Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯერ ცხარე ჭამე, კვლავ ტკბილი...

8 მარტს აბაშიძის ქუჩაზე ჯერ ისევ ფორმირებად რესტორნების რიგს ტაი კაფე შეუერთდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ტაილანდურმა ბან თაიმ (თაბუკაშვილის 35) უხერხული ადგილმდებარეობისა თუ დახშული, უსიამოვნო ატმოსფეროს გამო ფეხი მაინცდამაინც ვერ მოიკიდა, ტაი კაფეს კარგი შანსი აქვს თბილისში საუკეთესო ტაილანდური რესტორნის რეპუტაცია დაიმკვიდროს, შესაძლოა, საუკეთესო აზიურისაც.
ტაი კაფეს ადგილმდებარეობა ხელსაყრელია - ქალაქის მხარჯველი ძალა უკვე დიდი ხანია მიზიდულობით აბაშიძის ქუჩის ამ მონაკვეთისკენ მიედინება. ინტერიერი, ერთი შეხედვით, სასიამოვნო და მიმზიდველია - გახსნილი სამზარეულო, ათიოდე დაბალი მაგიდითა და ჭრელი სავარძლებით - კაფე-ბარის სტილში. მაგიდებზე დგას გაზაფხულის ყვავილებით სავსე ლარნაკები, რომელიც მაგიდის დაკავებისას გააქვთ და, სანაცვლოდ, სქელტანიან მენიუს გთავაზობენ. ყვავილებზე გულდაწყვეტა მაინცდამაინც არ ღირს - ხელოვნურია. არც ბუდას მოოქროვილი თაბაშირის ქანდაკებაა ორიგინალური და არც კვაზი - ორიენტალური ქოლგებით დამშვენებული ჭერი (დიზაინერი ქოლგებს შლიდა და ჭერში აწყობდა) იწვევს ემოციას, რომელიც ამაში დიზაინერმა ჩადო.
ამ ყველაფერს მაინცდამაინც არ მიაქცევდა კაცი ასეთ ყურადღებას, ტომ იამის სუპი, ზღვის პროდუქტებით და ქოქოსის წვენით (14.00), არანორმალურად გემრიელი რომ არ გამომდგარიყო. იქვე გამიჩნდა ბუნებრივი მოთხოვნა, რომ დიზაინიც ტაილანდელი მზარეულის მოწოდების სიმაღლეზე მდგარიყო. მეტი არაფერი. შედარებით იაფია ვონტონის (ერთგვარი ხინკალი) წვნიანი ბოსტნეულით, ისპანახით და სოკოთი (6.50), ქოქოსის წვნიანზე ნაკლებად ცხარე, თუმცა კარგად შეზავებული. რჩევისათვის: თუ ცხარე საკვების მოყვარული არ ხართ ან, მით უმეტეს, ალერგიული ხართ, წინასწარ გააფრთხილეთ მიმტანი, რომ კერძი ზომიერად ცხარე მოამზადოს. ამ შემთხვევაშიც კი, ადვილი შესაძლებელია, ტაილანდელი მზარეულისთვის ზომიერად პიკანტური, მიუჩვეველ მუშტარს მაინც ეცხაროს. მაგალითად, საკმაოდ ცხარეა (რაც არ ნიშნავს, რომ გემრიელი არ არის) - ზღვის პროდუქტების სალათა (18.00). ვერაფერს იზამ, ტაილანდური და კორეული სამზარეულო, ამ მხრივ, განსაკუთრებით ბუნებრივად დაუნდობელია.
პიკანტურობის ნაკლებად მოყვარულთ შეუძლიათ შეუკვეთონ გამჭვირვალე ლაფშა ღორის ხორცით (15.00) ან უგემრიელესი ვეგეტარიანული პად ტაი - ტაილანდური ლაფშა მიწის თხილითა და კვერცხით (10.00). მენიუ გრძელი და მრავალფეროვანია, ქარის კერძების ჩამონათვალი ვრცელია, გასასინჯად თევზი შევუკვეთეთ - კალმახი წითელ ქარი სოუსში (22). თევზი კარგად იყო შემწვარი, ქარის სოუსი - ოდნავ ბლანტი, და არასაკმარისად სანელებლიანი, თუმცა ეს უკვე მაშინ, თუ ძალიან მოდავება გინდა. რაც შევუკვეთეთ, ყველაფერი გემრიელი აღმოჩნდა. რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ერთადერთი, რაც არ ვარგა - ბრინჯია. გადახარშული, სტანდარტული ბრინჯი. უმჯობესი იქნებოდა, უკეთესი ხარისხის ბრინჯი ან როგორც ხშირად ტაილანდურ რესტორნებში უყვართ - წებოვანი გამჭვირვალე ბრინჯი - ოდნავ მოტკბო გემოთი, რომელიც პიკანტურ კერძებს კარგად აბალანსებს. კარგი, al dente ბრინჯი განსაკუთრებით გემრიელია, თუ დროულად, მთავარ კერძთან ერთად მოიტანეს. გახსენებაზე: სერვისი ჯერ ჩამოუყალიბებელი და ზანტია. კარგი იქნება, თუ ამას დროულად მოევლება, რადგან ასეთი სერვისი საერთო გამოცდილებას საკმაოდ ამცირებს. რაც უფრო მთავარია, სამზარეულო არ გაფუჭდეს და, შესაძლოა, მალე ტაი კაფეს ფილიალებით სხვა უბნებმაც მოიწონონ თავი. გახსნიდან ერთი თვის თავზე ფეისბუქში ტაი კაფეს 180 ფანი ჰყავს.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს.

ტაი კაფე
აბაშიძის 35
თბილისი 0179
უბანი: ვაკე
ტელ: 22 17 70
სამზარეულო: ტაილანდური
საათები: ყოველდღე,12-24
ბარათები: მიიღება
ფასი: 70 (სადილი ორ ადამიანზე,
უალკოჰოლო სასმელით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: აბაშიძის ან თაქთაქიშვილის ქუჩაზე
www.thai.ge
www.facebook.com>Thai Café and Restaurant


© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული