საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში განახლდა ღვინის კლუბის ლექცია-სემინარები. 28 სექტემბერს კლუბის წევრებს და დაინტერესებულ საზოგადოებას თავისი ნაშრომი გააცნო საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა, პალეობოტანიკოსმა ნანა რუსიშვილმა. მისი მონოგრაფია „ვაზის კულტურა საქართველოში – პალეობოტანიკური მონაცემების საფუძველზე“ ვაზის განამარხებული ფორმების შესახებ მოგვითხრობს.
ნანა რუსიშვილმა ლექციაზე თან წარმოადგინა საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის უძველესი წიპწები, რომელთა მიახლოებითი ასაკი დადგენილია და მიჩნეულია, რომ საქმე გვაქვს მსოფლიოში კულტურული ვაზის უძველეს ნაშთებთან.
ნანა რუსიშვილის თქმით, ველური ვაზის წიპწები ძალიან განსხვავდება კულტურული ვაზის წიპწებისაგან. ამდენად, სპეციალისტებს არ უჭირთ ერთმანეთისგან გაარჩიონ საქართველოში აღმოჩენილი ველური და კულტურული წიპწები. ყველაზე ძველი კულტურული ვაზის წიპწა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულით თარიღდება.
"ეს არის არქეოლოგიური მტკიცებულება, რითაც ცხადი ხდება, რომ საქართველო არის კულტურული ვაზის სამშობლო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მსოფლიოში სხვაგან ადამიანი არ იცნობდა ველური ვაზის ღვინოს, მაგრამ ველური ვაზის გაკულტურება და შემდგომში კულტურული ვაზისგან ღვინის დაყენება ადამიანმა პირველად საქართველოში დაიწყო. ეს მტკიცდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი კულტურული ვაზის წიპწებით, უძველესი თიხის ჭურჭლით, რომლებშიც ნაპოვნია ღვინის ნაშთი და ჩვენს ტყეებში გავრცელებული ველური ვაზის სახეობებით", – აღნიშნა ნანა რუსიშვილმა.
მეცნიერმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და სამომავლოდ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, ყველანი ეროვნულ მუზეუმში მიიწვია.
თქვენი კომენტარი