არაა. სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.