Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (3) 28.09.2012

22 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე, „ექსპო–ჯორჯიამ“ ღვინის გამოფენას წელს უკვე მეხუთედ უმასპინძლა. სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელების, ინგრედიენტების, საწარმო ტექნოლოგიების გამოფენისა და  ყველის ფართო არჩევანის გარდა, ფესტივალზე „ღვინის საერთაშორისო კონკურსი“ და წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.

         * * *

            „კერძთაყვნისცემა“ – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც მკითხველს დროსა და სივრცეში კულინარიულ მოგზაურობას სთავაზობს. წიგნში, უნიკალურ ილუსტრაციებთან ერთად, განხილულია საქართველოს კულინარიული კულტურა, უძველესი დროიდან დღემდე. ქართული გემოს სპეციფიკის გამოსავლენად, ავტორი მას „სხვა გემოებთან“ ერთად განიხილავს. წიგნის ავტორი ბერლინში მცხოვრები ქართველი ფსიქოლოგი და კულინარიის ისტორიის მკვლევარი – რუსუდან გორგილაძეა, რომელმაც წიგნზე მუშაობა ემიგრაციაში ყოფნის დროს, გერმანიაში გადაწყვიტა. წიგნი ჯერ მხოლოდ ქართულადაა, თუმცა რამდენიმე თვეში, მისი წაკითხვა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე იქნება შესაძლებელი. სპეციალურად ღვინის გამოფენისთვის, ამ წიგნის მხოლოდ ერთი თავი ითარგმნა, რომელიც ქართული სანადიმო კულტურის შესახებ მოგვითხრობს. წიგნის ყიდვა მკითხველს  თბილისის წიგნის მაღაზიებში 35 ლარად შეეძლება.

         * * *

            „ვინექსპოს“ მეორე დღე „ღვინის საერთაშორისო კონკურსს“ დაეთმო. ღვინის ექსპერტებისგან, ჟურნალისტებისგან და ენოლოგებისგან შემდგარმა ჟიურიმ 63 დასახელების ღვინო ხუთი კატეგორიის მიხედვით შეაფასა – თეთრი მშრალი, წითელი მშრალი, თეთრი ქვევრის, წითელი ქვევრის, და ნახევრადტკბილი ღვინოების კატეგორია. კონკურსზე სულ გაიცა 16 ვერცხლის მედალი, 15 ოქროს მედალი და ერთი „გრანდ გოლდი“.  ჯილდოების ყველაზე მეტი კატეგორია და შესაბამისად, დიდი ოქროს მედალიც „მეღვინეობა ხარებას“ ერგო. ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ კომპანიები – „შუმი“, „თბილვინო“, „შუხმანის ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „ალავერდის მარანი“, „GWS”, „ბესინი“ და კიდევ რამდენიმე.  ასევე მაღალი შეფასებები მიიღო „შატო მუხრანის ღვინომ“. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილმა ყველა ღვინომ 100 ქულიან შკალაზე, 80 ქულაზე მეტი აჩვენა. ღვინის საერთაშორისო კონკურსი წელს მეთხედ გაიმართა.

            * * *

            იტალიის ქალაქი ტურინი საერთაშორისო დღესასწაულისთვის ემზადება. Salone del Gusto and Terra Madre - ასეთია ფესტივალის სახელწოდება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. იგი საერთაშორისო ორგანიზაციის, Slow Food-ის ორგანიზებით ტარდება და წელს 25 ოქტომბერს გაიხსნება და 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიება ფერმერებს, შეფ–მზარეულებს, გლეხებს და სხვა მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან გააერთიანებს, რომლებიც საკუთარი რეგიონების მრავალფეროვან საკვებსა და ღვინოს მსოფლიო დამთვალიერებელს წარუდგენენ. საერთაშორისო ღონისძიებაზე ქართული ღვინის კომპანიებიც წარდგებიან, მათ შორისაა „მეღვინეობა ხარება“. კახური ღვინის დეგუსტაციის გარდა, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს ვორქშოფები და სემინარები ელის.

* * *

ქართული ღვინის ბაზრის სიახლეებს რაც შეეხება, სიახლეა თელიანი ველის  2011 წლის ცოლიკოური, რომელიც ლეჩხუმური ცოლიკოურიდანაა დაყენებული, ასევე ნიკას მარანის ანაგის წარაფების საფერავი, 2010 წლის, ქვევრის, ტრადიციული ღვინო, ძალიან სავსე და სხეულიანი ღვინო და კიდევ ერთი სიახლე ვარდისფერი ღვინის მოყვარულებისთვის, შუხმანის 2011 წლის საფერავი როზე, ნაზი და ელეგანტური ღვინო.

            * * *

            გეტყვით იმასაც, რომ დღეს გაზეთ „მარანის“ ახალი, რიგით უკვე 107–ე ნომერი გამოვიდა, რომლის მთავარი თემაც გახლავთ – „ვინექსპოს“ ფარგლებში გამართული ღვინის საერთაშორისო კონკურსი და მისი შედეგები. აქვეა სტატია სათაურით „წინასაარჩევნო რთველი“, რომელიც კახეთში მიმდინარე რთველის ამომწურავ ანალიზს გვთავაზობს. ასევე, გაეცნობით ახალ რეცეპტებს ქეთი ადეიშვილისგან და სახელგანთქმული სიდრის ისტორიას.

            * * *

             ბოლოს, სასარგებლო ინფორმაცია მსმენელისთვის. დღეს, ღვინის ბარი– „ვინო ანდერგრაუნდ“ ამერიკელ ღვინის ჟურნალისტის ელის ფეირინგის მასპინძლობს, სადაც დღესვე გაიმართება მისი წიგნის, „შიშველი ღვინის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. ღონისძიება 2 საათში დაიწყება, ამიტომ, ამ თემით დაინტერესებულ მსმენელს ვურჩევთ, რომ ტაბიძის ქუჩაზე, 15 ნომერში მობრძანდეს. სხვათა შორის, ჩვენც იქ ვაპირებთ წასვლას.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული